საქართველოში მთავრობის მიერ დაპირებული შეზღუდვების მოხსნის პროცესი დაიწყო. ახალი კორონავირუსის Covid-19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. შეზღუდვების მოხსნის პირველ ეტაპზე გაიხსნა ქალაქები ბათუმი და ქუთაისი. შემდგომ ქვეყანაში ეპიდვითარების დადებითი დინამიკის წყალობით, შესაძლებელი გახდა დედაქალაქ თბილისის და ქალაქ რუსთავის გახსნაც. მთავრობის ოფიციალური საიტის Stopcov.ge-ის მონაცემებით, ვითარება არ გაუარესებულა, მცირდება კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები და იმავდროულად იზრდება გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რაოდენობა. 17 მაისის მონაცემებით ქვეყანაში 695 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 425 გამოჯანმრთელებული და 12 გარდაცვლილი.
უკვე ორი კვირაა, რაც საქართველოში მუშაობს ის ფირმები და კომპანიები, რომლებიც სამშენებლო მასალის რეალიზებაზე, წარმოებაზე და ავტომობილების რემონტზე მუშაობენ. სხვადასხვა ქალაქებში ცალკეული აგრარული ბაზრები გაიხსნა. მათ, ვინც ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს, განმეორებითი კონტროლის გავლის საშუალება აქვთ. ყველაფრის მიუხედავად, ჯერ არ ამუშავებულა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საქალაქთაშორისო სატრანსპორტო კავშირი, რომლის ამუშავების თარიღი ჯერ კიდევ არ სახელდება. ეს დამატებითი პრობლემა და ხარჯია მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სამსახურში ტაქსით უწევთ სიარული, ან მათი დამსაქმებელი კომპანიები ქირაობენ სპეციალურ ტრანსპორტს თანამშრომლების დროული და კომფორტული გადაადგილებისთვის.
საქართველოს მოსახლეობა მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში დაპირებული სოციალური დახმარების მიღების მოლოდინშია. მცირედი, მაგრამ მაინც გარკვეული დახმარება, რომლითაც მოქალაქეები პირველადი საჭიროების საკვებს და ნივთებს შეიძენენ. თუმცა ასეთი “ასორტიმენტის” სია კორონავირუსის პანდემიასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა დამცავი ნიღბების, სადეზინფექციო ხსნარების და ანტიბაქტერიული საშუალებების ხარჯზე.
იმისთვის, რომ ზემოთ აღნიშნული გადახდები დაიწყოს, მთავრობამ პარლამენტში “ანტიკრიზისული ბიუჯეტის” პროექტი უნდა წარადგინოს, მაგრამ პარლამენტი, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, ჯერჯერობით დაკეტილია და როდის დაიწყება ბიუჯეტის განხილვა, გაურკვეველია.
საკანონმდებლო ორგანოში გამართული ერთ-ერთი ბოლო ღონისძიება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის ბრიფინგი იყო, რომელიც სწორედ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას და ხელისუფლების უმოქმედობას შეეხო.
“ჩვენ ვიმყოფებით საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც ამჟამად ცარიელია, კარზე დიდი ბოქლომი დევს. იმ დროს, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ჩვენ განსაკუტრებული დატვირთვით უნდა ვმუშაობდეთ და ასი ათასობით ჩვენი მოქალაქის უკიდურესი საჭიროებების შემსუბუქების გეგმებს უნდა განვიხილავდეთ. პარლამენტი ნებაყოფლობით შვებულებაშია წასული. საგანგებო მდგომარეობამ ქვეყანაში მთელი რიგი პრობლემები შექმნა. შეჩერებული კონსტიტუციის ბევრი ნორმა, მათ შორის ისინი, რომლებიც პირდაპირ ადამიანის უფლებების დაცვას უკავშირდება. ასობით ათასმა მოქალაქემ არსებობის ელემენტარული უფლება დაკარგა და ქალაქსა, თუ სოფლებში თავიანთ სახლებში არიან გამოკეტილები. დღეს პარლამენტი ვალდებულია აკონტროლოს აღმასრულებელი ორგანო, რომელსაც მოსახლეობის დახმარების რეალური გეგმა არ გააჩნია”, – განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ და საქართველოს მეზობელმა ქვეყნებმა, არა მხოლოდ შეიმუშავეს მოსახლეობის დასახმარებლად გათვალისწინებული პაკეტები, არამედ აამუშავეს კიდევაც, საქართველოს ხელისუფლება კი ჯერ ისევ ფიქრობს ამ მექანიზმებზე და არავინ იცის როდის დაიწყება მოსახლეობისთვის მიზერული და არასწორად გადანაწილებული დახმარების დარიგება.
