საქართველოს პარლამენტის ბიურომ 20 თებერვალს დაარეგისტრირა საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ჯგუფის – “ხალხის ძალის” მიერ ინიციირებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი, რომლის თანახმად, ყველა, ვინც “უცხოური გავლენის აგენტად” მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
დოკუმენტის მიხედვით, “უცხოური გავლენის აგენტებად” მოიაზრებიან: ყველა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი “უცხოური ძალაა”. თუმცა, არა – სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები; ტელევიზიები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი “უცხოური ძალაა”.
“ხალხის ძალის” ლიდერების ინიციატივამ პირველივე წუთებიდან ვნებათაღელვა გამოიწვია. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიიდან თუ არასამთავრობო სექტორის მხრიდან გაისმა შეფასებები, რომ ეს კანონი ანტიევროპული, სახიფათო და დისკრიმინაციულია. ასე მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა” მიიჩნევს, რომ “ხალხის ძალის” კანონპროექტი ხელისუფლების მიერ არის ნაკარნახევი და მათი მიზანია, ევროკავშირთან დაახლოების პროცესი შეაყოვნონ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე განაცხადი შეიტანა და ევროსტრუქტურებთან დაახლოების სურვილი ღიად გამოხატა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მთელ რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციურად განწყობილ მედიასაშუალებებს მოსვენებას უკარგავს. ისინი ცდილობენ საქართველოს მოსახლეობა დაარწმუნონ იმაში, რომ ქვეყნის ხელისუფლება ღალატობს თავისივე განაცხადს, რომ ეს არის რუსული კანონის მიღების მცდელობა, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.
“თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთწლიანი პროცესის განმავლობაში გადადგმული ინტეგრაციის საწინააღმდეგო ნაბიჯებიდან, ამ კანონპროექტის მიღება იქნება მმართველი პარტიის ანტი-ევროკავშირული და იზოლაციონისტური პოლიტიკის ყველაზე კაშკაშა დასტური”, – აღნიშნულია “სამოქალაქო იდეის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები პარალელს ავლებენ 2020 წელს, უნგრეთში მიღებულ მსგავს კანონთან და არგუმენტად მოჰყავთ უნგრული კანონის მიმართ ევროკავშირის სასამართლოს შეფასება, რომ კანონი ევროკავშირის კანონებსა და აქტებს ეწინააღმდეგება.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მიმართ უარყოფითად არიან განწყობილნი 2020 წელს შექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაცია “მწვანეები”. მათი აზრით, მმართველი ძალის მიზანია დაუცველად დარჩნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები, მეცნიერები, მშრომელები და ახალგაზრდები; დახმარება არ გაეწიოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, დევნილ, უსახლკარო, თავისუფლებაშეზღუდულ და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ სხვა ადამიანებს; არ გაშუქდეს მაღალმთიან და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს.
“ეს კანონპროექტი არის პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვსწავლობთ და ვასაჯაროებთ. რუსეთში ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ ბევრმა ორგანიზაციამ უარი თქვა მის აღსრულებაზე და დაიხურა. ვინც განაგრძო ფუნქციონირება, მზარდი კონტროლის, შევიწროებისა და რეპრესიების მსხვერპლი გახდა. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი, რისთვისაც ათწლეულებია ვიბრძვით”, – აცხადებენ ახალშექმნილი ორგანიზაციის ახალგაზრდა ლიდერები.
მათივე შეფასებით, ამ კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე – ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე.
პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას თქმით, 1995 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოეთიდან საკმაოდ მსუყედ ფინანსდება. მარტო აშშ-დან საშუალოდ წელიწადში 30-40 მილიონი, ხოლო ევროპიდან 10-15 მილიონი აშშ დოლარი შემოდის. 28 წლის განმავლობაში, ამ საქმისთვის მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა, რაც საქართველოს პირობაზე დიდძალი თანხაა.
გოგავას თქმით, ამ ძალისხმევის შედეგი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარება უნდა ყოფილიყო, თუმცა რეალურად სამოქალაქო საზოგადოების განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი გახდა. თუ თავიდან საკმაოდ ბევრი იყო გრანტის მიმღები ორგანიზაციები, 2000-იანი წლებიდან დაახლოებით 40-მდე ერთი და იგივე ორგანიზაციის რეგულარულ დაფინანსებამდე დავიდა და სტაბილური ხასიათი მიიღო, გრანტების მიმღები სუბიექტების მცირეოდენი როტაციით.
