საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით ბალი, მთლიანი ექსპორტის 70% აზერბაიჯანში გადის, მეორე ადგილზე რუსეთია 15%-ით, ხოლო მესამეზე ბელარუსი-13%-ით. 2014 წლის მონაცემებით ბლის საექსპორტო ბაზრები აზერბაიჯანი, ბელორუსი, რუსეთი და სომხეთია. 2014 წელს ექსპორტმა 353 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
როგორც Dalma News-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში განუმარტეს, საქართველოში მხოლოდ რამდენიმე კომერციული დანიშნულების ბლის ბაღია გაშენებული. ამ მიმართულებაში ინვესტიციების მოზიდვაა საჭირო.
სამინისტროს ინფორმაციით, ინტენსიური ბაღების გაშენება, მოვლა, მოსავლის პირველადი დამუშავების ტექნოლოგიების დანერგვა და შესაბამისი რეჟიმით შენახვა-ტრანსპორტირება ხელს შუწყობს წარმოების მოცულობის ზრდას და ხარისხის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ადგილობრივი წარმოების ბალი ბაზარზე მაისიდან ივლისის ჩათვლით არის ხელმისაწვდომი. ბალი ძირითადად კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და იმერეთში მოდის.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, რამდენიმე დღის წინ თბილისში გამართულ “ამბასადორიალი -2015”-ის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ჩამოსულ საქართველოს ელჩებს ექსპორტის პოტენციალის მქონე 21% პროდუქტის ჩამონათვალი წარუდგინა. ამ ნუსხაში ბლის გარდა მოხვდა თხილის, მოცვის, ვაშლის, მანდარინის, ატმის, ხურმის, კიტრის, პომიდვრის, ხახვის, სტაფილოს, მწვანილის, კარტოფილის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის, ღორის ხორცის, ფრინველის ხორცის, მტკნარი წყლის თევზის, რძის პროდუქტების, თაფლის, ჩაისა და ხორბლის წარმოება.