წინასაარჩევნოდ საქართველოს ხელისუფლებამ გაააქტიურა საუბრები ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ. მეტიც, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს საქართველოში ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. სწორედ ამ თემას მიეძღვნა ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“ ინიციატივით, თბილისში, სასტუმრო Swissotel-ში 26 ივლისს გამართული მრგვალი მაგიდა სახელწოდებით – “ლგბტ იდეოლოგიის აკრძალვის გამოცდილება რუსეთში”. მოწვეულმა სტუმრება პრობლემის აქტუალობასა და საქართველოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
შეხვედრა გახსნა „ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ, რომელმაც ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის რუსულ გამოცდილებაზე ისაუბრა. მრგვალ მაგიდას ინტერნეტის საშუალებით, ჩაერთნენ საერთაშორისო გამოცემა World Russia-ს მთავარი რედაქტორი დიმიტრი ზახაროვი და პოლიტოლოგი ვლადიმირ კირეევი.
როგორც გულბაათ რცხილაძემ განაცხადა, ლგბტ-იდეოლოგიის პროპაგანდის ამკრძალავი კანონი რუსეთში 2013 წელს მიიღეს და ის არასრულწლოვანების მავნე ზეგავლენისგან დაცვას ისახავდა მიზნად. კანონის მიღებას რუსული საზოგადოების 80% უჭერდა მხარს. გარდა ამისა, 1993 წლიდან რუსეთში ჰომოსექსუალიზმი სისხლის სამართლის დანაშაულის კლასიფიკაციიდან მოხსნილია, თუ ამ იდეოლოგიის პროპაგანდამ არ გამოიწვია სისხლის სამართლის დანაშაული – ძალადობა, სხვა შემთხვევაში სასჯელის ზომად განსაზღვრულია ფულადი ჯარიმა.
რცხილაძის ინფორმაციით, 2022 წელს, უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროში შევიდა ლგბტ-პროპაგანდის ამკრძალავი კანონი, რომელიც უკვე შეეხება არა მხოლოდ არასრულწლოვანებს, არამედ ყველა ასაკის მოქალაქეს. 2023 წელს რუსეთში ეს კანონიც მიიღეს.
„რუსეთი მიდის დიდი გარდაქმნების გზით, საზოგადოება იცვლება, იწმინდება და ამყარებს თავის სუვერენიტეტს, თავის იდენტობას; მეორე – ასეთი რუსეთი უფრო კეთილ გავლენას ახდენს თავის მეზობლებზე, როგორც ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის თვალსაზრისი, ისე მთლიანობაში; მესამე – რუსეთი მსოფლიოს ყველა თავისუფალ ხალხებს სთავაზობს თანამშრომლობას ტრადიციული ფასეულობების გარშემო. რუსეთი ბუნებრივი ლიდერია პოსტსაბჭოთა სამყაროსთვის, ამ პროცესში, მაგრამ იგი არავის არაფერს არ აძალებს“, – განაცხადა გულბაათ რცხილაძემ.
მისივე თქმით, როდესაც გლობალისტები ცდილობენ ქვეყნებს დააძალონ მათთვის მიუღებელი ფასეულობები, შედეგად იღებენ სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციული საზოგადოებების კონსოლიდაციას ლგბტ-იდეოლოგიის წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით გულბაათ რცხილაძემ გაიხსენა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საბავშვო თავშესაფრების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია, რომელსაც მაშინდელი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხელმძღვანელობდა. ტყუილისა და ცილისწამების ტირაჟირების შედეგად, 3 წლის წინ ძალადობრივად დაიხურა ნინოწმინდის ბავშვთა სახლი და მას შემდეგ ამ ბავშვების ბედით არც ერთი მედიაგამოცემა არ დაინტერესებულა. თავშესაფრები ეპისკოპოს სპირიდონ აბულაძის პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდა.
„მეუფე სპირიდონი ჩვენი ეკლესიის უწესიერესი მოღვაწეა, რომელსაც გულწრფელად უყვარს ბავშვები და ზრუნავდა კიდეც მათზე. აი, ასეთ ადამიანს დასდეს ბრალი ბავშვების აღზრდის არასწორ მეთოდებში და სახელმწიფომ, დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გაეროს ჩინოვნიკების ზეწოლით, დაახურვინა ეს ძალზე საჭირო ბავშვთა სახლები. უკრაინისა და ჩვენი გზა არ უნდა იყოს ანალოგიური“, – აღნიშნა გულბაათ რცხილაძემ.
მრგვალი მაგიდის ფარგლებში იგი უკრაინის თემასაც შეეხო, რომელიც, მისივე თქმით, არა მხოლოდ აგრესიული ანტირუსული პოლიტიკისგან (რამაც სისხლისღვრა გამოიწვია), არამედ ლგბტ-პროპაგანდის შედეგებითაც ზარალდება.
„უკრაინაში არა მარტო აკრძალვა არ არსებობს, არამედ შუა ომში ხდება ლგბტ-ფაშიზმის კულტივირება“, – განაცხადა მან.
დიმიტრი ზახაროვმა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს გააცნო რუსეთში ლგბტ-იდეოლოგიის აკრძალვის წინაპირობა. ასევე ყურადღება გაამახვილა უკრაინელი ბავშვებისთვის არსებულ საფრთხეზე, გახდნენ ადამიანის ორგანოებით მოვაჭრეთა მსხვერპლნი. მისი აზრით, უკრაინელი ბავშვების საუკეთესო დაცვა იქნება რუსეთის მიერ იმ ტერიტორიების გათავისუფლება, რომლებსაც ჯერ კიდევ აკონტროლებენ ლგბტ-ფაშისტები. მან ასევე გაიხსენა ადამიანის ორგანოებით მოვაჭრეთაგან ბავშვების გადარჩენის სირიული გამოცდილება, რაშიც გადამწყვეტი როლი რუსეთმა შეასრულა.
