ბრიუსელთან ხუთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 28 მარტს, საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნების ტერიტორიებზე უვიზოდ გადაადგილების უფლება მიიღეს. ბიომეტრიული პასპორტების მქონე მოქალაქეები, ამიერიდან საქმიანი, ტურისტული, ან ოჯახური მიზნებით, თითოეულ 180 დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში თავისუფლად იმოგზაურებენ, ევროკავშირის და შენგენის ზონის ყველა ქვეყანაში, ასევე 4 ქვეყანაში, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია; შენგენის ზონის წევრობის ოთხ კანდიდატ ქვეყანაში: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი და ხორვატია.
ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოში სახალხო სეირნობა მოეწყო, ხოლო 27 მარტს თბილისის ევროპის მოედანზე სადღესასწაულო კონცერტი, საქართველოს მოსახლეობის და ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა. გარდა ამისა, თბილისის და ქუთაისის აეროპორტები საქართველოს და ევროკავშირის დროშებით იყო მორთული.
საკითხის პრეისტორია
ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკის თანახმად, 2009 წელს პრაღაში გამართულ სამიტზე, საქართველომ აზერბაიჯანთან, ბელორუსთან, სომხეთთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად, ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ ბაზაზე ახალი საინტეგრაციო პროგრამის, ევროკავშირის „აღმოსავლური პარტნიორობის“ შექმნას დასთანხმდა. პროექტის საბოლოო მიზანი, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმება იყო, რაც თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის შესახებ შეთანხმებასაც მოიცავდა. ამგვარად, 2010 წლიდან თბილისმა და ბრიუსელმა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებების პროცესი დაიწყეს, ხოლო 2012 წლის ივლისში, ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის მომზადების გზით, ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი დაიწყო.
ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე ოფიციალური თბილისის მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდა 2014 წლის 27 ივნისს მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად საქართველოს მიერ ასოცირებული წევრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება (თავისუფალი სავაჭრო ზონის ღრმა და ყოვლისმომცველ შეთანხმებასთან ერთად). რაც შეეხება სავიზო ლიბერალიზაციას, 2015 წლის 28 დეკემბერს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ოფიციალური თბილისის მიერ სავიზო ლიბერალიზაციის რეჟიმის მოქმედებების გეგმის შესრულების შესახებ დასკვნა. რამდენიმე თვის შემდეგ, 2016 წლის 9 მარტს, ევროკომისიამ ევროპარლამენტს წარუდგინა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო წინადადება.
საქართველოს ხელისუფლება სავიზო ლიბერალიზაციის ამოქმედებას 2016 წლის ზაფხულში ელოდა, მაგრამ პროცესი, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის უარყოფითმა მოლოდინმა დააყოვნა. ისინი მოითხოვდნენ “მასობრივი მიგრაციის შეკავების ახალი მექანიზმის” მიღებას. ამ წინადადების არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ევროკავშირის ნებისმიერ წევრ-ქვეყანას ჰქონდეს უფლება, საქართველოს, უკრაინის, თურქეთის და კოსოვოს მოქალაქეებისთვის, უვიზო რეჟიმის შეწყვეტის მექანიზმი საკუთარი ინიციატივით აამოქმედოს.
ამგვარად, აღნიშნული მექანიზმის შემუშავების და მიღების შემდეგ, ბრიუსელში, ევროპარლამენტის 2017 წლის 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე ჩატარდა კენჭისყრა, შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების კანონპროექტის შესახებ. სხდომის შედეგების მიხედვით, სავიზო რეჟიმის გაუქმებას 647 დეპუტატიდან, ხმა 553-მა მისცა, ხოლო 66 წინააღმდეგი იყო, 28-მ თავი შეიკავა. ამას შედეგად მოჰყვა ევროკავშირის საბჭოს და ევროპარლამენტის მიერ, 2017 წლის პირველ მარტს ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ საკანონმდებლო ნორმის გაფორმება, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 28 მარტს შევიდა.
ხელისუფლების წარმომადგენლების და პოლიტიკოსების განცხადებები
ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა: “ქვეყანას ვაძლიერებთ, განვამტკიცებთ და ევროპული მიმართულებით ვავითარებთ იმ იმედით, რომ ამ სიკეთეებით ისარგებლებს ყველა, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა. მჯერა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჩვენ შორის საკითხების გადაწყვეტის ევროპულ გზებს შემოგვთავაზებს. ის სირთულეები, რომლებიც არსებობს ჩვენსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს შორის, პირველი რიგში აუცილებლად მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს და მეორე, აუცილებლად იმ ფორმატში და იმ ტრადიციების დაცვით, როგორც ევროპული სახელმწიფოები აგვარებენ ამ პრობლემებს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია საქართველოში წარმატებული რეფორმების და დადებითი ცვლილებების გატარებისთვის “მნიშვნელოვანი ბიძგია”.
“დღეს ისტორიული დღეა – საქართველოს მოქალაქეებისთვის უკვე საბოლოოდ იხსნება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირისა და შენგენის წევრ ქვეყნებში. ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის არის ძალიან დიდი მიღწევა და კარგი შესაძლებლობა, უკეთ გაიცნონ ევროკავშირი, უკეთ შეიმეცნონ ის ღირებულებები, რაზეც დგას ევროკავშირი. ეს არის ჩვენი სტუდენტებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა, ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში. დღეს ჩვენ ევროპის უძველეს კულტურულ დედაქალაქში – ათენში მივდივართ… შემდეგ კი პოლიტიკურ დედაქალაქ – ბრიუსელში, სადაც ამ დიდ მიღწევას ვიზეიმებთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის აზრით, ოფიციალური თბილისის ამბიცია იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს.
“ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის საჭიროა, ქვეყანა მაქსიმალურად მოემზადოს პრაქტიკული თვალსაზრისით – დანერგოს ევროკავშირის სტანდარტები და მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირს. ეს შესაძლებელია, მხოლოდ კომპლექსური და ყოვლისმომცველი ხედვის და მოქმედებების გეგმის განხორციელებით”, – განაცხადა მინისტრმა.
ხელისუფლების გაფრთხილება შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანახმად, 28 მარტს, დაახლოებით 800-მა ადამიანმა ისარგებლა უვიზო რეჟიმით და ევროკავშირში გაემგზავრა. მათი უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან. დაახლოებით 300 ადამიანი თბილისიდან ათენში, ვარშავაში და მიუნჰენში გაემგზავრა, ხოლო ხუთასამდე ადამიანი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან – ბუდაპეშტში, სალონიკსა და ლარნაკში.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულოები უცხოეთში, 24 საათიან სამუშაო გრაფიკში მუშაობენ. გარდა ამისა, მუშაობს ცხელი ხაზი (+99532 294-50-50), რომლის მეშვეობითაც დაინტერესებულ პირს შეუძლია, დეტალური ინფორმაცია მიიღოს უვიზო რეჟიმის წესებისა და პროცედურების შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ასევე განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე დაარღვევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ყოფნის ვადებს, მას დაეკისრება ჯარიმა, 3 000 ევროს ოდენობით და ევროპულ ქვეყნებში მოგზაურობა ხუთი წლით აეკრძალება.
“ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ დაიცვას წესები. ვადების დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეს ელის დეპორტაცია და ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებში 5 წლის განმავლობაში აეკრძალება შესვლა”, – განაცხადა ჯანელიძემ.
შესაძლო დარღვევების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც მესაზღვრეები ვალდებულნი არიან, ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს დეტალურად გაესაუბრონ ევროკავშირში მოგზაურობის მიზეზებსა და მიზნებზე. ასევე, კონსულტაცია უნდა ჩაუტარონ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე და შეამოწმონ შესაბამისი დოკუმენტები შენგენის ზონის მოთხოვნების შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ, რომელიმე დოკუმენტი სტანდარტებს არ შეესაბამება, მესაზღვრე მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში შესაძლო შედეგების შესახებ აცნობებს.
ექსპერტების მოსაზრება
საქართველოს განვითარების და უსაფრთხოების ცენტრის მკვლევარ გოგიტა ღვედაშვილს მიაჩნია, რომ უვიზო რეჟიმის დაწესება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პრაქტიკული მაგალითი და მრავალწლიანი საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური რეფორმების ნაყოფია.
“2013 წლიდან ევროსკეპტიკოსების მხრიდან ხშირად გვესმოდა, რომ ჩვენს მოქალაქეებს ამის უფლება არასოდეს მიეცემოდათ, თუმცა, უვიზო რეჟიმი უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში მივიღეთ. წინა ხელისუფლების დროს, ევროპაში მოგზაურობას თან ახლდა მთელი რიგი ბიუროკრატიული შეფერხებები, რომლის დროსაც საელჩოების თანამშრომლები, ხშირად სცოდავდნენ. კრიტიკული სირთულეები იჩენდნენ თავს ევროპაში აუცილებელი გამგზავრების შემთხვევაში. ასეთ დროს, მოქალაქეებს 16 პროცედურის გავლა უხდებოდათ, რათა ევროკავშირის საზღვარი გადაეკვეთათ. ახლა კი საკმარისია გქონდეს ბიომეტრიული პასპორტი, ორივე მიმართულების ბილეთი, დაზღვევა, დაჯავშნული საცხოვრებელი და საცხოვრებლად საჭირო თანხა – თითოეულ დღეზე 50 ევრო”, – ამბობს ექსპერტი „ექო კავკაზისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში ექსპერტის, საქართველოს ყოფილი სს მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილის შეფასებით, ვიზა-ლიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული მიზნისკენ – ევროპაში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზაზე.
“ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ქართული საზოგადოების, ეკონომიკის და ა.შ. შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს სერიოზული ნაბიჯია საქართველოს სახელმწიფოს და საზოგადოების სტრატეგიული მიზნის განსახორციელებლად. ეს არის სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპულ საზოგადოებაში, ევროპულ სტრუქტურებში, ერთიანი ევროპის ცივილიზებულ სივრცეში. ამ თვალსაზრისით, აღნიშნული მოვლენის დაუფასებლობა შეუძლებელია”, – განაცხადა მენაღარიშვილმა Sputnik-საქართველოსთან საუბრისას.
თავის მხრივ, რუსი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ საქართველოს და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმს ამ ქვეყნიდან ახალგაზრდების გადინება მოჰყვება. გარდა ამისა, ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ უახლოეს მომავალში თბილისი ევროკავშირის მხრიდან ყურადღების რაიმე ჟესტს არ უნდა მოელოდოს. ამის შესახებ “ФБА «Экономика сегодня»”-ს რუსი ექსპერტი ნიკიტა დანიუკი ესაუბრა. მან ევროპის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის გაკეთებულ ბოლო საჩუქარს “იაფი უვიზო” უწოდა.
“აშკარაა, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება შორს არის სრულყოფილებისგან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საერთო მდგომარეობა არც ისე საშინელია, როგორც მაგალითად უკრაინაში, ვერ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ უვიზო რეჟიმის დაწესებით ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ევროპაში გაემგზავრება და იქ დარჩენას ეცდება. ამავდროულად, საეჭვოა ეს ევროკავშირისთვის რაიმე საფრთხეს წარმოადგენდეს, რადგანაც საქართველო არც ისე დიდი სახელმწიფოა”, – დასძინა ექსპერტმა.
გიორგი ქართველი სპეციალურად Dalma News-თვის