ქვეყნის ახალი ხელისუფლება რესპუბლიკაში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებაზე ზრუნვას იწყებს. არც ისე დიდი ხნის წინათ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ პაშინიანმა ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა და განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტი გეგმავს „კონკრეტული და მიზანმიმართული მოქმედებების განხორციელებას, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ სფეროზე ზეგავლენის მოხდენა“. შესაბამისი სამინისტროების და უწყებების ხელმძღვანელობამ მიმდინარე პერიოდის მაჩვენებლების ანგარიშები წარადგინეს, რაც უკვე გარკვეულ პოზიტიური წინსვლად შეიძლება ჩაითვალოს.
გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სომხეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობამ 2018 წლის ბოლოს, 2 მილიონ 972 ათასი ადამიანი შეადგინა. ამასთანავე, 2018 წლის მიგრაციის მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით დადებითი აღმოჩნდა. კერძოდ, 2018 წელს დარეგისტრირდა 15 313 ადამიანი, ხოლო 2017 წელს – 26 897. გარდა ამისა, 2018 წელს შემცირდა სიკვდილიანობის დონე და განქორწინების შემთხვევები. თითქოსდა მოგვარდა სელექტიური აბორტების პრობლემა: თუ 2013 წელს 100 ახალშობილ გოგონაზე 115 ახალშობილი ბიჭუნა მოდიოდა, 2018 წელს, ახალდაბადებული ბიჭების მაჩვენებელი 111-ზე ჩამოვიდა. “ბიჭების” სტატისტიკის ვარდნა კი იმის მაჩვენებელია, რომ მომავალი დედები არჩევანს გოგონების სასარგებლოდ აკეთებენ.
ასე რომ, პოზიტიური ტენდენციები აშკარაა და შორს არ არის ის დრო, როდესაც რესპუბლიკის მოსახლეობის მაჩვენებელში არსებული “დეფიციტი” წარსულს ჩაბარდება. ამ და სხვა საკითხებზე სოციოლოგიური მეცნიერების კანდიდატს, ევრაზიის ექსპერტთა კლუბის წევრი სამველ მანუკიანი Dalma News-ს ესაუბრა.
— მიგრაციული მაჩვენებლების გაუმჯობესების და სხვა ოპტიმისტური სტატისტიკის მიუხედავად, ოფიციალური სტატისტიკა საუბრობს იმაზე, რომ 2018 წლის პირველი იანვრიდან ჩვენს ქვეყანაში 2 მილიონ 972 ათასი ადამიანი ირიცხება. 2019 წლის პირველი იანვრიდან – 2 მილიონ 965 ათასი. როგორც ჩანს, საქმე არც ისე ოპტიმისტურად არის.
— დიახ, თქვენს მიერ მოყვანილი მონაცემები, არც თუ სახარბიელოა. მით უფრო, რომ რეალური სურათი “ოფიციალურისგან“ საერთოდ განსხვავდება. საქმე იმაშია, რომ სომხეთის ეროვნული სტატისტიკის სამსახური ისეთ მონაცემებს აქვეყნებს, რომელიც რესპუბლიკაში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას ეხება. “მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობაში” იგულისხმება რესპუბლიკის მასშტაბით გარკვეულ საცხოვრებელ მისამართზე ჩაწერილი ადამიანები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანები შეიძლება ჩაწერილები კი არიან ამ მისამართებზე, მაგრამ რამდენიმე თვით, ან რამდენიმე წლით სხვაგან ცხოვრობენ. ამგვარად, “მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის” სიაში აღნიშნული 2 მილიონ 965 ათასი ადამიანის მაჩვენებელი დე-იურეა და არა დე-ფაქტო.
პირადი ინიციატივით, მიგრაციული მაჩვენებლის მონაცემებზე დაყრდნობით, შარშან ვაწარმოე კერძო ანალიზი, რომლის თანახმად 2018 წელს ქვეყანაში, მხოლოდ 2 მილიონ 670 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.
