რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ეროვნულმა კვლევითმა ინსტიტუტმა (НИИРК) პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების (გარდა ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოებისა) საკომუნიკაციო რეჟიმების ყოველწლიური მონიტორინგის 2022 წლის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც საქართველო მე-9 ადგილზეა. ის ვერ მოხვდა რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი ქვეყნებს შორის, საქართველომ და მოლდოვამ ამ რეიტინგში “შედარებით მეგობრული” ქვეყნების სტატუსი მიიღეს. მათ გარდა, 2022 წელს მეგობრული კომუნიკაციის რეჟიმების ჯგუფში შედიოდა 8, ხოლო 4 არამეგობრული ქვეყანა.
მეგობრული ქვეყნების რეიტინგში ბელარუსია ლიდერობს. ამ ქვეყანამ მაღალი ქულები მიიღო თითქმის ყველა ტიპის კომუნიკაციაში. საკავშირო სახელმწიფოს სტატუსი დადასტურებულია თანამშრომლობის ყველა სფეროში. რუსეთთან კომუნიკაციისა და დიალოგის კეთილგანწყობა განსაკუთრებით კრიტიკულ მომენტებში გამოიკვეთა – დასავლეთის ანტირუსული სანქციების, სპეციალური სამხედრო ოპერაციის, რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომისა და რუსოფობიის გაძლიერების კონტექსტში.
ზოგიერთ შედარებით მეგობრულ ქვეყანაში (საქართველოში) გაუმჯობესდა ეკონომიკური კომუნიკაციების განვითარების პირობები. ყველა ქვეყანაში გაიზარდა კონტროლი საინფორმაციო შინაარსზე, საკომუნიკაციო არხების, მათ შორის სოციალური ქსელების აქტივობებზე. რუსეთის შესახებ ინფორმაცია ცენზურას ექვემდებარება, როგორც არამეგობრულ, ასევე მეგობარ ქვეყნებში.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები, რომლებიც 2021 წელს ჯერ კიდევ საკომუნიკაციო რეჟიმების სუბიექტები იყვნენ, კარგავენ სუბიექტურობას, სულ უფრო მეტად წყვეტენ ამ რეჟიმზე ზემოქმედებას და ინტეგრირდებიან ელიტების პოლიტიკურ ინტერესთა სისტემაში. რელიგიურ ინსტიტუტებზე, რომლებიც 2021 წელს მეგობრული კომუნიკაციის არხებად რჩებოდნენ არამეგობრულ ქვეყნებშიც კი, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას განიცდიან და იძულებულნი არიან გააკეთონ პოლიტიკური არჩევანი.
ბალტიისპირეთის ქვეყნებში მოსახლეობაზე სოციალური ექსპერიმენტი გრძელდება (ასეთი ექსპერიმენტი მოლდოვაშიც დაიწყო). პოლიტიკური ზეწოლისა და სასჯელის შიშით ადამიანები იძულებულნი არიან, ფაქტობრივად, წაშალონ მეხსიერებიდან საკუთარი ცხოვრებისეული ისტორიები და წინაპრები. რუსეთთან და რუსებთან კონტაქტების შენარჩუნების ყველა შესაძლებლობა დაბლოკილია.
ამ პირობებში იზრდება “თურქული სამყაროს” გავლენა და მონოპოლიზაცია ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, რაც გავლენას ახდენს მრავალი ქვეყნის კომუნიკაციების პრიორიტეტის შეცვლაზე კულტურის, პოლიტიკის სფეროში. გამოვლინდა ცვალებადი საკომუნიკაციო რეჟიმების ჯგუფი (სომხეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი), რომლებშიც მეგობრული კომუნიკაციების განვითარების პირობები სავარაუდოდ, 2023 წელს შეიცვლება.
ცვლილების ვექტორი ასევე დამოკიდებული იქნება რუსეთის უნარზე, აირჩიოს სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიები. საჭირო იქნება ქვეყნებს შორის ურთიერთქმედების კომუნიკაციის სტრატეგიების შემუშავება, – ასეთია კვლევის დასკვნის მოკლე შინაარსი.
როგორი შეფასებები მოჰყვა რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ცენტრის რეიტინგს საქართველოში?