მთავრობა მოსახლეობის დაპირებებით კვებას განაგრძობს და სოციალური დახმარებების პაკეტის ახალ-ახალ მონაწილეებს ასახელებს. 6 მაისს, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თვითდასაქმებული მოქალაქეების ნაცვლად, 300 ლარიან დახმარებას ტაქსის და მიკროავტობუსების მძღოლები მიიღებენ. ტაქსის მძღოლებმა ამისთვის შესაბამისი ორგანოდან გაცემული ლიცენზია უნდა წარადგინონ და ჯანდაცვის საიტზე დარეგისტრირდნენ, სადაც 15 მაისიდან სოც.დახმარებების მიღების სპეციალური გვერდი ამუშავდება. მიკროავტობუსების მძღოლები კი, მათმა დამსაქმებელმა კომპანიებმა უნდა დაარეგისტრირონ.
სოციალური დახმარების გადასახადათან დაკავშირებით მთავრობის ასეთი დაგვიანებული მოქმედებები მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს და იმავდროულად ოპოზიციის კრიტიკას აძლიერებს, რომლებიც საკუთარ ალტერნატიულ ანტიკრიზისულ გეგმებს სულ უფრო დაჟინებით ავითარებენ. აღსანიშნავია, რომ თავისი შინაარსითა და არსით, ეს გეგმები მთავრობის ანტიკრიზისული გეგმისგან დიდად არ განსხვავდება. განსხვავება მხოლოდ ლარების რაოდენობაში და ამა თუ იმ გადასახადების შემცირებაშია, რომელსაც ოპოზიცია მოსახლეობას ჰპირდება.
თუ საქართველოს მთავრობამ კომერციული ბანკების და კერძო სექტორის დასახმარებლად 1,5 მილიარდი აშშ.დოლარის დონორების დახმარების მოზიდვის შესახებ განაცხადა, ოპოზიციის ლიდერები ამ თანხას მინიმუმ აორმაგებენ. თანაც, მმართველი პარტიის მსგავსად, ისინიც ამ თანხას უცხოელი და საერთაშორისო კრედიტორების ხარჯზე ჰპირდებიან.
ამგვარად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელი და უცვლელი ლიდერი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილის” შეტანის მიზნით აცხადებს, რომ ქართველი ხალხის და ქართული ეკონომიკის გადასარჩენად მას საერთაშორისო დონორებისგან 6 მილიარდი აშშ.დოლარის მოზიდვა შეუძლია.
“უცხოეთიდან დახმარების მოსაზიდად გამომიყენეთ მეც და ჩემი კავშირებიც და მე ყველა ქვეყნის დედაქალაქს მოვივლი. ტრამპი მე თავის პირად მეგობარს მიწოდებდა. თქვენგან განსხვავებით ბევრ პოლიტიკოსს ვიცნობ. გამოაცხადეთ ჩემთვის მორატორიუმი შემოდგომამდე, არჩევნებამდე და მომანიჭეთ დროებითი წარმომადგენლის სტატუსი, რათა ოფიციალურად შევძლო მოქმედება”, – განაცხადა სააკაშვილმა თავის ვიდეომიმართვაში, რომელიც სოცქსელში საქართველოს მთავრობის მისამართით ჩაწერა.
საინტერესოა, რომ მანამდე ოპოზიცია საქართველოს მთავრობას აკრიტიკებდა იმ 3 მილიარდი აშშ.დოლარისთვის, რომელიც კრედიტის სახით უცხოეთიდან უნდა მიეღო.
