საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 2020 წლის ბოლომდე 7,1 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, 2024 წლამდე კი, ქვეყნის მთავრობა 16,6 მილიარდი ლარის საგარეო ვალის აღებას გეგმავს. საერთო ჯამში, საქართველოს გარეო ვალის მთლიანი მოცულობა 27 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 55%-ია. საგანგაშო მდგომარეობას საქართველო ერთი ნაბიჯი, სულ, რაღაც 5% აშორებს. 2013 წლის შემდეგ, ქვეყნის საგარეო ვალები სულ მცირე 3-ჯერ გაიზარდა. კორონავირუსის მსოფლიო პანდემია ამ მხრივ, მხოლოდ “პოზიტიური” დინამიკის შენარჩუნებაში გვეხმარება და ვალი მილიარდობით იზრდება.

COVID-19-ის კრიზისის გამო, საქართველოს მთავრობა ახალი ვალის სახით 4,47 მილიარდი ლარის აღებას გეგმავს. სესხის გარდა, მობილიზებულია გრანტებიც, მათ შორის 330 მილიონი ლარი ევროკავშირიდან. აზიის განვითარების ბანკიდან საქართველოს მთავრობა 455 მილიონ ლარს ელოდება; ხელშეკრულებები გაფორმებულია გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან და მსოფლიო ბანკთანაც. აქედან, 600 მილიონი ლარი კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებს უნდა მოხმარდეს.

ქვეყნის მთავრობამ ანტიკრიზისული ბიუჯეტი შეიმუშავა, სადაც გადაუდებელი დაფინანსების სახით მოზიდული დაფინანსება ასე ნაწილდება: აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 1,455 მლრდ ლარი; KFW – 805 მლნ ლარი; IMF – 603 მლნ ლარი; აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი – 450 მლნ ლარი; საფრანგეთის განვითარების ბანკი – 439 მლნ ლარი; მსოფლიო ბანკი – 396 მლნ ლარი; EU – 241 მლნ ლარი.

გიორგი კაკაურიძე

საქართველოს მთავრობა მიმდინარე წელს იმაზე მეტ ვალს იღებს, ვიდრე სჭირდება. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ახალი ვალის აღებას იმისთვის არის საჭირო, რომ ქვეყნის ბიუჯეტი მზად იყოს უარესი სცენარისთვისაც. საერთო ჯამში საგარეო ვალთან დაკავშირებით საქართველოს მომავალი წლების დინამიკა ასეთია: 2020 წელი — 7,1 მლრდ ლარი; 2021 წელი — 3,4 მლრდ ლარი; 2022 წელი — 2,1 მლრდ ლარი; 2023 წელი — 2 მლრდ ლარი; 2024 წელი — 2 მლრდ ლარი.

2013 წლის შემდეგ საგარეო ვალი თითქმის გაორმაგებულია, ახლა კი თითქმის სამმაგდება, თუმცა, სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო ვალის ოდენობა საგანგაშო არ არის, თუ ის გონივრულად დაიხარჯება. ეკონომისტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მთავრობას არ უნდა ჰქონდეს უფლება იმაზე ხანგრძლივი ვადით აიღოს სესხი, ვიდრე თვითონ იქნება ხელისუფლებაში. იმიტომ, რომ მათ მიერ უპასუხისმგებლოდ აღებული ვალები ქვეყნის მოსახლეობის, მათი შვილიშვილებისა და შვილთაშვილების გადასახადი რჩება. კოლოსალურად გაზრდილი საგრეო ვალები ქვეყანას საინვესტიცუიო მიმზიდველობასაც უკარგავს.

გიორგი გახარია

ამასთანავე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც უსწრაფესად აღადგენს ეკონომიკას. მისივე პროგნოზით, 2021 წელს ეკონომიკა 4%-ით, ხოლო 2022 წელს – 6%-ით გაიზრდება. თუმცა, იქვე დასძენს, რომ წინასწარი პროგნოზები პანდემიის დროს ურთულესი გასაკეთებელია.

მისივე თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით ამ კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემა არაპროგნოზირებადობაა, ეს არის დიდი გამოწვევა გლობალური ეკონომიკისთვის და რა თქმა უნდა, საქართველოს პატარა, უკიდურესად ღია ეკონომიკისთვის კიდევ უფრო მძიმე და მწვავე გამოწვევაა.

“სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ წარვადგინეთ ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ეხებოდა პირველ რიგში ტურისტულ სექტორს, შემდგომ სოფლის მეურნეობას, დეველოპმენტს, განათლებას და ამ გზით გავაგრძელებთ”, – აცხადებს გიორგი გახარია.

გია ხუხაშვილი

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შეფასებისას ექსპერტ გია ხუხაშვილს ექმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მთავრობა ჯერ კიდევ კორონავირუსის მსოფლიო პანდემიით გამოწვეულ გაურკვევლობაშია და ვერ გადაეწყო ცხოვრების ახალ წესზე, ვერ დაალაგა პრიორიტეტები.

ხუხაშვილის მოსაზრებით, ქვეყანას წინ, ძალიან მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ელოდება, მთავრობის ანტისკრიზისული გეგმა კი მხოლოდ წინასაარჩევნო პიარზეა გათვლილი. ცხადია, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების შენარჩუნება სურს, მაგრამ მეორე მხრივ, დღეს შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, შეუძლებელია სტრატეგიული გეგმის შემუშავება. ამდენად, ხუხაშვილის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა უფრო ტაქტიკური მონახაზია, ვიდრე გრძელვადიანი პროგრამა.

