კონკურსის – WorldSkills Georgia გამარჯვებული, საქართველოს პროფესიული კოლეჯების სტუდენტები, მიმდინარე წლის აგვისტოში, ბრაზილიაში დაგეგმილ პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწიულეობას.
სან-პაულოში გამგზავრებამდე, საქართველოს გუნდის ბოლო, გასამხნევებელი შეხვედრა გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძესთან.
მინისტრმა შეხვედრაზე პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მაღალი რანგის საერთაშორისო კონკურსში ქართულ გუნდს წარმატებები უსურვა.
WorldSkills Georgia მასშტაბური პროექტია, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად პროფესიულ უნარებში კონკურსები იმართება, რაც პროფესიებში მსოფლიო დონის სტანდარტების დამკვიდრებას და წარმატებული ახალგაზრდების გამოვლენას ემსახურება.
პროექტი 2012 წელს დაიწყო და მას სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერითა და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით ახორციელებს.