“ამ კრედიტის გასტუმრება ჩვენ და ჩვენს შვილებს მოგვიწევს”,- აცხადებდნენ სააკაშვილის მომხრეები.
“ქართული ოცნების” მთავრობამ სააკაშვილის მორიგ ინიციატივას მორიგი უარით უპასუხა და იგი პოპულისტურად და ცარიელ დაპირებად შეაფასა. ამის საპასუხოდ, ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობა ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სინამდვილეში 3 მილიარდი აშშ.დოლარი არ არსებობს და ვერც საქართველო მიიღებს რაიმე დახმარებას.
“ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩემი შემოთავაზებიდან არაფერი გამოვიდოდა და რომ ეს ტყუილია, თავად კი ხალხს 3 მილიარდ აშშ.დოლარს მისცემს. ჯერ ერთი, არანაირი 3 მილიარდი აშშ.დოლარი არ არსებობს. მათ ეს ფული ბიუჯეტის ერთი ნაწილიდან მეორეში გადარიცხეს. ფული მათ ფიზიკურად არ აქვთ”, – განაცხადა სააკაშვილმა.
მთავრობის გეგმები საქართველოში მყოფმა მისმა თანამოაზრეებმაც მკვეთრად და უაპელაციოდ შეაფასეს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის და გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას ეკონომიკის გამოჯანმრთელებასთან საერთო არაფერი აქვს და მას “ქართული ოცნების” ოცნებების გარდა ვერაფერს ვუწოდებთ.
ვაშაძის თანაპარტიელმა, დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოიძახა, რათა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წინაშე წარედგინა მის მიერ ინიცირებული ანტიკრიზისული გეგმის განხორციელების ანგარიში.
“აღორძინების და ეკონომიკის გადარჩენის” საკუთარი გეგმა წარადგინა ასევე “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თანამოაზრემ, ამჟამად მის მიერ შექმნილი პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, რომელმაც ამ გეგმას თავისი სტრატეგია “აღმაშენებლის” მხოლოდ ნაწილი უწოდა.
“შეწყვიტეთ პოლიტიკური მიზნით ხალხზე სოციალურ-ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარება. ქვეყანაში ურთულესი ვითარებაა. დიახ, კორონავირუსმა მთელი მსოფლიო მოიცვა. მაგრამ ამგვარი არაპროპორციული შეზღუდვები უკიდურესად რთულ ვითარებაში გვაყენებს. სინამდვილეში, ეს მხოლოდ საქართველოში ხდება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი პროგნოზებით, შეზღუდვების გაგრძელების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკა 10 მილიარდ ლარს და 500 ათას სამუშაო ადგილს დაკარგავს, ქვეყანას საშინელი შიმშილი ელის.
ეს რომ არ მოხდეს, გიორგი ვაშაძემ მთავრობას მოუწოდა ყველა შეზღუდვა 15 მაისიდან მოხსნას, პირველი ივნისიდან ყველა სახმელეთო საზღვარი გახსნას, ხოლო15 ივნისიდან ავიამიმოსვლა განაახლოს.
გიორგი ვაშაძის გეგმა მოსახლეობის მასობრივ ტესტირებას ემყარება. მისი აზრით, ამგვარი ტესტირება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს ადრეულ ეტაპზე გამოავლენს, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება ეპიდვითარების სრული კონტროლი. ამგვარად, 17 დღეში ყველა საზღვარი გაიხსნება, იმ პირობით, რომ ყველა მგზავრს პირდაპირ საზღვარზე ჩაუტარდება ტესტირება. საინტერესოა, რომ ვაშაძეს თავისი გეგმის მიხედვით გათვალისწინებული დაფინანსების წყარო და კონკრეტული ციფრები და გათვლები არ დაუსახელებია.
შედარებით უფრო კონკრეტული და დეტალური აღმოჩნდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი მომხრეები პარტიიდან “ევროპული საქართველო”. მათ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის საწინააღმდეგოდ სოციალური და ეკონომიკური დახმარების თავიანთი პაკეტი წარადგინეს.
