ალ. გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრის 170 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველომ პირველად უმასპინძლა უცხოეთში მოღვაწე რუსული თეატრების კონგრესს. ოქტომბრის მიწურულს ჩვენი ქვეყნის ღირშესანიშნაობები და ისტორიული ადგილები, მსოფლიოს 26 ქვეყნის თეატრების ხელმძღვანელებმა მოინახულეს. თეატრმცოდნეები ჩამოვიდნენ აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. ღონისძიების საპატიო სტუმარი იყო თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი.
მთელი მსოფლიოდან თბილისში შეკრებილმა რუსული თეატრების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აწუხებთ რუსულ თეატრებს. საქართველო-რუსეთს შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობების ფონზე საინტერესოა პირველწყაროდან მოვისმინოთ, რა პრობლემები აქვს რუსულ თეატრს საქართველოში?
Dalma News-ი გრიბოედოვის თეატრის დირექტორ ნიკოლაი სვენტიცკის ესაუბრა: “ვინმე თუ იტყვის, რომ რუსულ თეატრს საქართველოში პრობლემები აქვს, ჩემი პასუხი ამაზე იქნება, რომ 170 წელია საქართველოს მიწაზე არსებობს რუსული თეატრი, ეს მეტყველებს იმაზე, რომ პრობლემები არ არის. ჩვენ ყოველთვის ვიდექით და დავდგებით იქ, სადაც ქართველი ხალხია”, – განაცხადა მან.
გრიბოედოვის თეატრის ხელმძღვანელი ქართველი მაყურებლის წინაშე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს. მათი მიზანია, ქართული მეხსიერებიდან არ ამოიშალოს რუსული სიტყვა და დავიწყებას არ მიეცეს რუსული კლასიკური დრამატურგია. სვენტიცკის აზრით, ეს უნდა იყოს თვით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საზრუნავიც, რომ რუსულ თეატრებს ფინანსურად დაეხმაროს.
“ჩვენი თეატრი საქართველოს ერთიან თეატრალურ სივრცეში შედის. ჩვენი მიზანია, ტიტულოვან ქართველ ერს რუსული სიტყვა მოვასმენინოთ, რუსული კლასიკური დრამატურგია წარვუდგინოთ. ამიტომაც წარმატებით ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და ვიმედოვნებ, რომ კვლავაც ვიცხოვრებთ”, – გვითხრა თეატრის დირექტორმა.
კონგერესის ტრადიციის დამკვიდრებას რაც შეეხება, სვენტიცკი იმედოვნებს, რომ კონგრესი, რომელსაც თბილისი პირველად მასპინძლობს, მომავალშიც გაგრძელდება.
“მთავარია, რომ ამ ადამიანებმა გაიცნონ საქართველო. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ შეუყვარდეთ აქაურობა. ვიღაც ნამყოფია საქართველოში, ვიღაც პირველად ჩამოვიდა, კონკრესის პირველმა დღეებმა ჩაირია და ისინი თანდათან იწყებენ ჩვენი ქვეყნის შეყვარებას. იმიტომ, რომ საქართველო მართლაც არის თეატრის ქვეყანა”, – აცხადებს ნიკოლაი სვენტიცკი.
ხსოვნის საღამო – მოგონებები მაესტროზე
თბილისს უყვარს ხელოვანები, ღვაწლმოსილი ადამიანები, ამ ქალაქში კეთილი ისტორიები უკვალოდ არ ქრება. ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, ქუჩები, შენობები, რომლებიც წარსულზე გვიამბობენ. თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში არსებობს ტოვსტონოგოვის ქუჩა, რომელიც დავით აღმაშენებლის გამზირს უერთდება. შესაძლოა თანამედროვე ახალგაზდებმა არც კი იცოდნენ, ვისი სახელობისაა ეს პატარა ქუჩა, სადაც ძველი თბილისის სუნთქვა ჯერ კიდევ იგრძნობა და სადაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გაუტარებია თბილისის საპატიო მოქალაქეს, საქართველოს კულტურის დამსახურებულ მოღვაწეს, XX საუკუნის უდიდეს რეჟისორს, დედით ქართველ გიორგი (გოგი) ტოვსტონოგოვს.
