მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს და ვატიკანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ კიდევ 1992 წელს დამყარდა, მათი ურთიერთთანამშრომლობა აქტიური მაინც არ ყოფილა. 2002 წელს ბაქოში რომის პაპის იოანე პავლე მეორეს ვიზიტით, აზერბაიჯანული კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა.

საბჭოთა კავშირის დაშლის და აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომაულ-კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლის პირველი ვიზიტი მრავლისმეტყველი იყო. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ იმ მომენტში, რომის პაპის რუსეთში ვიზიტი არ შედგა. გარდა ამისა, ვატიკანსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის განმტკიცებას ბიძგი მისცა იმან, რომ პონტიფიკის ვიზიტის დროს პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა კათოლიკურ საზოგადოებას კათოლიკური ეკლესიის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი გამოუყო.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 14 წლის, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ვატიკანს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა, არა მხოლოდ დადებითია, არამედ ნაყოფიერიც. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის აზერბაიჯანის პირველ ლედის, მეჰრიბან ალიევას, რომელიც ვატიკანში რომის პაპს არაერთხელ შეხვდა.

და აი, კიდევ ერთი შეხვედრა პაპ ფრანცისკთან, ამჯერად ბაქოში. აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკური აქტიურობის კონტექსტში, თანაც იმ გავლენის გათვალისწინებით, რომლითაც ვატიკანში სომხური ეკლესია ისტორიულად სარგებლობს, აზერბაიჯანს და ვატიკანს შორის დაახლოების პირველი შედეგების დაუფასებლობა არ შეიძლება. აღსანიშნავია, რომ წმინდა ტახტის ამჟამინდელ მეთაურს, მისი მოქნილი დიპლომატიური ნაბიჯიდან გამომდინარე, ამ გზაზე მოსალოდნელი სირთულეები შესანიშნავად წარმოუდგენია.

ვატიკანში დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ რელიგიათაშორისი დიალოგის მიმართულების, თეოლოგიურ დონეზე განვითარებას. ამ მხრივ, დამყარდა დიალოგი ისლამს, ქრისტიანობას და იუდაიზმს შორის, თუმცა თეოლოგია ამ მიმართულებით არც ისე მობილური რესურსი აღმოჩნდა. ყოველწლიურად იკრიბებიან თეოლოგები და ექსპერტები სხვადასხვა პრობლემებზე მსჯელობისთვის, თუმცა, ამან მაინც ვერ შეუწყო ხელი დიალოგის, კულტურის სფეროს სხვადახვა დონეზე გამართვას. ამიტომ ბენედიქტ XVI რელიგიური კულტურის დიალოგზე, როგორც შედარებით უფრო ეფექტიან და ქმედითუნარიან ინსტრუმენტზე ალაპარაკდა.

francisk

მესა, რომელიც რომის პაპმა ბაქოში ჩაატარა, მხოლოდ კათოლიკე მრევლისთვის არ ყოფილა დასამახსოვრებელი. მისი სიტყვები ბიბლიიდან მოყვანილი ციტატებითა და სხვადასხვა ფილოსოფოსების გამონათქვამებით იყო გამდიდრებული. რომის პაპმა კაცობრიობას დიდ საძმოდ გაერთიანებისკენ მოუწოდა, რაც დღეს ძალიან შორეულ მიზანს ჰგავს.

კავკასიაში არსებული ეთიკური და პოლიტიკური სარჩულის მქონე რელიგიური კონფლიქტები, ვატიკანის აღშფოთებას იწვევს. სწორედ ამის შესახებ ისაუბრა რომის პაპმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან საუბარში.

აგრესიის და შეუწყნარებლობის იარაღად რელიგიის გამოყენების უფლება არავის აქვს. ისტორიულად რეალური პროგრესის და მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებს შორის ურთიერთპატივისცემით

პონტიფიკი ბოლო დროს დანერგილ იმ ტრადიციას განაგრძობს, როდესაც კათოლიკურმა ეკლესიამ უარი განაცხადა ომების, როგორც “სამართლიანი” მიზნის მიღწევის საშუალების კურთხევაზე. ჯერ კიდევ პაპმა ბენედიქტ XV-მ (1854-1922 წწ.) პირველი მსოფლიო ომის წინ დაგმო მოსალოდნელი “უაზრო ხოცვა” და განაცხადა, რომ “ყველაფერი შეიძლებოდა მშვიდობიანი გზითაც მოგვარებულიყო და რომ ომით ყველაფერი დაიკარგებოდა”.

“მთელი გულით გისურვებთ, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლების მოგვარებასთან ერთად აზერბაიჯანში ბოლოს და ბოლოს მშვიდობა დამყარდეს. ეს შესაძლებელია, მხოლოდ კეთილი ნების და გულწრფელი შერიგებით”, – განაცხადა ფრანცისკმა ბაქოში და დასძინა, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის და აზერბაიჯანელი ხალხისთვის ლოცულობს, მიუხედავად იმისა რომ მათ ისლამი სწამთ.

nasirov

 

დეპუტატ ელმინ ნასიროვის აზრით, ის, რომ რომის პაპმა აზერბაიჯანული ვიზიტისთვის ლოზუნგი: “ჩვენ ყველანი ძმები ვართ” შეარჩია, კარგის ნიშანია.