„სიტყვა „ტოლერანტობა“ სამედიცინო ტერმინოლოგიით, გარე პათოგენებისადმი – ვირუსებისა და სხვათა მიმართ ადამიანის ორგანიზმის წინააღმდეგობის შესუსტებას ნიშნავს. სწორედ ასეთ „ტოლერანტობას“ გვახვევს დასავლეთი თავს ყველას, ფუთავს რა მას ლამაზად, როგორც ადამიანურ მოთმინებას სხვა ადამიანების მიმართ. მაგრამ მოთმინება გარყვნილების მიმართ შეუძლებელია“, – განაცხადა ზახაროვმა.
მისივე თქმით, საჭიროა ახალი ფილმების გადაღება, სპექტაკლების დადგმა, სადაც წინა პლანზე იქნება ჯანსაღი ოჯახური ურთიერთობები, ნაცვლად განქორწინებებისა, კონფლიქტებისა და სხვა.
მრგვალი მაგიდის ფორმატში რუსი სტუმრების მისამართით თბილისიდან დაისვა კითხვაზე, თუ რატომ არ ეშვება დასავლეთი ასე ჯიუტად მცდელობებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში, ტრადიციულ საქართველოსა და რუსეთში, დანერგოს იმთავითვე წამგებიანი ლგბტ-ის თემა და რამდენად არის ეს გამართლებული დასავლეთის გეოპოლიტიკის თვალსაზრისით?
ამ საკითხზე პოლიტოლოგმა და პოლიტტექნოლოგმა ვლადიმირ კირეევმა ონლაინ ჩართვისას ისაუბრა. მისი თქმით, დასავლეთი ნებისმიერი მეთოდებით ცდილობს მოშალოს ტრადიციული საზოგადოება, ამ საზოგადოების საფუძვლები. საამისოდ დასავლეთი, ლგბტ-თან ერთად, იყენებს სხვა ინსტრუმენტებსაც – ნეოფაშისტებს (რომლებიც, თავის მხრივ, ვერ იტანენ ლგბტ-ს), რელიგიურ ტერორისტებსა და ყველა რჯულის ექსტრემისტებს.
„დასავლეთი, რომელმაც საკუთარი განუმეორებლობა და ხელშეუხებლობა ირწმუნა, ამრიგად, მოქმედებს საკუთარივე ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამასთანავე, დასავლეთმა ლგბტ-ის იდეოლოგია ძალით დანერგა თავისსავე საზოგადოებებში, ხალხებში. თუმცა ახლო აღმოსავლეთში (სადაც ასევე არსებობენ სექსუალური უმცირესობები, მაგრამ სხვა კულტურულ გარემოში), მოქმედებს უფრო განსხვავებულად, ვიდრე თავისთან ან პოსტსაბჭოთა სივრცეში, მაგრამ პრინციპები და ამოცანები იგივე რჩება“, – განაცხადა კირეევმა.
მრგვალი მაგიდის მონაწილეები გამოვიდნენ საქართველოს „უკრაინიზაციის“ წინააღმდეგ და მხარი დაუჭირეს უახლოეს მეზობლებთან ურთიერთობების განვითარებას.
„უახლესი ისტორიის გამოცდილება გვაჩვენებს, რა ემართება სახელმწიფოს, რომელიც ნებაყოფლობით და სრულად ემორჩილება დასავლეთის ნებას. ყველაფერი იწყება „დამოკრატიასა“ და თავისუფლებებზე ლაპარაკით, შემდეგ მოდის უმცირესობებისა და ლგბტ-ის თავისუფლება, შემდეგ კი – დასავლეთის მთავარი მიზანი, ამ სახელმწიფოს გადაქცევა რუსეთთან ომის ინსტრუმენტად. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ამის ნათელი დასტურია. უკრაინა ჯერ სატყუარით ატარეს, თითქოს მიიღებდნენ ევროკავშირში (სადაც მას არასდროს ელიან, ისევე, როგორც საქართველოს, თურქეთს, სხვებსაც), ახლა კი უკრაინის ტერიტორიაზე იქმნება ნატოს ინფრასტრუქტურა, რომელიც მხოლოდ ომისთვისაა გამიზნული“, – განაცხადა შემაჯამებელ გამოსვლაში გულბაათ რცხილაძემ.
მისივე შეფასებით, დასავლეთს სურს ომი სხვისი ხელით, რუსოფობიის წინასწარი გახურებით. უკრაინა უკვე ცეცხლის ალშია გახვეული და თავისი არსებობის შეწყვეტისკენ მიექანება.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა მწვავე დისკუსია გამართეს შიდაპოლიტიკურ საკითხებზე, მაგრამ ერთხმად შეთანხმდნენ იმაზე, რომ საქართველოში ადგილი არ აქვს ექსტრემიზმს, მათ შორის, ლგბტ-ფაშიზმს და, საქართველო არ უნდა გადაიქცეს თავისი მეზობლების საწინააღმდეგო პლაცდარმად. შეხვედრის მონაწილეთა უმრავლესობამ კრიტიკა არ დაიშურა საქართველოს ხელისუფლების მისამართით, უფრო მეტიც, გამოხატეს სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულ ოცნებას“ გულწრფელად სურს ქვეყანაში ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვა.
მათი აზრით, მარტო კანონის მიღება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, თუ მას თან არ მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და შესაბამისი მედია პროპაგანდა.
გიორგი ქართველი