საქართველოში 26 ოქტომბერს მორიგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, ქვეყნის მოსახლეობამ მე-11 მოწვევის პარლამენტი აირჩია. ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების თანახმად პარლამენტში მოსახვედრად საჭირო ხმების რაოდენობა 5-მა პარტიამ მოაგროვა. ახალი მოწვევის პარლამენტში აღარ იქნება „გირჩი“ და „პატრიოტთა ალიანსი“. ამ უკანასკნელმა თავისი მანდატები, არც წინა მოწვევის პარლამენტში გამოიყენა იმ მიზეზით, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა.

საქართველოში არჩევნები წლეულს პირველად ჩატარდა ახალი მეთოდით – ელექტრონული სისტემის გამოყენებით, რაც გაყალბების შესაძლებლობას ნულამდე ამცირებს. ახალი სისტემის დატესტვის შესაძლებლობა არჩევნებამდე ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო. ამ შესაძლებლობით ისარგებლეს პოლიტიკოსებმაც, მათ შორის პრეზიდენტმაც.

როგორც სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მოსახლეობას არჩევნებამდე აიმედებდა, ახალი სისტემა უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობასა და მათი ხმების დაცვას.

სალომე ზურაბიშვილი

„ის ხმები და ჭორები, რაც ისმის ამ აპარატებთან დაკავშირებით, გავრცელებულია იმისთვის, რომ ხალხში გაჩნდეს სწორედ ეჭვი და შიში. ეს არის ისეთი ელექტრონული პროცედურები, რომელიც ასევე არის სხვადასხვა ქვეყნებში და ის საერთაშორისო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ამას, არ წავა იმაზე, რომ თავისი რეპუტაცია საქართველოს არჩევნების გულისთვის დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ“, – ამბობდა სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრამდე, თუმცა არჩევნების შემდგომ მისი განცხადებების შინაარსი შეიცვალა.

ზურაბიშვილის აზრით, ეს ტექნოლოგია მმართველმა პარტიამ გაყალბებული ხმების გასათეთრებლად გამოიყენა. ანუ, „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და გააკეთა ის, რაც აქამდე არსად და არასდროს ყოფილა, „ჩატარდა რუსული არჩევნები, წაგვართვეს არჩევნების ინსტიტუტი“, – ასეთია იმპიჩმენტ გამოცხადებული პრეზიდენტის პოზიცია.

საარჩევნო პროცესს ქვეყანაში 30 000-მდე დამკვირვებელი კრიტიკულად აკვირდებოდა. აქედან 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700 და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000 დამკვირვებელი, კიდევ, 199 მედია ორგანიზაცია 2800 წარმომადგენლით.

უცხოელი დამკვირვებლები აღიარებენ, რომ არჩევნები კონკურენტული იყო, ხოლო საარჩევნო უბნები გამართულად მუშაობდა. გარემო იყო თავისუფალი და მშვიდი. თუმცა არ იყო სიმშვიდე საარჩევნო უბნებს გარეთ. რამდენიმე უბანზე ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა. მარნეულის ერთ-ერთი საარჩევნო უბანი დღის პირველ ნახევარშივე გაუქმდა. მიზეზი იქ მომხდარი ინციდენტია – ორმა პირმა საარჩევნო ყუთში დიდი ოდენობით ბიულეტენები ჩაყარა. მომხდარის გამო, ცესკომ უბანი დახურა.

დაპირისპირებები იყო დედაქალაქშიც, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ისანი და გლდანი. რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფები თავს ესმოდნენ მოქალაქეებს და საარჩევნო უბნების მიმდებარედ იმართებოდა მუშტი-კრივი. მმართველი გუნდის ლიდერებმა მოგვიანებით გამართულ ბრიფინგებზე საზოგადოებას აცნობეს,რომ თავდამსხმელების იდენტიფიცირება შეძლეს. აყალმაყალის მომწყობები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მხარდაჭერები აღმოჩნდნენ.

არჩევნების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საერთაშორისო დამკვირვებელმა, ესპანეთის სენატის წევრმა, სენატორმა ბასკური ნაციონალისტური პარტიიდან, ლუკ ურიბ-ეჩებარია აპალატეგიმ. მისი თქმით, მომხდარი ინციდენტები არ წარმოადგენენ ამ ქვეყანაში საარჩევნო პროცესში პრობლემების მაგალითს.

„არჩევნების დღეს მოქმედებდა 3 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი და აქედან მხოლოდ 11-ში იყო გარკვეული ხასიათის დარღვევები. ეს ნიშნავ, რომ ეს შემთხვევები ვერ გამოდგება საარჩევნო შედეგების ეჭვქვეშ დასაყენებლად. საარჩევნო კომისია, საარჩევნო სისტემა მუშაობს გამართულად, კადრები არიან პროფესიონალები და მოსახლეობას საკმაოდ სწრაფად მიეწოდა სწორი მონაცემები“, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა.

