ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული პოლიტიკური ბრძოლები მიმდინარეობს. მშენებლობას თურქული კომპანია ENKA Renewables-ი აწარმოებდა, რომელმაც 2019 წლის 25 აპრილს საქართველოს სახელმწიფოსთან გააფორმა ხელშეკრულება ნამახვანის კასკადის ჰიდროენერგეტიკული პროექტის მშენებლობაზე, მართვასა და ექსპლუატაციაზე. პროექტი სხვადასხვა წყაროების მიერ განსხვავებულად არის შეფასებული – რიცხვები 730 -დან 800 მილიონ აშშ. დოლარის ფარგლებში მერყეობს. ნამახვანჰესი ქვეყანაში მეორე დიდი კასკადი იქნებოდა. თურქ ინვესტორებს მდ.რიონზე ორი ჰიდროელექტროსადგური – ტვიშის ჰესი და ნამახვანის ჰესი უნდა აეშენებინათ. დაგეგმილი იყო, რომ ახალი ჰიდროელექტროსადგურების საერთო სიმძლავრე საქართველოს ელექტროენერგიის მოთხოვნილების 12%-ს დააკმაყოფილებდა.

თურქულ კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ შეთანხმებას მოწინააღმდეგეები თავიდანვე გამოუჩნდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, გარემოსდაცვითი საზოგადოებისა და ადგილობრივი მოსახლეობის სახით. ამ ადამიანებს სამართლიანად მიაჩნდათ, რომ პროექტი ღიად უგულებელყოფდა გარემოსდაცვით საკითხებს. როგორც ყოველთვის, თურქი ინვესტორები პირველ რიგში, სარგებლის მაქსიმალურად გაზრდით არიან დაინტერესებულნი.

გარემოსდაცვითი საკითხების გადასაჭრელად მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების და ძალების გადანაწილება, სავარაუდო მოგებას მნიშვნელოვნად ამცირებდა. თუ “განათლებულ ევროპაში” და საერთოდ “ცივილიზებულ სამყაროში” ასეთი საკითხებისთვის გვერდის ავლა შეუძლებელია, მაშინ საქართველოში, რომელიც “ცივილიზებული საზოგადოების” ნაწილად გახდომას ჯერ კიდევ ცდილობს, ამგვარი პრობლემებისთვის თავის შეწუხება არავის სურს, თუმცა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შემოსავლები მაქსიმუმამდე გაზარდონ.

აქცია ქუთაისში

დიდი ხნის განმავლობაში, თავსმოხვეულმა და მოსაბეზრებელმა პროპაგანდამ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დეზორიენტაცია მოახერხა. უცხოური ინვესტიციები, რომლის ძიებაში სახელმწიფო მოხელეები მთელს მსოფლიოში მოგზაურობდნენ, საქართველოს რიგით მოქალაქეებს წარუდგინეს, როგორც ზეციური მანანა და უანგარო საჩუქარი. თურქული ინვესტიციები საქართველოში სიახლე არ არის და ქართულმა საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ მათგან ეკონომიკური სარგებელი მწირზე მწირია, ხოლო კატასტროფული პოლიტიკური შედეგები – რეალურზე რეალური.

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის საპროტესტო აქციების უგულებელყოფა ადვილი იქნებოდა, თუ ეს აქციები, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, ან სპეციალისტ-ეკოლოგთა მიერ იქნებოდა მოწყობილი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ პროექტის წინააღმდეგ მთელმა ადგილობრივმა მოსახლეობამ გაილაშქრა. ერთი შეხედვით, პარადოქსული ვითარება შეიქმნა: პროექტს ყველაზე აქტიურად ეწინააღმდეგებიან ის ადამიანები, რომელთა წარმატება და კეთილდღეობა თურქ ინვესტორებს უნდა უზრუნველეყოთ.

ნუთუ ეს ხალხი იმდენად სულელია, რომ თავის “უზარმაზარ” სარგებელს ვერ ხვდება? პირიქით, ეს ადამიანები გამოფხიზლდნენ და დაინახეს ის რეალური საფრთხე, რომელიც შენიღბული ხმაურიანი და მიმზიდველი სარეკლამო კამპანიით იყო შენიღბული. ყველამ მშვენივრად იცის, რომ თურქულ ინვესტიციებს შემოსავალი ძირითადად თავად თურქებისთვის მოაქვს. უფრო მეტიც, მათი მზა პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული კითხვები არსებობს. ერთია, როცა თბილისში აშენებული აეროპორტის შენობა საშუალო სიმძლავრის წვიმის შემდეგ აუზად გადაიქცევა და სულ სხვაა, როდესაც უხარისხოდ აგებული ჰიდროელექტროსადგური დაინგრევა. რიონის ხეობისთვის მიყენებული ზარალი ბირთვულ აფეთქებასთან არის შედარებული. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, თურქულ კომპანიას რიონის ხეობა 99 წლით გადაეცა.

აქცია

ამ გზით აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიამ უზარმაზარი ქვეყანა ინგლისის კოლონიად აქცია. ძლევამოსილმა ჩინეთმა ჰონკონგის დაბრუნება ერთი საუკუნის შემდეგ მოახერხა, თუმცა, ძალზედ საეჭვოა საქართველომ 99 წლის შემდეგ რიონის ხეობის დაბრუნება შეძლოს.

