საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია. ქვეყნის მოსახლეობის გადაწყვეტილებით მე-11 მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იქნება. 5%-იანი ბარიერი 5-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა, მათ შორის 2 რამდენიმე პარტიის გაერთიანებით შექმნილი საარჩევნო ბლოკია. საერთო ჯამში პარლამენტში 10-მდე პარტიაა წარმოდგენილი.

ხმების 53.93% და 89 მანდატი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ერგო. „კოალიციას ცვლილებებისთვის“, რომელიც „გირჩს“, „დროსა“ და გვარამია-მელიას „ახალს“ აერთიანებს ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე მეტი ადგილით – 19 მანდატით იქნება წარმოდგენილი; პატიმარი სააკაშვილის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისგან აღმოცენებული „სტრატეგია აღმაშენებელი“ უკანვე შეიკედლა და 16 მანდატი აიღო; მას მოსდევს ბანკირ მამუკა ხაზარაძის „ლელოსთან“ გაერთიანებული ანა დოლიძისა და ალეკო ელისაშვილის პარტიები 14 მანდატით, ხოლო „ოცნების“ ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ მე-11 მოწვევის პარლამენტში, წინასთან შედარებით, მანდატების რაოდენობა 12-მდე გაზარდა.

ზემოთ მოყვანილი ციფრები მიუღებელია ოპოზიციისთვის. ისინი „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. ამბობენ, რომ პარლამენტში არ შევლენ და ქუჩის აქციებით “მშვიდობიანად” იბრძოლებენ.

რადიკალური ოპოზიციის მშვიდობიანი ბრძოლის პირველივე მაგალითი საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა, როდესაც ცესკო-ში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს ნაციონალმა დავით კირთაძემ ერთჯერადი ჭიქით სახეში შავი საღებავი შეასხა.

 გიორგი კალანდარიშვილი

კირთაძის ამ ძალადობრივ ქმედებას მაშინვე მხარდამჭერები გამოუჩნდნენ ოპოზიციაში. ნაციონალმა გიორგი ვაშაძემ დავით კირთაძეს მადლობა გადაუხადა და საზოგადოებას ანალოგიური ქმედების გამეორებისკენ მოუწოდა.

„საზოგადოებას ვეუბნები, ყველამ ავიღოთ მელანი, ვინც სადმე გამყალბებელს ვნახავთ, შევასხათ სახეში. აი, ეს არის გეგმა. მოწოდებაა, ყველა გამყალბებელს საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს“, – განაცხადა ვაშაძემ ამ ფაქტის პარალელურად ქუჩაში გამართულ ოპოზიციის მიტინგზე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, ოპოზიცია ახლაც ამბობს, რომ პარლამენტში არ შევლენ და ამით პარლამენტი ლეგიტიმაციას ვერ მიიღებს. უფრო მეტიც, ისინი ე.წ. სახალხო პარლამენტის შექმნას აანონსებენ. ორხელისუფლებიანობის იდეამ შეაშფოთა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც აქამდე ოპოზიციის გამაერთიანებლად გვევლინებოდა. ორბელიანების სასახლეში ბრიფინგი მოიწვია, სადაც განაცხადა, რომ შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამო კარზეა მომდგარი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რასაც ის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, არ დაუშვებს.

Саломе Зурабишвили

„პოლიტიკურ არასტაბილურობას შესაძლოა, ასევე მოჰყვეს გარე დესტაბილიზაცია, როცა ქვეყანა პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობების ნაცვლად, იზოლაციას ირჩევს, რაც დღევანდელ ხელისუფლებას ახასიათებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, კრიზისიდან გამოსავლის გზა მან უკვე შესთავაზა საქართველოს პარტნიორებს, ახლა ჯერი „ქართულ ოცნებაზეა“ მიიღებს თუ არა 2-ჯერ იმპიჩმენტ გამოცხადებული პრეზიდენტისგან რაიმე რჩევას. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტად ყოფნის ვადა დღე-დღეზე ამოეწურება.

პრეზიდენტის საპასუხოდ „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „სახალხო მთავრობა“ დღეს „ქართული ოცნების“ სახითაა წარმოდგენილი, რომელიც ქვეყნის ინტერესებისა და მშვიდობის დაცვას ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველყოფს.

ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გამოცხადების შემდეგ რადიკალებმა სტრატეგია შეცვალეს და პერმანენტული აქციების ნაცვლად დედაქალაქში კარვების დადგმა გადაწყვიტეს. ლოკაცია ამჯერად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია, შედეგად, უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეფერხებულია. სტუდენტები, რომლებიც აქციას არ უერთდებიან, ლექციებს ვეღარ ესწრებიან. ახალგაზრდები თავს არიდებენ იმას, რომ მათივე თანატოლებისგან ბულინგის ობიექტი არ გახდნენ. ოპოზიციამ სამარშრუტო ტაქსებით გადაკეტა ვარაზისხევი, ხოლო მელიქიშვილის გამზირზე კარვები გაშალეს.

რადიკალების აქცია „გირჩის“ დაცინვას ვერ ასცდა.

„ოფისიდან სახლში ფეხით ვბრუნდებოდი და მიტინგიც გავიარე. გზაში, ასობით, თუ არა ათასობით სტუდენტი შემხვდა, რომელიც უნივერსიტეტიდან მეტროსკენ მიდიოდნენ. ანუ უამრავმა ადამიანმა მიტინგს ჩაუარა და არც კი გაჩერდა. პარალელურად, 5-10 პარტიული აქტივისტი დადის ეთერიდან ეთერში და სტუდენტების სახელით უშინაარსო სადღეგრძელოებს იმეორებს. ცოცხლად ხედავ, რომ შენს გვერდზე მყოფი უნივერსიტეტების სტუდენტებიც კი არ დგანან შენს აქციაზე და ამ რეალობას არ აღიარებ“, – წერს სოციალურ ქსელში “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი – ალექსანდრე რაქვიაშვილი.

მან გვარამიას მიტინგს უაზრობა უწოდა. რაქვიაშვილის აზრით, ოპოზიციის წარმომადგენლები რეალობას არ აღიარებენ, ტყუილში განაგრძობენ ცხოვრებას და არც კი უშვებენ, რომ ვინმემ ოდნავ კრიტიკული კითხვა დასვას.

სვიმონ ჯანგულაშვილი

დედაქალაქში მიმდინარე პროცესებს აფასებს დირიჟორი, საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელი სვიმონ ჯანგულაშვილიც და შექმნილ ვითარებას ბერტოლტ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრეს” ადარებს. მისი აზრით, საქართველო იმ პატარა ბავშვს ჰგავს, რომელიც, პოლიტიკოსების გამო, შუაზე იხლიჩება.

მისი აზრით, ოპოზიციური კვარტეტისთვის ევროკავშირი მხოლოდ საბაბია და საშუალება, რომ საქართველოს მეფეები გახდნენ, ქართველთა უმრავლესობის ნების, რწმენის, ღირებულებების და მენტალიტეტის საწინააღმდეგოდ, ხალხს ისევ თავზე მოასხდნენ, აწამონ, არბიონ და გამდიდრდნენ. კიდევ უფრო დაანაწევრონ საქართველო და თავიანთი ოლიგარქატი – მილიარდერი სააკაშვილის, კეზერაშვილისა და ნაყოფიას და მსგავსი ოლიგარქების მმართველობა დაამყარონ…

სვიმონ ჯანგულაშვილის შეფასებით, ევროინტეგრაცია, უვიზო რეჟიმი და ევროპასთან ყველანაირი სიახლოვე საქართველოს სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოუტანა, ხოლო ქუჩაში მდგარი ოპოზიცია კეზერაშვილისა და სააკაშვილის ფულით ნაყიდი „უსინდისო ევროპელი პოლიტიკოსების მეშვეობით“ ცდილობენ დაჩაგრონ და დააზარალონ ქართველი ერი.

„საქართველო ჰგავს ბავშვს „კავკასიური ცარცის წრიდან“… შუაზე იგლიჯება პოლიტიკოსების ბოროტების გამო… მე ვინა ვარ, მაგრამ, მაინც, შექმნის დღიდან ერთი ცუდი სიტყვა არ მითქვამს გახარიაზე, „ლელოზე“ და რაც ოპოზიციონერი გახდა – ზურაბიშვილზე. იმედი მქონდა, რომ მესამე ძალად ჩამოყალიბდებოდნენ და ნაცებს არ შეეკვრებოდნენ, სააკაშვილისა და გვარამიას მარიონეტები არ გახდებოდნენ, გაარღვევდნენ ამ 21-წლიან ჩაკეტილ წრეს…“, – აცხადებს სვიმონ ჯანგულაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში კიდევ უფრო დამძიმდება, ოპოზიცია, მას შემდეგ, რაც არ აღიარა არჩევნების შედეგები, გადავიდა საპროტესტო აქციებზე. იგი პროცესების კიდევ უფრო ესკალაციას ელოდება, კერძოდ, კიდევ იქნება ისეთი მომენტები, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ვნახეთ – გაშლილი კარვებით ქალაქის ამ უბნის ბლოკირება.

