ახალ 2025 წელს საქართველო ახალი პრეზიდენტით შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის რიგით მეექვსე, მაგრამ არაპირდაპირი წესით არჩეული პირველი პრეზიდენტია. ყაველაშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, ინაუგურაცია 29 დეკემბერს პარლამენტის შენობაში გაიმართა.
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო და მოქმედი თავმჯდომარეები – ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის, მათ შორის, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. ინაუგურაციაზე არ მიუწვევიათ საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიებისა და საელჩოების ხელმძღვანელები.
მიხეილ ყაველაშვილმა ფიცი დადო პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის სპეციალურად დაბეჭდილ საინაუგურაციო კონსტიტუციაზე, რომელიც პარლამენტის მუზეუმში შეინახება. საინაუგურაციო სიტყვის წარმოთქმისას ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს წარსულზე, აწმყოსა და სამომავლო გეგმებზე. აღნიშნა, რომ აპირებს იყოს ყველას პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, ვის მოსწონს და ვის არა.
როგორც ყაველაშვილი ამბობს, მისი მომავალი ძალისხმევა მიმართული იქნება საზოგადოების კონსოლიდაციისა და გაერთიანებისკენ. მიუხედავად იმისა ვის რა შეხედულებები აქვს ამა თუ იმ საკითხზე. თავის მხრივ აღნიშნა იმ ფასეულობებისა და ტრადიციების ერთგულება, რასაც ეფუძნება სახელმწიფოს სუვერენიტეტი.
„დღეს ჩვენი ქვეყანა დგას გარედან თავს მოხვეული, საზოგადოების ხელოვნური პოლარიზაციის წინაშე. ჩემთვის საქართველოს თითოეული მოქალაქე ძვირფასია, ჩვენ უნდა მოვახერხოთ გაერთიანება ჩვენი სამშობლოს, ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული წესების გარშემო“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილმა ქართველმა ხალხმა საკუთარი სამშობლოსა და ღირსების დასაცავად შეუძლებელი შეძლო – მსოფლიოს უდიდეს იმპერიებთან, ბევრად მრავალრიცხოვან მტერთან ათასწლეულების მანძილზე შეუპოვრად იბრძოლა, გადარჩა და შემოგვინახა ის ღირებულებები და ფასეულობები, რომელსაც ქართველი ერი დაეფუძნა.
„მშვიდობისთვის მუდმივმა ბრძოლამ და მტრების მოგერიებაში გატარებულმა ასწლეულებმა ჩვენს ხალხს ხასიათი გამოუწრთო და ერთობის სასიცოცხლო მნიშვნელობაში დაარწმუნა; ერთობის, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულზეა დაფუძნებული; სადაც ძლიერი ოჯახი ძლიერ საქართველოს ნიშნავს, ხოლო ძლიერი საქართველო ძლიერი ოჯახის ტოლფასია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, მართლმადიდებლობა და ქართველობა დროთა განმავლობაში ერთმანეთისგან განუყოფელ, ერთ მთლიან ცნებად იქცა და ყოველთვის, როდესაც სამშობლოს იცავდა, ქართველმა კაცმა იცოდა, რომ ის იცავდა საკუთარ ოჯახსა და სარწმუნოებას.
„მართლმადიდებლობამ, ქართველი კაცის ჰუმანური ბუნების ჩამოყალიბებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი! სწორედ ქრისტიანული რელიგია გახდა ის გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც ქართველი ერის ევროპული და ცივილიზაციური არჩევანი საბოლოოდ განაპირობა. როგორც დიდმა ილიამ დაგვიბარა – თუ მამულს, ენასა და სარწმუნოებას არ ვუპატრონეთ, ვერც კაცები ვიქნებით და ვერც მომავალ თაობას გავცემთ პასუხს. რომ არა ამ ღირებულებების ერთგულება, საკუთარი თავის რწმენა და ერთმანეთის სიყვარული, ქართველი ერი ვერ შეძლებდა ამდენი განსაცდელის გამოვლას და გადარჩენას“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
როგორც მეექვსე პრეზიდენტმა თავის საინაუგურაციო სიტყვაში აღნიშნა, ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ჰარმონიულად თანაცხოვრობდა განსხვავებული ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მქონე ხალხთან. მათ ყოველთვის გამოარჩევდა განსხვავებულობის პატივისცემა, მაღალი ტოლერანტობა, მოყვასის სიყვარულისა და პატივისცემის უნარი. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანები ძალიან მალე თვლიდნენ საქართველოს საკუთარ სამშობლოდ და ქართველების მხარდამხარ იბრძოდნენ მის დასაცავად. ხოლო ევროპულ ოჯახში გაწევრიანება ქართველების მსგავსი მცირე ერისთვის უნდა იყოს საშუალება დაიცვას თავისი კულტურა, ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, ენა, სარწმუნოება და სახელმწიფოებრიობა.
სანამ ქვეყნის ახალი პრეზიდენტი პარლამენტში ბიბლიაზე ფიცს დებდა, აწ უკვე ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლის ეზოდან ქუჩში მდგარ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავდა.
