საქართველოს ისტორიაში 16 დეკემბერი მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ თარიღად ჩაიწერება. ქვეყნის ისტორიაში უკვე მეორედ, საქართველოს პირველი პირი ქალია. 2018 წლის მიწურულს საქართველოში ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. გარდა იმისა, რომ ქვეყანას პირველად ჰყავს ქალი პრეზიდენტი, პირველად ხდება ისიც, რომ ქვეყნის პირველი პირი (არჩევნების გაყალბებით თუ გაუყალბებლად), აღარ არის დიდი უმრავლესობით არჩეული და ჭარბი ნდობით აღჭურვილი. შესაბამისად, მისი თითოეული ნაბიჯისა და ქმედების მიმართ გაცილებით მეტი კრიტიკული თვალია მიპყრობილი და პრეზიდენტსაც მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეული მოქალაქის მიმართ, განურჩევლად იმისა, მისი მომხრეა თუ მოწინააღმდეგე.
საქართველოს პრეზიდენტი ქართველი ემიგრანტების შთამომავალი, სალომე ზურაბიშვილი გახდა. მისი ინაუგურაცია, ანუ საპრეზიდენტო ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი, არა ქვეყნის დედაქალაქში, არამედ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის სამოსახლოში გაიმართა. ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან სხვადასხვა შეფასება მიეცა. ზოგი ამბობდა, სალომე ზურაბიშვილი თავს ბაგრატიონებს უტოლებს და არაფერი ესაქმება მეფის სასახლეშიო, მეორე ნაწილი კი ამბობდა, პრეზიდენტს სრული უფლება აქვს იქ დადოს ფიცი, სადაც მოესურვებაო. ამ საკითხზე Dalma News-მა უფრო კომპეტენტური ადამიანების მოსაზრებებიც მოისმინა, თუმცა მანამდე პირველი ქალი პრეზიდენტის უნაუგურაციას და სალომე ზურაბიშვილის გზავნილებს დავუბრუნდეთ.
საპრეზიდენტო ფიცის დადებისთვის სალომე ზურაბიშვილი განსაკუთრებულად ემზადებოდა. ქვეყნის მთავარსარდლის ტრიბუნიდან წარმოსათქმელი სიტყვაც თავად დაუწერია. თითეული აქცენტი და საზოგადოებისადმი ყველა გზავნილი მისეულია, არავის რჩევა არ მიუცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალმა ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ განუცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა, თელავში ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე თბილისში, საქართველოს მამად წოდებული, საზოგადო მოღვაწისა და მწერლის, ილია (მართლის) ჭავჭავაძის საფლავი მოილოცა და პატივი მიაგო მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალულ ღვაწლმოსილ ადამიანებს. იმავე დღესვე გვირგვინით შეამკო საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი. ერთი სიტყვით სულიერად მოემზადა დიდად საპასუხისმგებლო ტიტულისთვის. მეორე დღეს, “ერეკლე ბატონის სასახლის” ეზოში წითელ ხალიჩამდე ის ჩოხოსნებმა, შვილებთან ერთად მიაცილეს. თუმცა, წითელ ხალიჩაზე გავლა და ქვეყნის მთავარსარდლისა და პრეზიდენტის ტრიბუნის დაკავება, ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უკანასკნელად დაუთმო. გიორგი მარგველაშვილი მე-5 პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გადაბარების საზეიმო ცერემონიალზე პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად მივიდა. ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალები.
გენერალური შტაბის უფროსის პატაკი მარგველაშვილმა ბოლოჯერ ჩაიბარა, ამის შემდეგ, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართა და ეროვნული დროშის ფერებში შერჩეულ სამოსში გამოწყობილი ქალი პრეზიდენტი ტრიბუნაზე ავიდა. ის თავისი მოვალეობის შესრულებას ზუსტად იმ ადგილიდან შეუდგა, სადაც ეს მოვალეობა მისმა წინამორბედმა ცივილიზებულად და მშვიდობიანად, რევანშისტული სურვილების გარეშე დაასრულა. სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი ბიბლიაზე და ქვეყნის კონსტიტუციაზე, ერთდროულად დადო, რომ იქნება საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, რაც დემოკრატიის მთავარი პრინციპია და რასაც ეფუძნება ქართული სახელმწიფო.
