პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გლდანის ეკლესიას ფარდული უწოდა და სასტიკად დაარბია, რომლის პრეზიდენტობის დროსაც სცემდნენ და აპატიმრებდნენ ეკლესიის მრევლის წევრებს, თუ მსახურთ, დღეს ყველა მართლმადიდებელზე მეტად მართლმადიდებლად და ეკლესიურ ადამიანად მოგვევლინა. უფრო მეტიც, ის თავს იმ პატრიარქის (ილია II), სულიერ შვილად აცხადებს, რომელსაც მისი პოლიტიკური ძალა, თუ მისგან წახალისებული პირები ყველაზე ბინძური მეთოდებით ებრძვიან, ხოლო საქართველოს საპატრიარქოს პედოფილებისა და მამათმავლობის ბუდედ მოიხსენიებენ და რომელიც, მათივე თქმით, ყარს.
სააკაშვილის პოლიტიკური ძალა – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლების სათავეში ყოფნის დროს დიდი მონდომებით ებრძოდა საქართველოს ეკლესიას და მისი ლანძღვა, არც მას შემდგომ შეუწყვეტიათ, რაც ხელისუფლებაში აღარ იყვნენ. “ენმ”-ს ლიდერები და მათ მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებები დღენიადაგ საპატრიარქოს ლანძღვა-გინებაში არიან, მათთვის მიუღებელ სასულიერო პირებს სულიერად გახრწნილებსა და შავწვერა მაჯლაჯუნებს, ეკლესიის მრევლს კი, ტვინგამორეცხილებს უწოდებენ. მაგრამ დღეს, როცა სააკაშვილი პატიმრობაშია, მსოფლიო პატრიარქისგან სურთ მხარდაჭერის მიღება.
“ვარ პატრიარქისა და წმინდა სინოდის ძირითადი პოზიციების მიმდევარი”, – ვკითხულობთ მის სააკაშვილის წერილში.
საკუთარი წარსულის ფონზე, პატიმარ სააკაშვილის პოზიცია სრულებით საპირისპიროა.
როგორც თეოლოგი გოჩა ბარნოვი ამბობს, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე I-მა, მასთან შეხვედრისას სააკაშვილის მიმართ თანადგომა წმინდა ადამიანური გადასახედიდან გამოხატა და ჯანმრთელობა და წარმატება უსურვა. ბარნოვის თქმით, მსოფლიო პატრიარქი თვალს ადევნებს საქართველოში მიმდინარე, როგორც პოლიტიკურ, ისე საეკლესიოს პროცესებს, მაგრამ პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებ.
აღსანიშნავია, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საჯარო განცხადება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.
საქართველოს პროკურატურის მიერ, წლების განმავლობაში ძებნილად გამოცხადებული ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, 2021 წლის პირველ ოქტომბერს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით თბილისში დააკავეს. სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ზოგ მათგანზე განაჩენი გამოტანილია, ზოგიერთზე – ჯერ არა. მათ შორის არის: სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და არაადამიანური წამებისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეები. სააკაშვილი ფიგურირებს 2007 წლის 7 ნოემბერს, საპროტესტო აქციის სასტიკად დარბევაში და ტელეკომპანია “იმედში” შეჭრის საქმეში. ასევე, სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეში. პროკურატურის ვერსიით, სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა. სასამართლოში მისი განხილვა ჯერ არ დასრულებულა.
დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, თუმცა თანახმაა მედიკამეტოზურ ჩარევაზე და მისთვის, სამკერდე ჯვრის დაბრუნებას ითხოვს.
როგორც ექსპრეზიდენტი ამბობს, სახელმწიფო დროშაზე ჯვრის გამომსახველს არ ეძლევა უფლება, ციხეში, მკერდზე, თავისი პატარა ჯვარი ატაროს.
ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობის 10 დღის თავზე, მისი პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით შედგენილი პეტიციის 14 335 ხელმომწერს, სასულიერო პირებიც შეუერთდნენ – მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე და ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.
მეუფე ნიკოლოზს ქვეყნის განვითარებისთვის სწორ გზად მიაჩნია ის, რომ მომდევნო ხელისუფალმა მის წინამორბედს პასუხი არ მოსთხოვოს: “მიმაჩნია, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ესე უფრო სწორია, რომ ყოველი ახალი პრეზიდენტი წინა პრეზიდენტს ციხეში არ სვამდეს”. ხოლო, ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე ამბობს, რომ თავს ვალდებულად მიიჩნევს დაიცვას ასეთი მაღალი თანამდებობის პირები.