საერთო ჯამში, 3 110 უბნის მონაცემებით „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 53.92 %-ს შეადგენს, ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას კი, ჯამში, 37.786% აქვს. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ გამარჯვებას ზეიმობს და მილოცვებს იღებს, დანარჩენი პარტიები კი ქუჩის აქციებისთვის ემზადებიან და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს საერთაშორისო ორგანიზაციების შუალედურ დასკვნებსაც.

რადიკალურ ოპოზიციას ღიად უცხადებს მხარდაჭერას ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი, განსაკუთრებით აქტიურობს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი. მან ქართული ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა სოციალურ ქსელში სტატუსით გამოხატა, მერე რა, თუ ასე ის ქვეყნის საშინაო საქმეებში ერევა?!

„ძვირფასო ქართველო მეგობრებო, მესმის თქვენი იმედგაცრუების, მაგრამ ახლა სასოწარკვეთის და უკან დახევის დრო არ არის. ევროკავშირმა და მსოფლიომ უნდა გაიგოს თქვენი ხმა და დაინახოს თქვენი სახეები ქუჩებში… არ დანებდეთ”, – წერს როთი პლატფორმა X-ზე.

უფრო მნიშვნელოვანია რას ამბობენ არჩევნების შესახებ ქართველი ანალიტიკოსები.

ზაზა წურწუმია

ისტორიკოსი ზაზა წურწუმია არჩევნების შემდგომ დასკვნებს აკეთებს და აცხადებს, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში არჩევნები ჩიხში შესული კრიზისული ვითარების განსამუხტავად, უთანხმოებების დასალაგებლად და თითოეული “მოთამაშისთვის” ადგილის მისაჩენად ტარდება. ამით, ანუ არჩევნების შედეგების მიხედვით, უთანხმოების საგანი გვარდება, ან მომავალ არჩევნებამდე იხურება. მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში ასე არ ხდება და მუდმივად ერთი და იმავე სცენარით ვითარდება მოვლენები, ოპოზიცია ქუჩის აქციებს იწყებს და არჩევნების შემდგომ ქვეყანაში იწყება რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზისი.

ზაზა წურწუმიას აზრით, საქართველოს მოსახლეობის 82 % ევროკავშირში გაწევრიანების თავგამოდებული მომხრე თუ არის და იმავე მოსახლეობის 54 % ხმას აძლევს და მანდატს უხანგრძლივებს მოქმედ მთავრობას, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს ევროკავშირი და ამავე დროს არ სურს ომი რუსეთთან. ოპოზიცია და პრეზიდენტი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ერთ თვეში ეწურება, „არა რუსეთს!“ გაიძახიან და ამ დევიზით უპირისპირდებიან მთავრობას, რომელსაც ევროკავშირის მომხრე მოსახლეობამ ნდობა გამოუცხადა.

„ბარიერგადალახულმა ოპოზიციამ მთლიანობაში მიიღო ხმების 38 % და 150 კაციან პარლამენტში გაიყვანა 61 დეპუტატი. მმართველ პარტიას არ აქვს ის საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომლის შემთხვევაში, აგენტურასა და ქვეყნის მტრობაში ბრალდებულ ოპოზიციას აკრძალვის, ბრალის დადასტურებისას კი ლიდერების ციხეში ამოკეტვის დაპირებას იძლეოდა. მრავალპარტიული პარლამენტი შემდგარია. დანარჩენი ოპოზიციური ლიდერების პოლიტიკური და სამოქალაქო შეგნების საქმეა – შევლენ, არ შევლენ, ცნობენ, არ ცნობენ…“, – აცხადებს ზაზა წურწუმია.

ისტორიკოსის მოსაზრებით, ამ არჩევნებმა გამოავლინა ერთი მეტად არასასიამოვნო ფაქტი, რასაც ნაკლებად ექცევა ყურადღება, კერძოდ, ის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის მოსახლეობის 59 % -მა. ეს ნიშნავს რომ ამომრჩევლის 41 % გულგრილია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი.

„არჩევნები საუკეთესო და იქნებ ერთადერთი დროა იმისთვის, რომ თავი ამ ქვეყნის ნამდვილ ბატონ-პატრონად იგრძნო და გააკეთო ის, რასაც სხვა ვერავინ გააკეთებს-ხმა მისცე და პასუხისმგებლობა აიღო ამ ხმაზე. არჩევნებზე მომსვლელი გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო…“, – აცხადებს წურწუმია.

Dalma News-თან საუბრისას ისტორიკოს კიდევ ერთ სამწუხარო ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას, რამაც ბოლო წლების საქართველოში ფესვი გაიდგა – გასაოცარი უზნეობა, მდაბიო უპატივცემლობა გამოსჭვივის, ქართველი ხალხისადმი დამოკიდებულებაში, ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან.