ძაბირაძის აზრით, 25 ნოემბერს იქნება პოლიტიკური დაძაბულობის პიკი, როდესაც ახალი პარლამენტი შეიკრიბება.

„25 ნოემბერს პარლამენტი მისცემს საკუთარ თავს ლეგიტიმაციას და დაიწყებს საქმიანობას, მაგრამ 25-ში, როგორც ვხვდები იქნება დაძაბულობის პიკი. არ ვიცით რას მოიმოქმედებს ოპოზიცია, რამდენად ხალხმრავალი იქნება მათი აქცია. ოპოზიცია თუ შეძლებს, რომ ასწიოს პროტესტის მუხტი, მაშინ რაღაც წარმატებები შეიძლება ჰქონდეთ, თუმცა მეეჭვება. ხელისუფლება ახლა ამ არჩევნებს, ამ ეტაპზე, არ დათმობს, პარლამენტი მაინც შეიკრიბება, იქნება კოჭლი პარლამენტი, მაგრამ ის იფუნქციონირებს“, – აცხადებს ძაბირაძე.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები არჩევნებთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარების ერთი ჯგუფი მხარს უჭერს ოპოზიციის პროტესტს და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ.

საზოგადოებას ახსოვს იმავე ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებები, რომ არჩევნების ელექტრონული სისტემა ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას 2-3%-მდე უზღუდავს, ახლა კი, იგივე ლიდერები ამბობენ, რომ „ოცნებამ“ არჩევნების 30%-იანი გაყალბება მოახერხა.

Dalma News-ის კითხვაზე – მართლა მარკერში და ფურცელშია პრობლემა და ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნები გაყალბდა, ვახტანგ ძაბირაძემ აღნიშნა, რომ მარკერით ფარულობის პრინციპი დაირღვა და ეს ფაქტია. მაგრამ, მეორე საკითხია, ფარულობის პრინციპის დარღვევამ რამდენად იქონია გავლენა არჩევნების შედეგებზე და რამდენად იმუშავა ამომრჩეველზე. როცა ამომრჩეველი ვერც კი აცნობიერებდა, რომ ფარულობის პრინციპი იყო დარღვეული და არ აქცევდა ამას ყურადღებას. საკითხს მაღალი იურიდიული სტანდარტებით თუ შევხედავთ, ეს არის დარღვევა, მაგრამ ის, თუ რამდენად იმოქმედა ამან შედეგებზე, არის სრულფასოვანი გამოძიების საგანი.

„საერთაშორისო გამოძიებას „ქართული ოცნება“ არ დათანხმდება, შიდა მოკვლევას კი ოპოზიცია არ აღიარებს. ასეთი ვითარება გვაქვს. რამდენით და როგორ გაყალბდა არჩევნები, არ ვიცი, რთული სათქმელია. ჩემი აზრით, 50%-ს ხელისუფლება ვერ აიღებდა. ჩემი ეს შეფასება ეყრდნობა იმ სოციოლოგიურ გამოკითხვებს, რომლებიც არჩევნებამდე კეთდებოდა. ოპოზიცია აკეთებდა განცხადებებს, რომ ხმის მიცემის ამ წესით არჩევნები ვერ გაყალბდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ზედმეტად თვითდაჯერებულები იყვნენ. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი პარტნიორების პოზიცია“, – ამბობს ძაბირაძე.

რაც შეეხება უნივერსიტეტის ბლოკირებას და ვარაზის ხევის გადაკეტვას, ექსპერტის აზრით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოში პირველი საპროტესტო ტალღა ყოველთვის იწყებოდა პროტესტით მოსახლეობის მხრიდან. დროთა განმავლობაში ეს პოზიციები იცვლება.

„როგორც ოპოზიცია ამბობს იქნება მათი პროტესტი სხვადასხვა ადგილას. კარგი იქნება თუ ამას წინასწარ დააანონსებს, რათა ნაკლები პრობლემა შეუქმნას მოსახლეობას. როცა იცი, რომ რომელიღაც ლოკაციაზე იქნება გზა გადაკეტილი, როგორღაც მოერგები ამ ვითარებას. მაინც რუსთაველზე იქნება ძირითადი აქცენტი გადატანილი, რადგან 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

შორენა ქარჩავა