იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადების საფუძველზე, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს ქონების ნაწილი დააყადაღა. ასევე სამართლებრივი შეზღუდვა დარეგისტრირდა პარტნიორი მეწილეების მიმართ.
როგორც Dalma News-ს საჯარო რეესტრში განუცხადეს, პარტნიორებს, ტელეკომპანიის 22%-ის მფლობელ ლევან ყარამანიშვილს, 18%-ის მფლობელ გიორგი ყარამანიშვილს, შპს ტელეკომპანია საქართველოს, რომელიც 51%-ის მფლობელია და ცხრა პროცენტიანი წილის მფლობელ ნინო ნიჟარაძეს სასამართლო დავის საბოლოო დასრულებამდე აეკრძალებათ შემდეგი უფლებამოსილებები: საზოგადოების სახელზე არსებული ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, საზოგადოების სახელით ვალდებულებების აღება, პროკურის გაცემა, წლიური შედეგების დამტკიცება, საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, წესდებაში ცვლილების შეტანა, პარტნიორებისთვის და დირექტორისთვის (დირექტორატისთვის) საწარმოს მართვისა და ხელმძღვანელობის, ლიცენზიის გასხვისების, ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვის ჩათვლით. ასევე შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორისთვის (დირექტორატისათვის) საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვაზე, ან უფლებრივად დატვირთვაზე გადაწყვეტილების მიღება.
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ნომინალური მეპატრონეების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ტელეკომპანიის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა.
ქიბარ ხალვაშის მიერ დაწყებულ სასამართლო დავასთან დაკავშირებით “რუსთავის 2”-ის გენ. დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ბიზნესმენის უკან ხელისუფლება დგას და სასამართლო ხელისუფლებას მოუწდებს “უკანონო გადაწყვეტილებებს ხელი არ მოაწერონ”. ნიკა გვარამია ფართომასშტაბიანი სამართლებრივი ომით იმუქრება.
გვარამიას ბრალდებებს უარყოფს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აცხადებს, რომ “რუსთავი 2”-ის საქმეში მთავრობის როლი ნულის ტოლია, თუმცა, როგორც რიგითი მოქალაქე, ყველანაირი სამართლიანობის აღდგენის მომხრეა. “დღეს მედია აბსოლუტურად თავისუფალია. სხვა შემთხვევაში, მთავრობას რომ სხვა განზრახვა ჰქონოდა, ეს პროცესები ასე არ გაგრძელდებოდა. ჩვენი მთავრობის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს მედიას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
“რუსთავი 2”-ის ქონების ნაწილის დაყადაღებასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და განაცხადა, რომ დღესდღეობით საქართველოში არსებობს აბსოლუტურად თავისუფალი, ობიექტური სასამართლო, რომელიც ობიექტურ გადაწყვეტილებას ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიიღებს. თავად კი ფაქტის შეფასებისგან თავის შეკავებას ამჯობინებს.
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, 2004 წელს დაახლოებით 7 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა ტელეკომპანია “რუსთავი 2”, ხოლო 2006 წლის ბოლოს ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლების, მათ შორის, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ზემოქმედებით ტელეკომპანიის წილი დაათმობინეს.
როგორც ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ამბობს, ხალვაშის მიმართ დევნა 2007 წლიდან დაიწყო. უკანონოდ შეიჭრნენ მის კუთვნილ კომპანიებში. დაიჭირეს ბიზნესმენის ძმა და მეგობრები, თვითონ მას კი ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრნენ. ამის შემდეგ ქიბარ ხალვაშმა თავი გერმანიას შეაფარა, სადაც პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო. სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა ბიზნესმენმა 2008 წლიდან დაიწყო და პროკურატურას “რუსთავი 2”-ის იძულებით ჩამორთმევის შესახებ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. თუმცა იმ პერიოდში რეაგირება არ ყოფილა.