სომხური წარმოშობის აიკ კაზარიანი ამერიკაში ცხოვრობს და სან-დიეგოში რესტორან “პუშკინის” მფლობელია. აიკს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მისი რესტორანი შტატების ფარგლებს გარეთ გაითქვამდა სახელს. ახლა ის და მისი მეგობრები დიდებული რუსი პოეტის საპატივცემულოდ შერქმეული რესტორნის დასაცავად თავგამოდებით იბრძვიან.
იცავენ ხულინგებისგან და მოროდიორებისგან, რომლებიც თავიანთ პროტესტს პოლიციელ დერეკ შოვინის მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო გამოხატავენ, რასაც თან ახლავს მაღაზიების, ბანკების, რესტორნების ძარცვა, ღამის საათებში ყაჩაღობა, ნგრევა, დაწვა. აიკმა სისხლითა და შრომით ფეხზე დაყენებული თავისი ბიზნესის ყაჩაღებისგან დასაცავად ყველა მეგობარი შემოიკრიბა, რომლებსაც არსენალში იარაღი აქვთ. დღე-ღამის მორიგეობა თითქმის ერთ კვირას გაგრძელდა. ვერავინ ბედავდა “პუშკინთან” მიახლოებას, რადგანაც ხმა გავარდა, რომ რესტორანს “რუსული მაფია” იცავდა.
სინამდვილეში ვინ არის სომხური წარმოშობის ბრუტალური მამაკაცი, რომელსაც ამერიკაში რუსული რესტორანი აქვს? Dalma News-ის კორესპონდენტს აიკ გაზარიანი ესაუბრა.
— ერთ-ერთმა გამოცემამ სამი ვერსია წამოაყენა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაარქვით თქვენს რესტორანს “პუშკინი”. პირველი – შესაძლოა, თქვენ ძალიან მოგწონდათ იგივე სახელწოდების რესტორანი, რომელიც მოსკოვში, ტვერსკზე მდებარეობს; მეორე – შტატებში გამგზავრებამდე თქვენ, ალბათ, ერევანში პუშკინის სახელობის სკოლაში სწავლობდით; და მესამე – დიდებული რუსი პოეტი ძალიან გიყვართ.
— (იცინის) სწორი ვერსიაა მესამე – ძალიან მიყვარს პუშკინი. დედაჩემი -რუსული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი იყო და ბავშვობიდან შემაყვარა ლიტერატურა, კერძოდ, ლექსები. პუშკინს ძალიან ბევრი ნაწარმოები აქვს საბავშვო პუბლიკისთვის დაწერილი და როდესაც ბავშვობის ასაკში მას კითხულობ, ხვდები რომ ის ყველაზე ახლოს არის შენთან. რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ ვერსიებს, ერევანში ალ.პუშკინის სახელობის სკოლაში მართლა ვსწავლობდი.
— გვიამბეთ თქვენს შესახებ.
— წარმოშობით, სუფთა სომეხი ვარ: მამით – კიროვაბადიდან, დედით – შამხორიდან. ბედმა ჩემი მშობლები ერთმანეთს აზერბაიჯანში შეახვედრა: ჯერ დედაჩემი და მამიდაჩემი დამეგობრდნენ, შემდეგ ჩემი მომავალი მშობლები მამიდამ გააცნო ერთმანეთს. 1982 წელს, დაოჯახების შემდეგ უზბეკეთში გადავიდნენ და სამარყანდში დასახლდნენ. როდესაც დედა ჩემზე ორსულად იყო, მამამ გადაწყვიტა, რომ პირველი შვილი სამშობლოში, ახლობელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა დაბადებულიყო და კიროვაბადში გაემგზავრნენ. ჩემი დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ მშობლები უზბეკეთში დაბრუნდნენ, ამიტომ დე ფაქტო აზერბაიჯანში ვარ დაბადებული, ხოლო დე იურე – სამარყანდში. შემდეგ მშობლებმა მალევე კიროვაბადში დაბრუნება გადაწყვიტეს, სადაც 2 წელი, ყარაბაღის კონფლიქტის დაწყებამდე ვიცხოვრეთ. ამ სამწუხარო მოვლენის შემდეგ გეორგიევსკში (სტავროპოლის მხარეში) გადავედით. მოზარდობის ასაკში ხშირად ჩავდიოდი სომხეთში ნათესავებთან. შტატებში გამგზავრებამდე მთელი წელი ერევანში ვიცხოვრე და მესამე სკოლაში ვსწავლობდი, სადაც სომხურად წერა-კითხვა ვისწავლე.