ოპოზიცია, რომ არ აღიარებდა არჩევნების შედეგებს, ეს არჩევნებამდეც ცნობილი იყო. მართალია, ოთხივე ძირითადმა ოპოზიციურმა კოალიციამ გადალახა საარჩევნო ბარიერი, მაგრამ ჯამურად ოთხივე ბლოკს 37 % აქვს, რაც ოპოზიციის მარცხზე მიუთითებს.

გიორგი ცუცქირიძე

ექსპერტ გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, ასეთ მოცემულობაში კოალიციურ მმართველობაზე საუბარი უბრალოდ არასერიოზულია.

„რამდენიც არ უნდა იძახოს ოპოზიციამ და გარედან მათმა მხარდამჭერებმა, სისტემური დარღვევები და არჩევნების გაყალბება ყველანაირ ლოგიკას ცდება, რადგან თუ ოპოზიციამ მოიგო, უპრეცედენტოდ მაღალი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის პირობებში, ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარებული არჩევნების 13 % იანი გაყალბება, როგორი ცალკეული დარღვევებიც არ უნდა ყოფილიყო, ფანტასტიკის ჟანრს უფრო განეკუთვნება. არჩევნები, რომ მშვიდ გარემოში და მაღალი სტანდარტით ჩატარდა, არაერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა აღნიშნა“, – აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

რისი მიღწევა სურს ოპოზიციას?

როგორც გიორგი ცუცქირიძე განმარტავს, “ნაციონალური მოძრაობა” აშკარად დასუსტებულია, რასაც ყველა წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვა მოწმობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი პარტიაში მიმდინარე შიდა გარჩევები და არაერთი სკანდალია. გვარამია-მელიამ ფაქტობრივად ნაციონალების ხმების ნახევარზე მეტი წაიღეს. 21 -22 % იყო კიდეც ბოლო წლებში ამ პარტიის რეალური მაჩვენებელი.

ცუცქირიძის აზრით, ხაზარაძის ლელოს კოალიციამ იმაზე თითქმის 2-ჯერ მეტი ხმა აიღო, ვიდრე 2020 წლის არჩევნებში და მათი შედეგი, რომ თუნდაც ნაციონალებზე მეტი ვერ იქნებოდა, არც ამას სჭირდება დიდი მტკიცება, ყველა წინასაარჩევნო გამოკითხვაში მათ სწორედ 9-10-პროცენტიანი შედეგი ჰქონდათ.

გახარიამ აიღო იმდენივე, რაც 2021 წლის არჩევნებზე. წინასაარჩევნო კვლევებითაც მის პარტიას 8-9 პროცენტიანი მხარდაჭერა ჰქონდა.

„ისმის ლოგიკური კითხვა, მაშ, რა გაყალბდა? „ქართულმა ოცნებამ“ დაიწერა იმაზე მეტი, ვიდრე აიღო, ანუ 13% გააყალბა? ოპოზიცია წინა არჩევნებზეც, ხომ ასე აპელირებდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე თუ ამომრჩეველთა დაშინება-მოსყიდვაზე, მაგრამ საბოლოოდ, გარდა ცალკეული შემთხვევებისა, ხომ ვერაფერი სერიოზული დადო?“, – აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

მისივე აზრით, ოპოზიციას მოუწევს არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ეუთო/ ოდირის შეფასება დროში შეიძლება გაიწელოს, თუმცა მათაც გაუჭირდებათ ამ რეალობის არ მიღება, ხოლო თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, არც ამით შეიცვლება დიდად რამე, ვერც საპროტესტო გამოსვლებს ააგორებენ და არჩევნების საერთაშორისო ლეგიტიმაციის შემდეგ შელაგდებიან პარლამენტში, როგორც იტყვიან ეს კინო ქართველ ხალხს უკვე ნანახი აქვს.

რაც შეეხება გარე მოთამაშეებს, ექსპერტის აზრით, დასავლეთმა თავის ამოცანა მინიმუმსა და, ალბათ, მაქსიმუმსაც ფაქტობრივად მიაღწია. საქართველოში რევოლუცია აღარ გამოვა, ამას სხვა მუხტი და სხვა კალიბრის შემსრულებლები სჭირდება. უპრეცედენტო საერთაშორისო წნეხის მიზანიც ეგ იყო, ევროპული პერსპექტივის დაკარგვის იმიტირებით მოეხდინათ ზეგავლენა შედარებით მერყევ ამომრჩეველზე, რათა „ოცნებას“ გასჭირვებოდა საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება და დაეთმო ბერკეტი მთავრობის კონტროლზე.

მიუხედავად 37 პროცენტისა, ოპოზიცია გაცილებით სოლიდურად არის წარმოდგენილი ახალი მოწვევის პარლამენტში, ვიდრე 2016-2020 წლებში იყო. მეორე საკითხია, ვინ ჩახსნის სიებს და დარჩება ბოიკოტის რეჟიმში.

შორენა ქარჩავა