საქართველოს ტექნოლოგიურ პარკს NASA-ს წარმომადგენელი თრიშა მექი ეწვია. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა, რომელსაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე, კულტურის სამინისტროს, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრის ფარგლებში თრიშა მექიმ ქართულ მხარეს, აეროკოსმოსური ინდუსტრიის მიმართულებით NASA-ს მუშაობის თანამედროვე ტენდენციები გააცნო. მისი აზრით, ამ სფეროს განვითარებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია კერძო ბიზნესის ჩართვა და აქტიურობა.

თრიშა მექი იყო ინსტრუქტორი და კოსმოსში გადაადგილებას ​ასტრონავტთა 6 ეკიპაჟს ასწავლიდა. ის ამავდროულად ასრულებდა ფრენის კონტროლიორის ფუნქციას მისიის კონტროლის ცენტრში (MCC). აღსანიშნავია თრიშა მექის წვლილი ღია კოსმოსის აქტივობების ფარგლებში განხორციელებული საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მშენებლობაში. ის აგრეთვე მუშაობდა NASA -ს სათაო ოფისში ორიონის პროექტში და მოსკოვის ტექნიკური კომუნიკაციების ოფისში მმართველად.

1471522009_qashibadze-irakli-2როგორც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძემ განაცხადა, ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთათვის უმნიშვნელოვანესია პროფესიონალებისგან გაიზიარონ გამოცდილება და მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარონ. მიიღონ რჩევები და ისინი პრაქტიკაში განახორციელონ.

“თრიშა მექისთან კონკრეტულ საკითხებზეც ვისაუბრეთ, რაც კოსმოსში ხანგრძლივი ფრენასა და რადიაციის პრობლემურ თემებს შეეხო. შევთავაზეთ ქართველი მეცნიერების ინოვაცია, რომელიც უზრუნველყოფს რადიაციისაგან ეფექტიან დაცვას. NASA-ს გუნდი მზად არის ღია იყოს ყველა სიახლისთის და ითანამშრომლოს ქართველ მეცნიერებთან,” – განაცხადა ირკლი ქაშიბაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აქტიურად შეუწყობს ხელს ქართულ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს ინოვაციური საქმიანობის წარმოებაში, დაეხმარება მათ გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და დაიმკვიდრონ ადგილი მსოფლიო მეცნიერების დიდ სისტემაში. მნიშვნელოვანია სფეროში ახალგაზრდების ჩართულობა, რისი ტენდენციაც საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებასთან ერთად გაიზრდება.

ვიშეგრადული ოთხეული თბილისის ტექნოპარკში 

თბილისის შემოგარენში, ოქროყანაში არსებული ტექნოპარკში სექტემბერს, ვიშეგრადული ოთხეულის (V4) 25 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ვიშეგრადული ოთხეულის წევრი ქვეყნების ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

როგორც Dalma News-ს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში განუმარტეს, ვიშეგრადული ოთხეულის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ფაქტორია სტარტაპ-ეკოსისტემისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის. მათი გამოცდილების გაზიარება საშუალებას მისცემს დეველოპერებს ეფექტიანად გამოიყენონ სიახლეები, რაც სამომავლოდ მათ სწრაფ განვითარებასა და წარმატებაზე იმოქმედებს.

“თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი უნიკალური პრაქტიკა, მათ უფრო ადრე დაიწყეს ეს პროცესები, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია გავეცნოთ მათ გამოცდილებას, გავიაზროს მათი შეცდომები. ვფიქრობ ჩვენი გამოცდილებაც იქნება მათთვის საინტერესო,” – განაცხადა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ქაშიბაძემ.

შეხვედრას ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენლები და V4-ის წევრი ქვეყნების ელჩებიც ესწრებოდნენ. როგორც პოლონეთის ელჩმა საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკიმ განაცხადა, მოხარულია, რომ თბილისში ინოვაციების საკითხზე ფორუმი ჩაატარეს და მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოს გაუზიარონ პოლონეთის გამოცდილება ევროინტეგრაციის, ინოვაციების თუ სხვა საკითხებში.

“ვიშეგრადული ჯგუფის ფორმატში საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ჩვენი ოთხი ქვეყნიდან ექსპერტები ჩამოვიყვანეთ. გვსურს დავეხმაროთ საქართველოს გახდეს უფრო ინოვაციური. უფრო მეტად მისცეს ბიძგი მისცეს შემდგომ ეკონომიკურ განვითარება,” – აცხადებს ელჩი. 

​საქართველოს ვიშეგრადული ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა, სხვა საკითხებთან ერთად, სოციალურ ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებსაც მოიცავს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძის თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო პირველად ღებულობს ამ ფორუმში მონაწილეობას, რაც იქნება მკაფიო მაგალითი იმისა, თუ როგორ ვითარდება საქართველოში ახალი ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი.

ვიშეგრადული ოთხეულის ექსპერტებთან თანამშრომლობით, საქართველოს სტარტაპ ეკო სისტემის განვითარების, დამწყები ბიზნესმენების პოტენციალის ზრდისა და მათ მიერ საერთაშორისო ბაზარზე წარმატების მოპოვების მოლოდინშია.

შ.ქარჩავა