თუ საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილ თავის მოსახლეობას 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან დახმარებას სთავაზობს, “ევროპული საქართველო” ამ დახმარების პაკეტს ზრდის და უმუშევრად დარჩენილებს 8 თვის განმავლობაში თავიანთი ყოველთვიური შემოსავლის 50%-ის ანაზღაურებას სთავაზობს. გარდა ამისა, მოსახლეობას სთავაზობენ საპენსიო ფონდში გადარიცხული თანხების დაბრუნებას და 8 თვით ამ ფონდში ფულის გადარიცხვის შეჩერებას.
“ევროპული საქართველოს” გათვლებით, ამგვარად, საპენსიო სისტემის თითოეული დამგროვებელი 493 ლარს დაიბრუნებს და მომავალში კიდევ 108 მილიონ ლარს დაზოგავს. ამავდროულად, კომპანიები, რომლებმაც თავიანთი თანამშრომლებისთვის ფული გადარიცხეს, თითო თანამშრომელზე 223 ლარს დააბრუნებენ და მომდევნო 8 თვის განმავლობაში 83 მილიონ ლარს დაზოგავენ. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, როგორც საპენსიო სქემის მონაწილე, ასევე დაზოგავს 133 მილიონ ლარს, რომელიც, როგორც “ევროპულ საქართველოში” მიაჩნიათ, კრიზისის დასაძლევად დაიხარჯება.
“ევროპული საქართველოს” მიერ წარმოდგენილი სოციალური დახმარების გეგმის მიხედვით, თითოეულ პენსიონერს, ყველა ჯგუფის ინვალიდს, სოციალურად დაუცველს და თვითდასაქმებულ მოქალაქეებს 400 ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება და 120 ლარიანი კომუნალური ვაუჩერი უნდა დაურიგდეს.
ამ გეგმის ეკონომიკური ნაწილი ითვალისწინებს პირველი 4 თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას, ხოლო მიმდინარე 20%-იანი გადასახადის 10% -მდე შემცირებას. ასევე “ევროპული საქართველო” აპირებს საწვავის აქციზის 25%-ით შემცირებას, ხოლო ქონებრივი გადასახადის 0%-მდე დაყვანას.
“ევროპული საქართველო” მოითხოვს, რომ მთავრობამ “უკვე 8 მაისს გახსნას ეკონომიკა და მოქალაქეებს ყველა ეკონომიკური და ბიზნეს-საქმიანობის განახლების უფლება, წინასწარ დადგენილი გონივრული უსაფრთხოების წესების დანერგვის ნიადაგზე მისცენ”. სხვა მოთხოვნებს შორისაა – კომენდანტის საათის დაუყოვნებლივ გაუქმება, საერთაშორისო მიმოსვლის განახლება, სოფლების მოსახლეობისთვის თავიანთი მოსავლის ბაზრებზე გატანის უფლება, სახმელეთო და საჰაერო სივრცეების გახსნა, ქვეყანაში შემომსვლელი ყველა მგზავრის სავალდებულო ტესტირების გათვალისწინებით.
“ევროპული საქართველოს” სოციალურ-ეკონომიკური გეგმის საერთო ღირებულება 6 მილიარდი აშშ. დოლარია, სწორედ იმდენი, რამდენის შოვნასაც საქართველოს მთავრობას ექსპრეზიდენტი სააკაშვილი დაჰპირდა.
საქართველოს ეკონომიკის და მოსახლეობის გადარჩენის პაკეტზე, რომელიც 6 მილიარდ ლარს ითვალისწინებს, აქტიურად საუბრობენ ბანკირების – მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ შექმნილ პოლიტიკურ მოძრაობა “ლელოში”.
