სრულფასოვანი კვება უმნიშვნელოვანესია ყოველი ბავშვისთვის, რათა უზრუნველვყოთ მათი ცხოვრების საუკეთესო დასაწყისი. ბავშვის სწორი კვების ჩამოყალიბება ჯერ კიდევ დედის ორსულობის პერიოდში იწყება. ქალბატონების ორგანიზმი, რომლებიც ორსულობისთვის ემზადებიან მდიდარი უნდა იყოს სხვადასხვა მიკროელემენტებით, მათ შორის ფოლიუმის მჟავითა და რკინით. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ფოლიუმის მჟავის დამატება ამ პერიოდში ნერვული მილის დეფექტის განვითარების სიხშირეს 50-75%-ით ამცირებს.
რკინა ტვინის განვითარებისთვის აუცილებელი კომპონენტია და მონაწილეობს ჩანასახის თავის ტვინის გარსების ფორმირებაში, ნერვული უჯრედების ზრდისა და დიფერენცირების პროცესში, ელექტროფიზიოლოგიური ნეირო-იმპულსების გადაცემის პროცესში, მისი ნაკლებობა კი იწვევს მეხსიერებისა და მეტყველების დარღვევას, კითხვისა და ლოგიკური აზროვნების პრობლემებს, ყურადღების დეფიციტს, შესწავლის უნარის დაქვეითებას, ქცევის დარღვევასა და შრომისუნარიანობის დაქვეითებას.
როგორც გაეროს ფონდის საქართველოს ოფისში გვითხრეს, საქართველოში 500 000-ზე მეტი ქალი და ბავშვი კვების დეფიციტს განიცდის და ამ პრობლემით ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 700-მდე ბავშვი იღუპება, უმეტესობა – პირველ 12 თვეში, ინფექციებითა და სუნთქვის პრობლემებით. ნახევარი მილიონი ქალი და ბავშვი კი არასრულფასოვნად იკვებება.10 წლის განმავლობაში კვების დეფიციტმა ქვეყანას 1.3 მლრდ აშშ დოლარის ზარალი მიაყენა და 3400 ახალშობილის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, კლების ტენდენციის მიუხედავად, საქართველოში 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება, ხოლო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში შუალედური პოზიცია უკავია. ჩვენზე უარესი ვითარებაა აზერბაიჯანსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
ბავშვების სწორი კვების უზრუნველსაყოფად ექიმები გვირჩევენ, საკვებ რაციონში აუცილებლად იყოს ბურღულეული, ქათმის, საქონლის, ან კურდღლის ხორცი, ასევე აუცილებელია თევზი, ხილი და ბოსტნეული. მშობლებმა პირველ რიგში უნდა აკრძალონ სწრაფი კვების ობიექტები, რაც ბავშვის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ასევე ბავშვებს შეუზღუდონ შოკოლადი, რადგან ის შეიცავს დანამატებს, რომელიც ბავშვის გაღიზიანებას და აღგზნებადობას იწვევს. ასევე მიუღებელია კონსერვანტებით მდიდარი პროდუქტები და გაზიანი სასმელები. იმის გამო, რომ პატარები ჯანსაღ კვებას გემრიელს ამჯობინებენ, სწორი კვების ჩამოყალიბებაში დიდ როლს მშობლები ასრულებენ. ექიმები გვირჩევენ ბავშვებს ვაჩვენოთ, რომ ჩვენც იმავეს მივირთმევთ, რასაც მათ ვთავაზობთ.
თუმცა, არსებობს სხვა პრობლემაც. აღმოჩნდა, რომ არასაკმარისი კვება მხოლოდ საკვების ნაკლებობას არ გულისხმობს და ამ საკითხში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ახალშობილის ძუძუთი კვებას. ბევრი დედა ძუძუთი კვებას ადრე წყვეტს და ხშირად ჩქარობს ბავშვის ხელოვნურ საკვებზე გადაყვანას, რამაც შესაძლოა ბავშვის ზრდაში ჩამორჩენა და მიკროელემენტების ნაკლებობა გამოიწვიოს. არადა, როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, მშობიარობის შემდეგ ძუძუთი კვების დაუყოვნებლივ დაწყება და პირველი ექვსი თვის განმავლობაში არშეწყვეტა, ბავშვებს ბევრი პრობლემებისგან იცავს.
