მას შემდეგ რაც, საქართველომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო, აშშ-მ და ევროკავშირმა საქართველოსთვის გაწეული ფინანსური დახმარების დათვლა დაიწყეს. თვლას ირიბი მუქარაც მოჰყვა, რომ დასავლეთისთვის არასასურველი კანონის მიღებით ქვეყანა დაზარალდებოდა, შეწყდებოდა ფინანსური დახმარებები. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, კანონი, რომელიც უცხო ქვეყნიდან შემოსული მილიონობით აშშ დოლარის მიზნობრიობას არკვევს, რატომ უნდა გახდეს საქართველოს ეკონომიკურ ბლოკადაში მოქცევის საფუძველი? და საერთოდაც, რა ოდენობის ფინანსური დახმარება შემოვიდა ბოლო 30 წლის განმავლობაში და ძირითადად რას მოხმარდა იგი, ამის გარკვევას შეეცადნენ 28 ივნისს, თბილისში გამართულ მრგვალ მაგიდასთან შეკრებილი პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები, ეკონომისტები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
მრგვალი მაგიდის – „საქართველოს ეკონომიკური ინტერესები, დასავლური დახმარება და ევრაზიული ინტეგრაცია“, ინიციატორი იყო ორგანიზაცია: „ევრო-აზიური ალიანსი“, რომლის დამფუძნებელია ვიქტორ კუსიანი.
კონფერენციაზე განიხილეს დასავლეთის მიერ დეკლარირებული დახმარებების მიზნობრიობა, რაც ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების ფონზე სერიოზულ დაზუსტებას საჭიროებს. მათი გამოთვლით, აშშ-ს დახმარება საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 20-30 აშშ დოლარს შეადგენს.
განიხილეს შემდეგი საკითხები:
– რას ნიშნავს ცნება „დახმარება“ საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დონეზე და როგორია ამ მხრივ დასავლურ სახელმწიფოთა პრაქტიკა;
– აშშ-ს მიერ სამოქალაქო და სამხედრო პროექტებზე საქართველოსთვის გაცემული ფულადი ტრანშების მოცულობა და მათი განაწილება;
– აშშ-ს ფინანსური დახმარების დაანგარიშება საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე და შედარება ანალოგიური დახმარებების მოცულობასთან სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც აშშ-ს მოკავშირის სტატუსი აქვთ და დახმარებას საჭიროებენ;
– რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის გაწეული ფულადი დახმარების სტატისტიკა;
– აშშ-სა და ევროპის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებების შეფასება ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა გულბაათ რცხილაძემ ერთგვარი ანგარიში წარმოადგინა იმ ცნობებზე დაყრდნობით, რომლებიც ღია წყაროებიდან მოიპოვა. მისი თქმით, 30 წლის განმავლობაში საქართველომ აშშ-დან 6 მლრდ-ზე მეტი აშშ დოლარის დახმარება მიიღო. წელიწადში ქვეყანა საშუალოდ 80 მლნ აშშ დოლარის დახმარებას იღებდა (ეს არის წმინდად დახმარება და არა კრედიტი). 3 ათწლეულის განმავლობაში ამ თანხების მიზნობრიობა იყო ჰუმანიტარული, სამხედრო, სამოქალაქო სექტორი და დემოკრატიის გაძლიერება.
აღსანიშნავია, რომ ფულად დახმარებებს საერთაშორისო არენაზე ამერიკის 2 ძირითადი ინსტიტუტი ახორციელებს: სახელმწიფო დეპარტამენტი და თავდაცვის სამინისტრო (პენტაგონი). ყველა დახმარებას კანონის სახე აქვს.
საქართველოში აშშ-ს დახმარების პაკეტები გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება და ზრდის თვალსაზრისით პიკს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს აღწევს. ომის შემდეგ დახმარება სტაბილურად ნარჩუნდება წელიწადში 70-80 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში.
გულბაათ რცხილაძის თქმით, დასახელებულ 6 მლრდ-ში შედის (აშშ-ს განვითარების სააგენტოს) USAID-ის პროგრამები, ეს ორგანიზაცია არის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გაგრძელება. 2025 წლისთვის საქართველოსთვის გათვალისწინებულია 80 მლნ აშშ დოლარის გამოყოფა, რომლის მიზნობრიობა შემდეგნაირია: დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება; ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა; კანონის უზენაესობის გაძლიერება; პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობა; აფხაზეთისა და ცხინვალის შერიგების ძალისხმევის მხარდაჭერა; სანდო და დაბალანსებულ მედიაზე წვდომის გაუმჯობესება.
„რაც იმას ნიშნავს, რომ „მთავარმა არხმა“ ტვინი რომ გამოგვირეცხოს, ეს უნდა ჩაითვალოს სანდოდ, დაბალანსებულად და ჩვენ ამას გვიფინანსებენ. რაც შეეხება პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობას, აფინანსებენ იმ პარტიებს, რომლებიც მათ ინტერესს გაატარებენ საქართველოში“, – განმარტავს რცხილაძე.
ამერიკული დახმარების პროგრამაში შედის ასევე: ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება საქართველოში, გაციფრულება და კიბერუსაფრთხოება; კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და სასოფლო სამეურნეო სექტორის პროდუქტიულობის ზრდა.
გულბაათ რცხილაძის აზრით, ეს ყოველივე არის ფიქცია, რადგან ამ წლების განმავლობაში საქართველოს სოფლის მეურნეობა იმყოფება სტაგნაციაში, ამერიკული დახმარება მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო ჩამოშორდეს რუსეთის ბაზარს.