“მე აქ, ეკონომიკურ გეგმას ვერ ვხედავ. ეს უფრო სოციალური დაზღვევის გეგმების დომხალია და მეტი არაფერი. რის საფუძველზე კეთდება ეს პროგნოზები. იმის საფუძველზე, რომ სექტორები, რომლებიც პანდემიამდე მუშაობდა, სრულფასოვნად აღდგება? იქნება ეს დეველოპერული ბიზნესი, ტურიზმი თუ სხვა? ეს ილუზიაა და მეტი არაფერი. ტურისტის გარეშე ტურიზმი არ არსებობს, ტურიზმი კი, სრულიად აშკარაა, რომ წელს ყოველ შემთხვევაში არ იქნება. შიდა ტურიზმი, რაღაც დოზით იარსებებს, მაგრამ საერთაშორისო ტურიზმი, ობიექტური მიზეზების გამო სამწუხაროდ უნდა დავივიწყოთ”, – განუცხადა Dalma News-ს გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას ახლა ეკონიმიკის მექანიკური რესტარტი კი არ უნდა დაეწყო, არამედ ეკონომიკის მოდერნიზაცია.

ნიკა შენგელია

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზების ცენტრის” ვიცე-პრეზიდენტის, ნიკა შენგელიას შეფასებით, 2020 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის სულ მცირე 7 %-იანი ვარდნით დასრულდება. რაც შეეხება 2021 წელს, ეკონომიკის 4%-იან მატებაზე საუბარი ცოტა არასერიოზულია, გამომდინარე იქიდან, რომ არ ვიცით რა მდგომარეობა იქნება მსოფლიოში პანდემიის ფონზე – სახელმწიფოები კვლავ ჩაკეტავენ თუ არა საზღვრებს, გაამკაცრებენ ზომებს და სხვ. რაც პირდაპირ გულისხმობს ეკონომიკების ავტომატურ რეჟიმში გადასვლას. იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში ეკონომიკური ვარდნა 15%-ზე მეტი იქნება, ეს გარკვეულწილად ისევ კრიზისს ნიშნავს, რაც 2021 წლამდე გასტანს. ამიტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოპტიმისტური პროგნოზი, რომ 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკას 4%-იანი ზრდა ექნება, ნიკა შენგელიას აზრით, ძალიან რთულია.

მისივე თქმით, საქართველოს დღეს, გარღვევა აქვს ოთხივე პარამეტრში – ბიუჯეტის შესრულება, ინვესტიციები, ექსპორტის ზრდა და უმუშევრობის შემცირება. შესაბამისად ვერ იზიარებს პრემიერ გახარიას ოპტიმიზმს.

როგორც Dalma News-ს ექსპერტმა, ნიკა შენგელიამ განუცხადა, ბოლო წლებში, წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდს, სხვა არაფერი უკეთებია, გარდა იმისა, რომ იზიარებდნენ სავალუტო ფონდის პირდაპირ რეკომენდაციებს და ქვეყნის ეკონომიკა ტურიზმსა და ემიგრანტებზე ჩამოკიდეს. სავალუტო ფონდის რეკომენდაციები არ ითვალისწინებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ახალი საწარმოების შექმნით, არამედ ის უნდა გახდეს მომხმარებელი ქვეყანა.

მისივე თქმით, საქართველო არ არის დიდი ქვეყანა და მთავრობას, სწორი მიდგომით, მაინც შეეძლო განევითარებინა ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა… მოსახლეობა ყოფილიყო დასაქმებული და შემცვლელი პროდუქციის იმპორტი შემცირებულიყო.

“ახლა არის მცდელობა, რომ დაეხმარონ სოფელს, მაგრამ დიდი ვერაფერი, თუმცა, სულ არარაობას სჯობს. ქვეყნაში, სადაც ხილი მოგვყავს, იგივე ვაშლი 5 ქვეყნიდან რატომ უნდა შემოგვქონდეს? ხახვით დაწყებული, ჩვენს ბაზარზე, ყველა პროდუქტი შემოდის, მწვანილის გარდა”, – განაცხადა ნიკა შენგელიამ საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრისას.

ექსპერტს არც მთავრობის მიერ ​სამშენებლო ბიზნესის დასახმარებლად მოფიქრებული გეგმა მოსწონს, რადგან ეს ერთი ადამიანის ჯიბიდან ამოღებული ფულის, მეორის ჯიბეში ჩადებას ჰგავს.

“ამ სფეროს დახმარება გამოიხატება იმაში, რომ ბინა უნდა იყიდოთ მხოლოდ დეველოპერისგან. თუ სხვა სამშენებლო კომპანია შავ კარკასს 400-450 აშშ დოლარის ფარგლებში ყიდის, დეველოპერები მას 750 აშშ დოლარიდან და ზემოთ აფასებენ. დეველოპერების უკან დგანან საბანკო კომპანიები, მთავრობასთან დაახლოებული პირები. ეს არის არასამართლიანი მიდგომა, იმიტომ, რომ ადამიანს, რომელსაც 700-800 ლარი აქვს ხელფასი, ბიუჯეტში მის მიერ გადახდილი თანხიდან, რატომ უნდა იხდიდეს მთავრობა სხვა, უფრო შეძლებული და მდიდარი ადამიანის მიერ შეძენილი ბინის პროცენტებს?”, – განაცხადა ნიკა შენგელიამ.

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე, წინა წლების მილიარდობით ვალი საქართველომ წლეულს, 8 მილიარდით გაზარდა. ეს თანხა გადანაწილდება ჩვენს შემდგომ თაობებზე – შვილებზე, შვილიშვილებზე და ა.შ. ეს ვალი აისახება დენის, ბუნებრივი აირის და ა.შ გადასახადებზე. აღებულ ვალებში იგულისხმება გზების მშენებლობაში ჩადებული მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი თანხებიც და ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტიც, რომელიც საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაზრდას ემსახურება.

შ.ქარჩავა