ლიკა გერმანიაში აპირებდა გამგზავრებას. მზადება ხანგრძლივი და მტკივნეული იყო. ხანგრძლივი იმიტომ, რომ საქართველოში სამსახურის შოვნის იმედი ჰქონდა, ხოლო მტკივნეული იმიტომ იყო, რომ მას 3 წლის შვილის დატოვება უწევდა. მის მეუღლეს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი გერმანიაში წასვლა, რადგანაც ბოლო ერთი წელი მუდმივ სამსახურს ვერ პოულობდა და ოჯახის რჩენა თანდათან უფრო უძნელდებოდა. ერთი სიტყვით, ოჯახში პრობლემები სარეველასავით მრავლდებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, მეუღლეებმა ბარგი ჩაალაგეს, შვილი დედას დაუტოვეს და მიუნჰენში გაემგზავრნენ, სადაც მათ ლიკას ძმა დახვდათ. თავდაპირველად მათ საცხოვრებლის პრობლემა მოაგვარეს, შემდეგ სამსახურები იშოვეს. ლიკა დილის ექვსის ნახევარზე დგებოდა და ოფისის დასალაგებლად გარბოდა, შემდეგ მეორე სამსახურში მიდიოდა, სადაც დიდ სუპერმარკეტში მოლარედ მუშაობდა. სალაროში მუშაობა ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრირებას საჭიროებდა, რის გამოც, საღამოობით ლიკა ძალაგამოცლილი ბრუნდებოდა სახლში. შემდეგ სამშობლოში რეკავდა და შვილს ესაუბრებოდა. წყვილმა ვადაგასული ვიზით გერმანიაში კიდევ სამ წელზე მეტხანს დაჰყო.

ევროპა სამსახურების მაძიებელი ქართველი ემიგრანტების ათასობით ისტორიას ინახავს, მათი რაოდენობა კი ყოველწლიურად მატულობს.

ერთი ნაბიჯით ახლოს ევროპასთან

2018 წლის მარტში, საქართველომ ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. საქართველოს მოქალაქეებს ამ ქვეყნების ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება მიეცათ. ერთი წლის განმავლობაში უვიზო რეჟიმით 192 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. შეიძლება ითქვას, ევროპას ერთი, ძალიან პატარა ნაბიჯით მიუახლოვდა.

როგორც ილიას უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი გია სიამაშვილი ამბობს, საქართველოში დღემდე ნარჩუნდება პატერნალისტური აზროვნება.

“რატომ მოიგო სოციალიზმმა? რუსეთი აგრარული ქვეყანა იყო. სოციალიზმი მას ახალი საზოგადოების სახით მოევლინა, რომელიც მისთვის შედარებით მისაღები იქნებოდა, ვიდრე ინდივიდუალური ბურჟუაზიული წყობა, სადაც ადამიანი დამოუკიდებელი და ინდივიდუალურია. ინდივიდუალობის ტრადიცია არც რუსეთში იყო და არც – საქართველოში. საქართველოში ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის გაგება არასოდეს ყოფილა. დასავლეთში ეს იდეა საზოგადოების დაშლის და მის ადგილზე ინდივიდების ფორმირების შედეგად გაჩნდა. ადამიანები მიხვდნენ, რომ ამიერიდან ისინი საზოგადოებრივად კი არ იყვნენ დაკავშირებულები, არამედ კანონით, რომელიც მათ საკუთარ თავებზე აღმატებულად აღიარეს. ეს ჩვენთან არ მომხდარა. ფორმალურად ჩვენ თითქოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა ვართ, მაგრამ ფაქტობრივად ფეოდალური პერიოდის განსაკუთრებულობას ვინარჩუნებთ“, – ამბობს გია სიამაშვილი.

თუმცა, საქმე არც ისე უიმედოდაა და თუკი უვიზო რეჟიმი ჯერ კიდევ არ არის ევროკავშირში შესვლის გარანტია, მენტალური ცვლილებების შანსი, ნამდვილად დიდია. ამისათვის კი დროა საჭირო და იმედია, ის ჩვენს წინააღმდეგ არ იმოქმედებს. უვიზო რეჟიმის შემოღებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, თავშესაფრის მაძიებლების მნიშვნელოვნად მომრავლების გამო, ევროპამ შეშფოთება გამოთქვა.

ევროპული სააგენტოს (EASO) ინფორმაციით, რომელიც დევნილების საკითხებზე მუშაობს, 2018 წლის  იანვრიდან საქართველოს მოქალაქეებმა 1859 განცხადება შეიტანეს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების თაობაზე. 2017 წლის ანალოგიური პერიოდის 867 განცხადებას თუ შევადარებთ, ზემოთ აღნიშნული რიცხვი მართლაც რეკორდულია. ამ საკითხთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა და ისლანდიამ. პოლიტიკოსები უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობაზეც ალაპარაკდნენ. ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის  მინისტრმა  ინტეგრაციის საკითხებში, იოაჰიმ  შტამპმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაუყოვნებლივ შეჩერება მოითხოვა. ევროპელმა პოლიტიკოსებმა რადიკალური ზომების მიღებისგან თავი შეიკავეს, თუმცა საკმაოდ მკაფიოდ მიანიშნეს, რომ უვიზო რეჟიმს რეალური საფრთხე ემუქრება.