ერევანში ადრეც ვყოფილვარ, თანაც საკმაოდ ხშირად – ზაფხულის არდადეგებზე ჩავდიოდი. მახსოვს, იმ პერიოდში ერევანში ენერგეტიკული კრიზისი იყო; წყალს მეშვიდე სართულზე ხელით ვეზიდებოდი; მეზობლები სერიალ “სანტა ბარბარას” მორიგი სერიის საყურებლად ერთად იკრიბებოდნენ… სომხეთი ყოველთვის იყო და იქნება ჩემი მშობლიური – ჩემი ისტორიული სამშობლო. ვამაყობ, რომ სომეხი ვარ და ვიმედოვნებ, ერის ღირსებას არასოდეს დავკარგავ.
— არამც თუ დაკარგეთ, პირიქით – თქვენი ცოტა ხნის წინანდელი საქციელით აამაღლეთ კიდეც. საერთოდ, როგორ მოიფიქრეთ აგრესორებისგან თავი შეიარაღებულებს დაგეცვათ?
— ჯერ კიდევ შაბათს, სანამ „პუშკინის“ დასაცავად გამოვიდოდით, საპროტესტო აქციები ქალაქ ლა-მესაში, სან-დიეგოს ოლქში დაიწყო. თავდაპირველად საპროტესტო მსვლელობები იყო, შემდეგ დაიწყეს სახლებში შევარდნები, მოროდიორობა, მტვრევა და ცეცხლის წაკიდება. დაიწყეს ბანკების და რიგით ამერიკელების ბიზნესების გადაწვა, თანაც ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდნენ და “ლაიფში” აჩვენებდნენ.
ზუსტად მეორე დღეს ჩავჯექი ავტომობილში, ჩავისვი ჩემი ვაჟი და ჩემი რესტორნისკენ გავეშურე. საშინელი სანახაობა დამხვდა – ყველაფერი ცეცხლის ალში და კვამლში იყო გახვეული. ამერიკელები ნიჩბებითა და ცოცხებით მომარჯვებულები, ცრემლიანი თვალებით თავიანთი ბიზნესების დასაცავად გამოვიდნენ… ერთი სიტყვით, მივხვდი, რომ, რაღაც საშინელება ხდებოდა და აუცილებლად რადიკალურად უნდა მემოქმედა. სწორედ ამიტომ, როდესაც დემონსტრაციები სან-დიეგოშიც დაიწყო, მაშინვე დავუკავშირდი ყველა მეგობარს და წამის უსწრაფესად ათი მეგობარი ჩემი რესტორნის დასაცავად გაჩნდა.
— მაგრამ პოლიცია, რატომ არ მოვიდა ხალხის დასახმარებლად?
—საქმე იმაშია, რომ პოლიცია უბრალოდ ვერ ასწრებდა ბრბოს გაკონტროლებას, რომელიც რამდენიმე ჯგუფად იყო დაყოფილი. ამიტომ სამართალდამცავებისთვის ძალზედ რთული იყო მათ პროტოკოლის მიხედვით დიფერენცირება. იმაზე საუბარი, რომ თითოეული რესტორნის, ან მაღაზიის დასაცავად პოლიციელთა თუნდაც ორ-ორ კაციანი ჯგუფი გამოყოფილიყო, არარეალურია.
დემონსტრანტების ბრბო ძალიან დიდი იყო. ერთი, დაახლოებით ათას კაციანი ჯგუფი ჩვენსკენ დაიძრა. ამ დროს ტელეფონით “ლაივს” ვიღებდი და ვერც კი წარმომედგინა, რომ მათი სამიზნე “პუშკინი” გახდებოდა. რესტორნის დასაცავად ბიჭებმა დროულად დაიკავეს წინასწარ განსაზღვრული ადგილები. შეგვეშინდა? ცხადია! საერთოდ არ ვიცოდით როგორ მოიქცეოდნენ და რას გააკეთებდნენ ეს გაცხოველებული აგრესორები, მით უფრო რომ მათ გზად ყველაფერი დალეწეს და დაამტვრიეს – სუპერმარკეტები, მაღაზიები, სექსშოპის ვიტრინები თვალის დახამხამებაში დააცარიელეს. ერთი სიტყვით, გვიახლოვდებოდნენ და ჩვენც ცეცხლსასროლი იარაღით მომარჯვებულები რესტორნის ფანჯრებთან დავხვდით. ჩვენდა გასაოცრად გვერდზე გაგვიარეს და თავდასხმა არც უცდიათ. პირიქით, ზოგმა ისიც კი თქვა: ყოჩაღ, ბიჭებო! კარგად დაიცვეს თავიო.