 

“აზერბაიჯანში სხვადასხვა აღმსარებლობის და კულტურის ადამიანები მშვიდობასა და ჰარმონიაში, ძმებივით ცხოვრობენ. ამ თვალსაზრისით, ასეთი ლოზუნგები ჩვენთვის სიახლე ნამდვილად არ არის. აზერბაიჯანის სახელმწიფოს პოლიტიკა სხვადასხვა ეროვნების და რელიგიის მქონე ხალხის მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ არის მიმართული. დადებით მოვლენად მიმაჩნია ის, რომ რომის პაპი აზერბაიჯანში სწორედ ამ ლოზუნგით ჩამოვა, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ აზერბაიჯანში არსებულ შესაძლებლობებს კათოლიკური ეკლესიის და მასში რელიგიური წეს-ჩვეულებების განვითარებისთვის. საერთაშორისო თანამეგობრობა აზერბაიჯანს იცნობს, როგორც ტოლერანტულ ქვეყანას და ის მალე ტოლერანტობის ცენტრად გადაიქცევა. ყველა ამ რეალიას მსოფლიო იღებს და აღიარებს. აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესებში რომის პაპი საკმარისად არის ინფორმირებული”, – განუცხადა დეპუტატმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, საჭიროა არა მხოლოდ მსგავსი ლოზუნგების გახმაურება, არამედ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.

“ძმობაზე საუბრისას საჭირო არ არის ქრისტიანული სოლიდარობის დემონსტრირება, სომხებისთვის ძმური მხარდაჭერა მთიანი ყარაბაღის სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში. ანუ ასეთი მიდგომისას პრობლემები კი არ გვარდება, არამედ უფრო მწვავდება. ამიტომ საჭიროა ისეთი მიდგომები, რომლებიც ძმობის იდეას თავისთავად ასახავს. ასე თუ მოხდება, რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება დამყარდება. მაგრამ თუ ასეთი ლოზუნგები გაისმის, რეალურად კი ყველაფერი სხვაგვარად იქნება, თუ მოხდება ქრისტიანული სოლიდარობის ფავორიტიზმამდე დემონსტრირება, მიმაჩნია, რომ პრაქტიკულად სამუელ ჰანტინგტონის “ცივილიზაციების შეტაკების” თეორია ხორციელდება. ყველაფერი თუ ასეც მოხდა, მაშინ ძალიან საშიში ტენდენცია წარმოიქმნება. რომის პაპის ლოზუნგი აბსოლუტურად სწორია, მთავარია ის კონკრეტულ საქმეებში აისახოს”, – განაცხადა დეპუტატმა.

shakhinoglu

პოლიტიკური კვლევითი ცენტრის “Atlas” ხელმძღვანელის, პოლიტოლოგ ელხან შახინოღლუს თქმით, ორი თვით ადრე, რომის პაპი ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა, სადაც აღიარა “სომხების გენოციდი”. “რომის პაპი ერევანში ჩავიდა, იქ ე.წ. გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი მოინახულა. თქვა, რომ გენოციდი იყო და ჩვენთვის გამაღიზიანებელი აზრი დაამატა: “როდესაც აზერბაიჯანში ჩავალ, მოვყვები სიმართლეს, რაც სომხეთში ვნახე და ვიტყვი, რომ ერთი გოჯი მიწისთვის მშვიდობა არ დაამყარო, სულაც არ არის დიდებული”.

“რომის პაპმა იმაზე მეტად გაახარა სომხები, ვიდრე თავად მოელოდნენ. ბაქოში რისი თქმა უნდა ლოზუნგით – “ჩვენ ყველანი ძმები ვართ”? რომის პაპს ამით იმის თქმა თუ სურს, რომ აზერბაიჯანში ყველა რელიგიის და ეროვნების წარმომადგენელი მშვიდობასა და თანხმობაში ცხოვრობს, ამისთვის მას მადლობა, მაგრამ თუ იგი, მიუხედავად იმისა, რომ სომხური ოკუპაცია გრძელდება, სომხებთან ძმობისკენ მოგვიწოდებს, მაშინ საჭიროა ბაქოდან ვატიკანში საპასუხო წერილი ახლავე გაიგზავნოს, რათა პონტიფიკის მოხსენების ტექსტი, რაც შეიძლება მალე გადაიხედოს. რომის პაპი აზერბაიჯანში პირველად არ ჩამოდის. ამჟამინდელი პაპის წინამორბედს ჩვენთვის ლოზუნგებით ჭკუის სწავლება არ უცდია და ყარაბაღის დავიწყება არ მოუწოდებია”, – განუცხადა შახინოღლუმ Dalma News-ის კორესპონდენტს.

მაქსუდ თალიბლი (ბაქო)