პრეზიდენტი, რომელიც 6 წლის წინ აცხადებდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისთვის იღვაწებდა, პაროდია უწოდა პარლამენტის შენობაში მიმდინარე ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. აცხადებს, რომ 26 ნოემბერს ჩატარებული არჩევნები არის უკანონო, ხოლო მიხეილ ყაველაშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტი.
მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ ახალი პრეზიდენტის ოფიციალური ინაუგურაცია გაიმართებოდა, სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ ის ორბელიანების სასახლეს (სადაც პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული) არ დატოვებდა. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის წინა ღამით, მან თავის მხარდამჭერებს მოუწოდა დილის 10 საათიდან ორბელიანების სასახლესთან შეკრებილიყვნენ.
„იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ, იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის გვეშინია, არც გისოსების. 6 წლის წინ მე დავდევი ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე, ამიტომ ვარ მე დღეს აქა, ეს ერთგულება არაფრის შეიცვლება ვიქნები სასახლეში თუ სასახლის გარეთ. მე გამოვალ, თქვენთან გამოვალ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ორბელიანების სასახლესთან შეკრებილებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის არის ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი და პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოსვლასთან ერთად მას მიაქვს ლეგიტიმურობა.
სალომე ზურაბიშვილი 23 წუთის განმავლობაში ესაუბრა ორბელიანების სასახლის წინ, ქუჩაში შეკრებილებს. რამდენიმე დღით ადრე კი, ჯერ კიდევ პრეზიდენტის რანგში, მოუწოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს სწვეოდა სასახლეში და შეთანხმებულიყვნენ განმეორებითი არჩევნების დანიშვნაზე. თუმცა, მისი ულტიმატუმი უპასუხო დარჩა.
„გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები, ბოლომდე, სანამ არ დავნიშნავთ არჩევნებს და არ გვექნება ჩვენი თავისუფალი, ღირსეული ხელისუფლება. დავიწყებ მასშტაბურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტებთან, ბიზნესთან, შევხვდები საჯარო მოხელეებს, შევხვდები ასევე ახალ პოლიტიკურ ძალებს, გავალ რეგიონებში, უნდა შევხვდე იქა, ადგილზე, სხვადასხვა ქალაქებში იმ ადამიანებს, რომლებიც იქიდან აპროტესტებენ და იქიდან იცავენ ქვეყანას, წავალ უცხოეთში და დავბრუნდები უცხოეთიდან”, – ეს იყო სალომე ზურაბიშვილის ბოლო სიტყვები ორბელიანების სასახლიდან.
პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ლალი მოროშკინა Dalma News-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის კონფორმისტი ადამიანი და ამიტომ ელოდა, რომ ის ორბელიანების სასახლეს მშვიდად, დესტრუქციის გარეშე დატოვებდა.
მისივე თქმით, 29 დეკემბერს, როდესაც ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა ამოეწურებოდა, ის უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიგდებდა თავს. მით უმეტეს, პრემიერ-მინისტრმა მკაფიოდ განმარტა, რომ სალომე ზურაბიშვილის ორბელიანების სასახლეში დარჩენა 29 დეკემბრის შემდეგ იქნებოდა კანონდარღვევა და სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში შეჭრა, რაც ჯგუფური ძალადობის მუხლით კვალიფიცირდება.
„სალომე ზურაბიშვილი ძალიან კონფორმისტია. მას ძალიან ახლოს ვიცნობ. ეს ქალბატონი გზადაგზა იცვლის შეხედულებებს. კარგად ერგება სიტუაციას, ის თავს არ ჩაიგდებს უხერხულ მდგომარეობაში. მას ელოდება უხვი პენსია. შეიძლება თავისი საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, რაც დავალებული ჰქონდა, მაგრამ მაინც სიცოცხლე ურჩევნია“, – აცხადებს ლალი მოროშკინა.
მისივე აზრით, რადიკალური ოპოზიციის მთავარი სამიზნე დღეს თავად სალომეა, რადგან მან ვერ შეასრულა მთავარი დავალება, ვერ გამოუშვა პატიმარი ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის ციხიდან გამოშვებასაც საქართველოს ხელისუფლებას ევროპარლამენტი უკვე დაუფარავად მოითხოვს.
„მისი ლიკვიდაცია ოპოზიციას თავში აქვს. აშკარად კბენენ უკვე, შეურაცხყოფას აყენებენ. ისევ თავიდან დაიწყო ყველაფერი. სალომეს უკვე აშანტაჟებენ. უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ის არის მსხვერპლი. სალომე ოპოზიციას აღარ სჭირდება. მან ვერ შეასრულა მთავარი, – ციხიდან ვერ გამოუშვა სააკაშვილი. პირიქით, მან თავისი არათანმიმდევრული საუბრით დაქსაქსა ოპოზიცია. ძალადობრივ აქციებში ბავშვების ჩართვის მოწოდება იყო სალომე ზურაბიშვილის ფიასკო, რამაც დაშალა ოპოზიციის აქციები”, – აცხადებს ლალი მოროშკინა.
შორენა ქარჩავა