— თუმცა, მაინც დილამდე დარაჯობდით?
— ბრბომ ჩაიარა, მაგრამ ჩვენ დაახლოებით დილის 3:30-მდე მაინც ვდარაჯობდით. დროის ამ მონაკვეთში ბრბომ ორჯერ სცადა მეზობელ მაღაზიებზე თავდასხმა. მეზობელი მაღაზიის მეპატრონეები ერაყელი დევნილები არიან, რომლებმაც მომხდარის შესახებ მხოლოდ დილით შეიტყვეს და უსაზღვროდ მადლიერები იყვნენ, რომ მოროდიორებს უკან დავახევინეთ.
—ვინმემ მოგბაძათ?
— ჩვენდა გასაკვირად, ბევრმა ვინც ტელევიზიით ნახა, თუ როგორ ვიცავდით ჩვენს რესტორანს, ლოს-ანჯელესშიც მოგვბაძეს და ნიუ-იორკშიც. ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა თავისი ობიექტების და ინტერესების დასაცავად… რიგითი ამერიკელების ერთგვარი “თავდაცვითი” ტალღა დაიძრა და ძალზედ მოხარული ვარ, რომ მე და ჩემი მეგობრები მათთვის მაგალითად ვიქეცით.
—როგორც ვიცი, ინტერნაციონალური სამეგობრო გყავთ.
—ასეა. ჩვენს “გუნდში” არიან რუსები, სომხები, უკრაინელები, ებრაელები და აზერბაიჯანელები. სხვათა შორის, ბევრი გაოცდა, როდესაც შეიტყვეს, რომ აზერბაიჯანელები სომხის ქონებას იცავდნენ. მაგრამ ამერიკაში ყველა ერთმანეთის მეგობრები ვართ და ეს ნორმალურია. ერთმანეთის დასახმარებლად ჩვენ ყოველთვის მზად ვართ და მე ვამაყობ, რომ ასეთი მეგობრები მყავს.
—ახლა როგორი ვითარებაა სან-დიეგოში?
—ახლა თითქოს ყველაფერი ჩაწყნარდა. იმ “თავდაცვითი” დღიდან 6 დღეში კიდევ ერთი საკმაოდ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულ მედიაში აქტიურად გაშუქდა ჩვენი ამბავი და რამდენიმე ინტერვიუც აიღეს ჩემგან, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რესტორანს ძალიან ბევრი ხალხი მოაწყდა.
ჩვენი თავდაცვის შესახებ პირველი ინფორმაცია, ცხადია, რუსეთში გაჟღერდა. შედეგად, გასულ უქმეებზე, დაუნტაინზე ერთადერთი რესტორანი ვიყავით, რომელიც არსებული ვითარების და კორონავირუსის მიუხედავად, გაიხსენა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა დახმარება შემოგვთავაზა. დღემდე მირეკავენ და მწერენ სოცქსელში: ზოგი მილოცავს, ზოგი აღფრთოვანებას გამოხატავს. ამ დღეებში ლოს-ანჯელესიდან ჩამოვიდნენ ჩვენთან სტუმრები და მითხრეს, რომ ჩვენთან ვახშმობა სურდათ და რომ მხარს გვიჭერდნენ.
— ერთი სიტყვით, ძალიან გაითქვით სახელი.
—სინამდვილეში, როდესაც იარაღი ხელში ავიღეთ და რესტორნის კედლებთან ჩავმწკრივდით, საერთოდ არ გვიფიქრია საკუთარი და რესტორნის იმიჯის შექმნაზე. ჩვენ უბრალოდ, რესტორანს ვიცავდით და როგორც ჩანს, სწორადაც მოვიქეცით, რადგანაც მარტო ერთ ღამეში „პუშკინის“ გამომწერები ისტაგრამზე 2,5 ათასიდან 10 ათასამდე გაიზარდა!
—სამართალდამცავების მხრიდან თქვენს მიმართ პრეტენზია არ გამოთქმულა?