ქალის რძე შეიცავს სწორედ იმ აუცილებელ ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, რომელიც აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის. ამ პერიოდში კი რკინის დანაკლისი გამოიწვევს გარკვეულ პრობლემებს ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარების თვალსაზრისით და ბავშვს უკვე შემდგომ ასაკში შეიძლება აღმოაჩნდეს გარკვეული პრობლემები.
“ეს არ არის მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების პრობლემა. მართალია, როდესაც ოჯახი ხელმოკლეა, იქ შეიძლება გაჩნდეს სრულფასოვანი კვების პრობლემები, მაგრამ ეს არ უკავშირდება მხოლოდ ამ ფენას. შეუძლებელია მხოლოდ საკვები პროდუქტებით შემოვიდეს ჩვენს ორგანიზმში ეს ნივთიერებები. ფოლიუმის მარაგის შევსებას სჭირდება, დღეში ჭამოთ 200 პომიროდი, ან 17 ჭიქა პომიდვრის წვენი დალიოთ, რაც შეუძლებელია, ამიტომ საჭიროა ორგანიზმმა გარედან მიიღოს ვიტამინები”, – გვითხრა გაეროს ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ.
მისივე თქმით, ეს არ არის მხოლოდ ინდივიდუალური ადამიანის პრობლემა, ეს არის საზოგადობერივი ჯანმრთელობის პრობლემა და ამდენად საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის აუცილებლად უნდა გატარდეს დამატებითი ღონისძიება, ანუ ფოლიუმის მჟავით პურის გამდიდრება.
“საქართველოში პურის მოხმარების მაჩვენებელი საკმარისზე მაღალია, რათა მიკროელემენტებით ფორტიფიცირების საშუალებად ხორბლის ფქვილი გამოვიყენოთ”, – აცხადებს იგი.
არასაკმარისი ცილები, სისუსტე, ხშირი ინფექციები ან დაავადება, არასათანადო მოვლა და კვების რეჟიმი, ჯანდაცვის არასათანადო მომსახურება, უხარისხო წყალი და სანიტარიული პირობები, – ყოველივე არასაკმარისი კვების ფაქტორებია. 2005 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ”. კანონი კრძალავს საქართველოში არაიოდირებული მარილის იმპორტირებას. ამასთანავე, 2006 წლიდან საქართველო ახორციელებდა ხორბლის ფქვილის რკინით და ფოლიუმის მჟავით ფორტიფიცირების პროგრამას. თუმცა აღნიშნული პროგრამის ქვეყნის მასშტაბით განხორციელებას ბევრი ხარვეზი აქვს. ფქვილის ფორტიფიცირება ჯერჯერობით სავალდებულო არ არის. შესაბამისად, გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციები საქართველოს მთავრობის მიმართ უცვლელია, სანამ პრობლემა არსებობს.
როგორც ჯანდაცვის სპეციალისტი თამარ უგულავა განმარტავს, მარილს გავამდიდრებთ იოდით, თუ პურის ფქვილს რკინითა და ფოლიუმით ერთი და იმავე კანონის ფარგლებში შეიძლება დარეგულირდეს. UNICEF-ის რეკომენდაციიდან გამომდინარე კანონის გარეთ, ცალკე უნდა დარეგულირდეს, თუ კონკრეტულად რომელი ფორტიფიკატი უნდა შეერიოს ფქვილს და ეს სავალდებულო გახდეს ყველა საწარმოსთვის. 2016 წლის იანვრიდან ქვეყანაში ამოქმედდება ფქვილის რეგლამენტის სახელმწიფო სტანდარტი. თავის თავად ფორტიფიცირება არ არის ახალი თემა. პირველი ხარისხის ფქვილის ფორტიფიცირება დღესაც ხდება, მაგრამ დანარჩენი ფქვილი რჩება მის გარეშე.
