სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განათლების პროგრამას გარემოსდაცვითი კომპონენტი დაემატება. ამ საკითხზე, დღეს სასტუმრო “ტიფლის პალასში” იმსჯელეს. შეხვედრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გახსნეს. შეხვედრას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გიგლა აგულაშვილის განმარტებით, სკოლამდელი ბავშვების სასწავლო პროგრამას დაემატება ნარჩენების მართვის, ენერგოეფექტიანობისა და წყლის რესურსების მართვის საკითხები. შესაბამისი მასალის გავლის შემდეგ ბავშვებს ნარჩენების მართვის პრინციპები და ენერგიისა და წყლის დაზოგვის მეთოდები ეცოდინებათ.
ინიციატივა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ეკუთვნის, რისი მიზანიც, არის საბავშვო ბაღებში გარემოსდაცვითი განათლების კომპონენტების გაძლიერება და სკოლამდელ ბავშვებში გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდა.