“მსოფლიო დაყოფილია რუსეთის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად რუსეთის მოკავშირეებად, პარტნიორებად და მტრებად; მათ, ვინც რუსეთთან ერთად ახალი სამართლიანი მსოფლიო წესრიგისკენ ისწრაფვის და მათ, ვინც მოძველებულ მოდელებს ეკიდება,” – ნათქვამია კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის (NIIRK) დირექტორის ვლადისლავ გასუმიანოვის სტატიაში.
ქვემოთ მოყვანილია ვლადისლავ გასუმიანოვის სტატია სრულად.
“ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს”, – მათეს სახარება 12:30
2022 წლის მოვლენებმა, რომლებიც რუსეთის მონაწილეობით და რუსეთის გარშემო ვითარდება, კიდევ ერთხელ აჩვენა ჩვენი ქვეყნის გლობალური როლი და მისი მთავარი გავლენა მსოფლიო პროცესებზე. მსოფლიო დაყოფილია რუსეთის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, რუსეთის მოკავშირეებად, პარტნიორებად და მტრებად; მათ, ვინც რუსეთთან ერთად ახალი სამართლიანი მსოფლიო წესრიგისკენ ისწრაფვის და მათ, ვინც მოძველებულ მოდელებს ეკიდება. მსოფლიო რუსულ-ცენტრისტულია. რუსეთს კენჭს უყრიან გაეროში, რუსეთზე საუბრობენ ნატოში, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე რუსეთი განიხილება; მსოფლიო იყოფა მათ, ვისაც სურს “რუსეთის გაუქმება”, მათ, ვისაც სურს რუსეთის გვერდით დადგეს და იდგეს. რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულმა სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ ამხილა ქვეყნების ჭეშმარიტი ინტერესები და სასიცოცხლო პრინციპები და კიდევ უფრო დაყო მსოფლიო. ასეთი განხეთქილების ფონზე ჩვენი მეზობლების პოზიციები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის სხვადასხვა მეთოდია ცნობილი, მაგრამ სწორედ ქვეყნებში ჩამოყალიბებული კომუნიკაციური რეჟიმები, რუსეთისა და რუსების მიმართ არსებული დამოკიდებულების უფრო ღრმა და დეტალურ გაგებას იძლევა, რადგან კომუნიკაციები წარმოიქმნება არა მხოლოდ სახელმწიფო დონეზე და არა მხოლოდ კანონებით რეგულირდება, არამედ ისტორიულად დამკვიდრებული პრაქტიკით. საკომუნიკაციო რეჟიმების სუბიექტები არიან არა მხოლოდ პოლიტიკური ელიტები, არამედ თითოეული ქვეყნის მოქალაქეები. კომუნიკაციური რეჟიმების მეგობრულობის რეიტინგი მრავალფეროვნად აჩვენებს თითოეული ქვეყნის ნამდვილ სახეს, ხოლო მონიტორინგის შედეგები არა მხოლოდ რუსეთისა და რუსებისადმი დამოკიდებულების შესახებ რეალურ სურათს, არამედ მათი განვითარების პროგნოზირების საშუალებას იძლევა.
მეგობრულობის რეიტინგი – ეს არის საორიენტაციო ნიშანი როგორც რუსეთისთვის, ისე სხვა ქვეყნებისთვის. რუსეთისთვის ეს არის მეზობლებთან ურთიერთობის პერსპექტივების, სისტემისა და მიმართულებების გადახედვის და შეფასების შესაძლებლობა. მეზობლებისთვის კი, ეს არის ფიქრის, პრიორიტეტების გადაწყვეტისა და მიმართულებების შედარების მიზეზი. დროის უკან დაბრუნება შეუძლებელია. ის, რაც დღეს კეთდება, არა მხოლოდ შესაბამის შედეგს გამოიღებს, არამედ მომავალს განსაზღვრავს. რუსეთი იყო და რჩება ევრაზიული სივრცის საყრდენი სახელმწიფო და გლობალური პროცესების მთავარი სუბიექტი. სწორედ ახლა რუსეთი თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად საფუძველს უყრის მომავალ ურთიერთობებს და ახალ მსოფლიო წესრიგს. თითოეული ქვეყნისთვის კი მნიშვნელოვანია, რა ადგილს დაიკავებს ის ახალ კოორდინატთა სისტემაში.
