ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში, ამჯერად ნაყოფიერი აღმოჩნდა. ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართული სადილის შემდეგ, რომელსაც ოპოზიციისა და მმართველი პარტიის ლიდერებიც ესწრებოდნენ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თბილისიდან იმ განწყობით გაემგზავრა, რომ 6-თვიანი პოლიტიკური კრიზისი საქართველოში დაძლეულია.
გადაწყდა, რომ 31 ოქტომბერს არჩეული პარტიები მეათე მოწვევის პარლამენტში ნაწილობრივ, თუ ერთობლივად, მაინც შევლენ იმ გარანტიით, რომ მათ მიერ პოლიტპატიმრებად გამოცხადებულ გიორგი რურუას და ნიკა მელიას ციხიდან ამნისტიით გაათავისუფლებენ. მეორე საკითხი, რამაც ოპოზიციის წინააღმდეგობა წელში გადატეხა ჯადოსნური ციფრი 43-ია. მხარეების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ჩაიწერა აქამდე არარსებული პირობა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში “ქართული ოცნება” ხმების 43%-ზე ნაკლებს აიღებს, ქვეყნის პრეზიდენტი იძულებული გახდება 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. შეგახსენებთ, რომ 6 თვის განმავლობაში ოპოზიციური პარტიების ერთ-ერთი უპირობო და მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნები იყო, რაზეც კატეგორიულ უარს აცხადებდა მმართველი პოლიტიკური ძალა.
2 უშედეგო რაუნდის შემდეგ, ქართველმა პოლიტიკოსებმა, როგორც იქნა გადაწყვიტეს შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე საკუთარი ხელმოწერა განათავსონ. მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი, ერთი კვირის განმავლობაში ცდილობდა დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. პრობლემა ის იყო, რომ მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში, არც ვადამდელი არჩევნები და არც ე.წ. პოლიტპატიმრები ნახსენები არ იყო. ეს ის წითელი ხაზებია, რომელთა გადაკვეთა-არგადაკვეთისთვის ქართულ პოლიტიკურ ელიტას საგარეო ჩარევა დასჭირდა.
“მრცხვენია ვაღიარო, რომ ამ უშველებელი კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის მიუხედავად, არანაირი რესურსი არ გვაქვს, გადაწყვეტილებები საგარეო ჩარევის გარეშე მივიღოთ. სამწუხაროა, როცა უცხოური ორგანიზაციის წარმომადგენელს უწევს მოწოდება, გიყვარდეთ სამშობლო და საზოგადოება”, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.
შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ 5-პუნქტიან დოკუმენტზე – “საქართველოს წინსვლის გზა”, ხელმოწერის ცერემონიალი ორბელიანების სასახლეში 19 მარტს გაიმართა. თავად დოკუმენტის ავტორი კი ყველაფერს ონლაინრეჟიმში ადევნებდა თვალს. დოკუმენტის ხელმოწერიდან, რამდენიმე საათში ევროპელი მედიატორი თბილისში ჩამოვიდა და საქართველოს ევროკავშირის გვერდით დგომა და სრული მხარდაჭერა დაუდასტურა.
“ეს არ არის ფირნიში, ეს არის საწყისი წერტილი დემოკრატიის მშენებლობაში”, – განაცხადა შარლ მიშელმა.
შეთანხმების ტექსტს ხელი პირველმა “ქართულმა ოცნებამ მოაწერა. ოპოზიციური სპექტრიდან: “სტრატეგია აღმაშენებლის”, “ლელოს”, რესპუბლიკური პარტიის, “მოქალაქეების” და “გირჩის” ლიდერებმა. პროცესი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა და დოკუმენტზე საკუთარი ხელმოწერა სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა და ცალკეულმა პოლიტიკოსებმაც განათავსეს. დოკუმენტს პირველივე დღეს არ შეერთებია “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”, თუმცა, დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს “ენმ”-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ.
დოკუმენტს, არც “პატრიოტთა ალიანსი” უერთდება. პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერის, ირმა ინაშვილის შეფასებით, “უახლეს ისტორიაში საქართველოს არ ჰყოლია ამ ე.წ. ოპოზიციაზე, “ქართულ ოცნებაზე” და კოჰაბიტაციაზე დიდი მტერი.
