ტრადიციულად შევაჯამოთ წარმავალი წელი და ვისაუბროთ, როგორი იყო 2017 წელი საქართველოსთვის. საბედნიეროდ, წელს არც სისხლიანი კონფლიქტი და არც მასშტაბური კატასტროფა არ მომხდარა. სხვა დანარჩენი კი არც ისე საგანგაშოა. ასე, რომ განვიხილოთ რას მიაღწია საქართველომ საგარეო და საშინაო პოლიტიკის ველზე.
2017 წლის შეჯამებისას ქვეყნის სათავეში უკვე ხუთი წლის განმავლობაში მყოფ პარტია “ქართულ ოცნებას” შეუძლია თავის დამსახურებად მიიწეროს ევროკავშირთან და შენგენის ზონასთან დაწესებული უვიზო მიმოსვლა. ამ ფაქტს ქვეყანაში დიდი სიხარულით და ზარ-ზეიმით შეხვდნენ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ღარიბდება და უმუშევრობაც სერიოზულად იზრდება, ეს სიხარულიც ქარივით გაიფანტება. საქმე იმაშია, რომ საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ უმნიშვნელო პროცენტს შეუძლია ევროპაში ტურისტად ჩასვლა და ევროპული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება. მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის კი ევროპა, როგორც ადრე, ახლაც ის ადგილია, სადაც შეიძლება სამუშაოს პოვნა და სამშობლოში დატოვებული ოჯახის წევრები გამოკვება.
მოსახლეობის სწორედ ამ ნაწილისთვის, რომლებიც სამუშაოს ძიებაში ერთი ქვეყნიდან მეორეში დაეხეტებიან, უვიზო რეჟიმმა ევროპის ტერიტორიაზე მათი ყოფნა კიდევ უფრო გაართულა. უვიზო რეჟიმის პირობებს აღარ ჩავუღრმავდებით, ისედაც ბევრი ითქვა და დაიწერა ამის შესახებ.
ასევე, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ თავისი წინასაარჩევნო დაპირებების მიუხედავად “ქართული ოცნება” საგარეო პოლიტიკაში სულ უფრო მეტად ეფლობა ანტირუსულ პოზიციებში. ეს გასაგებიცაა, რადგანაც დასავლური პოლიტიკის ფონზე დარჩენის გარდაუვალი შედეგი, სწორედ ანტირუსული პოლიტიკაა. ცხადია, ამას უკავშირდებოდა მთელი წლის განმავლობაში აშშ-ს მძიმე წონიანი პოლიტიკოსების ვიზიტები საქართველოში: აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივანი რეკს ტილერსონი და სენატორი ჯონ მაკკეინი. ასეთი უზარმაზარი ზესახელმწიფოს მიერ გამოვლენილი ყურადღება უნდა გახარებდეს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბოლო წლებში აშშ აშკარა დესტაბილიზაციისკენ ისწრაფვის, შიშსაც კი იწვევს.
არანაკლებ აქტიურია ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ნატო-ს აქტიურობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ ის აქტიურად იყენებს საქართველოს რესურსს დასახული ამოცანების გადაჭრისას, თუმცა, ბუნდოვანი დაპირებების შესასრულებლად მტკიცე გარანტიებს არ იძლევა. საქართველოს ხელისუფლება ამაყობს კიდეც იმით, რომ ნატო-ს საერთო საქმეებში მას უფრო მეტი წვლილი მიუძღვის, ვიდრე ალიანსის ბევრ სრულფასოვან წევრს. შესაძლოა, საკუთარი სისხლის ფასად სხვისი ინტერესებისთვის უანგარო სამსახური ოდესღაც სასურველ შედეგს გამოიღებს, მაგრამ პოლიტიკაში ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება.
2017 წელი, ასევე, აღნიშნა საქართველოს თურქეთთან და აზერბაიჯანთან, მისთვის არც ისე ბუნებრივ რეგიონალურ კავშირში ჩართვა. თანაც, მისი მთავარი წვლილი სატრანზიტო-სატრანსპორტო დერეფნის როლის შესრულებაა. ამან შესაძლოა, მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით მოიტანოს გარკვეული სარგებელი, პოლიტიკური თვალსაზრისით კი – უპერსპექტივოა. ერთ მეზობელთან მეორის საზიანოდ მეგობრობა, საკმაოდ საეჭვოა საქმიანობაა. ხშირი სამხედრო წვრთნები და მანევრები, რაც გასულ წელს საკმარისად იყო, დაპირისპირების გრადუსს კიდევ უფრო გაზრდის.
ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოს მმართველი ელიტა ნამდვილად ვერაფრით მოიწონებს თავს. ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა საერთოდაც არ გაუმჯობესებულა. პირიქით, მასშტაბური უმუშევრობის ფონზე კომუნალური გადასახადები იზრდება. მრეწველობის და სოფლის მეურნეობის სფეროებში არსებული კრიზისი კი, ქრონიკულ დეპრესიას დაემსგავსა. რაც შეეხება ტურისტულ ინდუსტრიას, მართალია 2017 წელს ამ სფეროში შემოსავლები გაიზრდა, მაგრამ მას ქვეყნის ეკონომიკის მთავარ ლოკომოტივად მაინც ვერ მივიჩნევთ.
ქართულმა ეროვნულმა ვალუტამ – ლარმა წელს ყველა ანტირეკორდი მოხსნა. მისი კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ასე დაბლა არასოდეს დაცემულა, რაც თავისთავად ქვეყნის მოსახლეობაზე უარყოფითად აისახა. მოსახლეობის შემოსავლების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო უწინდებურად ქართველი “გოსტაირბაიტერების” ფულადი გზავნილებია. უნდა აღინიშნოს ასევე ისიც, რომ უკვე დაახლოებით ოცი წელია, რაც სწორედ რუსეთის ფედერაცია, რომელმაც საქართველოში ოკუპანტის ტიტული დაიმსახურა, ლიდერობს ფულადი გზავნილების რაოდენობით.
გვირაბის ბოლოს გამოჩენილ სინათლედ შეიძლება მივიჩნიოთ საერთაშორისო ლოგისტიკური პროექტები, როგორიცაა “ბაქო-თბილისი-ყარსის” სარკინიგზო მაგისტრალი, ასევე, ჩინეთიდან ევროპაში, საქართველოს ტერიტორიის გავლით განახლებული ახალი აბრეშუმის გზა. ყველა ეს პროექტი ძალიან მიმზიდველია, მაგრამ ფაქტია, რომ მათ შესახებ დიდი ხანია საუბრობენ და კომპეტენტური ექსპერტების მნიშვნელოვან ნაწილს მიაჩნია, რომ ამ პროექტების ეკონომიკური კომპონენტი ძალიან საეჭვო და პროგნოზები – გადაჭარბებულია. ნებისმიერ შემთხვევაში, ექსპერტების დიდ ნაწილისთვის საკითხის პოლიტიკური მხარე ეკონომიკურზე მნიშვნელოვანია. იმედია, 2018 წელს, ეჭვების გარკვეული ნაწილი მაინც გაიფანტება.
2017 წელი არასასიამოვნო გასახსენებელი იქნება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან შედარებით, ქართული საზოგადოების პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობს. მტკივნეული აღმოჩნდა სკანდალი, რომელიც კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას უკავშირდება. ამას დაემატა შიდა ეკლესიური უთანხმოებები, რომელიც სამწუხაროდ, ერთობ ცოდვილ საქმეებს, კერძოდ, ძალაუფლებისთვის ბრძოლას გულისხმობს.
მაგრამ, 2017 წლის ყველაზე ხმაურიან მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს, დედაქალაქის ცენტრში ჩატარებული სპეცოპერაცია, რომელსაც თან ახლდა აფეთქებები და სროლები. საქართველოს სპეცსამსახურები იძულებულები გახდნენ ოპერაცია ტერორისტული ჯგუფის ლიკვიდაციით დაესრულებინათ. იმედია, ჩვენს ქვეყანაში მსგავსი რამ აღარ განმეორდება.
P.S. საქართველოს ღვთისშობლის წილხვედრ ქვეყანას ეძახიან. ვიმედოვნებთ, ზეციური მფარველები ჩვენს ქვეყანას მომავალშიც დაიფარავენ. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს – “ხელი გაანძრიე და გეშველება”.
ირაკლი ჩხეიძე (თბილისი) სპეციალურად Dalma News-სთვის