საქართველოში მიმდინარე რეფორმები ყველაზე მგრძნობიარე საკითხს, საპენსიო სფეროს შეეხო. მთავრობის დღის წერიგში დადგა სავალდებულო საპენსიო უზრუნველყოფის საჭიროება. ქვეყნის პარლამენტში იანვრის ბოლოს დარეგისტრირდა “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონპროექტი, რომლის თანახმად პენსიის დაგროვების პროცესში ჩართული იქნება სამი სუბიექტი – დაქირავებული, დამქირავებელი და სახელმწიფო. ქვეყნის ხელისუფლების კეთილი ზრახვების მიუხედავად, კანონპროექტს უკვე მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის უკმაყოფილება.
ისტორია
აღნიშნულ რეფორმაზე მუშაობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში, ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მთავრობამ, მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით დაიწყო, მაგრამ რეფორმას გაგრძელება არ მოჰყოლია. ქვეყანაში იმ დროს არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა და არასტაბილურმა ფისკალურმა გარემომ, ხელი შეუშალა რეფორმების განხორციელებას. 1995 წელს საქართველოში სოციალური საპენსიო სისტემა ამოქმედდა. სახელმწიფო პენსია ფინანსდებოდა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ, რომლის საშემოსავლო რესურსი ემყარებოდა დამქირავებლისა და დაქირავებულის საგადახადო შენატანებს.
საპენსიო სისტემის რეფორმირების მომდევნო ტალღა დაიწყო 2004 წელს. გატარდა ცვლილებები სახელმწიფო სოციალური პროგრამების დაფინანსების მიმართულებით. ამ პერიოდიდან სოციალური პროგრამები ფინანსდება საერთო საბიუჯეტო შემოსავლიდან. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა სოციალური მომსახურების სააგენტო. სახელმწიფო პენსიის გამოყოფის პასუხისმგებლობა დღეს სწორედ ამ სააგენტოს აკისრია და იგი შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთეულია.
2007 წლიდან 2012 წლის აგვისტომდე, პენსიის ოდენობა მოიცავდა სტანდარტულ პენსიას და დანამატს სამუშაო სტაჟის მიხედვით. აღნიშნული დანამატი განისაზღვრებოდა სამუშაო სტაჟის მიხედვით, რომელიც ემატებოდა პენსიას. იმ ადამიანებისათვის, რომელთაც მუშაობის 25 ან მეტი წლის სტაჟი ქონდათ, მაქსიმალური დანამატი თვეში 10 ლარს შეადგენდა. ნამსახურები წლების მიხედვით დანამატის მიღება პენსიონერებს 2012 წელს შეუწყდათ და პენსია ფიქსირებული გახდა. 67 წელს გადაცილებული მოსახლეობის პენსია – 125 ლარამდე განისაზღვრა, ხოლო დანარჩენი ასაკისათვის – 110 ლარამდე. ყოველ მომდევნო წლებში პენსია იზრდებოდა და 2015 წლისთვის 160 ლარი შეადგინა.
სტატისტიკა
საქართველოს მოსახლეობის ბოლო აღწერის თანახმად, 2014 წელს ქვეყანაში 3,71 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობდა. მოსახლეობის ძირითად ნაწილს, 67,1%-ს შეადგენს 15-დან 64 წლამდე ასაკის ადამიანი. 14,3% პენსიონერები არიან, ხოლო 18,6% – ბავშვები. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ეკონომიკის სამინისტრო ირწმუნებიან, 2018 წლის დასაწყისში საქართველოს 732 ათასი პენსიონერი ჰყავს. 2017 წელს პენსიონერების რიცხვი საქართველოში 11 873-მდე გაიზარდა, ხოლო უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში – 73 757-მდე, ანუ 11%-ით. გარდა ამისა, 2017 წლის მონაცემებით, საქართველოს 166 ათასი მოქალაქე სოციალურ დახმარებას ღებულობს, ამათგან 125 ათასი ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, 23,6 ათასი მარჩენალდაკარგული, 9,8 ათასი ღებულობს სახელმწიფო კომპენსაციას, 7 ათასი – საყოფაცხოვრებო სუბსიდიას და 343 პოლიტიკურად რეპრესირებულის სტატუსის მქონეა.