“ეს ერთი ხალხი და ერთი ბოროტებაა”, – აცხადებს ინაშვილი.
მისივე თქმით, “პატრიოტთა ალიანსი” არ მონაწილეობს ამ პროცესში და არანაირ დოკუმენტს არ აწერს ხელს.
“გარიგდნენ და მმართველობას იყოფენ. აქ არ არსებობს არც მართლმსაჯულება და არც კანონი. კანონი ისაა, რაც სჭირდებათ სკამების გადასარჩენად. არ არის ეს თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა”, – მიაჩნია ინაშვილს.
შარლ მიშელთან ონალინრეჟიმში მყოფი ქართველი პოლიტიკოსების მწყობრი დგომა მოხვდა თვალში “ერთიანი საქართველოს” ლიდერ ნინო ბურჯანაძეს, რაც შემდეგი სიტყვებით შეაფასა: “მონური დამოკიდებულება, რომ ევროპელებთან შედავება არ შეიძლება და ვერ ვეტყვით:
“ჩვენ ამას ვერ მოვაწერთ ხელს”, არის სამარცხვინო. ქართული პოლიტიკური სპექტრის ნაწილმა რუსეთთან მონობა დასავლეთთან მონობით ჩაანაცვლა”.
ნინო ბურჯანაძემ უხერხული უწოდა იმ დამოკიდებულებას, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მიშელის დოკუმენტს ისე მოაწერეს ხელი, რომ “ენმ”-ს პატიმრობაში მყოფ თავმჯდომარე ნიკა მელიას არც კი შეუთანხმდნენ.
მისივე თქმით, ეს დოკუმენტი, არც ქვეყნის ევროპული მომავალის გადარჩენაა და, არც მისი კრიზისიდან გამოყვანის გზა. თუმცა, მეორე მხრივ, ბურჯანაძის თქმით, ეს დოკუმენტი „გამარჯვებად“ თუ შეფასდება, იქნება ნიკა მელიას დამსახურება და იმ ოპოზიციური პარტიების წვლილი, რომლებიც შალვა ნათელაშვილის ოფისში იკრიბებოდნენ.
“საქართველოში, სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა კლიშე – მთავარია არ შეედავო ევროპას, ან ამერიკას. რა თქმა უნდა, ევროპელებს სხვა ინტერესი ჰქონდათ. მივიღეთ გაყალბებული პარლამენტი, სადაც რიგი ჩადგა ადამიანებისა, რომლებიც შესვლას აპირებენ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.
შარლ მიშელის დოკუმენტმა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების გადაწყვეტილებებმა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააბნია. საკუთარ განცხადებებს უკვე, დროის მოკლე შუალედებშიც კი ეწინააღმდეგება.
“ეშმაკი დეტალებშია! გაუგებარია, რატომ 43 % და არა 50%? 43 რა, ბაზარში ვვაჭრობთ? ყველს ვყიდულობთ?”, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში ჩართვისას. ზუსტად ერთ დღეში კი პოზიცია შეცვალა და „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდა ხელი მოაწერონ შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელშიც, მისივე თქმით, მთავარი არის მეორე პუნქტი, – 43%-იანი ბარიერი. “ეს არის უკვე, რიგგარეშე არჩევნების დაშვება. ეს არის უკვე რეფერენდუმი”, – აცხადებს სააკაშვილი.
ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე მიიჩნევს, რომ ამ დოკუმენტით შარლ მიშელმა ოპოზიცია სააკაშვილის გავლენებისგან დაიხსნა. პარტია „ენმ“ აქამდე ახერხებდა იმას, რომ, არც თვითონ შედიოდა პარლამენტში, არც სხვა ოპოზიციურ პარტიებს უშვებდა იქ.
მისივე შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” ტყვეობის პერიოდში, ოპოზიციამ ის ზომიერი ამომრჩეველი დაკარგა, რომლებსაც სურდათ ეს პარტიები პარლამენტში ეხილათ. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ კი, რადიკალურად განწყობილი ამომრჩეველი დაკარგეს, რომლებიც ოპოზიციის კარავში დარჩენას უჭერდა მხარს. ბოჟაზის თქმით, შარლ მიშელის ბოლო, მანამდე კი, დანიელსონის დოკუმენტებში პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ მომავალი 2 საპარლამენტო არჩევნებზე (2024 და 2028 წლები) ბარიერი შესაძლოა მაქსიმუმ 2 % იყოს. ეს საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებებს.