არავინ დავობს იმაზე, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სამოქალაქო სექტორის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ის აუცილებელია სახელისუფლებო და პოლიტიკური სტრუქტურების კონტროლისთვის, ასევე იმ პრობლემების საჯაროდ გამოსატანად, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს. მეორე საკითხია, რამდენად შეესაბამება უცხო ქვეყნის ინტერესებს საქართველოში სამოქალაქო სექტორის ისე და იმგვარად განვითარება, რომ წინააღმდეგობაში არ მოვიდეს ქართულ ღირებულებებთან, ჩვენი საზოგადოების მსოფლმხედველობასთან?
საიდუმლო არ არის, რომ ქვეყანაში შემომავალი თანხების უდიდესი ნაწილი უცხო ქვეყნების მთავრობების ფულია, მათ კი, საკუთარი ინტერესები აქვთ, რომლებიც ხშირად, შესაძლოა, საქართველოს ინტერესებს საერთოდ არ ემთხვეოდეს. ნებისმიერ ფულს მოჰყვება ვალდებულებები და აქვს კონკრეტული მიზანი.
ირაკლი გოგავას თქმით, ძლიერი ქვეყნები მუდამ ცდილობენ, სხვა ქვეყნებში მოაწყონ ისეთი სისტემა, რომ ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებებზე მოახდინონ გავლენა თავისი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. ამ მიზნით ისინი გრანტებს გასცემენ მედიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე. სემინარებსა და კონფერენციებზე იდეოლოგიურად ამზადებენ ამ სტრუქტურების კადრებს. საბოლოოდ, ეს ადამიანები გაუცნობიერებლად თუ ცნობიერად ემსახურებიან სხვა სახელმწიფოს ინტერესებს. მათი მოტივაცია პირველ რიგში კარგი ხელფასია, თანაც ბევრი იდეოლოგიურად დამუშავებულია.
თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი 800-900 ლარია, ხოლო არასამთავრობო სექტორში 3000-4000 ლარი ან მეტი აქვთ ხელფასები, ძნელი გამოსაცნობი არ იქნება იმ აჟიოტაჟის მთავარი საფუძველი, რაც აღნიშნული კანონის მიმართ აქვთ ატეხილი არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილს. ამ ხალხს ჰქვია არასამთავრობო სექტორი, მაგრამ რეალურად სხვა სახელმწიფოების სამთავრობო ფულით არიან დაქირავებულნი.
როგორც ირაკლი გოგავა ამბობს, ყოველწლიურად, გრანტების სახით შემოსული 40 მილიონი აშშ. დოლარიდან მინიმუმ 1500 ადამიანი იღებს გასამრჯელოს.
მისივე თქმით, დღეისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების სტაბილური კასტა მივიღეთ, რომელსაც ტერმინიც კი მოუფიქრეს: „ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები“, რათა სხვა არასამთავრობო ჯგუფებისგან გამოარჩიონ. მათთვის კარი ღიაა იმ მედია საშუალებებში, რომლებიც, ასევე, უცხო ქვეყნის სამთავრობო ფულით ფინანსდება გრანტების სახით. მაღალი რანგის უცხოელი ოფიციალური პირების სტუმრობისას მხოლოდ მათ ახვედრებენ, როგორც საზოგადოების წარმომადგენლებს. საბოლოოდ, ჩამოყალიბდა ერთგვარი კარტელი, რომელმაც ქვეყანაში სამოქალაქო სექტორი რეალურად ჩაკლა. ამ კარტელის სტრუქტურების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა მინიმალურია. თავისი საქმიანობის მცირე ნაწილს მართლაც უთმობენ სამოქალაქო კონტროლის ფუნქციებს, თუმცა უმთავრესად, კონკრეტული იდეოლოგიის გავრცელებით არიან დაკავებულნი და სპონსორის მითითებით ორგანიზებულად თავს ესხმიან, რომელიმე პოლიტიკოსს ან წამოწევენ, რომელიმე თემას, რაც ხელისუფლებისგან სპონსორებისთვის საინტერესო გადაწყვეტილების მიღებას უკავშირდება.