ახალი სისტემა
ლიბერალურია სოციალური პენსიის მიღების პირობებიც. მოქალაქეს უფლება აქვს, საპენსიო ასაკში ფორმალურ სექტორში გააგრძელონ მუშაობა და იმავდროულად მიიღონ სოციალური პენსია. მხოლოდ საჯარო სამსახურში დასაქმებულ მოქალაქეებს ეზღუდებათ პენსიის მიღების უფლება. მათ სპეციალური კატეგორიის პენსია ენიშნებათ, რაც სოციალური პენსიაზე ბევრად მაღალია. საპენსიო პოლიტიკის შემუშავებაზე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მსჯელობენ. ბევრი ქვეყანა ჯერ კიდევ საპენსიო სისტემების მოდიფიცირების პროცესშია, რომლის მიზანია ადეკვატური საპენსიო შემოსავლის უზრუნველყოფა, საპენსიო ხარჯების ფისკალური მდგრადობა და მოსახლეობის დემოგრაფიული ცვლილებების მიმართ უფრო ეფექტიანი რეაგირება.
ამ ფონზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაიწყო მუშაობა დამატებითი საპენსიო სისტემის კომპონენტის – კერძო დაგროვებითი საპენსიო მოდელის დასანერგად. როგორც სამინისტროში განმარტავენ, რეფორმის ძირითადი მიზანია სოციალური პენსიის მსყიდველუნარიანობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; საპენსიო შემოსავლის თანაფარდობის ზრდა ხელფასთან მიმართებაში და სოციალური საპენსიო მოდელის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა.
ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვნად შეიცვალა დემოგრაფიული მდგომარეობა. შობადობის შემცირებისა და მიგრაციის ფონზე შემცირდა შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა, მნიშვნელოვნად გაიზარდა პენსიონერთა რიცხვი, სულ უფრო მცირდება სამუშაო ასაკის მოსახლეობის რაოდენობა. სპეციალისტების პროგნოზების თანახმად, ასეთი ტენდენცია მომდევნო ათწლეულების განმავლობაშიც გაგრძელდება. ამას ერთვის ქვეყანაში მიმდინარე სწრაფი ინფლაცია.
“იმისათვის, რომ სამუშაო ასაკში მყოფმა მოსახლეობამ მიიღოს ადეკვატური საპენსიო შემოსავალი, რომელიც პირდაპირპროპორციული იქნება მოქალაქის მიერ გამომუშავებული ხელფასისა, საჭიროა დამატებითი დანაზოგების მექანიზმების შემუშავება. უნდა შეიქმნას კერძო საპენსიო დანაზოგების სისტემა, რომელიც ასევე უზრუნველყოფს სამართლიანობის პრინციპის დანერგვას. ანუ დაგროვებითი პენსია ინდივიდუალურად განისაზღვრება პიროვნების მიერ წლების განმავლობაში მიღებული შემოსავლისა და ფონდში განხორციელებული შენატანების მიხედვით”, – განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, გრძელვადიანი საპენსიო დანაზოგები ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რაც განაპირობებს კერძო საპენსიო დანაზოგის ადგილობრივ ეკონომიკაში ინვესტირებას.
კანონპროექტის თანახმად, კერძო საპენსიო სისტემა დაეფუძნება “განსაზღვრული შენატანების” პრინციპს. საპენსიო სისტემა გავრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით 2%+2%+2%. სისტემის სამი მონაწილე მხარე – მთავრობა, დამსაქმებელი და დასაქმებული ყოველთვიურად ახორციელებს 2%-იან შენატანს დასაქმებულის პერსონალურ საპენსიო ანგარიშზე, რაც საბოლოო ჯამში უტოლდება 6%. საპენსიო ანგარიში გაიზრდება შენატანებისა და ფონდის მოგების მიხედვით. უნდა აღინიშნოს, რომ კონტრიბუციის კოეფიციენტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გრძელვადიანი დაგროვების შემთხვევაში. ამრიგად, წახალისდება 6%-ის ზევით, დამატებითი, ნებაყოფლობითი შენატანი.
კანონპროექტი 2018 წლიდან უნდა ამოქმედდეს. საპენსიო რეფორმა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც არიან დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები და იღებენ შემოსავალს. საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებულისთვის სავალდებულო იქნება, ვისაც 40 წელი კანონის ძალაში შესვლამდე შეუსრულდა – ნებაყოფლობითი.
ექსპერტის მოსაზრება
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტ შოთა გულბანის შეფასებით, რეფორმამ საქართველოში სრულყოფილად რომ იმუშაოს, რამდენიმე მიმართულებით უნდა არსებობდეს შესაბამისი პლატფორმები. პირველ რიგში პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს: სად მოიყრის თავს მოსახლეობის ხელფასებიდან დაზოგილი თანხა? რომელი ინსტიტუციები შეაგროვებენ ამ თანხებს, როგორი იქნება ფონდების საინვესტიციო სტრატეგიები, მოგების რა ნაწილი წავა შემგროვებლის ანგარიშზე და რა გარანტია გვაქვს, რომ ფონდებში აკუმულირებული თანხები არ გაიფლანგება?
