მსოფლიოში ყველა დიდი ქართველთა დიასპორა რუსეთშია. თუ ვინმე განიცდის საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულ პოლიტიკურ ურთიერთობას, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ქართველები. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, მათ მიმართ მწირია ოფიციალური თბილისის ყურადღებაც. მთავარი პრობლემა კი, ის ხელოვნური ბარიერია, რასაც რუსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნისას აწყდებიან.
როგორია რუსეთიდან დანახული საქართველოს ევროპული კურსი, ამ და სხვა საკითხებზე Dalma News–ს რუსეთის ფედერაციაში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე ესაუბრა.
– რამდენად ნაყოფიერი იყო 2023 წელი ქართული დიასპორისთვის და რომელ მოვლენას გამოყოფდით?
– 2023 წელი დიასპორისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი წელი იყო. დავიწყოთ იქიდან, რომ რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმში ცვლილებები შევიდა, სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივდა. რაც ხელს უწყობს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში არალეგალურად ცხოვრების პრობლემა მოიხსნას. ასევე, პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა არის მნიშვნელოვანი. აქამდე მესამე ქვეყნების გავლით უწევდათ ჩვენს თანამემამულეებს რუსეთში ჩამოსვლა. 2023 წელს ჩატარდა უპრეცედენტო დატვირთვის მქონე ღონისძიებები. 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ქართული დიასპორის ფორუმი. მოსკოვში აღმოჩენილი ქართული სამონასტრო ფრესკების ასლების უპრეცედენტო გამოფენა გაიმართა “ტრეტიაკოვსკის გალერეაში”, რუსეთის მთავარ საგამოფენო სივრცეში. კონცერტები, შემოქმედებითი საღამოები ხელს უწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ქართული სულის განმტკიცებას ახალგაზრდა თაობაში. მოსკოვში და რეგიონებში ჩამოყალიბებულია ახალი ბავშვთა საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრები, სადაც სწავლობენ ქართულ ენას, ეუფლებიან ქართულ კულტურას, მუსიკალურ ინსტრუმენტებს.
– თებერვალში რუსეთის სავაჭრო პალატის ინიციატივით დაფუძნდა საქართველოს საქმიანი საბჭო. რას ითვალისწინებს ამ საბჭოს საქმიანობა?
– ამ საბჭოს ხელმძღვანელია იური ბალაშოვი. დიასპორას ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ამ საბჭოს მუშაობაში. მათ სურთ დაეხმარონ საქართველოს მოქალაქეებს ბიზნესის განვითარებასა და რუსულ ბაზარზე ინტეგრაციაში. მათი მიზანია საქართველოს მეწარმეების ხელშეწყობა. ბაზარზე შესვლა, ახალი კომუნიკაციის ჩამოყალიბება და ა.შ. ამ საბჭოს ფარგლებში არაერთი ღონისძიება დაიგეგმა, როგორც მოსკოვში, ასევე, იყო გასვლითი შეხვედრებიც. წელსაც ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი ამ მიმართულებით. 2023 წელს, როგორც იქნა შევძელით ჩვენი ხმის მიწვდენა საქართველოს მთავრობამდე. არ იყო ადრე პოპულარული რუსეთში ქართულ დიასპორაზე საუბარი, არადა მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძველი დიასპორა ქართველებს სწორედ რუსეთში გვყავს.
2024 წელს ველოდები, რომ ეთნიკური ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება მთლიანად გამარტივდება. ეს ძალიან სერიოზულ პრობლემას და დიდ ტკივილს წარმოადგენს დღეს ეთნიკური ქართველებისთვის, როგორც რუსეთში, ასევე სხვა ქვეყნებშიც. ამ პრობლემასთან დაკავშირებით შევძელით ხმა მიგვეწვდინა საქართველოს პარლამენტისთვის, მივმართეთ პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, იუსტიციის საბჭოს.
– ელოდებით ხელისუფლების მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს?