წელს მისი დაბადებიდან 100 წელი შესრულდა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რუსული თეატრების კონგრესის ფარგლებში, თბილისის ალ.გრიბოედოვის სახელობის თეატრის მცირე დარბაზში გაიმარათა მრგვალი მაგიდა, „გიორგი ტოვსტონოგოვი – მოგონებები მაესტროზე“.
ქართველმა რეჟისორებმა სანდრო მრევლიშვილმა და თემურ ჩხეიძემ მაესტრო გაიხსენეს. მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდა მსახიობი ოლეგ ბასილაშვილიც, რომელმაც ტოვსტონოგოვთან თეატრში 30 წელი გაატარა და მოსაგონარიც ნამდვილად ბევრი ექნება, მაგრამ ცნობილმა მსახიობმა ქართველი კოლეგებისა და თბილისის მოფერება ამჯობინა.
“მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ჩემი წინაპრების სამშობლოში, ჩემს სამშობლოში, რომ თბილისში განისვენებს ჩემი ბაბუის ძვლები. მოხარული ვარ, რომ, როგორც იქნა ვნახე ჩემი უსაყვარლესი და შესანიშნავი რეჟისორი თემურ ჩხეიძე, რომლის გარეშეც თეატრში უინტერესოა”, – განაცხადა ოლეგ ბასილაშვილმა.
თანამედროვე თეატრალურ ტენდენციებზე საუბრისას მსახიობმა განაცხადა, რომ პოსტმოდერნიზმი თეატრში – საშინელებაა, მითუმეტეს, როდესაც ამ სიტყვას ამოფარებულია უნიჭობა და არაპროფესიონალიზმი.
“ჩვენს თეატრს მძიმე სენი სჭირს. წარსულში დარჩნენ რეჟისორები, რომლებიც ცდილობდნენ სცენაზე სულიერება ეპოვნათ, რომ ადამიანის შესახებ მოეთხროთ და მაყურებელი კროსვორდებსა და რებუსებში არ გაეხვიათ. თანამედროვე რეჟისორები თითქმის აღარ კითხულობენ პიესებს, ეს აღარ არის მოდური. დღეს რეჟისორები დგამენ საკუთარ თავს და არა ნაწარმოებს. საჭიროა ისეთი სპექტაკლის გატანა გასტროლებზე, რომელიც დაგვანახებს, თუ როგორია ადამიანი”, – განაცხადა ბასილაშვილმა.
ღიად რჩება საკითხი, თუ სად დაიბადა გიორგი ტოვსტონოგოვი? თავად უამრავ დოკუმენტებში წერდა, რომ დაიბადა ტიფლისში. რეჟისორის მშობლები საქართველოში 1919 წლის ბოლშევიკურ რევოლუციას გამოექცნენ. იმ ხანებში ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ყალიბდებოდა. სწორედ აქ შეიყვარა გიორგი ტოვსტონოგოვმა თეატრალური სამყარო და უკვე 15 წლის ასაკში იცოდა საკუთარი ადგილი ცხოვრებაში.
აი რას ჰყვება მისი ყოფილი სტუდენტი, ქართველი რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი: “გიორგი ტოვსტონოგოვზე საუბარი ძალიან ადვილი და ძალიან რთულია. მე, როგორც მისი პირველი გამოშვების სტუდენტი, ვცდილობდი მეტ-ნაკლებად მისი რელიგიისა და სწავლების ერთგული ვყოფილიყავი. თუ რამე სჭირდება დღეს თეატრს, არა მხოლოდ რუსულს, ან ქართულს, არამედ საერთოდ, – ტოვსტონოგოვი, ტოვსტონოგოვისეული სწავლება. მასობრივ კულტურაში ჩვენ ვკარგავთ უმთავრესს – პროფესიონალიზმს. ალბათ, დროა დავფიქრდეთ, სად არის პროფესიონალიზმი, რომლის ერთგული იყო მთელი თავისი ცხოვრება გიორგი ტოვსტონოგოვი”, – განაცხადა მრევლიშვილმა და თეატრში შეკრებილ საზოგადოებას წაუკითხა 1974 წლის 17 სექტემბრით დათარიღებული წერილი, რომელიც დიდმა მაესტრომ მას მისწერა.