“მე დავიცავ მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, ვიქნები კანონის უზენაესობის გარანტი, ვიზრუნებ, რომ გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება და ავამაღლოთ პოლიტიკური კულტურა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის ფიცის შემდეგ შესრულდა საქართველოს ჰიმნი. ცერემონიას მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი დაესწრო. საქართველოში ჩამოვიდნენ მაღალი რანგის სტუმრები 20-ზე მეტი ქვეყნიდან და 16 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. უცხოელ სტუმრებთან ერთად ცერემონიალს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
პრეზიდენტის სიტყვა
როგორც თავში აღვნიშნე, სიტყვა, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ტრიბუნიდან წარმოსთქვა, 2 კვირის განმავლობაში, მის მიერვე მზადდებოდა. მან წინა პრეზიდენტების დამსახურებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს აღმშენებლობის გზაზე ყველა პრეზიდენტმა თავისი აგური დადო.
მისი თქმით, ერთი საუკუნის წინ, პირველი რესპუბლიკის მეთაურებმა, იმ დროისთვის თანამედროვე და პროგრესული კონსტიტუცია მიიღეს; უდიდესი როლი ითამაშა ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, როცა დანიშნა რეფერენდუმი და მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი; ედუარდ შევარდნაძემ პირველმა გაჭრა გზა ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ; ხოლო მიხეილ სააკაშვილმა თავისი მმართველობის საწყის ეტაპზე საფუძველი ჩაუყარა არა ერთ მნიშვნელოვან რეფორმას. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, სწორედ მის დროს გადაიდგა ნაბიჯები დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისკენ, გამყარდა სტაბილურობა.
ხოლო თავად ახალი პრეზიდენტის მიზანია, საქართველოს ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა შეაფერხოს სახელმწიფოს განვითარება. ამ თვალსაზრისით კი, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ნიშანდობლივია, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია იმართება დედაქალაქში, არამედ ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში, კახეთში, რაც თავად მისი სურვილი იყო.
“დღეს, როგორც მრავალჯერ თავისი ისტორიის განმავლობაში, საქართველო ისევ გზაჯვარედინზეა, – კიდევ ერთხელ ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე. აქ, თელავში, კარგად ჩანს ჩვენი განვლილი გზა – ბრძოლებით, გამოწვევებითა თუ წარმატებებით. ეს ადგილი ქართველი ერისთვის, ერთგვარად, ისტორიული მეხსიერების ბარათია: მეფე ერეკლე იბრძოდა ქვეყნის განვითარებისა და ერთიანობისთვის. მან შექმნა თანამედროვე ქართული ჯარი და გაიმარჯვა არაერთ ბრძოლაში. იგი საფუძველს უყრიდა ევროპული ყაიდის სახელმწიფოს. თელავიდან კარგად ჩანს გასავლელი გზა. ქვეყნის გაერთიანება, საზოგადოების დამშვიდება, გაძლიერება და ევროპაში ჩვენი ადგილის დამკვიდრება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველომ პოლიტიკურ დაპირისპირებებში მნიშვნელოვანი წლები დაკარგა, ამიტომ, ის იქნება პირველი მაგალითის მიმცემი თანამოქალაქეებისთვის, რომ დაარწმუნოს ისინი ეროვნული თანხმობის აუცილებლობაში.
“მადლიერი ვარ მათი, ვინც ხმა მომცა. პატივს ვცემ მათ, ვინც ხმა არ მომცა. ვამაყობ იმით, რომ შევძელით პრეზიდენტის თანამდებობის მშვიდობიანად და ცივილიზებული ფორმით გადაბარება. 100 წლის წინ, დემოკრატიული საქართველოს არჩევნებში ქალები თანასწორი უფლებებით სარგებლობდნენ, – არჩეულ იქნა 5 ქალი პარლამენტარი. ეს ევროპაში მაშინ იშვიათობა იყო!”, – განაცხადა პრეზიდენტმა თავის სიტყვაში.
მან ასევე ისაუბრა ქვეყნის უსაფრთხოების გამყარებაზე, ქართველი სამხედროების პროფესიონალიმზე და მათ სრული ნდობა გამოუცხადა. ახალი პრეზიდენტი, როგორც მთავარსარდალი, აპირებს მთლიანად ჩაერთოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში, ჯარის გაძლიერებაში და არ დაუშვებს მისი პოლიტიკური ნიშნით დაყოფას. გეგმავს ავღანეთში ჩასვლას, სადაც ქართველი სამხედროები საკუთარი სიცოცხლის ფასად ებრძვიან გლობალურ საფრთხეებს, რომელიც ემუქრება მშვიდობას მსოფლიოში.
სიტყვის დასრულების შემდეგ, ტრიბუნიდან ჩამოსული პრეზიდენტი კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ს მიუახლოვდა და მისგან დალოცვა მიიღო.