— გამოდის, 2011-2018 წლების შუალედში, ქვეყნიდან 300 ათასი ადამიანი წავიდა და აღარ დაბრუნდა! ჩვენი თანამემამულეები მართლები არიან, როდესაც აცხადებენ, რომ ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემები, ქვეყანაში მცხოვრები 3 მილიონი ადამიანის შესახებ, გაყალბებული და მტკნარი სიცრუეა?
— როგორც ადამიანი, რომლის სამაგიდო წიგნი ჩვენი ეროვნული სტატისტიკური სამსახურის პუბლიკაციაა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენი სტატისტიკოსები ძალიან კარგად და მაღალპროფესიულად მუშაობენ! მონაცემებს შორის არსებული სხვაობა ამის კიდევ ერთი დასტურია. მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენი სპეციალისტები საერთაშორისო სტანდარტებით ხელმძღვანელობენ, რომლებიც მათ მსგავსად მოქმედებას კარნახობენ და სხვაგვარად მოქმედება არ შეუძლიათ. საუბრები იმაზე, რომ მონაცემები შესაძლოა გაყალბებული იყოს, პოლიტიკურ სარჩულს ატარებს და სრული ნონსენსია!
— სურვილის არსებობის შემთხვევაში, საერთაშორისო ნორმატივებისთვის გვერდის ავლაც ხომ შესაძლებელია?
— შეუძლებელია. როდესაც საუბარია მოსახლეობის აღწერაზე, ნებისმიერი შეცდომა ადვილად გამოვლინდება. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ კარტოფილით სავსე ტომრების აწონაზე?! აბსოლუტურად შეუძლებელია მოსახლეობის რაოდენობის დამალვა. მაგალითად, დაიბადა ბავშვი, რომელსაც მაშინვე მიენიჭა პირადი ნომერი და გაიცა დაბადების მოწმობა. შესაძლებელია, რომელიმე ძალიან ღრმა სოფელში დაიბადა ბავშვი და მაშინვე არ გაფორმდა მისი დაბადების მოწმობა, მაგრამ როდესაც მას ბაღის, ან სკოლის ასაკი მოუწევს, სასწავლო დაწესებულებაში მისაღებად მას ხომ აუცილებლად დასჭირდება პირადობის დამადასტურებელი რაიმე საბუთი. ამგვარად, ისინი აუცილებლად ჩაერთვებიან რესპუბლიკის მოსახლეობის საერთო ბალანსში. მსგავსი შემთხვევაა გარდაცვალების სტატისტიკასთან დაკავშირებითაც. ნებისმიერ გარდაცვლილზე, თუნდაც მას პატრონი არ ჰყავდეს, სანამ მიწას მიაბარებენ, გარდაცვალების მოწმობა გაიცემა. მისი მონაცემები გადაეცემა რეესტრის შესაბამის განყოფილებას, იქიდან პოლიციას, შემდეგ კი – ეროვნული სტატისტიკის სამსახურს.
— მაშ, სტატისტიკური მონაცემები რატომღა განსხვავდება ერთმანეთისგან?
— იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ასეთია ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობრივი აღწერის მოქმედი მეთოდიკა. ასეთია კანონი, რომლის წინააღმდეგაც ვერ წახვალ. მაგალითად, პოლიცია. ისიც, ხომ აწარმოებს მოსახლეობის რეგისტრაციას დე-იურე მონაცემების პრინციპით. თუ არ არსებობს კონკრეტული ადამიანის გარდაცვალების მოწმობა და მტკიცებულება, სადაც არ უნდა იყოს ის, სამართალდამცავები ვალდებულები არიან მისი ინიციალები საარჩევნო სიისთვის, ასევე სტატისტიკური მონაცემებისთვის გადასცენ.
— იქნებ, დროა კანონი შეიცვალოს და ბოლოს და ბოლოს, უფრო მეტი კონკრეტიკა შეემატოს ამ მეტად მნიშვნელოვან – სტატისტიკური მონაცემების საკითხს?