1974 წელს თბილისში, საბჭოთა კავშირში პირველი ახალგაზრდული სახელმწიფო თეატრი გაიხსნა და უკვე 40 წელია არსებობს. წერილში ტოვსტონოგოვი ყოფილ სტუდენტს ულოცავს თეატრის გახსნას, მაგრამ იმავდროულად საყვედურობს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი შემთხვევით შეიტყო უცხო სტუდენტისგან, რომელმაც მასთან მიირბინა და მიულოცა, რომ მისმა მოწაფე სანდრო მრევლიშვილმა თბილისში გახსნა თეატრი.
“თეატრის შექმნა რთულია, მაგრამ კიდევ უფრო ძნელი მისი გაზრდა და აღზრდაა, რადგან ეს დიდ და უსაზღვრო ნებისყოფას საჭიროებს. არ დაგავიწყდეთ ერთ-ერთი უმთავრესი მცნება – თეატრს ჰქმნიან ადამიანები”, – წერს ტოვსტონოგოვი მრევლიშვილს.
ქართველ რეჟისორ თემურ ჩხეიძეს გული წყდება, რომ 22 წელი თანამშრომლობდა ტოვსტონოგოვის სახელობის დრამატულ თეატრთან, მაგრამ მისი არც ერთი სპექტაკლი არ უნახავს თავად მაესტროს. “არ გამიმართლა. როდესაც პეტერბურგში რეპეტიციებზე ჩავედი, ტოვსტონოგოვი უკვე ცოცხალი აღარ იყო”, – აცხადებს თემურ ჩხეიძე.
ტოვსტონოგოვი კარგად იცნობდა (იმ ხანებში ახალგაზრდა) რეჟისორის მშობლებს. ცნობილი ქართველი მსახიობი მედეა ჩახავა მისი მოსწავლე იყო.
“დედაჩემი იყო მისი მოსწავლე პირველი კურსიდან ბოლომდე, პირველი რეპეტიციიდან უკანაკსნელ რეპეტიციამდე. ის მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი მოსწავლე იყო, მან იცოდა, რომ მე ვიყავი მედეას შვილი. როდესაც პირველად მიმიწვია თავისთან თეატრში, ძალიან მძიმედ გავხდი ავად, 3 თვე საავადმყოფოში გავატარე. მეორედ უკვე 1986 წელს დამიძახა. წარმოიდგინეთ ახალგაზრდა რეჟისორის განცდები, რომელსაც ტოვსტონოგოვი იწვევს. მან მითხრა, რომ სურდა დამედგა შილერის “მზაკვრობა და სიყვარული”.
– წაგიკითხავთ? – მკითხა.
– რა თქმა უნდა წამიკითხავს.- ვუპასუხე.
-კიდევ გადაიკითხეთო.
გადავიკითხე. ჩამოვედი თბილისში და ისევ ავად გავხდი, ამჯერად უფრო სერიოზულად იყო საქმე. ნახევარი წელი ვიავადმყოფე”, – ასე და ამგვარად, ტოვსტონოგოვთან მუშაობა თემურ ჩხეიძისთვის აუხდენელ ოცნებად დარჩა, მაგრამ ამბობს, რომ მსახიობები, რომლებსაც ტოვსტონოგოვთან უმუშავიათ, არასდროს არავიში შეეშლებათ. მათთან ძალიან იოლია მუშაობა, იმიტომ, რომ ნებისმიერ ასაკში მუდმივ ძიებაში არიან. „ტოვსტონოგოვის დიდებულება იმაში მდგომარეობს, რომ მისი სული თეატრში ცოცხლობს ყველა იმ მსახიობის წყალობით, რომლებსაც მასთან უმუშავიათ”, – აცხადებს თემურ ჩხეიძე.
ქართველ რეჟისორს სურს კვლავ ჩავიდეს პეტერბურგში, ნახოს ახალი სპექტაკლები. მაგრამ, როგორც კი ახსენდება, რამდენი დრო უნდა დახარჯოს ვიზის მიღებაზე, თავს დამცირებულად გრძნობს და ფიქრობს: რა საჭიროა? არ გინდათ? ნუ გინდათ…
შორენა პაპაშვილი