გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ნიუ იორკში, საქართველოდან სავარაუდოდ ორი დელეგაცია გაემგზავრება. ასამბლეაზე სიტყვით გამოვა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი, ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაზეა მიწვეული, რომელსაც ლიტვა ატარებს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გენერალური ასამბეიდან მოწვევა ეგზავნება სახელმწიფოს. ამ შემთხვევაში გადაწყდა, რომ გენერალურ დებატებში მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმა მიიღოს. ლიტვის პრეზიდენტის პერსონალური მოწვევა კი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სახელზეა.
მთავრობის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სექტემბრის ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი და გაფართოებული შეხვედრები.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით კი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიტველმა კოლეგამ დალია გრიბაუსკაიტემ მიიწვია ნიუ იორკში დაგეგმილ დისკუსიაზე – “აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება”.