– გარკვეული ძალების მიერ, გარკვეული ინტერესების გამო, თბილისში რუსეთთან დაკავშირებული თემები იბლოკება. მაგალითად, ძალიან გვინდა, რომ ქართული დიასპორის დიდ ღონისძიებაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი ჩამოვიდნენ. დიასპორის დღეს, რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოდიან ქართული დიასპორების წარმომადგენლები. ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვიონ თავიანთ თანამემამულეებს ასეთ გრანდიოზულ შეკრებებზე. წელს მოწვევას გავუგზავნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს და იმედია ჩვენი თხოვნა უყურადღებოდ არ დარჩება.
–ბრძანეთ, რომ რუსეთში არის ქართველების ყველაზე დიდი დიასპორა და დღემდე ასეთად რჩება. რა არის ამის განმაპირობებელი, მარტო ისტორიულ მეზობლობაში არ უნდა იყოს ამის მიზეზი?
– მიუხედავად ყველა პოლიტიკური პრობლემისა, რომელიც ბოლო წლებში ახასიათებს რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას, ყოველდღიურ ცხოვრებაში ქართველებმა იპოვეს თავიანთი ადგილი რუსეთის ფედერაციაში. თუ გადავხედავთ საერთო ფონს, ძალიან ბევრი ქართველია რუსეთში თვითრეალიზებული, როგორც კარგი ექიმი, კულტურის წარმომადგენელი, სპორტსმენი, ბიზნესმენი. ეს მაინც უკავშირდება იმ კულტურულ სიახლოვეს, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს. ასევე ხალხებს შორის ურთიერთპატივისცემა.
სახელმწიფო დონეზე ძალიან ხშირად ვხვდებით ქართულ გვარებს, რომლებიც ამა თუ იმ თანამდებობებს იკავებენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეთნიკურ ქართველებს თავიანთი საქმიანობისთვის რუსეთის ფედერაციაში გზა გახსნილი აქვთ. მოსკოვში რომ გაიაროთ, ყოველ ქუჩაზე შეხვდებით ქართულ რესტორანს, ქართულ კაფეს. ხუმრობითაც ვამბობთ ხოლმე, – თბილისში არ არის იმდენი ქართული რესტორანი, რამდენიც მოსკოვშია. ყოველ დღე იხსნება ახალი ქართული რესტორანი, სადაც ქართველები არიან დასაქმებულები. რამდენიც არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკური სპეკულირება რუსეთსა და საქართველოს შორის ყველა მხრიდან, ფაქტი სახეზეა, რომ რუსეთში ქართველები მოსამსახურედ, მომვლელებად და სეზონურ სამუშაოებზე არ საქმდებიან. აქ მცხოვრებ ქართველებს არასოდეს გაუწყვეტიათ კავშირი საქართველოსთან. ამაზე მეტყველებს ის ფულადი გზავნილები, რომელიც ყოველწლიურად მიდის რუსეთიდან საქართველოში.
– თუმცა გვახსოვს, როგორც იდევნებოდა ქართული პროდუქცია რუსული ბაზრიდან. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უკრაინის ომის გამო, შეიცვალა დამოკიდებულება?
– გარკვეული ცვლილებები მოხდა იმის ფონზე, რაც რეგიონში ხდება. ვერ ვიტყვით, რომ ამაზეა მხოლოდ დამოკიდებული ბიზნესგარემო. 2012 წლიდან მოყოლებული სანქციებია მოხსნილი ქართულ პროდუქციაზე. შემოდის ბევრი მინერალური წყალი. ასევე, ღვინო, ციტრუსი და ა.შ. რუსეთიდანაც საქართველოში შედის სხვადასხვა პროდუქტები. 2023 წელს რუსეთში რეკორდული რაოდენობის ქართული ღვინო გაიყიდა, გაყიდვებში პირველ ადგილზე გავიდა. ამას კონკურენტების მხრიდან მოჰყვა გარკვეული მცდელობები, რომ ქართული ღვინისთვის ჩირქი მოეცხოთ. ქართულმა დიასპორამ თავის პარტნიორებთან ერთად, ძალიან დიდი როლი შეასრულა, რომ ქართული ღვინოს შემოტანა დარჩენილიყო იმ პირობებით, რა პირობებითაც აქამდე სარგებლობდა რუსულ ბაზარზე.
