საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები განახორციელა. მისი გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშილი შეცვლის.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გიორგი კვირიკაშილი შეინარჩუნებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას და იქნება წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი.
“მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები კიდევ უფრო აამაღლებს ჩვენი მთავრობის ეფექტიანობას. მთავრობა ისეთ ეკონომიკურ განვითარებაზეა კონცენტრირებული, რომელიც სამუშაო ადგილებს შექმნის და საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის ხელსაყრელი იქნება. სწორედ ამას ისახავს მიზნად ჩვენი საგარეო პოლიტიკა და შიდა ეკონომიკური დღის წესრიგი. ამიტომ, ამ ორი სფეროს კონსოლიდაცია ამ ეტაპზე ძალზედ მნიშვნელოვანია,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე პრემიერმა თბილისის ყოფილი ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი დანიშნა.
როგორც მანამდე Dalma News, გაზეთებზე “ქრონიკასა” და “ალიაზე” დაყრდნობით იტყობინებოდა, საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები სექტემბრის დასაწყისში იყო მოსალოდნელი. გაზეთი “ქრონიკა” საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოლო “ალია” ფინანსთა, იუსტიციისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების შესაძლო შეცვლის შესახებ წერდნენ.
საქართველოს მთავრობაში ბოლო საკადრო ცვლილება გაზაფხულზე, ეროვნული ვალუტა ლარის გაუფასურებას დაემთხვა. მაშინ პოლიტიკური ოპოზიციაცა და საზოგადოებაც სავარაუდო ცვლილებებს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ელოდა, თუმცა პრემიერმა განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო და სპორტის, თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები შეცვალა.