და მაინც, რომელი მიკროელემენტები უნდა მივიღოთ?
როგორც თამარ უგულავამ გვითხრა, მიკროელემენტების სია ამოუწურავია და სხვადასხვა მიკროელემენტების დეფიციტი სხვადასხვა დაავადებებს უწყობს ხელს. ორსულობის პერიოდში დედის რკინადეფიციტური ანემია გავლენას ახდენს ბავშვის ტვინის ჩამოყალიბებაზე, ეს სწორედ ის პერიოდი, როცა ნაყოფი ვითარდება, მას განვითარებისთვის სჭირდება რკინა. როგორც კი ორსულობის ვადა იზრდება ჩნდება ნაადრევი მშობიარობის საშიშროება, ან დედას არ დაეწყოს სისხლდენა.
“ვთქვათ ბავშვი რკინადეფიციტური ანემიით დაიბადა. ეს შეიძლება არ გამოვლინდეს ვიზუალურად, უბრალოდ ბავშვის განვითარება შეფერხდეს. მისი ორგანიზმი სუსტია მრავალი ქრონიკული დაავადების მიმართ, რომელთა ხვედრითი წილი მსოფლიოში საერთო სიკვდილიანობის დაახლოებით 60%-ს შეადგენს”, – აცხადებს სპეციალისტი და დასძნეს, რომ ორი წლის შემდგომ პერიოდში ბავშვის დატვირთვა რკინით მდიდარი პრეპარატებითა და საკვებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
UNICEF-ის მიერ 2009 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, კვების დეფიციტის გამო საქართველოში ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების 11 %-ს ზრდაში ჩამორჩენა აღენიშნება, ხუთ წლამდე ბავშვებში 23 პროცენტს- ანემია, ასევე ანემია არაორსული ქალების 24 და ორსულთა 25,6 პროცენტს აღენიშნება. ფოლიუმის მჟავის დეფიციტი კი რეპროდუქციული ქალების 36.6 პროცენტს დაუფიქსირდა. “ეს მაჩვენებელი რომ შევადაროთ ჩვენზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს, შეიძლება ვთქვათ, რომ უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ საერთო ჯამში 11 % საკმაოდ მაღალი რიცხვია. აზერბაიჯანული ეროვნების ბავშვებში ზრდაში ჩამორჩენის ბევრად უფრო მაღალი რისკი 21%-ია”, – აცხადებს თამარ უგულავა.
ჯანსაღი კვება საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2010-2015 წლების სტრატეგიაში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2011 წელს, საქართველოს პირველი ლედის ეგიდით დაიწყო ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზების კამპანია. ბავშვთა კვების ზოგიერთი ძირითადი ელემენტი შესულია სკოლის ახალ სასწავლო პროგრამაში. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელი ლელა სტურუა აცხადებს, მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა და ქალთა კონსულტაციებში ორსული ქალებისათვის ფოლიუმის მიცემა დაიწყო.
ეს იმ მომსახურების პაკეტის ნაწილია, რომლითაც სახელმწიფო ორსულთა მოვლას უზრუნველყოფს, მაგრამ რადგან ორსული ქალი პირველად კონსულტაციაზე ორსულობიდან მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ მიდის, ფოლიუმის მიღება ცოტა დაგვიანებულიც არის ხოლმე.
“ოქროს სტანდარტია, რომ ქალი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ბავშვის გაჩენა, ჩასახვამდე რამდენიმე თვით ადრე უნდა იწყებდეს ფოლიუმის მიღებას”, – აცხადებს იგი.
შორენა ქარჩავა