საქართველოს სურს შეინარჩუნოს ეკონომიკური კავშირების დინამიკა ჩინეთთან, – ამ განწყობით გაემგზავრა პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი 12 სექტემბერს ჩინეთში, სადაც არაერთი საინტერესო შეხვედრა გამართა.

ლევან დავითაშვილი ელექტროენერგიის მწარმოებელ ერთ-ერთ დიდ სახელმწიფო კორპორაცია China Huadian Corporation-ის ხელმძღვანელებს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა ენერგეტიკის სექტორში. აღინიშნა, რომ საქართველო, რომელსაც განახლებადი ენერგიის წყაროების დიდი რესურსი აქვს, დაინტერესებულია, ითანამშრომლოს ჩინურ ენერგეტიკულ კომპანიებთან.

როგორც შეხვედრაზე დავითაშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორებისთვის ენერგეტიკა ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი დარგია. ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება როგორც გენერაციის ობიექტების რაოდენობა და დადგმული სიმძლავრე, ისე გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა. გამომდინარე იქიდან, რომ ენერგეტიკის სექტორის სიძლიერე ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საფუძველია, საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია, როგორც მდგრადი ენერგეტიკის განვითარებით, ასევე დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვით.

მხარეებმა ისაუბრეს დიდ ენერგეტიკულ პროექტებზე, მათ შორის, საქართველოში ჰიდრო, ქარისა და მზის ელექტროსადგურების აშენებაზე. China Huadian Corporation-ი ჩინეთში ლიდერია ქარის, მზის, ჰიდროენერგეტიკისა და ბიომასის ენერგიის პროექტების მზარდი პორტფელით. კომპანია აქტიურად მუშაობს განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების განვითარებაზე. ისინი დაინტერესებულნი არიან ინვესტიციები ჩინეთის საზღვრებს გარეთაც განახორციელონ.

ლევან დავითაშვილი და დინგ სუექსიანგი

ჩინეთში ვიზიტისას ლევან დავითაშვილი შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, დინგ სუექსიანგს და განიხილა თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკური პროექტები, ინვესტიციები ინფრასტრუქტურასა და წარმოებაში, ტექნოლოგიებსა და სერვისებში. ხელი მოეწერა „ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის სატრანსპორტო დერეფნების, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) განვითარების შესახებ“. ხელმოწერა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიაში გაიმართა. დოკუმენტი ლევან დავითაშვილსა და კომისიის ვიცე-თავმჯდომარე ჭაო ჩენსინს შორის გაფორმდა.

„დოკუმენტზე ხელმოწერა ადასტურებს ჩინეთის მხარის მზაობას და დაინტერესებას, აქტიურად გამოიყენოს შუა დერეფანი, როგორც ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტი ევროპასთან დასაკავშირებლად. შედეგად, შევძლებთ, მოვიზიდოთ უფრო მეტი ტვირთი ჩვენს დერეფანში, რაც გაზრდის საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის, მნიშვნელობას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ.

მისივე განმარტებით, მემორანდუმში აღინიშნა, რომ მხარეები ერთობლივად იმუშავებენ შუა დერეფანში დამატებითი ტვირთების მოსაზიდად, მათ შორის, მარშრუტების ოპტიმიზების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების გზით, აგრეთვე საბაჟო, სატრანსპორტო უსაფრთხოებისა და გაციფროვნების საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერებით. მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს შუა დერეფნის გავლით ჩინეთიდან ევროპაში და უკუმიმართულებით ტვირთნაკადების ზრდას და ასევე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას.

ლევან დავითაშვილი და ჭაო ჩენსინი

ლევან დავითაშვილისა და ჭაო ჩენსინის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის გაფორმებულმა დეკლარაციამ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ორი ქვეყნის ურთიერთობები თანამშრომლობის გაცილებით მაღალ დონეზე გადაიყვანა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე მასშტაბური სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტები, რომელთა ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის განვითარებას. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა რკინიგზის მოდერნიზაციაზე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე. აღინიშნა, რომ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.

რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, შუა დერეფნის უპირატესობებს დღეისათვის მეტი ყურადღება ექცევა. მარშრუტის მეტი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ჩინეთის მხარის ჩართულობის გაზრდა, მათ შორის, რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლის ამოქმედების კუთხით. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ჩინეთიდან და ჩინეთში შუა დერეფანში ტვირთნაკადის ბოლოდროინდელი მზარდი დინამიკა – 2024 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში შუა დერეფნით გადაზიდული

 გიორგი ცუცქირიძე

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე დადებითად აფასებს ჩინეთსა და საქართველოს შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას. როგორც მან Dalma News-თან საუბრისას აღნიშნა, ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოგზაური ქვეყანაა. ჩინელები სულ მოგზაურობენ, ამდენად მათი ტურისტული ნაკადების შემოსვლა ქვეყანაში ნიშნავს დამატებითი ვალუტის შემოტანას.

„ტურისტულ ინდუსტრიას მნიშვნელოვანი წილი აქვს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის კონტრიბუციაში. აქ იგულისხმება რესტორნები, სასტუმროები და მომსახურების სერვისი“, – ამბობს ექსპერტი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურაში ჩინური ინვესტიციები ახალი ხილი ნამდვილად არ არის. პარტნიორობა კი, ამ ინვესტიციების კიდევ უფრო გაზრდას გულისხმობს. ახლა უკვე ჩინეთის ინტერესშია საქართველოში გამართული გზებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის არსებობა. გიორგი ცუცქირიძის აზრით, გასაძლიერებელია საქართველოს ლოჯისტიკური პოტენციალი. თუ საქართველოს სურს გახდეს სრულფასოვანი შუა დერეფანი, რომელიც აზიიდან გაცილებით მეტ ტვირთს წამოიღებს, ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის დახვეწა.

„კარგი იქნება, თუ ეს იქნება არა მთლიანად ჩინური ინვესტიცია, არამედ თანაზიარი. სტრატეგიული ობიექტების მშენებლობაში საქართველოს სახელმწიფოც უნდა იყოს ჩართული. გეოპოლიტიკაში მეგობრები არ არსებობენ, არსებობს ინტერესები, ამიტომ ეს ინტერესები უნდა დააბალანსო“, – ამბობს გიორგი ცუცქირიძე.

საქართველოსთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ენერგომომარაგება. ამ საკითხზე საუბარი იყო ჩინურ მხარესთანაც. თანამედროვე მსოფლიოში ენერგეტიკა ბევრი ქვეყნისთვის პოლიტიკურ ბერკეტად იქცა. ცუცქირიძის აზრით, საქართველოს ამ სფეროშიც სჭირდება დივერსიფიკაცია. სწორედ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტია შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელი, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს და სწორედ ევროკავშირია დაინტერესებული ამ პროექტით.

„რაც მეტი გენერაცია გვექნება, მით უკეთესი. ნაწილი ექსპორტზე გავა და ჩვენც შეგვხვდება. შავი ზღვის კაბელის პროექტის წყალობით ევროკავშირი სასიცოცხლოდ იქნება დაინტერესებული, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია არ იყოს. ჩვენი ერთ-ერთი რისკი ესეც არის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ არა შუამავალი, არამედ სასიცოცხლო მნიშვნელობის რგოლი ევროპასა და აზიას შორის. რომ არავინ იყოს დაინტერესებული აქ დესტაბილიზაციის გამოწვევით“, – ამბობს გიორგი ცუცქირიძე.

მისი აზრით, ჩინეთის ბაზარი მნიშვნელოვანია ქართული პროდუქციის ექსპორტისთვისაც, საუბარია არა მხოლოდ ღვინოსა და ღვინომასალებზე.

ანაკლიის პროექტის განხორციელების იმედებიც ახლა ჩინეთზეა. გიორგი ცუცქირიძის აზრით, საქართველოს ინტერესებშია გრძელვადიანი თანამშრომლობის პროექტები. უცხოელი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია სწრაფი მოგების მიღება, მაგრამ ჩინური ინვესტიციები ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების მეტ შესაძლებლობას იძლევა. თუმცა არსებობს გარკვეული საფრთხეები. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, როდესაც დიდი ეკონომიკის მქონდე ქვეყანა შემოდის თავისი ინტერესებით, საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის არსებობს თუ არა რისკი, დაკარგოს ეროვნული წარმოება?

გიორგი ცუცქირიძის მოსაზრებით, ამ შემთხვევაში ბევრი რამ არის დამოკიდებული ადგილობრივ ბიზნესმენებზე, რომლებიც სახელმწიფოსთან თანამშრომლობით უნდა ავითარებდნენ ადგილობრივ ინფრასტრუქტურას. ჩინეთს შეუძლია ამ პროცესში, როგორც გლობალურ ეკონომიკას, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

შორენა ქარჩავა