რამდენი ადამიანი ხარ?
იცვლება დრო და მასთან ერთად ცხოვრების წესიც, რომელიც, ერთი შეხედვით, ფუნდამენტური და ხელშეუხებელია. ცვლილება ცხოვრების ყველა სფეროს ეხება და ადამიანის ცნობიერებაში სხვადასხვა დონის ინტენსივობით ინერგება. ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო რთულია ათწლეულების განმავლობაში გამომუშავებული ნორმებისაგან გადახვევა. ეს ცვლილებები ისეთ შორეულ სფეროსაც ეხება, როგორიც სასაუბრო ენაა. განსაკუთრებით პრობლემატურია იმ საზოგადოებაში ტრანსფორმირება, რომელიც ისტორიულად ორი, ან მეტი სასაუბრო ენის გამოყენებას არის მიჩვეული.
ჩვევა, თუ აუცილებლობა?
მსოფლიოში ბევრია საზოგადოება და ერი, რომელიც საკომუნიკაციოდ ერთზე მეტ ენას იყენებს. მაგალითად, კანადა, ან შვეიცარია, სადაც ოფიციალურად ოთხი ენაა აღიარებული. ნებისმიერი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ბილინგვურ საზოგადოებას წარმოადგენს – მშობლიურ ენასთან ერთად აქტიურად იყენებს რუსულს, რომელიც უზარმაზარ ქვეყანას აერთიანებდა.
თითოეულ რესპუბლიკაში მშობლიური ენა სახელმწიფო ენად იყო გამოცხადებული. ამჟამად რუსეთის ფედერაციის სუბიექტებს, რუსულის გარდა, მშობლიური ენაც სახელმწიფო ენად აქვთ გამოცხადებული. მაგალითად მორდოვიის რესპუბლიკას სამი სახელმწიფო ენა აქვს. ეს ფაქტორი განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს მათთვის, ვინც ამტკიცებდა, რომ “ჰეგემონი” ეროვნულ ენასა და კულტურას ახშობდა.
მაგალითისთვის, რომ ვისაუბროთ ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, ისინი ყოველთვის ისწრაფოდნენ ევროპისკენ, თუმცა რუსული ენა და კულტურა მათ ისტორიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ეს მხოლოდ საბჭოთა პერიოდს არ ახასიათებდა. დღეს იქ ძალიან ბევრი რუსულენოვანი მოქალაქეა და მათთვის სასაუბრო ენის მიზანმიმართულად წართმევა, უსამართლობაა.
მშობლიური ენის პირველობას ეჭვქვეშ არავინ აყენებს, ის უდაოდ პრიორიტეტულია. გასათვალისწინებელია ის, რომ ბალტიისპირეთის რუსულენოვანი მოსახლეობის უმრავლესობა, უფროსი ასაკის ადამიანები არიან და მათთვის უკვე რთულია სხვა ენის შესწავლა. შესაძლოა, ბრძნული გადაწყვეტილება იყოს, რუსულ ენას დროებით, მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი მიენიჭოს და პარალელურად ეროვნული ენის შესწავლა სამეცნიერო დონეზე დაიწყონ. მსგავსი პრობლემების წინაშე თითოეული პოსტსაბჭოთა ქვეყანა, მათ შორის სომხეთიც დგას. ქვეყნის ისტორიაში სხვა ენებისადმი შეუწყნარებლობა არასოდეს ყოფილა, გამონაკლისია მხოლოდ დამოუკიდებლობის პირველი ორიოდ წელი, თუმცა საბედნიეროდ, ის მალე და უკონფლიქტოდ დასრულდა.
მენტალიტეტის ნიუანსები
სომხეთში ნებისმიერ ენაზე მოსაუბრე ადამიანს ყოველთვის სცემდნენ პატივს და არასოდეს მოითხოვდნენ მათთან, მხოლოდ სომხურ ენაზე საუბარს. თუმცა, პარადოქსია, რომ რესპუბლიკაში მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლები, თითქმის ყოველთვის ცდილობდნენ, სომხურად ესაუბრათ. რუსები, ებრაელები, უკრაინელები, რომ აღარაფერი ვთქვათ ქურთებსა და იეზიდებზე, რომლებისთვისაც სომხური ენა მშობლიურივით არის. მათ რუსული ენა აერთიანებდათ. მაშინ სომხეთში ვერ შეხვდებოდით ადამიანს, რომელიც რუსულ ენაზე არ საუბრობდა, მართალია აქცენტით და გრამატიკული შეცდომებით, თუმცა, რუსული ენის ცოდნის საერთო დონე, მაინც დამაკმაყოფილებელი იყო.
მრავლად არსებული რუსული სკოლები შესანიშნავად ასრულებდნენ თავიანთ როლს. გარდა ამისა, სომხურ სკოლებშიც მაღალ დონეზე ისწავლებოდა რუსული ენა და ლიტერატურა. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ ოჯახებში ორ ენაზე საუბრობდნენ. ფაქტობრივად, ბილინგვიზმიც ამას ჰქვია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ეს ბუნებრივი პროცესი იყო. სომხური სახელმწიფო ენად გამოცხადდა, რუსული – უცხო ენა გახდა. სომხეთის დამოუკიდებლობის პირველი წლები, რთული და მძიმე იყო. ენების სწავლების პრობლემა არც ერთადერთი იყო და არც – უპირველესი.
ახალი სტატუსით
გავიდა დრო. საზოგადოება გამოცოცხლდა და სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხიანი სწავლების დროც დადგა. ეს ძალზედ რთული გზა იყო, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ენების სწავლების მეთოდიკისა და მიდგომების თაობაზე დღემდე სერიოზული დავები მიმდინარეობს. ფაქტია, რომ დღეს რუსული, უცხო ენის სტატუსით ისწავლება.
