სანამ ოფიციალური თბილისი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისები აღადგინა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმიც გაამარტივა. საინტერესოა როგორ აისახა ეს მნიშვნელოვანი ცვლილება რიგითი ადამიანების ყოველდღიურობაზე და ჩნდება თუ არა მოლოდინები, რომ ადრე თუ გვიან თბილისი და მოსკოვი პირისპირ დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე Dalma News-ს უფლებადამცველი და ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრა.
– რეგიონში დღეს არსებული ვითარების ფონზე რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა აქტუალური იყო თუ არა საქართველოსთვის ?
– რა თქმა უნდა მისასალმებელია ავიამიმოსვლის აღდგენა, იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეები ამით ისარგებლებენ. რუსეთში მოქმედი ჩვენი უდიდესი დიასპორის წარმომადგენლები შეუფერხებლად შეძლებენ ჩამოსვლას, მაგრამ ისეთი ფასები დაედო ბილეთებს, რომ ვერ ვიტყვი, რომ ფრენები აღდგა. ხალხი მაინც ვლადიკავკაზისა და ერევნის გავლით მგზავრობს. 1000 აშშ დოლარამდე და ზოგჯერ მეტიც ღირს რუსეთის მიმართულებით და უკან, თვითმფრინავით მგზავრობა. ეს არის სიხარბე. ხალხს იმიტომ გაუხარდა ფრენების აღდგენა, რომ იქნებოდა კომფორტული. იმდენად ძვირია ბილეთები, რომ ბევრი ვერ აძლევს თავს ამ ფუფუნების უფლებას. გარდა ამისა, უამრავი ტურისტი ჩამოდის და მოთხოვნა დიდია. ხელისუფლება უნდა ჩაერიოს ამ საკითხში, არ შეიძლება მილანში 100 დოლარად მიფრინავდე და 1000 დოლარი გიჯდებოდეს რუსეთში ჩასვლა-ჩამოსვლა. ქართულ კომპანიებს ხომ ასეთი წესი აქვთ, 300%-იანი მოგება უნდა მიიღონ. მაღალი ფასებით გაფერმკრთალდა ქართული დიასპორის სიხარული. რუსეთის პრეზიდენტმაც თქვა, რომ ეს ნაბიჯი ქართველებისთვის გადავდგითო.
– რუსი ტურისტების მიმართ რადიკალურად განწყობილი ჯგუფები ხშირად აგრესიით გამოირჩევიან. არის თუ არა ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემა და რამდენად ასახავს უშუალოდ საქართველოს რიგითი მოქალაქეების განწყობას?
– საქართველოს მოსახლეობა არ არის აგრესიულად განწყობილი რუსულენოვანი მოქალაქეების მიმართ. აქ მოქმედებენ მცირე რადიკალური ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ეთნიკური შუღლის გაღვივებას. ხელისუფლების უმოქმედობაც ხელს უწყობს ამას. პროკურატურაში შევიტანე საჩივარი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს 239-ე პრიმა მუხლი – ეთნიკური შუღლის გაღვივება. ყოველდღიურად ხდება ასეთი ფაქტები, ამ შუღლის გაღვივებაში აქტიურად არის ჩართული ზოგიერთი ქართული მედიაგამოცემაც. ამ მუხლით პასუხისგებაში უნდა მიეცეს ტელევიზიებიც. სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი არ მაქვს, რომ ჩემს საჩივარს მსვლელობა მიეცემა. ან კიდევ ეს კამპანია – „არ ჩართო რუსული!“. კი მაგრამ, „მაშინა ვრემენი“ რომ ჩამოდის, ან გალკინი, მათი რუსული სხვა რუსულია? ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები, რომ რუსეთის მოქალაქეების მიმართ აგრესიამ არ მიიღოს ფატალური შედეგი, თორემ, მერე, ავიამიმოსვლაც შეწყდება და ჩაკეტავს ლარსს და მაინტერესებს საწვავს და ხორბალს საიდან შემოიტანენ? სააკაშვილი ორსული ქალის მოკვლას აპირებდა. ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან. ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება. როცა რუსი ტურისტი გინდა, ის უნდა იყოს დაცული, კანონი აღასრულონ. იგივე ბელორუს ტურისტებს დიდი რაოდენობით უნდათ რომ ჩამოსვლა, მაგრამ რაღაც კვოტაა, რომელიც დასავლეთმა შექმნა და ვერ ჩამოდიან.
– რუსეთში იყავით „გეორგიევსკის ტრაქტატისადმი“ მიძღვნილ კონფერენციაზე. თუ იყო საუბარი ქართულ-რუსული ურთიერთობების მოგვარების პერსპექტივებზე?