მეორე მხრივ, არიან სასულიერო პირები, რომლებიც საკუთარ ქადაგებებში სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს ახსენებენ მრევლს და აცხადებენ, რომ “მკვლელების მთავრობაში მოსვლა” დაუშვებელია.
“ვითმენ, ვუყურებ ეკლესიის ლანძღვას… ტელევიზიები კვირას არ ჩააგდებენ, ეკლესიაზე ცუდი არ თქვან, თანამედროვე კომუნისტების ცხოვრების წესით ცხოვრებენ. შენ თუ ქრისტიანი ხარ, ასეთი ადამიანები, როგორ მოგწონს? ეს მთავრობაც?! უნიათოები… ამათი ბრალია, რომ ესენი (ოპოზიცია)ასე არიან. რაღაც უნდა მოხდეს, რომ ამ ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ ეშველოს”, – განაცხადა თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღოლმა, მამა შალვა კეკელიამ ქადაგების დროს შენდობის მნიშვნელობაზე საუბრისას.
თეოლოგ ლევან აბაშიძის აზრით, სააკაშვილმა საპატრიარქოს მიმართ შემრიგებლური ტონი შეგნებულად აირჩია. მას პოლიტიკური ალღო და ინტუიცია აქვს საიმისოდ, რომ ესმოდეს საპატრიარქოსთან ომი და ბრძოლა კარგს არაფერს მოუტანს მას და მის პარტიას.
მისივე თქმით, გასაკვირი არაფერია იმაშია, რომ საქართველოში, ბოლო 30 წელია, ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს გამოიყენოს ეკლესიის ფაქტორი. მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და საპატრიარქოს პოზიციას მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
რაც შეეხება სასულიერო პირების მიერ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ პეტიციაზე ხელმოწერას, თეოლოგის აზრით, საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება ყველას აქვს, თუმცა, უცნაური ის არის, რომ ცალკეული სასულიერო პირები ამას საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად აკეთებენ.
“საქართველოში ამჟამად არის 45-მდე ეპისკოპოსი. ზოგი ხელს აწერს პეტიციას, ზოგი არა. ჯობდა, რომ საერთო აზრამდე მისულიყვნენ. საქართველოში არ არის ასე ცენტრალიზებული ეკლესია, რომ საპატრიარქოს ეთქვა მათთვის, როგორ მოქცეულიყვნენ, სასულიერო პირები ბევრ საკითხში თავად წყვეტენ, როგორც მოიქცნენ. ამას თავისი პლუსიც აქვს და მინუსიც. პოლიტიკოსები კი, ამას აქტიურად იყენებენ, რასაც უნდა იმას ციტირებენ”, – განუცხადა Dalma News-ს ლევან აბაშიძემ.
მისივე თქმით, მეუფე ნიკოლოზმა ისე გამოთქვა აზრი პოლიტიკური ფიგურის მიმართ, რომ არ დაეკითხა საპატრიარქოს, სინოდს.
“სასურველია, ეპისკოპოსების მხრიდან ერთიანი ხმა ყოფილიყო”, – მიაჩნია თეოლოგს.
Dalma News-ის კითხვაზე, ან მსოფლიო პატრიარქი, ან საქართველოს საპატრიარქო ჩაერევიან თუ არა სააკაშვილის შეწყალების საკითხში, ლევან აბაშიძე ამბობს, არც მსოფლიო პატრიარქი გაიფუჭებს საქმეს საქართველოს სახელმწიფოსთან და არც საპატრიარქო ჩაერევა ამ საკითხში. მით უმეტეს, რომ საპატრიარქოს არაერთხელ გამოუთქვამს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.
“საპატრიარქო არ განსჯის სააკაშვილი დამნაშავეა თუ არა, ჩვენი საზოგადოება არის მკვეთრად გაყოფილი და დაპირისპირებული. ნაწილი მას უდანაშაულოდ მიიჩნევს, ნაწილი – მის სამუდამო პატიმრობას მოითხოვს. ცხადია საპატრიარქო არ დაიჭერს, არც ერთ მხარეს, ის ამ საკითხში იცავს ნეიტრალიტეტს და ძალიან სწორადაც. თუ გაანებებენ თავს საპატრიარქოს ჩვენი პოლიტიკოსები, კარგი იქნება. ყველას სათავისოდ უნდა საპატრიარქოს და ეკლესიის ავტორიტეტის გამოყენება”, – აცხადებს ლევან აბაშიძე.