ახლა კი თურქმა ინვესტორმა განაცხადა, რომ წყვეტს ხელშეკრულებას, რადგან ქართულმა მხარემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა ფორსმაჟორულ ვითარებასთან დაკავშირებით, ვერ შეასრულა. ეს გასაგებიცაა: საპროტესტო აქციები, სამუშაო პროცესისთვის ხელის შეშლის მცდელობა შეიძლება ფორსმაჟორულად ჩაითვალოს, თუმცა სასურველია თურქულმა კომპანიამ ხელშეკრულების დარღვევის შესახებ, უფრო დეტალური ინფორმაცია წარადგინოს.

მძლავრი და მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ -მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის სამინისტროს თურქულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის შესწავლა დაავალა. მისივე თქმით, პროექტი მიმდინარე პირობებით არ გაგრძელდება. საქართველოს მთავრობას კანონით უფლება აქვს გადახედოს ხელშეკრულებას, თუ ქვეყნის საზოგადოებრივი აზრი მას კაბალურად მიიჩნევს.

“ქართული ოცნება” თავისი ორაზროვნების გამო, კიდევ ერთხელ აღმოჩნდება გაორებულ მდგომარეობაში. ერთი მხრივ, ქვეყნის მოქალაქეების მოთხოვნების უგულებელყოფა არ შეუძლია, მეორე მხრივ, ფინანსური ზარალი აშინებს.

ირაკლი კობახიძე

”ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯია. ზოგადად ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ჩვენი ერთ -ერთი პრიორიტეტია, არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან ცუდი სიგნალია მომავალი ინვესტორებისთვის. თუმცა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ინვესტიციები, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში, კვლავ გაგრძელდეს”, — განაცხადა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

თუმცა, საქართველოს მთავრობა საკითხს საბოლოოდ გადაწყვეტილად არ მიიჩნევს და იმედოვნებს, რომ ინვესტორებთან შეთანხმების მიღწევას შეძლებს.

როგორც ყოველთვის, განსაკუთრებით საინტერესოა “ნაციონალების” განცხადება, რომლებიც სიხარულით და ხელების ფშვნეტით ამბობენ, რომ საპროტესტო აქციის ლიდერ ვარლამ გოლეთიანთან ფლირტით, როცა მას თბილისში აქციის გამართვის უფლებას აძლევდნენ, “ოცნებამ” თავის მოსაკლავი დანა ამოთხარა.

რომან გოცირიძე

“გილოცავთ!კვლავ სიბნელემ, უჭკუობამ და უსამართლობამ გაიმარჯვა, რადგან ივანიშვილს არ სურს ხმების დაკარგვა, შესაბამისად, ძალაუფლებისაც. ეს უბრალოდ 800 მილიონი აშშ. დოლარის დაკარგვა არ არის. სანამ ასეთი მთავრობა გვყავს, აქ ფულს აღარავინ ჩადებს. ეს მთავრობა გარანტირებული სიღარიბის რეცეპტია”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საპროტესტო აქციების დროს ნაციონალები თაგვებივით ჩუმად ისხდნენ. იმ ადამიანებს, რომლებმაც თურქებს ქვეყნის მთელი რეგიონები ფაქტობრივად გადასცეს, მათ მხარეს ღიად დადგომის შეეშინდათ, რათა მთლიანად არ გაშიფრულიყვნენ, როგორც უცხო სახელმწიფოს აგენტები. ახლაც კი, ისინი თვალთმაქცურად წუხან, თუმცა არა თურქების, არამედ დაკარგული 800 მილიონი აშშ. დოლარის გამო. თავის დროზე მათ საქართველოში გაცილებით დიდი თანხები მოიპარეს. ახლა კი, ვითომდა ცოდვების გამოსასყიდად ცდილობენ მათ დაბრუნებას.

აქტივისტების ლიდერს, ვარლამ გოლეთიანს თურქული კომპანიის საქართველოდან წასვლა ერთმნიშვნელოვნად დადებით მოვლენად მიაჩნია.

 ვარლამ გოლეთიანი

“გაიხარეთ! ნამახვანჰესის ინვესტორი გაიქცა”, – განაცხადა გოლეთიანმა.

 მას მიაჩნია, რომ ამ მოვლენის შედეგად, მხოლოდ კორუმპირებული ჩინოვნიკები დაზარალდნენ, რომლებიც ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტზე კარგად ითბობდნენ ხელს.

თურქულმა კომპანიამ მომგებიანი ლატარია ითამაშა. ახლა მას შეუძლია საქართველოს დიდი კომპენსაცია მოსთხოვოს. ვარლამ გოლეთიანს და მის მრავალრიცხოვან მომხრეებს, თუნდაც ამ გარემოების გათვალისწინებით მიაჩნიათ, რომ საქართველოსთვის მიყენებული ზიანი, თურქებს რომ თავიანთი პროექტი დაესრულებინათ, გაცილებით დიდი იქნებოდა. ობიექტური ანალიზის არსებობის შემთხვევაში ძნელია მათ არ დაეთანხმო.

დავით კუპატაძე