„მომხრე ვარ იმის, რომ საქართველო არ იყოს დამოკიდებული ერთი ქვეყნის ბაზარზე, თუნდაც ეს რუსეთი იყოს, მაგრამ, როდესაც ცდილობ ქვეყანა ხელოვნურად ჩამოაშორო რუსეთის ბაზარს და სანაცვლოდ არაფერს სთავაზობ, ნიშნავს იმას, რომ ანგრევ ჩემი ქვეყნის სოფლის მეურნეობას. ამ დახმარებებში კიდევ არის ასეთი უცნაური პუნქტი – „უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში დახმარება“ და „სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერება“. მთელი ამ წლების განმავლობაში თვალით არ გვინახავს ამერიკული ინვესტიცია. ჩვენ მივიღეთ 6 მლრდ დოლარი, წლიურად ვიღებთ 80 მლნ დოლარს საშუალოდ, რაც საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე, ყველაზე გაბერილი ციფრებით, 20 დოლარია, ხოლო 28 წლის განმავლობაში 1087 აშშ დოლარი. გამოსაკვლევია, სად მიდის და რას ხმარდება ეს ფული?“, – განაცხადა გულბაათ რცხილაძემ.
მისი აზრით, ამ ფულის მიზნობრიობის გარკვევა საქართველოს ხელისუფლებას დიდი ხნის წინ უნდა დაეწყო, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ უმრავლესობას სწორედ სოროსის ფონებში დაფრთიანებული პოლიტიკოსები წარმოადგენენ.
რაც შეეხება რუსეთის ფინანსურ ტრანშებს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალში, როგორც რცხილაძე განმარტავს, 2021-23 წლებში რუსეთმა გამოყო 3 მლრდ. 600 მლნ რუსული რუბლი საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა ხელფასების გასაზრდელად და არა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დასაფინანსებლად. 2018-2020 წლების სტატისტიკური მონაცემების თანახმად, რუსეთმა აფხაზეთის დასახმარებლად გამოყო 11,5 მლრდ რუბლი (164 მლნ აშშ დოლარი მაშინდელი კურსით), ხოლო ცხინვალის დასახმარებლად – 16,8 მლრდ რუბლი ( 240 მლნ აშშ დოლარი). რუსეთის დახმარება აფხაზეთის ერთ სულ მოსახლეზე 3 წლის განმავლობაში შეადგენს 684 აშშ დოლარს, წელიწადში 228 აშშ დოლარი. ხოლო ცხინვალში, სადაც 53 000 მოსახლეა აღრიცხული ახალგორის ქართული მოსახლეობის ჩათვლით, რუსეთის დახმარება ერთ სულ მოსახლეზე 3 წელიწადში შეადგენს 4 528 აშშ დოლარს, ხოლო წელიწადში – 1509 აშშ დოლარს.
„სხვა საკითხია, რომ ამ ფულს ადგილზე კორუფცია ჭამს, ისევე, როგორც თბილისის შემთხვევაში. აშშ-ს საელჩოს 2019 წლის განცხადებას თუ დავეყრდნობით, 2000-იან წლებში ევროპასა და აზიაში საქართველო, ერთ სულ მოსახლეზე, აშშ-ს დახმარების მიმღები ყველაზე მსხვილი ქვეყანა გახდა, რაც არის ტყუილი“, – ამბობს რცხილაძე.
მისივე ინფორმაციით, არასამხედრო მიზნებისთვის 2010-2017 წლებში აშშ-მა საქართველოს წელიწადში საშუალოდ 60 მლნ დოლარი გამოუყო. 2008 წელს 100 მლნ აშშ დოლარი გამოიყო ავღანეთისთვის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის, კოლუმბიისთვის, ლიბანისთვის, ტაჯიკეთისთვის, შრი-ლანკასა და საქართველოსთვის. ამ 100 მილიონიდან საქართველომ 50 მლნ მიიღო, ერთი წლის შემდეგ, 2009 წელს, კიდევ 50 მლნ.
ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე, რომელიც ასევე მონაწილეობდა მრგვალ მაგიდაში, აცხადებს, რომ აშშ-დან შემოსული დაფინანსება საქართველოში ძირითადად ხმარდება გავლენის ჯგუფების შექმნა. ამ წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში არ ჩადებულა არც ამერიკული, არც ევროკავშირის ინვესტიცია.
„საერთოდ არ არის საუბარი იმაზე, რომ აშშ-ს ან ევროკავშირის ინვესტიცია ჩაიდება საქართველოს ეკონომიკაში. თავად ევროკავშირს არ აქვს დამოუკიდებელი პოლიტიკა. ის მთლიანად აშშ-ს პოლიტიკის გავლენას განიცდის. ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაში რაიმე რომ ყოფილიყო ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის, ევროპულ ინვესტიციებს დღეს წალეკილი ექნებოდა საქართველოს ეკონომიკა. ჩვენს ნომერ პირველ სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორად კვლავაც რუსეთი რჩება, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გვაქვს. მსოფლიოში მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს“, – აცხადებს დემურ გიორხელიძე.
ექსპერტი საქართველოში დემოგრაფიულ პრობლემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ 7-8 წლის მერე ეთნიკური ქართველები აღმოჩნდებიან ეროვნული უმცირესობის კატეგორიაში, რადგან შემაშფოთებელი სტატისტიკა გვაქვს შობადობის მხრივ – საქართველოს მოქალაქე ფეხმძიმე ქალებს შორის ეთნიკური ქართველი მხოლოდ 30%-ია.
ექსპერტებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ტყუილია, თითქოს დასავლეთი საქართველოს განვითარებაში ეხმარება, ერთადერთი, ვინც ამას უცხოეთიდან აკეთებს, ესენი არიან ქართველი ემიგრანტები, რომელთა სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივას ექსპერტები ვეღარ ხედავენ.
გიორგი ქართველი