— იმიტომ, რომ ეს გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. თეორიულად შესაძლებელია კანონში განსხვავებული მეთოდიკის ჩართვა, რომელიც რეალობას შედარებით უფრო სწორად ასახავს. თუმცა, თითოეულ კონკრეტულ მოქალაქესთან მიმართებაში სიტუაციის სკრუპულოზური შეფასების მსგავსი საკანონმდებლო “რევოლუციური” პროცესი, შესაძლოა იმდენად სერიოზულ ხარჯებთან იყოს დაკავშირებული, მსუბუქად რომ ვთქვათ, რესპუბლიკა გააკოტროს. ამას ადასტურებს მოსახლეობის ხელახალი აღწერა, რაც 10 წელიწადში ერთხელ ხორციელდება. ბოლო აღწერების ჩატარება მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური დახმარების წყალობით გახდა შესაძლებელი.
— დღეს რესპუბლიკაში ფაქტობრივად, 2 მილიონ 600 ათასი ადამიანი ცხოვრობს. არის თუ არა ეს მღელვარების მიზეზი?
— მოსახლეობის შემცირება სომხეთისთვის ძალიან ნეგატიური მოვლენაა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც გაჭიანურებული შეიარაღებული დაპირისპირების მდგომარეობაშია და აქ თითოეულ პოტენციურ “მეომარს”, როგორც ამბობენ, ოქროს ფასი აქვს. შემთხვევითი არ არის, რომ ხელისუფლებამ, უკვე რამდენიმე წელია, სამხედრო სამსახურში ქალთა მოზიდვის პოლიტიკის გატარება დაიწყო. საუბარია, ისეთ სამხედრო თანამდებობებზე და პოსტებზე, რომელიც არ უკავშირდება სიცოცხლის პირდაპირ საფრთხეს და პირდაპირ საომარ მოქმედებებში მონაწილეობას. მამაკაცების რაოდენობა ძალიან შემცირდა, ამიტომ სამხედრო რიგების მხოლოდ ამ რესურსით შევსება, დამეთანხმებით, ძალზედ რთული ამოცანაა. ბოლო დროს, სუსტი სქესის წარმომადგენლები არმიაში სახელშეკრულებო საფუძველზე იწყებენ მუშაობას, რაც ძალიან დიდი მინუსია და სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის არსებობას ადასტურებს.
სხვა საფრთხეებზე, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის შემცირებას უწყობს ხელს, საუბარიც არ ღირს. მაგალითად, თანამემამულეების მიგრაცია, მხოლოდ მოსახლეობის შემცირებას კი არ უკავშირდება, არამედ ამ მოვლენის მთელ რიგ გამომწვევ მიზეზებს. თვალსაჩინოებისთვის: ქვეყანას ძირითადად მოსახლეობის ის ნაწილი ტოვებს, რომელსაც დაბალი საგანმანათლებლო დონე აქვს, ან ვერ პოულობს მეტ-ნაკლებად ნორმალურ ანაზღაურებად სამსახურს. სამამულო ბიზნესი ხელფასების ზრდას არ ითვალისწინებს – მთელი რიგი ობიექტური, ხშირად კი სუბიექტური მიზეზების გამო. პირველ რიგში, მეწარმეებს არ სურთ თავიანთი მოგების შემცირება. მეორეს მხრივ, მათ შრომითი ძალის ძალიან ფართო ალტერნატივა აქვთ: უმუშევრობის 18-20% -იანი დონის ფარგლებში, სამსახურიდან გათავისუფლებული ერთი ადამიანის ადგილზე, იგივე „კაპიკების“ ფასად მუშაობას ნებისმიერი დასთანხმდება. მაგრამ რა უნდა ქნას იმ ადამიანმა, რომელსაც სამსახურიდან გაათავისუფლებენ და ნორმალურად ანაზღაურებადი სამსახურის პოვნის შანსი არ აქვს? ასეთები ირჩევენ რუსეთის რეგიონებს, სადაც, იგივე სამუშაოსთვის – მშენებლობა იქნება, ვაჭრობა თუ სხვა – ორჯერ, სამჯერ და ხუთჯერ მეტი ანაზღაურებაა. ამასთანავე, თავად რესპუბლიკაში ბაზრის დაბალანაზღაურებადი შრომითი ძალის “გოსტარბაიტერებით” ჩანაცვლების პროცესი დაიწყო, რაც დროთა განმავლობაში, კიდევ უფრო შეამცირებს ადგილობრივი მოსახლეობის სახელფასო ზღვარს. როგორც ცნობილია, 2018 წლიდან მოყოლებული, ჩვენს ქვეყანას ინდოეთიდან და სხვა ქვეყნებიდან დიდი რაოდენობით პოტენციური მუშა ხელი შეემატა. ისინი ისეთ დაბალანაზღაურებად სამსახურებს თანხმდებიან, რაც სომხეთის მოსახლეობისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ამის გამო, დამსაქმებლები ადგილობრივ მუშა ხელს ხელფასების მომატებაზე უარს ეუბნებიან.