– ქართული ღვინის ხარისხს დღესაც უტევენ?
– კი, არის ეგ თემა. ალბათ, იმიტომ, რომ ქართველი მეწარმე კონკურენტუნარიანია. ის კონკურენციას უწევს მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ ღვინოს. ადგილობრივ მეწარმეებსაც აწუხებთ ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობა. რუსეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციას ხელს უწყობს ტურიზმიც. თუნდაც ისიც, რომ ქართული რესტორნები ყოველდღიურად მატულობს რუსეთში.
– 2023 წლის ბოლოს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. როგორ შეაფასეს ეს ფაქტი რუსეთში?
-ძალიან მშვიდი რეაქცია მოჰყვა ამას რუსეთის მხრიდან. რაც შეეხება დიასპორას, ჩვენ ვცდილობთ, არ ვიყოთ პოლიტიზებულები, ამ საკითხს ვანდობთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, თუ რა გზით უნდა იაროს საქართველომ. თუმცა, ჩემი პოზიციიდან გავაკეთებ კომენტარს, რომ ის ევროპა რომელიც დღეს არის და რომელიც იყო 25 წლის წინ, როდესაც აწ გარდაცვლილმა პრემიერმა ზურაბ ჟვანიამ თქვა ის ცნობილი სიტყვები, – “მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი!” – ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. იმის მერე ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ვხედავთ, როგორ იცლება ევროპა. ვიცით რა მიგრაციული პრობლემებია ევროპის ქვეყნებში სირიიდან, ერაყიდან, ლიბიიდან. ეს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნების ეროვნულობას, კულტურას, ტრადიციებს. ვფიქრობ, რომ მიგრაცია საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამ ფონზე არ შეიძლება ეთნიკურ ქართველებს უარი უთხრა საქართველოს მოქალაქეობაზე. დაბალია შობადობა საქართველოში. ევროინტეგრაცია ამ პროცესს კიდევ უფრო დაამძიმებს. პოლიტიკურ საკითხს, რაც შეეხება, ჩვენ ვნახეთ, როგორ დაეხმარა ევროპა და მთლიანად დასავლეთი უკრაინას. საქართველოს დღეს მაქსიმალურად სჭირდება პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს მთავრობა არ აწარმოებს ისტერიკულ პოლიტიკას. თუმცა ამას ვერ ვიტყვით პოლიტიკურ სპექტრზე, მესამე სექტორზე, რომლებიც აქტიურები არიან ანტირუსულ რიტორიკაში.
– საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, როგორ შეაფასეს რუსეთის პოლიტიკურ წრეებში?
– ნებისმიერი საღი ნაბიჯი, რომელიც არ არის დაკავშირებული ანტირუსულ პროპაგანდასთან და შეკვეთილ პოლიტიკასთან რუსეთის წინააღმდეგ, აღიქმება ძალიან ადეკვატურად. მე არ მომისმენია, რომ საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა აქ უარყოფითად შეეფასებინათ. პირიქით, საქართველომ, როგორც თანამედროვე, განვითარებისკენ მიმავალმა სახელმწიფომ, უნდა მიაღწიოს მაქსიმალურ პარტნიორობას მსოფლიოს დიდ ქვეყნებთან. ამაზე არანაირი ნეგატიური გამოხმაურება რუსეთში არ ყოფილა. მგონი უფრო დასავლეთიდან მოჰყვა ამას ნეგატიური გამოხმაურებები. დამოუკიდებელი საქართველო უნდა იყოს ძლიერი თავის სტრატეგიაში და არჩევანში. წლების განმავლობაში დავრწმუნდი იმაში, რომ რუსეთს სურს საქართველოს მთავრობა იყოს დამოუკიდებელი არჩევანის მქონე. ნებისმიერი დაფინანსებული და ისტერიკული პოლიტიკა, რაც წარსულში ახასიათებდათ საქართველოს პირველ პირებს, არაფერს კარგს არ მოგვიტანს.
ესაუბრა გიორგი ქართველი