მიუხედავად იმისა, რომ რუსული ენის მასწავლებლების დონე არ შეცვლილა, სამაგიეროდ სკოლებში სწავლების დონე, სწავლების მეთოდიკა და სასწავლო პროგრამა მუდმივად იცვლება. ამ ყველაფრის შედეგი ის არის, რომ საშუალო სკოლის კურსდამთავრებულების დონე ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე რამდენიმე წლის წინათ იყო.
“უცხო ენის” სტატუსის მქონე ენებისადმი დამოკიდებულება უცვლელია. ეს მეორეხარისხოვანი საგანია. სწორედ ასეთმა ფსიქოლოგიურმა დამოკიდებულებამ გამოიწვია, ენების სწავლის მიმართ ინტერესის შემცირებამ. ის ერთეულები, ვისაც მაღალკვალიფიცირებულ სპეციალისტებად გახდომა სურდათ, რუსულსაც კარგად სწავლობდნენ და ინგლისურსაც, რადგან, მთელი რიგი სამეცნიერო ლიტერატურა უპირველესად, მხოლოდ ამ ენებზე ხელმისაწვდომი. სხვათაშორის, ინგლისურს სულ უფრო მეტი ადამიანი სწავლობს, რადგან ის, ვისაც საზღვარგარეთ მუშაობა და კარიერის შექმნა სურს, სერიოზულად ეკიდება ამ ენის შესწავლას. ერევანში გაიხსნა ამერიკული უნივერსიტეტი, სადაც ინგლისურ ენას მაღალ დონეზე ასწავლიან.
სიმდიდრე არ უნდა გაიფლანგოს
სომხეთის სახელმწიფო და პედაგოგიურმა უნივერსიტეტებმა, რომლებიც საბჭოთა პერიოდშიც სრული დატვირთვით ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, რუსული ენის სპეციალისტების მომზადებაში, თავიანთი პოზიციები დღევანდელ პირობებშიც შეინარჩუნეს. ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ენის პედაგოგი, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი მარინა კესარიანი ამბობს, რომ სტუდენტების სურვილის შესაბამისად, უნივერსიტეტს სწავლების ყველაზე მაღალი დონის უზრუნველყოფა შეუძლია. მისი კოლეგა ნუნე აივაზიანიც იმავეს ამბობს: “რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე აბიტურიენტების შემცირების მიუხედავად, რაც განპირობებულია ობიექტური რეალობით, მაინც ამზადებენ სპეციალობის ერთგულ და კარგად განსწავლულ პროფესიონალებს. საშუალო განათლებას რაც შეეხება, ამ ჩავარდნას უმაღლესი სასწავლებლები ავსებენ”. იმავეს თქმა შეიძლება პედაგოგიურ უნივერსიტეტზეც, თუმცა მას ოდნავ განსხვავებული სპეციფიკა აქვს.
შესაბამის უნივერსიტეტებსა და ფაკულტეტებს შორის კონტაქტი, ისევე, როგორც 25 წლის წინათ, ახლაც შენარჩუნებულია, გარდა ამისა, ახლადგახსნილ სასწავლო ცენტრებთან თანამშრომლობაც მიმდინარეობს. იქმნება და ხორციელდება ერთობლივი კვლევითი და სასწავლო პროგრამები, იმართება შეხვედრები და სამეცნიერო კონფერენციები. სწორედ ეს უწყობს ხელს რუსული ენის სწავლების შენარჩუნებასა და დონის ამაღლებას, ხოლო სომეხი სპეციალისტები რესურსების საერთაშორისო არმიის სრულუფლებიან წევრებად გრძნობენ თავს.
1997 წელს დაარსდა რუსულ-სომხური (სლავური) უნივერსიტეტი, სადაც რუსული ენა და ლიტერატურა ისწავლება. სახელმწიფო უნივერსიტეტის მსგავსად, აქაც კლასიკურ ფილოლოგებს, თარჯიმნებს, კულტურათაშორისი ურთიერთობებისა და კომუნიკაციების სპეციალისტებს ამზადებენ.
ამ საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რუსულ-სომხური უნივერსიტეტის რუსული ლიტერატურის ინსტიტუტი. მისი დირექტორი არშაკ სარქისიანი აცხადებს, რომ ინსტიტუტი დიდ ყურადღებას უთმობს რუსული ენის მოქმედი პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას, როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, ისე სკოლებში. გარდა ამისა, რუსულ ცენტრებთან ერთად, უწყვეტად მიმდინარეობს სამეცნიერო სამუშაოები, როგორიცაა მაგალითად, ლექსიკონების შედგენა. აღსანიშნავია ისიც, რომ სლავური უნივერსიტეტი ამას უმაღლეს დონეზე აკეთებს.
გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთში რუსული ენა ჯერ კიდევ საჭიროა, ზემოთ აღნიშნული სასწავლო დაწესებულებების თანამშრომლებმა კვლავაც მთელი ძალისხმევა უნდა მოახმარონ მის პროპაგანდას, ამ საქმეში რუსული ორგანიზაციების მონაწილეობაც სასურველია.
რუსული ენის სრულყოფილად მცოდნე სომეხი, რომელიც სრულფასოვნად მიუახლოვდება მდიდარ რუსულ ლიტერატურასა და კულტურას, თავადაც გამდიდრდება. როგორც ამბობენ, რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარო.
მოამზადა რუბენ გიულმისარიანმა