პროპორციული რეაგირება

ევროპელ პოლიტიკოსებს საქართველოს მიმართ ორი პრეტენზია აქვთ: თუ საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის მიჩნეული და ასეთი ქვეყნების ათეულში მოხვდა, მისი მოქალაქეები თავშესაფარს რაღატომ ითხოვენ? და მეორე – რატომ უნდა უზრუნველყოს ევროპამ თავშესაფრით ის მიგრანტები, რომლებიც ევროპის მიწაზე ფეხს დადგამენ თუ არა, მაშინვე კრიმინალურ საქმიანობას იწყებენ. საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა პრეტენზიებზე პროპორციული რეაგირება მოახდინოს და არალეგალ  მიგრანტებთან დაკავშირებით მთელი რიგი ზომები მიიღო.

პირველ რიგში, გადაწყდა უვიზო რეჟიმის წესების დარღვევაზე კანონის გამკაცრება. ამიერიდან, რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი სამშობლოში გაძევებულ მოქალაქეს დაეკისრება. ამგვარად, 21 მარტს გერმანიიდან 52 ქართველის დეპორტაცია განხორციელდა. მაისის დასაწყისში გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან და ისლანდიიდან საქართველოს 68 მოქალაქე გამოაძევეს. უვიზო რეჟიმის დამრღვევები სამშობლოში სპეციალური რეისით, დიუსელდორფიდან დააბრუნეს. მანამდე კი გერმანიამ და ავსტრიამ საქართველოში  არალეგალი მიგრანტების მთელი ჯგუფი დააბრუნეს.

 

საქართველოს შსს-ს მონაცემებით, 2018 წლის პირველი იანვრიდან 30 აპრილამდე, ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნებიდან საქართველოს  1260-მდე მოქალაქე დააბრუნეს უკან – Dalma News.

საქართველოს ხელისუფლებაში გადაწყვიტეს გაამკაცრონ მოქალაქეების მიერ გვარის შეცვლის პროცედურა. საქმე იმაშია, რომ დეპორტირებული მოქალაქეების უმრავლესობამ საქართველოში გვარი შეიცვალა და ევროპის ქვეყნებში ისევ უპრობლემოდ გაემგზავრა.

“სამოქალაქო აქტის” კანონის თანახმად, საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს, მეუღლის გვარზე გადასვლის გარდა, მხოლოდ ერთხელ შეუძლია გვარის შეცვლა. დეპორტის და რეადმისიის შედეგად ქვეყანაში დაბრუნებულ მოქალაქეს კი 5 წლის განმავლობაში გვარის შეცვლა საერთოდ აეკრძალა. ასევე, იგეგმება იმ პირებისთვის გვარის შეცვლის აკრძალვა, რომელთა წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, საქართველოს შსს-სა და მთელ რიგ ევროპულ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა გააქტიურდა. იხვეწება საქართველოს კრიმინალური სტრუქტურების და არალეგალი მიგრანტების მონაცემთა ბაზა.

როგორც ჩანს, არსებობს ორი ფაქტორი, რის გამოც კოლექტიურ პასუხისმგებლობას გვაკისრებენ. ესენია: თავშესაფრის მაძიებლები და ორგანიზებული დანაშაული. თუმცა, შესაძლოა, ყველა მღელვარება უსაფუძვლო აღმოჩნდეს და უვიზო რეჟიმს, როგორც ქართველი პოლიტიკოსები ირწმუნებიან, საფრთხე არ დაემუქროს.

“დარწმუნებული ვარ, ევროპული მხარე ძალიან მალე მოხსნის ამ საკითხს და მომავალში უვიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას საფრთხე აღარ დაემუქრება”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ერთ-ერთ ბრიფინგზე.

ქართული მხარე, ცხადია, მიგრანტების ტალღის შესაჩერებლად ყველა შესაძლო ზომას მიმართავს. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ზომების დიდი ნაწილი ეფექტიანი გამოდგა, მაგრამ მთავარი პრობლემა – უმუშევრობა, რის გამოც მოსახლეობა გაედინება, ისევ გადაუჭრელია.

“ეკონომიკა თავისი არსით ველოსიპედს ჰგავს – თუ არ მიდის, იქცევა.  შესაბამისად, რეფორმების გზაზე თუ არ მოძრაობ, იქცევი, სხვა ვარიანტი არ არის.  ჩვენთან ყოველი ახალი ხელისუფლება, თავის მმართველობას ეკონომიკური რეფორმების დეკლარაციით იწყებს. საერთო ჯამში, არაფერი იცვლება. საქართველოს მოქალაქეები კარგ ცხოვრებას არ გაურბიან.  ევროპაში არალეგალი მიგრაციის ძირითადი მიზეზი უმუშევრობაა“, – განაცხადა გია სიამაშვილმა.

მან ასევე დასძინა, რომ საქართველოს და მის ხელისუფლებას ვითარების გამოსასწორებლად  მხოლოდ ერთი გზა აქვს, უნდა გაუმჯობესდეს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. სამწუხაროდ, სხვა რეცეპტი არ არსებობს.

ეკატერინე მინასიანი (თბილისი) სპეციალურად Dalma News-სთვის