ამ პროცესს თავისი გლობალური მიზეზები აქვს, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაშია ტრანსფორმირებული. მაგრამ, ვინც ფიქრობს, რომ უცხოელ მიგრანტებთან მიმართებაში ასეთი “ჰუმანური” დამოკიდებულება ძალიან პოზიტიურია და ნაკარნახევია ევროპული ღირებულებებისადმი ჩვენი მისწრაფებით, კარგი იქნება შევახსენოთ, რა მოხდა იმავე ევროპაში, 60-იანი წლების ბოლოს, ასევე 90-იან წლებში დაბალანაზღაურებადი მიგრანტების მიზიდვის პროცესში. ან საბოლოოდ, 4 წლის წინ ეს მოვლენები რაში გადაიზარდა.
აქედან გამომდინარე, თუ ასეთ “ჰუმანურ” მიდგომებს სტრატეგიული თვალსაზრისით განვიხილავთ, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მას სერიოზულად მძიმე შედეგები მოჰყვება. ბიზნესმა და სახელმწიფომ უნდა გააცნობიერონ, რომ მხოლოდ ფინანსური ინტერესების გათვალისწინება, ადრე თუ გვიან, სერიოზულ სოციალურ კონფლიქტებს გამოიწვევს.
— თქვენი გათვლებით, 2011 წლიდან 2018 წლამდე, ქვეყანა ყოველწლიურად, საშუალოდ 40 ათასმა ადამიანმა დატოვა და აღარ დაბრუნებულან. როგორია თქვენი სამომავლო პროგნოზი?
— მოსახლეობის რაოდენობრივი ზრდა, პირველ რიგში, შობადობას უკავშირდება. დღისთვის იმის საფუძველს ვერ ვხედავ ვიფიქრო, რომ ახლო მომავალში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვლება. საქმე იმაშია, რომ მოსახლეობის მარტივი რეპროდუქციისთვის ქალბატონების ნაყოფიერების კოეფიციენტი არა ნაკლებ 2,15-ს უნდა შეადგენდეს. სომხეთში კი დღეს ეს კოეფიციენტი მხოლოდ 1,56-ია! თანაც ნეგატიური ტენდენცია ჩვენთან 1994 წლიდან იწყება და დღემდე ნარჩუნდება.
— 1994 წელი სომხეთისთვის ძალიან რთული, პოსტკრიზისული იყო. რესპუბლიკა ენერგეტიკული და ფინანსური კრიზისის შედეგებს ებრძოდა. ბევრმა თავიდან დაიწყო ცხოვრება და შესაძლოა, ოჯახები მრავალშვილიანობას ვერ ბედავდნენ?
