საქართველოს საპატრიარქო საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა წმინდა გიორგის სახელობის კურმუხის ტაძარში მომხდართან დაკავშირებით, რაც ათობით და ათი ათასობით ადამიანის რელიგიური გრძნობების უპატივცემულობაა. ამის შესახებ, საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
“ინტერნეტ-სივრეცში გავრცელდა ე.წ. კლიპი, ან მხატვრული ფილმის ნაწყვეტი, რომელიც გადაღებულია მნიშვნელოვან ქართულ სამლოცველოში – წმინდა გიორგის სახელობის კურმუხის ტაძარში, რომელიც საქართველოს ისტორიულ მხარე ჰერეთში მდებარეობს (ამჟამად აზერბაიჯანის ტერიტორია).
ვიდეოს სცენა დაახლოებით ამდაგვარია: უცნობი მამაკაცი და ქალი, რომლებსაც განძის პოვნა სურთ, ხელჯოხების თავში ჩარტყმის შედეგად ორ კათოლიკე ბერს გონებას აკარგვინებენ, მათ ტანისამოსს იცმევენ და ტაძარში შედიან. სამალავში მათ სასურველი განძი იპოვეს. ქალი ძვირფასეულობით ხელში გარბის, ხოლო მამაკაცი რჩება და აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების გამოყენებით კათოლიკე ბერის სამოსში გამოწყობილ სასულიერო პირებს უსწორდება.
ეს ყველაფერი ტაძრის ცენტრალურ ნაწილში, სამსხვერპლოსთან ახლოს ხდება. ამგვარი ქმედება ათასობით და ათი ათასობით ადამიანისათვის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა. მათ, ვინც ეს კადრები გადაიღეს, ადგილი, რომელიც როგორც მართლმადიდებლების, ისე მუსულმანებისათვის თაყვანისმცემლობის ადგილია, სათამაშო მოედნად გადააქციეს. იქ საუკუნეების განმავლობაში მორწმუნე ხალხი ფეხშიშველი დადის, რათა დახმარება წმინდა გიორგის სთხოვონ,” – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს საპატრიარქო საქართველოსა და აზებაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გამოიძიონ ეს ფაქტი და დროულად მიიღონ შესაბამისი ზომები.