ისტორიკოსის შეფასება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან პავლიაშვილი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი სწორედ მეფის სასახლეში გაიმართა. გარდა ამისა, არასწორად მიაჩნია, პრეზიდენტს ვინმემ აუკრძალოს ფიცის დადება იქ, სადაც მას სურს, მხოლოდ იმ საბაბით, რომ ის არ არის ბაგრატიონების შთამომავალი.
მისი აზრით, პრეზიდენტმა ფიცი სწორედ დიდ პიროვნებებთან დაკავშირებულ ადგილას უნდა დადოს. მით უმეტეს, საქართველოში მრავლად არის ადგილები, რომლებიც ღირსეული მმართველების სახელს უკავშირდება.
“ასეთი რამ, მარტო საქართველოსთვის კი, არა მსოფლიოს ქვეყნებისთვის საამაყოა. ამერიკის პრეზიდენტები ბიბლიაზე იფიცებენ, იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ისტორიულად წმინდა ადგილი, თორემ, როგორ ფიქრობთ, ამას არ გააკეთებდნენ? ჩვენი საქართველო კი, როგორც ძირძველი ქვეყანა, ასეთი ადგილებით მდიდარია”, – აცხადებს ქეთევან პავლიაშვილი.
ისტორიკოსის მოსაზრებით, საქართველო მონარქიული სახელმწიფო რომ ყოფილიყო, სალომე ზურაბიშვილი დღეს პრეზიდენტი კი არა, პრემიერ-მინისტრი იქნებოდა და არავინ მოითხოვდა მისგან არც ბაგრატიონობას და არც ამილახვრობას.
რაც შეეხება თავად ერეკლე მეორის ფაქტორს, ის იყო და დარჩება ქვეყნის გაერთიანების სიმბოლოდ. XV საუკუნეში სამეფო-სამთავროებად დაშლილი საქართველოს გაერთიანების პირველი ინიციატორი და მისი პრაქტიკაში განმახორციელებელი ერეკლე II იყო. როდესაც ერეკლეს მამა, თეიმურაზ მეორე ელჩად წავიდა რუსეთში (იქ დაიღუპა), ერეკლემ უკვე ქართლიც შეიერთა. მთელი ქართლის და მათ შორის კახეთის მოაზროვნე საზოგადოება მაშინ მეფეს დაუპირისპირდა. ამის გამო, ერეკლეს წინააღმდეგ 4 აჯანყება მოაწყვეს.
ამ თვალსაზრისით თუ დავაკავშირებთ ერთმანეთთან ერეკლე მეორესა და ახალ პრეზიდენტს, რომლის ძალიან დიდი სურვილია საზოგადოების გამაერთიანებლის ფუნქცია იტვირთოს, ის წინააღმდეგობრივი გზა, რომლის გავლაც მოუხდა, შესაძლოა განგების ნებაც იყოს. დღეს ბევრი საყვედურობს “ქართულ ოცნებას” იმის გამო, რომ არჩევანი არ დაუტოვეს და იძულებულნი იყვნენ ხმა მათთვის, არც თუ სასურველი კანდიდატისთვის მიეცათ. მაგრამ იმავდროულად, ყველა მათგანი, გულის სიღრმეში იმედოვნებს, რომ ქალი პრეზიდენტი ისევე იზრუნებს ქვეყანაზე, როგორც დედა თავის შვილებზე.
P.S. პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიამდე ერთი საათით ადრე, თელავში საპროტესტო აქციის გამართვას, პრეზიდენტობის დამარცხებული კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრები გეგმავდნენ. ინაუგურაციის ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელსაც უამრავი უცხოელი სტუმარი, სხვადასხვა ქვეყნების ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები ესწრებოდნენ, შსს-მ უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მიიღო. გომბორის უღელტეხილის გავლით თელავამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს. გზებზე დროებითი შეზღუდვის დაწესების გამო მოქალაქეებს ალტერნატიული მარშრუტით, გურჯაანის გზით შეეძლოთ ესარგებლათ. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა განაცხადეს, საპროტესტოდ განწყობილ მოქალაქეებს დაბრკოლება სოფელ ველისციხეშიც შეხვდათ, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად დაშავდნენ პოლიციის თანამშრომლები, დაზიანდა შსს-ს კუთვნილი ავტომობილები. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ის ხელისუფლებას აუცილებლად დაამხობს, მაგრამ ამას კანონიერი გზით გააკეთებს.
შორენა პაპაშვილი