—კალიფორნიაში იარაღის ტარება დაშვებულია, თუმცა არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც გარკვეული ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი აკრძალულია. მაგალითად, თუ ტეხასში შესაძლებელია ისეთი ავტომატის შეძენა, რომელიც ერთ ჯერზე მთელს მჭიდს ცლის, ჩვენთან ის აკრძალულია. რაც შეეხება შენობაში იარაღის შენახვას, ამისათვის შესაბამისი ლიცენზიაა საჭირო. სხვათა შორის, ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი რუსი პოლიციელი, რომელმაც ჩვენს შესახებ საინფორმაციო გამოშვებიდან შეიტყო, მოვიდა და მხარდაჭერა გამოგვიცხადა. იმავე დროს გაოცება ვერ დამალა, სხვები რომ მსგავსადვე არ მოიქცნენ.
—ანუ, თქვენ შეიარაღება ჯერ კიდევ მშვიდობიან ამერიკაში დაიწყეთ. რატომ, ან რისთვის დაგჭირდათ?
— (იცინის). საერთოდ, შტატებში, როცა ცხოვრება ჩვეულ რეჟიმშია თავდაცვა არავისგან გჭირდება და იარაღიც იმიტომ კი არ გვქონდა შეძენილი, რომ ცეცხლსასროლი იარაღი გვიტაცებს. უბრალოდ, ხშირად დავდივართ ტირში და ერთმანეთს მიზანში სროლაში ვეჯიბრებით. იმ დღისით, როდესაც რესტორნის დასაცავად შევიკრიბეთ, არავის გვიფიქრია რომ გავისროდით და მადლობა ღმერთს, ამის საჭიროებაც არ ყოფილა!
— ზოგმა, ვინც თქვენი ფოტოები ნახა, სადაც ე.წ. ყურებიან ქუდებსა და რუსულ ნაციონალურ თავსაბურავებში – “კოკოშნიკებში” ხართ გამოწყობილები, ბევრმა სერიოზულადაც ვერ აღგიქვათ. საიდან ეს თავსაბურავები?
— როდესაც ბიჭები რესტორანში მოვიდნენ, ჯერ კიდევ დღე იყო, ხოლო არეულობები ღამით დაიწყო. მანამდე უბრალოდ ვისხედით და ვსაუბრობდით. რაღაც მომენტში ფოტო სესიის მოწყობა მომაფიქრდა, ოღონდაც იარაღის გარეშე, რათა გამომწერები ნეგატივით არ დამეშინებინა. აქსესუარებად, გადავწყვიტეთ ის ქუდები გამოგვეყენებინა, რომლებიც რესტორანში სპეციალურად მომხმარებლებისთვის გვაქვს. როდესაც ქუდები მოვირგეთ, აღმოჩნდა, რომ ყველასთვის საკმარისი არ იყო, ამიტომ ზოგიერთმა „კოკოშნიკი“ მოირგო და ელვის სისწრაფით სწორედ ის ფოტო გავრცელდა სოც.ქსელში, რომელსაც ჰქონდა წარწერა: „რუსი მაფიოზები არ ვართ, უბრალოდ ბორში გვიყვარს“. კომპოზიცია მართლაც ძალიან სასაცილო გამოვიდა – ზოგი ნაპოლეონის ქუდში პოზიორობდა, ზოგი “კოკოშნიკში”, ზოგი აკორდეონით ხელში. ჩვენ, ზოგადად, საკმაოდ მხიარული და პოზიტიური ადამიანები ვართ. ხშირად ვერთობით, ვიღებთ ფოტოებს და ვტკბებით ცხოვრებით. ის, რომ ასე შეიარაღებულები ვიდექით და თავს ვიცავდით, პირველად იყო ჩვენს ცხოვრებაში და ვიმედოვნებ, აღარასოდეს განმეორდება!
— თქვენ საკუთარი საქმის შენარჩუნება შეძელით, თანაც სრულყოფილად…
—დიახ. თუმცა საქმე მხოლოდ ბიზნესში არ არის. ჩემი ოჯახი ძალიან ბევრს მოგზაურობდა და ხშირად დაგვიწყია ცხოვრება ნულიდან, ხშირად გვიბრძოლია ადგილისთვის მზის ქვეშეთში. მაგრამ ამჯერად, არსებულმა ვითარებამ, უბრალოდ, გამაცოფა… ცხოვრება ძალიან სწრაფად გადის, მუდმივად რატომ უნდა ვიბრძოლო თვითგადარჩენისთვის?! რადიკალურ ზომებზე წასვლა სწორედ ამიტომ გადავწყვიტე.