“ისინი არასდროს ან თითქმის არასდროს არ ეხებიან ჩვენთვის მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობის თემებს, როგორიც არის დემოგრაფიული კატასტროფა, შობადობის კლება, უმუშევრობა, ბანკების სავახშო მოღვაწეობა, სურსათის უსაფრთხოება, საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო, სტანდარტების თემა, სოფლის განვითარება, უზარმაზარი ემიგრაცია, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა…”, – აცხადებს ირაკლი გოგავა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, პოლიტოლოგი საჭიროდ მიიჩნევს, საზოგადოებამ იცოდეს საიდან ფინანსდებიან სამოქალაქო სექტორი და მედია. მისივე აზრით, მსგავსი კანონი რელიგიურ ორგანიზაციებზეც უნდა გავრცელდეს ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.
პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა, საქართველოს ხელისუფლებას საუკეთესო გამოსავლის სახით არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახალხო დაფინანსების შემოღებას, ე.წ. პოლონურ მოდელს სთავაზობს. მისივე განმარტებით, პოლონეთის მოქალაქეს უფლება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი არასამთავრობო ორგანიზაცია და საშემოსავლო გადასახადიდან ამ კონკრეტულ არასამთავრობოს გადაურიცხოს 1%. თუ არ სურს არჩევა, ეს 1% ბიუჯეტს მაინც მიაქვს.
“ამ მოდელმა პოლონეთში დიდი ეფექტი გამოიღო და უცხოეთიდან დაფინანსებული ჯგუფები თითქმის არ ჩანან აქტიური ადგილობრივი ორგანიზაციების ფონზე. საქართველოში საშემოსავლო გადასახადით 5 მილიარდი ლარი იკრიბება ყოველწლიურად, ამ თანხის 1% 50 მილიონ ლარს შეადგენს. ეს სავსებით საკმარისი თანხაა პირველ ეტაპზე, რომ რეალურად საჭირო ორგანიზაციები განვითარდნენ: დემოგრაფიული კავშირი, ტყის გადარჩენის ალიანსი, სასურსათო უსაფრთხოება, ეკოლოგია, კორუფციის კონტროლი და ა.შ”, – აცხადებს ირაკლი გოგავა.
მან “ხალხის ძალას” ურჩევს, იმსჯელონ “პოლონური მოდელის” და სოციალური ქსელების სუვერენული კანონმდებლობის ინიციირებაზე.
“ქართული ოცნების” დეპუტატები “ხალხის ძალის” კანონპროექტს მხარდაჭერას ჰპირდებიან, თუმცა იქვე დასძენენ, რომ ის “ამერიკულ ანალოგზე უფრო რბილია” და ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.
“ამ კანონის გარშემო ჯერ პოზიციაც არ გვაქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ რაც შეეხება შედარებას, “ხალხის ძალის” მიერ ინიციირებული კანონი ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მისი ამერიკული ვარიანტი”, – ამბობს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
გაცილებით მკაცრი კანონის ხილვა სურს პარლამენტის დეპუტატს “ევროპელი სოციალისტებიდან” ფრიდონ ინჯიას. მისი აზრით, “რბილი კანონით” სახელმწიფო ინტერესები ბოლომდე ვერ იქნება დაცული.
“კვლავ მიდის კოჰაბიტაცია, რას ვეფერებით?! თუ სახელმწიფოს ინტერესებია, ბოლომდე უნდა იქნეს მიყვანილი. ნახევრად გაკეთებული საქმე არაფრად ვარგა. საკმარისია 30 წლის განმავლობაში ეს ორგანიზაციები რასაც აკეთებდნენ, ლამის მინისტრებს ნიშნავდნენ, სახალხო დამცველს და სხვა…”, – განაცხადა ინჯიამ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ამერიკელი სენატორი დიკ დურბინიც გამოეხმაურა. ამ საკითხზე მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა. ამერიკელმა სენატორმა მსგავსი კანონის აშშ-ში არსებობა დაადასტურა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას ურჩია, ასეთმა კანონმა ვითარება იქითკენ არ წაიყვანოს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქმიანობა შეწყვიტონ.
შ. ქარჩავა