ანალიტიკოს არჩილ სიხარულიძისთვის მოულოდნელი არ ყოფილა საქართველოს ნაკლებად მეგობრული ქვეყნების კატეგორიაში მოხვედრა. მიზეზი შემდეგშია – საქართველოს პოლიტიკური ელიტები მსოფლიოს ორ ნაწილად ყოფენ, ერთ მხარს ცივილიზებული სამყარო – დასავლეთი და მისი მეგობრები, ხოლო მეორე მხარეს მხოლოდ რუსეთი. თუმცა რეალობა ბევრად უფრო რთული და მწარეა, რაზედაც აღნიშნული სტატისტიკაც მიუთითებს.
არჩილ სიხარულიძის თქმით, მცდარია წარმოდგენა, თითქოს რუსეთი მარტოა, მას ჰყავს არაერთი მეგობრულად განწყობილი სახელმწიფო, შესაძლოა, ეს ქვეყნები იმ წონის არ არიან, როგორც დიდი ბრიტანეთი ან საფრანგეთი, მაგრამ მათ თავიანთ რეგიონში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. მეორე, რაც ამავე რეიტინგით კიდევ ერთხელ მტკიცდება არის ის, რომ საქართველო მეგობრული სახელმწიფოა, მაგრამ არა პრორუსული იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის არ არის მეგობრული პოლიტიკა.
“თუ რუს ტურისტს სტუმართმოყვრულად დახვდები, ეს არ ნიშნავს რომ პრორუსული ქვეყანა ხარ, ეს არის მინიმალური პატივისცემა ადამიანის მიმართ და არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომელიც ქვეყნიდან არის იგი. ეს სრულიად ბუნებრივია, ეს ჩვენი კულტურის ერთ-ერთი ნაწილია”, – განუცხადა Dalma News-ს არჩილ სიხარულიძემ.
მისივე თქმით, საქართველოში რუსეთის მიმართ დამოკიდებულების საკითხში საზოგადოება გაყოფილია, ახალგაზრდა თაობა გაიზარდა იმ რიტორიკაზე, რომ რუსეთისგან არაფერ სიკეთეს არ უნდა ველოდეთ, უფროსი ასაკის მოსახლეობა კი, ბევრად უფრო დადებითად არის განწყობილი რუსეთის მიმართ იმიტომ, რომ მათ განსხვავებული გამოცდილება აქვთ.
“საერთო ჯამში, ასე თუ ისე, საქართველოში რუსების მიმართ დამოკიდებულება ბევრად უფრო დადებითია, ვიდრე თურქების, არაბების, ჩინელების მიმართ და მეტსაც გეტყვით, თვით ამერიკელების მიმართაც. რაც არ უნდა ვატრიალოთ ეს თემა, ჩვენ მენტალიტეტით ძალიან ბევრ რამეში ვგავართ რუსეთს. მაგალითად, მიდგომებით, აზროვნებით, პოლიტიკური სისტემით – ჩვენ გვყავს ბელადები. ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენ 250 წელია რუსეთთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობები და მხოლოდ ბოლო 30 წელია გავიგეთ, რა არის ამერიკა”, – აცხადებს არჩილ სიხარულიძე.
მისივე თქმით, არსებობდა სამეცნიერო-კულტურული ურთიერთობები, საქართველოდან თაობები მიდიოდნენ რუსეთში უმაღლესი განათლების მისაღებად. ამიტომ ეს არის სრულიად ბუნებრივი შედეგი.
ანალიტიკოსის თქმით, ამიტომ არის, რომ რუსეთში დღემდე კარგად იყიდება ქართული ღვინო და “ბორჯომი”, იმიტომ, რომ მიჩვეულია რუსეთის მომხმარებელი ქართულ პროდუქციას, დასავლეთში კი ქართული პროდუქციისთვის მაღალია კონკურენცია. ამიტომ, საქართველოს ყველას ხელისუფლების მცდელობა, რომ ქართული ღვინო დასავლეთში გაეყიდათ და რუსეთზე დამოკიდებულნი არ ყოფილიყვნენ, ჩავარდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ევრაზიის ინსტიტუტის” დამფუძნებელ გულბაათ რცხილაძის შეფასებით, აღნიშნული კვლევა იძლევა საშუალებას, რომ ადამიანმა, საორიენტაციოდ, შეხედოს დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ, თუ როგორია ის ამა თუ იმ ქვეყანაში, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტების, ისე პოლიტიკური სპექტრის მხრიდან.