ისტორიულად, რუსეთის ურთიერთობა პარტნიორებთან პატერნალისტურ სისტემებად იყო აგებული, ხოლო ევროპულმა ქვეყნებმა და შეერთებულმა შტატებმა კოლონიური სისტემები ააგეს. გასაკვირი ის არის, რომ თანამედროვე პირობებში ორივე მოდელი ხორციელდება. არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთმა პატერნალიზმი უნდა შეწყვიტოს და მეზობლებთან ურთიერთობა უფრო რაციონალური პრინციპებით დაამყაროს, რადგან „ბავშვები გაიზარდნენ“ და დამოუკიდებლები გახდნენ. მაგრამ ჩვენ მაინც ერთ ოჯახად ვცხოვრობთ, თუმცა ერთმანეთის მეზობლად და სხვადასხვა სახლებში. ამიტომ ერთ სახლში არსებული პრობლემები მთელ ოჯახს გულგრილს ვერ დატოვებს. სწორედ ამის მაჩვენებელია ის, რომ ქვეყნები (ყაზახეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) რუსეთს დახმარებისთვის მიმართავენ, როგორც შიდა, ასევე გარე კონფლიქტების გადასაწყვეტად. თავის მხრივ, რთულ დროს რუსეთიც მიმართავს მეზობლებს, ამიტომ დღეს ძალზედ მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა სისტემაში სურთ ცხოვრება. სწორედ ახლა ეყრება მომავალს საფუძველი და ყველასათვის მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ იფიქრონ არა საკუთარ სიტუაციურ როლზე, არამედ სტრატეგიულ ადგილზე ახალ მსოფლიო წესრიგში.
„კოლექტიური დასავლეთის“ მიერ რუსეთის ირგვლივ აგრესიული გარემოს შექმნის უპრეცედენტო ძალისხმევის მიუხედავად, სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორებს შორის მეგობრობის ზრდას ვხედავთ. ეს პარტნიორები არ არიან ორიენტირებულნი სიტუაციურ ფაქტორზე, ისინი წარსულ გამოცდილებას აფასებენ და რუსეთთან დიალოგს და თანამშრომლობას კომპეტენტურად აწარმოებენ. ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს არ დავიწყებიათ საბჭოთა პროექტები, რომლებმაც დასაბამი მისცეს ტერიტორიებისა და ხალხების პროგრესულ განვითარებას. ჩვენს მეზობლებს არ დავიწყებიათ რუსეთის დახმარება სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისა და საერთაშორისო სუბიექტად გადაქცევის საქმეში. რუსეთმა გულუხვად გააზიარა თავისი ტექნოლოგიები ინოვაციები და რესურსები, უზრუნველყო მათი ხელმისაწვდომობა უპრეცედენტო ხელსაყრელი პირობებით და თავისი სამრეწველო, სამეცნიერო და ტექნიკური წარმოება, ასევე ენერგეტიკული სისტემები ახალი სახელმწიფოების ტერიტორიებზე დატოვა. რუსეთმა მხარი დაუჭირა ეროვნულ საგანმანათლებლო სისტემებს, ინვესტიციები ჩადო პერსონალის მომზადების, უნივერსიტეტებისა და სკოლების განვითარებაში. ეს ქვეყნები დღესაც საკუთარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პერსპექტივას რუსეთთან ურთიერთობაში ხედავენ, აძლიერებენ სავაჭრო, ეკონომიკურ და საინვესტიციო თანამშრომლობას და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას. ბელორუსია საკავშირო ურთიერთობების ერთგული რჩება, გადაწყვეტილებებსა და ეროვნული პრიორიტეტების განსაზღვრაში დამოუკიდებლობას ინარჩუნებს. ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოებს ესმით, რომ მათი სახელმწიფოებრიობა მხოლოდ რუსეთის მხარდაჭერითაა შესაძლებელი.
რუსეთი ევროპულ ქვეყნებსაც ეხმარებოდა. ცნობილია, რომ სწორედ რუსული ენერგორესურსების და რუსული ლითონის ხარჯზე შექმნეს: გერმანიამ ტექნოლოგიური და სამრეწველო უპირატესობა, იტალიამ საავტომობილო ინდუსტრია, საფრანგეთმა კი რუსული ურანის ხარჯზე ბირთვული ენერგია განავითარა.
ჩვენს მოკავშირეებს შორეული საზღვარგარეთიდან, აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან, არ დავიწყებიათ სსრკ-ს მხარდაჭერა ანტიკოლონიალური ბრძოლის წლებში და კარგად ახსოვთ ევროპულ ქვეყნებთან და აშშ-თან კოლონიალური “პარტნიორობის” ნამდვილი სახე. მაგრამ დღეს ისინი მსოფლიოს თანაბრად ესაუბრებიან. ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, არაბული და სხვა ქვეყნები რუსეთთან ერთად აშენებენ ახალ, მრავალ პოლარულ სამყაროს, რომელიც დაფუძნებულია თანასწორობასა და სამართლიანობაზე.