სააკაშვილს საპატრიარქოსთან პოლიტიკური თამაშის წესებს უწუნებს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა, რომელიც ცნობილია ილია მეორის მიმართ მტრული დამოკიდებულებით. ცაავა სააკაშვილს წერილს სწერს, სადაც ეუბნება, რომ დიდი შეცდომაა დღევანდელ საპატრიარქოსთან დიპლომატიური და პოლიტიკური ბინძური თამაშის წესებით ურთიერთობა.
“მწარედ ტყუვდებით, ბატონო პრეზიდენტო! კგბ-ს საბჭოთა, წითელი პატრიარქის საეკლესიო კურსის მხარდაჭერა და კომპლიმენტები დღეს, არც მეტი, არც ნაკლები, საბჭოთა მემკვიდრეობისა და ცრუ ქრისტიანობის მხარდაჭერაა. უნდა იცოდეთ, რომ გამარჯვების მომნიჭებელი უფალი სიმართლეშია და არა საბჭოთა პატრიარქში… აი, რა გაშორებთ თქვენ ნამდვილ ეროვნულ შეგნებასთან და ეროვნულ მოძრაობასთან“, – ნათქვამია პეტრე ცაავას მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში იღუმენია თამარ გამყრელიძემ გაავრცელა.
ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე Dalma News-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ბოლო დროს, აქტიურად ვხედავთ პოლიტიკური მხარეების მიერ ეკლესიის თემით მანიპულაციას. ზოგი სასულიერო პირი სააკაშვილის შეწყალებას აწერენ ხელს, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ თავად ექსპრეზიდენტისთვის ეკლესიასთან ფლირტი გამოსადეგია, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როცა ეკლესიის მიმართ ქართული მოსახლეობის ერთგულება 90%-ს აღწევს.
რამაზ საყვარელიძის მოსაზრებით, გასაკვირი არ არის, როცა პოლიტიკური ფიგურების ეკლესიასთან, როგორც ძლიერ ინსტიტუტთან ცდილობენ სიახლოვეს, გასაოცარი უფრო ის არის, როცა ეკლესიას უპირისპირდებიან, ანუ უპირისპირდებიან ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას.
“თანამედროვე დასავლეთის ქვეყნებში, სადაც ასეთი დიდი გავლენა არ აქვს ეკლესიას, არც პოლიტიკოსები ეთამაშებიან ეკლესიას ინტენსიურად და, შესაბამისად, ეკლესიაც ნაკლებად ერევა პოლიტიკაში. იქ ხერხდება ამ პოზიციის შენარჩუნება, რომ პოლიტიკური და საეკლესიო ცხოვრება ერთმანეთისგან დამოუკიდებლები იყვნენ. ალბათ, იქ, რომელიმე სასულიერო პირს მსგავს პეტიციაზე, რომ მოეწერა ხელი, საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩებოდა და არც კი გახმაურდებოდა”, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.
ცაავას სააკაშვილისადმი საყვედურის ტონს რაც შეეხება, საყვარელიძის შეფასებით, ყოფილი მიტროპოლიტი სააკაშვილს ფაქტობრივად იმას საყვედურობს, რომ ილია მეორის ნაცვლად, თავის სულიერ მამად ცაავა არ აირჩია. მეორე მხრივ ცაავამ, ხელიდან არ გაუშვა შანსი, მორიგ ჯერზე გაელანძღა საპატრიარქო და პატრიარქი. ამის მიუხედავად ის სააკაშვილთან მტრობას არ აპირებს, უფრო რბილად დაპირისპირებულია, რათა მომავალში სასაყვედურო ჰქონდეს.
მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის სინანული, ანუ აღსარება, 7-საეკლესიო საიდუმლოს შორის ერთ-ერთია. ჩადენილი ცოდვების მიმართ სინანულამდე მისვლა მათი აღიარებით ხდება. რამდენად არის მზად საკუთარი დანაშაულების აღიარებისთვის ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, ძნელი სათქმელია. მონანიება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია საეკლესიო პირის საერო პირთან ურთიერთობაში. თუმცა, სააკაშვილის შემთხვევაში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ პირიქით, მას აპატიოს ხალხმა ცოდვები და მიიღოს შენდობა მონანიების გარეშე.
რამაზ საყვარელიძის აზრით, მონანიების გარეშე შენდობა, მინიმუმ გაუგებარია.
“ვერ ვიხსენებ მონანიების ვერც ერთ შემთხვევას “ნაციონალური მოძრაობის”, რომელიმე წარმომადგენლისგან, მიშასგან, მით უმეტეს. საუბარია ხოლმე, რაღაც შეცდომები მოგვივიდაო, მონანიება შეცდომა არ არის!” – ამბობს საყვარელიძე.
შორენა პაპაშვილი