რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩევმა განაცხადა, რომ სანქცირებული და უხარისხო პროდუქცია არა მხოლოდ საზღვარზე, არამედ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის პარტნიორ ქვეყნებშიც უნდა განადგურდეს.
“ჩვენ კეთილსინდისიერი მეწარმეები უნდა დავიცვათ მათგან, ვინც არასაბაზრო მეთოდებით მოქმედებს. არსებობს შეთავაზება, რომ გადაიხედოს ჩვენი სამინისტროების მოთხოვნები ფალსიფიკაციის დარგში და განადგურდეს ფალსიფიცირებული საქონელი არა მხოლოდ საზღვარზე, არამედ ქვეყნის შიგნითაც”, – განაცადა ტკაჩევმა, რუსეთისა და ყაზახეთის რეგიონალური თანამშრომლობის ფორუმის მეთორმეტე პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას. ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
ტკაჩევის თქმით, ფალსიფიცირებული საკვების განადგურების შეთანხმების დამატებითი უფლებამოსილებების შესახებ დოკუმენტის გაფორმება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის პარტნიორებთან – ყაზახეთთან, სომხეთთან, ყირგიზეთთან – მოსკოვში აგროსამრეწველო გამოფენა-გაყიდვის “ოქროს შემოდგომის” ფარგლებშია მოსალოდნელი.
“ასეთ შემთხვევაში ჩვენ გზას კეთილსინდისიერ ინვესტორებსა და მეწარმეებს გავუხსნით. შედეგად, ყველა მოგებული დავრჩებით”, – ამბობს მინისტრი.
“გვსურს განვიხილოთ პრობლემა, საბაჟო კავშირის, როგორც ეკონომიკის ერთიანი სივრცის ფარგლებში, როგორ დავიცვათ თავი ფალსიფიკატორებისაგან. საჭიროა ქვეყნის შიგნით ფალსიფიკატორებთან ბრძოლას საბაჟო კავშირის ყველა წევრი დათანხმდეს”, – დასძინა მინისტრმა.
“თუ ქვეყნის შიგნით ყველაფერს გავასუფთავებთ, მაშინ რასაც ყაზახეთში გავგზავნით, ისიც სუფთა იქნება”, – ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
მანამდე ტკაჩევმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ სანქცირებული პროდუქტი საზღვარზე უნდა განადგურებულიყო. მის შემოთავაზებას მხარი პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაუჭირა. სოფლის მეურნეობის მინისტრს მიაჩნია, რომ ასეთი პროდუქტები “მავნეა” და აცხადებს, რომ დაწესდეს ემბარგო რუსეთში შესატან ყვავილებსა და საკონდიტრო პროდუქციაზე, ასევე უარი თქვან ღვინის იმპორტზე.
ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინის შეიარაღებულ კონფლიქტში მისი როლის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების საპასუხოდ ოფიციალურმა მოსკოვმა აშშ-ს, ევროკავშირის, ნორვეგიისა და სხვა ქვეყნების საკვები პროდუქტების შეტანაზე ემბარგო დააწესა”, – იტყობინება BBC-ის რუსული სამსახური.