ბანკირების გეგმების თანახმად, 3 მილიარდი ლარი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად შექმნილ ფონდში უნდა გაიგზავნოს. ერთი მილიარდი ლარი – სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად, კერძოდ, მიწების დასამუშავებლად და იმპორტის ჩასანაცვლებლად . ერთი მილიარდი ლარი დაიხარჯება სოციალური დახმარებისთვის, რომელსაც “ლელო” 1,5 მილიონ მოქალაქეს ჰპირდება და რომელსაც მოსახლეობა სამი თვის განმავლობაში მიიღებს (თვეში სულ 330 ათასი ლარი). დარჩენილი ერთი მილიარდი ლარი ეროვნული ვალუტის კურსის მხარდასაჭერად იქნება გათვალისწინებული.
“ლელოს” სოციალური დახმარების პაკეტი პანდემიის გავრცელების შედეგად შექმნილი კრიზისის თითქმის პირველივე დღეებში დაანონსდა, ამიტომაც, როდესაც მთავრობამ საკუთარი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, პარტიის ლიდერებმა მას “ლელოს” მიერ წარდგენილი პროექტის “სუსტი ანალოგი” უწოდეს, რომელსაც ეკონომიკის აღდგენის და ხალხის სამუშაოსთვის და ნორმალური ცხოვრებისთვის დაბრუნების გეგმა და ხედვები არ გააჩნია.
7 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მთავრობის ეკონომიკური გუნდის ფორმატში გამართა და პოსტკრიზისული გეგმის პირველი ნაწილი წარადგინა, რომელიც მთიანად ტურისტული სექტორის მუშაობის განახლებას ეძღვნება. ამ ეტაპზე 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურისტული სექტორისთვის კურორტები და სასტუმროები გაიხსნება, ხოლო პირველი ივლისიდან იგეგმება საზღვრების გახსნა, საერთაშორისო კავშირების აღდგენა და უცხოელი ტურისტების მიღება.
გარდა ამისა, მთავრობამ ანტიკრიზისულ გეგმაში ზოგიერთი შესწორება შეიტანა და ეკონომიკის ამა თუ იმ სექტორის გახსნა დააჩქარა. ამგვარად, უკვე 11 მაისიდან საქართველოში ამუშავდა ყველა წარმოება, გაიხსნა მაღაზიები, ტანსაცმლის ფეხსაცმლის და მსხვილი სავაჭრო ცენტრების გარდა.
მთავრობის ამგვარი ინიციატივა უყურადღებოდ, არც ოპონენტებს დარჩენიათ. გიორგი ვაშაძემ, რომელიც მანამდე მთავრობას ეკონომიკის და საზღვრების გახსნისკენ დაჟინებით მოუწოდებდა, პრემიერის მიერ წარმოდგენილი გეგმა შეაფასა, როგორც ოპოზიციის ურთიერთშეთანხმებული მოქმედებების შედეგი.
“დღევანდელი გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ თუ ჩვენ ერთიანი ძალით ვიმოქმედებთ, შევძლებთ მთავრობას უარი ვათქმევინოთ კრიზისის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაზე. ჩვენმა საერთო ძალისხმევამ გამოიწვია ის, რომ მთავრობა იძულებული გახდა შეეცვალა თავისი პირვანდელი მავნებლური გეგმა და მასობრივი შიმშილის თავიდან აცილების და ეკონომიკის სწრაფად ამოქმედების შესახებ ჩვენს მიერ 4 მაისს წარდგენილი გეგმა გაეთვალისწინებინა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საქართველო თანდათანობით ცოცხლდება. ამინდის დათბობასთან ერთად სულ უფრო ბევრი ხალხი გამოდის ქუჩაში. იკლებს რიგები სუპერმარკეტებში, როგორც ჩანს ფინანსურმა მარაგმა მოიკლო. მოსახლეობა მოუთმენლად ელის დაპირებულ თარიღს, მინიმუმ 15 მაისს, როდესაც სოციალური დახმარების რეგისტრაცია დაიწყება. ამის შემდეგ მოსახლეობას კიდევ მინიმუმ 10 დღე მოუწევს ლოდინი, სანამ ანგარიშებზე ფული დაერიცხებათ. ეკონომიკის ყველა სექტორის ჯერ კიდევ შეზღუდული მუშაობის პირობებში ხალხს გაჭირვებით მოუწევს თავის გატანა…
ირინა ხაჩიძე