“საქართველოში დღეს არსებულ საფინანსო სექტორის კონიუნქტურას თუ ვნახავთ, საპენსიო ფონდები უკვე არსებობენ, თუმცა ისინი ძირითადად ბანკების შვილობილი კომპანიები არიან. მე არ მინდა ვიფიქრო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, გრძელვადიანი ფულადი რესურსი, რომლის შექმნის საფუძველი ეს რეფორმა გახლავთ, გახდება საშუალება ერთი მხრივ საბიუჯეტო დეფიციტის დასაფინანსებლად, მეორე მხრივ ბანკებისთვის მუდმივი ლიკვიდურობის პრობლემის მოსაგვარებლად, ამის რისკი კი ნამდვილად არსებობს, ვინაიდან ეს პრობლემა დამახასიათებელია დღეს ჩვენი ეკონომიკისთვის. არსებობს რისკი, რომ დაიწყება ამ თანხების დატაცება, როგორც სახელმწიფოს, ასევე ბანკების მხრიდან. შესაბამისად ეს არ მოგვცემს იმ ეფექტს, რა ეფექტიც რეალურად უნდა მოგვცეს საპენსიო რეფორმის განხორციელებამ”, – მიაჩნია აფბა-ს პრეზიდენტს.
შოთა გულბანის აზრით, რეფორმის სიკეთე რიგით მოქალაქეზე რომ აისახოს, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება, პირველ რიგში ქვეყანაში უნდა არსებობდეს ფუნქციონირებადი კაპიტალის ბაზარი, რაც საქართველოში დღეს ძალიან დაბალ დონეზეა. გარდა ამისა, ქვეყნის შიგნით უნდა არსებობდეს მაღალ ლიკვიდური აქტივები, სადაც ამ თანხებს დააბანდებენ. ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ვალდებულებაა, რომ 5 წლის განმავლობაში, დაგროვებითი პენსიის შედეგად მიღებული თანხის 80%-ის ინვესტირება საზღვარგარეთის მაღალ ლიკვიდურ საფონდო ბირჟებზე უნდა განხორციელდეს, ხოლო 20%-ი ქვეყნის შიგნით, ისიც სამთავრობო ფასიან ქაღალდებში.
მისი აზრით, რეფორმის ამგვარი სცენარით განვითარება არ მოიტანს ისეთ შედეგს, რასაც მთავრობაში ელიან. შეუძლებელია ამ რეფორმის განხორციელება საქართველოს საბანკო ბირჟის სტრუქტურული რეფორმირების გარეშე.
“მარტივად რომ ვთქვათ, საფონდო ბირჟაზე ბანკების მონოპოლიას უნდა მოვუღოთ ბოლო. ბანკები და კაპიტალის ბაზარი არის ერთმანეთის კონკურენტი დარგები, კომერციული ბანკები დღეს ფლობენ საფონდო ბირჟის ძირითად ინფრასტრუქტურას, ეს იმისთვის რომ საფონდო ბირჟა არ განვითარდეს. არადა, განვითარებულ სამყაროში, ორივე მიმართულება – კაპიტალის ბაზრები და საბანკო სექტორი, საფინანსო ბაზარზე თითქმის თანაბარი მნიშვნელობის წილით არიან წარმოდგენილნი. ჩვენთან კი, საქართველოს საფინანსო სექტორის დაახლოებით 93 % მოდის ბანკებზე, ანუ მთელი ეკონომიკის ხერხემალი არის ბანკები. საბანკო სექტორს პრობლემები რომ შეექმნას, ჩაიხვევს მთელს ეკონომიკას. ჩვენ არ გვაქვს ფინანსური ბაზარი დივერსიფიცირებული, რაც ეკონომიკის განვითარებას და ფუნქციონირებას საკმაოდ მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის”, – აცხადებს შოთა გულბანი.
როგორც ჩანს, წლების წინათ დაგროვებით პენსიაზე ვერ შეთანხმდნენ ხელისუფლება და ბანკები, თუ ვინ განკარგავდა ამ თანხებს. დღესაც არსებობს ეჭვი, რომ საპენსიო რეფორმის განმახორციელებლები იქნებიან ბანკები, თანაინვესტირების ფონდთან ერთად.
შ. ქარჩავა