– არასწორი ინფორმაციები აქვთ. იქ უყურებენ მხოლოდ ამ ნაციონალების არხებს და ჰგონიათ, რომ საზოგადოების განწყობებიც ასეთივეა. სიტყვით გამოსვლისას ვთქვი, რომ ქართული საზოგადოების განწყობები შეიცვალა, რომ არის პარტიები, რომლებმაც დაწვეს ევროკავშირის დროშა. იქაც დადიან ჯგუფები და საქართველოს საზიანო საქმეებს აკეთებენ. საქართველოში არსებობს ანტირუსული განწყობები, მაგრამ განწყობა არის იმის, რომ საჭიროა ქართულ-რუსული დიალოგი. ლიბერალები, რომლებიც ფართოდ არიან წარმოდგენილები რუსეთში, ცდილობენ რუსულ-ქართული ურთიერთობები დააზიანონ. „გეორგიევსკის ტრაქტატის“ 240 წლის იუბილეს, 23-დან 26 ივლისამდე, კიდევ უნდა მიეძღვნას კონფერენცია. საქართველოს ხელისუფლებისა და საპატრიარქოსთვის გამოიგზავნა წერილები, მაგრამ ცუდი მოლოდინი მაქვს, რომ ესენი არ აპირებენ წასვლას. „გეორგიევსკის ტრაქტატმა“ გადაარჩინა საქართველო და როგორ შეიძლება იქ არავინ ჩავიდეს? საპატრიარქოს მაინც, რატომ აქვს ასეთი პოზიცია, გაუგებარია. საქართველოს თუ რამე გადაარჩენს, ახალი ხელშეკრულება რუსეთთან, რომელშიც ჩაიდება უსაფრთხოების გარანტიები.
– საქართველოს მოსახლეობას ესმის, რომ პოლიტიკა საჭიროებს გარკვეულ კომპრომისებს, რამდენად გამოიკვეთა იმის ნიშნები, რომ ორ ამ ქვეყანას შორის შესაძლოა გაჩნდეს პოლიტიკური შეხების წერტილები?
– უკრაინის ომმა ნათლად აჩვენა, რომ რუსეთთან კონფრონტაციით შესაძლოა ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდეთ. ყველაზე ცუდია ის, რომ ნეგატიური განწყობები ძირითადად სჭარბობს ახალგაზრდებში. გასაკვირიც არ არის, რადგან უმაღლესი სასწავლებლები დღეს მთლიანად არის იმ განათლების სისტემის ქვეშ, რომელსაც აკონტროლებს აშშ. ნაციონალები აკონტროლებენ საქართველოს უნივერსიტეტების 90%-ს. იმ სასწავლებლებში იზრდებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც არ იციან საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორია. ამაში ხელისუფლებაც სცოდავს, სამთავრობო არხებიც იმ ნარატივს აღვივებენ, რასაც ოპოზიციური. სხვათა შორის, მოსკოვში მოსწონთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრაგმატულ პოლიტიკა. დასავლური წნეხის მიუხედავად არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, ამას აფასებენ. რუსეთის ხელისუფლებას უნდა ქართველებთან ურთიერთობა. უნდათ სტუდენტური გაცვლითი პროგრამების განხორციელება, მაგრამ ქართული მხრიდან ამაზე უარია, არ მიიღო ჯავახიშვილის უნივერსიტეტმა. მაგალითად გორი და გეორგიევსკი არიან დაძმობილებული ქალაქები, მაგრამ, იმის გამო, რომ „რუსეთუმეობა“ არ დაგვაბრალონო, ერთი კაცი ვერ გამოყვეს, გეორგიევსკის ღონისძიებაზე დასასწრებად რომ წამოვიდეს. მე მაინტერესებს, როგორ უნდა დავიბრუნოთ ტერიტორიები, რუსეთს თუ არ დაველაპარაკებით?
– რამდენად წარმოგიდგენიათ, დაძაბული შიდა პოლიტიკური ვითარების ფონზე საქართველოს ხელისუფლება დასთანხმდეს რუსეთთან კომუნიკაციას, თუნდაც სახალხო დიპლომატიის მიმართულებით. ეს პრობლემას არ შეუქმნის საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთთან ურთიერთობებში, ბოლო დროს ეს ურთიერთობები ისედაც გართულდა?
– ჩვენ დასავლეთის ჭკუაზე უნდა ვიაროთ? აშშ-ს ელჩი საქართველოში „გარაჟების“ საქმეებს არჩევს. ყველა სფეროს წარმომადგენლების დონეზე უნდა დაიწყოს კომუნიკაცია რუსეთთან, არა მხოლოდ პოლიტიკოსები, კულტურის, შოუ ბიზნესის წარმომადგენლები უნდა ჩავიდნენ რუსეთში. უნდა მოვძებნოთ ლობისტები, მომზადდეს ვითარება. სომხეთი და აზერბაიჯანი დსთ-ს წევრებიც არიან და რუსეთის მოკავშირეები, მაგრამ ამერიკასთანაც აქვთ ურთიერთობა და ევროპასთან. იგივე მოლდოვა დსთ-ს წევრი ქვეყანაა.
– ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, ასეთი თუ მოხდება, უარყოფით გავლენას ხომ არ იქონიებს რუსეთთან ურთიერთობაზე?
– გულწრფელად გითხრათ, მე არ მინდა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი რომ მიიღოს. ჯერ არც კანდიდატის სტატუსი გვაქვს, არც ევროკავშირის წევრი ვართ და ჩამოდიან აქ და სანქციებთან დაკავშირებით გვამოწმებენ და მითითებებს გვაძლევენ. კანდიდატის სტატუსი თუ მოგვცეს, მერე შესაძლოა ისიც გვითხრან, – რუსი ტურისტების მიღება არ შეიძლებაო. ჩვენ რუსეთთან ურთიერთობით მარტო ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას კი არ მოვაგვარებთ, ეკონომიკურ მდგომარეობას ვიუმჯობესებთ. საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასაღების ბაზარი არის რუსეთში. ამერიკაში და ევროპაში არავის სჭირდება ჩვენი პროდუქცია. სააკაშვილიც კი, მიხვდა ამას, როდესაც ლარსის გამშვებ პუნქტზე იდგა და რუს ტურისტებს ეხვეწებოდა, – შემოდითო.
ესუბარა გიორგი ქართველი