რატომ არის რუსეთი მიმზიდველი? რუსეთი ყოველთვის მიმზიდველი იყო თავისი სულიერებით, კულტურით, დახმარებისა და სამართლიანი სამყაროს შექმნის სურვილით. მატერიალური ფასეულობები რუსების მთავარი მიზანი არასოდეს ყოფილა. რუსეთს არასოდეს უფიქრია კულტურულ უპირატესობაზე, ჰეგემონობასა და კოლონიალიზმზე. ჩვენ არ გვყოლია მონები და არ დაგვიმცირებია ხალხები. რუსეთმა თავისი წვლილი შეიტანა სხვა ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური ღირსების განვითარებაში. და დღეს რუსეთი გვთავაზობს მსოფლიო წესრიგის მოდელს, სადაც არ არიან პრივილეგირებული და განდევნილები, სადაც არ არის პირველი, მეორე და მესამე სამყარო, სადაც დიალოგი შესაძლებელია თანაბარ პირობებში, სადაც ქვეყნები იღებენ გადაწყვეტილებებს თავიანთი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და არა სანქციების, სიღარიბის და საერთაშორისო იზოლაციის შიშის ქვეშ.
ამ ფონზე სამწუხაროა რუსეთისადმი მტრულად განწყობილი დიდ კომპლექსებიანი პატარა ქვეყნების ყურება. ისინი მიმავალი მატარებლის ბოლო ვაგონს ახტებიან, რომელიც უფსკრულისკენ მიდის. ზოგი ნებაყოფლობით, ზოგი კი ძალდატანებით შეუერთდა აგრესიულ, ანტირუსულ, რუსოფობიურ გარემოს. მაგრამ პერსპექტიულ ურთიერთობებს მთავრობა კი არა, ხალხი განსაზღვრავს. საკომუნიკაციო რეჟიმების მონიტორინგი გვიჩვენებს, რომ ამ ქვეყნების ხალხები და ელიტები ერთსულოვანი არ არიან და პოლიტიკური ელიტების მიერ ხალხისთვის ძალით თავსმოხვეული აზრი შიდა წინააღმდეგობას იწვევს. ბალტიისპირეთის ქვეყნების მცხოვრებლების უმეტესობა, მიუხედავად მათი ელიტის მტრული დამოკიდებულებისა, რუსეთისა და რუსების მიმართ სითბოს გამოხატვას განაგრძობს. მათ „დეკომუნიზაციის“ (რაც გულისხმობს თაობების მეხსიერებაში არსებული ყველაფერი რუსულის განადგურებას და გასულ ისტორიულ პერიოდებში საკუთარი ხალხის მიღწევების შელახვას) წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის არ ეშინიათ.
ელიტები, რომლებსაც „კოლექტიური დასავლეთი“ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, ხალხებს შორის მტრობის აღძვრითაა დაინტერესებული. მაგრამ როდესაც ეს „კოლექტიური დასავლეთი“ რუსეთთან საქმიან ურთიერთობებს კვლავ დაამყარებს (და ეს აუცილებლად მოხდება), მაშინ გამოყენებული მტრობის რესურსი ზედმეტი აღმოჩნდება. ეს გამოიწვევს მცირე მტრული ქვეყნების საერთაშორისო პოლიტიკურ მარგინალიზაციას. ბალტიისპირეთის ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებიც ევროკავშირის სისტემის წევრები არიან, ეს კიდევ უფრო ადრე მოხდება. თავად ევროკავშირის წევრები აღარ ენდობიან ერთმანეთს და მათი მრავალმხრივი ინტეგრაციის ეფექტიანობის სულ უფრო ნაკლებად სჯერათ. თავიანთი პოზიციების განმტკიცება ორმხრივი შეთანხმებებით დაიწყეს. 2019 წელს გერმანიამ და საფრანგეთმა თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შეთანხმება გააფორმეს. 2021 წელს საფრანგეთმა და იტალიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ, ესპანეთმა და პორტუგალიამ ხელი მოაწერეს მეგობრობისა და თანამშრომლობის ახალ შეთანხმებას. 2022 წელს იტალიამ და ესპანეთმა დაიწყეს მუშაობა გაძლიერებული თანამშრომლობის შეთანხმებაზე. 2023 წლის იანვარში ესპანეთმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს მეგობრობის ხელშეკრულებას. თუმცა, ლატვიასთან, ლიტვასთან და ესტონეთთან ასეთი შეთანხმებები ევროკავშირის ლიდერებს შორის არ ყოფილა.
დასასრულს, მინდა აღვნიშნო, რომ მეგობრულობის რეიტინგი საშუალებას აძლევს თითოეულ ქვეყანას დაინახოს თავისი ადგილი საერთაშორისო კოორდინატთა სისტემაში, გააანალიზოს თავისი პოზიციები, დაასკვნას და გადაწყვიტოს, ყურადღება გაამახვილოს წარმავალ ლიდერებზე, თუ რუსეთისა და იმ ქვეყნების გვერდით დადგეს, რომლებიც ახალ მსოფლიო წესრიგს სამართლიანობის, კეთილმეზობლობისა და ყველასთვის თანასწორობის პრინციპებზე დადგენილ კონტურებში განსაზღვრავს“.