საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და საქართველოში ბიზნესსექტორისთვის არსებულ ხელსაყრელ პირობებზე, ქვეყნის სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობასა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე ისაუბრეს.
“საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი პროექტების განხორციელებას დაიწყებს”, – განცხადა ბანკის პრეზიდენტმა ლიცუნ ძიმ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
როგორც Dalma News-ს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური განუცხადეს, ლიცუნ ძი საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა და მიაჩნია, რომ ქვეყანამ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი სატრანსპორტო, საგზაო და ენერგეტიკული სექტორით ინტერესდება.
შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ საქართველოს ეკონომიკაში არის ბევრი სფერო, რომლებიც დააინტერესებთ ჩინურ კომპანიებს. კერძოდ, ტრანსპორტის(რკინიგზა, პორტები), ენერგეტიკის (განახლებადი ენერგია, ჰიდრორესურსები), მრეწველობის, ტურიზმის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სექტორები.
საქართველო აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის დამფუძნებელი წევრი ქვეყანაა, წინასწარ ხელშეკრულებას 2015 წლის 29 ივნისს პეკინში მოეწერა ხელი. საქართველო არის 45-ე ქვეყანა, რომელიც შეუერთდა ამ ბანკს და პირველი ქვეყანა, რომელმაც განახორციელა ბანკის წინასწარი ხელშეკრულების რატიფიცირება. სავარაუდოდ, ბანკი ფუნქციონირებას 2015 წლის ბოლომდე დაიწყებს. აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკში გაწევრიანება საქართველოს დაეხმარება ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პრეფერენციული ფინანსურ რესურსების მოძიებაში.