გარდა ამისა, კარგად მახსოვს მამას მიერ მოთხრობილი ისტორიები, როდესაც კიროვაბადში ვცხოვრობდით 1988 წელს საპროტესტო დემონტრაციები იყო. მაშინ მამაჩემი და მისი მეგობრები თავს და ოჯახებს იცავდნენ და იმ ხიდზე მორიგეობდნენ, რომელიც ქალაქის სომხურ რაიონს აზერბაიჯანულისგან ჰყოფდა. ეს მოგონებები ჩემს მეხსიერებაში მკაფიოდ ჩარჩა, ამიტომ საკუთარის დაცვა და შენარჩუნება ჩემთვის ღირსების ტოლფასია.
— აიკ, როგორ შეძელით საკუთარი რესტორნის გახსნა და ფეხზე დაყენება, თანაც უცხო მხარეში?
—ყველაფერი საკმაოდ რთული იყო. მემკვიდრეობა არავისგან მიმიღია, ყველაფერს თავად მივაღწიე. როდესაც სან-დიეგოში გადავედი, მეგობართან ერთად ჩილიმის ბარი გავხსენი. შემდეგ მარტომ პატარა კაფე ავამუშავე. მეგობარი წავიდა და საქმე მე დამიტოვა. მეც ნელ-ნელა რესტორანი გავხსენი. თავდაპირველად ძალიან გაგვიჭირდა. მე და ჩემი მეუღლე მუხლჩაუხრელად ვშრომობდით. შემდეგ მეუღლე დაფეხმძიმდა, მისთვის უკვე რთული იყო რესტორანში სირბილი, თანაც ფინანსური პრობლემები შეგვექმნა. დაუჯერებელია, მაგრამ ერთ წელიწადში „პუშკინი“ ფეხზე დავაყენეთ. მალე ჩემი ვაჟი – არენი გაჩნდა და ჩემგან განსხვავებით პუშკინის პოეზიაზე კი არა „პუშკინში“ გაიზარდა. ჩემი მეუღლე, რომლითაც ძალიან ვამაყობ, ერთი ხელით ბავშვს უვლიდა, მეორეთი – რესტორანს მართავდა. ახლა არენი 4 წლისაა, ხოლო 2020 წლის ოქტომბერში „პუშკინის“ გახსნიდან 5 წლისთავს აღვნიშნავთ. ამ ხნის განმავლობაში ამერიკის მასშტაბების გათვალისწინებით საკმაოდ მაღალ რეიტინგს მივაღწიეთ – FB-ს მიხედვით თითქმის 5 ვარსკვლავი გვაქვს, ხოლო ისეთ სერვისებში, როგორიცაა TripAdvisor — 4.5.
გარდა ამისა, მეორე რესტორნის გახსნას ვგეგმავდი, ამჯერად უზბეკეთში. ის სწორედ იმ დღისით უნდა გახსნილიყო, როდესაც დარბევები დაიწყო, მაგრამ არაუშავს, ყველაფერი წინ არის და ვიმედოვნებ „სამარყანდი“ უახლოეს ორ კვირაში ამოქმედდება!
— როდის გაჩნდება რესტორანი “ერევანი”?!
— სიამოვნებით გავხსნიდი სომხურ რესტორანსაც, რადგანაც აქ სომხებს კარგად იცნობენ და პატივს სცემენ. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენთან ამერიკელები შემოდიან, თავიანთი სომეხი მეგობრების გვარებს ასახელებენ. თუმცა რუსებს უფრო კარგად იცნობენ. ამიტომ როდესაც საქმის წამოწყებას ვიწყებდი სუფთად მარკეტინგული გათვლა მქონდა. გარდა ამისა, „პუშკინს“ სუფთად რუსულ რესტორანს ვერ უწოდებ. ჩვენს მენიუშია ე.წ. სალიანკა, ქაშაყი ორიგინალური სერვერებით, ცნობილი ბორში, ბიზონის და სირაქლემას ხორცი, ასევე კავკასიური სამზარეულოდან გვაქვს ბადრიჯნის ხვეულები, შინაური ხიზილალა, აჭარული ხაჭაპური, მწვადი და ხაშიც კი.
ამრიგად, “პუშკინში” სომხური აქცენტი, მაინც არსებობს. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. დარწმუნებული ვარ, დადგება დრო და ჭეშმარიტად სომხურ რესტორანს გავხსნი, სადაც იქნება გამომცხვარი პური და ლავაში, ტოლმა, ღორის ხორცი და ჩვენებური ღვეზელები. სადაც ჩემი ისტორიული სამშობლოს სუნი ყველას და ყველაფერს მონუსხავს. მანამდე კი ამ სურნელით ჩემი სული მუდმავად არის გაჟღენთილი.
ირინა გრიგორიანი