მისივე თქმით, მსგავსი კვლევები პირობითია. პრაქტიკაში ბევრი დათქმა შეიძლება იყოს კონკრეტული ვითარების მიმართ, მაგრამ ამას მაინც აქვს ასე თუ ისე გამოყენებითი ხასიათი, რომ იხელმძღვანელონ თუნდაც სახელმწიფო სტრუქტურებმა რუსეთში, იმის მიხედვით, თუ რამდენად შეიძლება მოცემულ ქვეყანასთან – საქართველოსთან განავითარონ ურთიერთობები, იმავე სავიზო რეჟიმის შერბილების ან გაუქმების თვალსაზრისით და სხვა.
Dalma News-ის კითხვაზე, ქართული მედია, რამდენად ქმნის საინფორმაციო ველს, რომ ქართული საზოგადოება კეთილგანწყობილი იყოს რუსეთის მიმართ, გულბაათ რცხილაძე განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში შეფასება კეთდება საერთო ნიშნულის გამოყვანით.
“დიდი კვლევა არ სჭირდება იმას, რომ ქართული მედიის 99% არის რადიკალურად და ვულგარულად ანტირუსული. ამას გარკვეულწილად ანეიტრალებს მოსახლეობის კეთილი დამოკიდებულება ყოფით დონეზე რუსი ადამიანების მიმართ. თორემ ცალკე მედიას თუ ავიღებთ კრიტერიუმად, მაშინ საქართველო ამ რეიტინგში იქნებოდა არამეგობრული ქვეყნების სიაში პირველ ადგილზე. შეიძლება თვით უკრაინისთვისაც გაგვესწრო”, – განაცხადა გულბაათ რცხილაძემ.
იმ ფონზე, როცა საქართველოსა და რუსეთს შორის კულტურული ურთიერთობებიც აღარ არსებობს, საზოგადოების ამ სფეროში ჩატარებული კვლევა, მაინც ნეიტრალურ ციფრებს მოგვცემს, არც მინუსებს, არც პლუსებს.
რაც შეეხება ეკონომიკას, გულბაათ რცხილაძის აზრით, რუსეთსა და საქართველოს შორი ეკონომიკური ურთიერთობები უფრო ქაოსურია, ვიდრე გააზრებული, წინასწარ გათვლებზე აგებული, კერძო სექტორი, ფაქტობრივად, ნებაზეა მიშვებული.
“რაღაც გათვლები ხომ უნდა იყოს, თუ ორ ქვეყანას შორის, რაზეა აგებული სავაჭრო ურთიერთობები? ეს პროგნოზები საჭიროა, სხვანაირად არ ფუნქციონირებს ეკონომიკა. რუსეთსა და საქართველოს შორის არ არსებობს რომელიმე საფინანსო ბანკი, რომელიც დაარეგულირებდა ამ სავაჭრო ურთიერთობებს, რომ ნდობა ჰქონდეს ბიზნესს ბანკის, ყველაფერი მიმდინარეობს პირველყოფილ დონეზე, როგორც იყო 90-იან წლებში. სანქციების პირობებშიც კი, შესაძლებელია, არსებობდეს ისეთი ფინანსური ინსტიტუტები, რომელიც საერთოდ არ იქნება დამოკიდებული გარე სამყაროზე და ის ორ ან რამდენიმე ქვეყანას შორის იმუშავებს”, – აცხადებს გულბაათ რცხილაძე.
მისივე თქმით, რუსეთის მიმართ ქართულ საზოგადოებაში არსებული პოზიტიური განწყობა არ არის იმ მასშტაბის, რომ ის პოლიტიკურ სიბრტყეში გადავიდეს. მეორე მხრივ, თბილისს უწევს დასავლური კრიტიკის ატანა იმ მიზეზით, რომ საქართველო არ არის მიერთებული რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა ეკონომიკურ სანქციას, რაც სულაც არ მოსწონს დასავლეთს.
“ანტიქართულ ელემენტებს უნდათ, რომ საქართველო დაპირისპირებული იყოს რუსეთთან, რუსეთთან დაპირისპირება კი პირველ რიგში აზარალებს საქართველოს”, – აცხადებს “ევრაზიის ინსტიტუტის” დამფუძნებელი.
გულბაათ რცხილაძის თქმით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ყველაფერი მიდის თვითდინებით, სახეზეა მხოლოდ ტაქტიკური გადახვევ-გადმოხვევები. ორ ქვეყანას შორის არ არსებობს არანაირი სტრატეგია, არც თბილისის და არც მოსკოვის მხრიდან.
შ. ქარჩავა