როგორც Dalma-News-სთან საუბრისას ექსპერტმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ დოკუმენტის უგულვებელყოფით წავიდა, როგორც ევროკავშირის და აშშ-ს, ასევე საკუთარი ამომრჩევლის წინააღმდეგ. შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, ოპოზიციას აღარ ჰქონდა რაიმე მიზეზი იმისა, რომ უარი ეთქვა დოკუმენტზე ხელის მოწერაზე.
“დოკუმენტში გაჩნდა ახალი ჩანაწერი – 43%. თუ საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ „ქართულ ოცნებას“ აღარ უნდა ჰქონდეს იმ დონის მხარდაჭერა, რომ მან გადალახოს 43%-იანი ბარიერი, ეს შესაძლოა რიგგარეშე არჩევნების საფუძველი გახდეს სამართლებრივად და მორალურადაც. როცა ერთი წლის თავზე აღარ გაქვს ის მხარდაჭერა, რაც ერთი წლის წინ გქონდა, კარგი იქნება საზოგადოებას მივცეთ შესაძლებლობა კიდევ ერთხელ, ხელახლა გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება პოლიტიკური პარტიების მიმართ”, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
რაც შეეხება რურუასა და მელიას გათავისუფლებას, ლადო ბოჟაძე იხსენებს 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებას, რომლის შედეგად საქართველოს პრეზიდენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პატიმრობამისჯილი ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა. ანალოგიურად პრეზიდენტს შეუძლია მათი შეწყალება. ბოჟაძის შეფასებით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არანაირი შანსი აღარ დაუტოვა ოპოზიციას, რომ ხელი არ მოეწერათ შეთანხმებისთვის.
ექსპერტი ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია სკოლის ასაკის დონეზეა, ხოლო ოპოზიცია – შატალოზე.
მისივე თქმით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია დასავლეთისთვის დღის წესრიგში არ დგას. შესაბამისად, ეს 6-თვიანი ვაკხანალია ხელოვნურად, ქვეყნის საზიანოდ, მისი რეპუტაციის შელახვისა და სახელმწიფოებრიობის დასაკნინებლად იყო შექმნილი. სასწორზე იდო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
ექსპერტის მოსაზრებით, “ქართული ოცნება” პოლიტიკურ რისკზე წავიდა, როცა 43%-ს დაეთანხმა, ასევე მისი ამომრჩევლისთვის არაპოპულარული გზით წავიდა, როცა პატიმრების, კომიტეტების და სხვა საკითხები დათმო. მეორე მხრივ, ოპოზიციამ დაანახა მსოფლიოს, რომ არიან დესტრუქციული და პოლიტიკურად სრულად მარგინალიზებული გაერთიანება.
“ნურავინ დაიჯერებს, რომ 113 დეპუტატი თავისით შეგროვდა. დიდი ალბათობით, ჩვენი პარტნიორები, ინდივიდუალურად მუშაობდნენ ცალკეულ პოლიტიკოსთან. ოპოზიციის ნაწილმა აჩვენა, რომ შესწევთ უნარი ექსპრეზიდენტის სურვილების საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგან. თუმცა, შემდგომში, შესაძლოა ისევ მისი ფრთის ქვეშ მოექცნენ. თავისი ფუნქცია შეასრულა პრეზიდენტის ინსტიტუტმა და ამ ბოლო ფაზის, მედიაცია რომ უწოდეს, ცენტრად იქცა. ისიც ფაქტია, რომ “მთავარი ოპოზიციური პარტია” დღემდე არ აღიარებს სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას, თუმცა მის შეწყალებებს იღებს”, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.
P.S. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ შარლ მიშელის ჩართულობით მიღწეული შეთანხმების წყალობით, პოლიტიკური პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს და ნაკლები ზიანი მიადგება ქვეყანას. შემდეგი ნაბიჯი ამნისტიის პროექტია, რაზედაც უკვე დაიწყო წინააღმდეგობები… თუმცა, ამაზე მოგვიანებით.
შ. ქარჩავა