— ეს უდავო სიმართლეა. მაგრამ ყოველივე ამის შემდეგ, უფრო წარმატებული წლების განმავლობაში, ვითარება პრაქტიკულად არ შეცვლილა. შობადობა იზრდებოდა, მაგრამ საკმაოდ ნელი ტემპით. მიზეზი ხალხის მატერიალური შესაძლებლობების არარსებობა კი არ იყო, არამედ შეცვლილი მენტალიტეტი და საერთო ფასეულობების ცვლილება. ადრე ქალი ოჯახის შექმნაზე და შვილების გაჩენაზე ფიქრობდა. ახლა მათთვის პრიორიტეტული განათლების მიღება და კარიერული წინსვლაა. გოგონების დიდი უმრავლესობა ფიქრობს, რომ დაამთავრებს უნივერსიტეტს, იშოვის ღირსეულ სამსახურს, შეიძენს სახლს, ავტომობილს და მხოლოდ ამის შემდეგ გათხოვდება. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ყველაფერს ძალიან დიდი დრო სჭირდება და რაც უფრო ასაკშია ქალი, მით ნაკლებია მისი ნაყოფიერების შესაძლებლობაც.
სანამ ჩვენი სახელმწიფო ქალთა ემანსიპაციის სრულ განვითარებას მიესალმება და ამის პარალელურად შობადობას გაზრდის, ჩვენი ხალხის საერთო ოჯახური ფასეულობების პროპაგანდას არ აწარმოებს, ამ პრობლემის წინაშე ყოველთვის ვიდგებით. დროა, დავფიქრდეთ იმაზე, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია: ქალთა დამოუკიდებლობა, თუ მისი მომავალი – შვილები?
— თქვენ მიანიშნეთ ორი “ვეშაპი”, რომელზეც დემოგრაფიული პრობლემაა: მიგრაცია და შობადობა დგას. რას იტყვით მესამე პრობლემაზე – მოსახლეობის დაბერებაზე?
— მოსახლეობის დაბერების პრობლემა წინა ორი პრობლემის – დაბალი შობადობის და მაღალი მიგრაციის – გაგრძელებაა. ახალგაზრდები და პერსპექტიული ადამიანები სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდიან, რჩებიან ხანდაზმული ადამიანები, რომელთა გარდაცვალების შემდეგაც აღარ ხდება მათი ახალგაზრდებით ჩანაცვლება. ანდა როგორ ჩაანაცვლონ, თუ ქალები საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ ორ ბავშვს აჩენენ. შედეგად, სახეზე გვაქვს სიკვდილიანობის მატება. დიახ, სიკვდილი იზრდება, მაგრამ არა იმიტომ, რომ ცუდად ვიკვებებით, ან ბევრს ავადმყოფობთ, არამედ იმიტომ, რომ ახალგაზრდა მოსახლეობა აღარ გვყავს…
— ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სულ ცოტა ათი წლის განმავლობაში უნდა გაისმოდეს განგაშის ზარი, რათა დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად სერიოზული ნაბიჯები გადაიდგას.
— სერიოზული დემოგრაფები ამაზე, უკვე 20 წელია საუბრობენ. სწორედ 20 წლის დაიწყო შობადობის მაჩვენებლის ნორმაზე დაბლა დაშვება. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ შობადობის გაზრდის სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს არა მშობიარობის დაფინანსებას, არამედ დედობის სოციალურ დაცვას. ბავშვის გაზრდა და აღზრდა მხოლოდ 3 თვე და 3 წელი არ გრძელდება. სომხურ ოჯახში ეს საშუალოდ 18-20 წელს გრძელდება. ოჯახების შეღავათების უზრუნველყოფა, მაშინაც კი, თუ ისინი საკმაოდ სერიოზულია, საკმარისი არ არის. როგორც ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, მან ოდნავ შეუწყო ხელი მესამე შვილის ყოლის სურვილს, თუმცა სომხეთში, მეორე ბავშვის დაბადების ტენდენცია კიდევ უფრო შემცირებულია. ზოგადად, შობადობის მაჩვენებელი მცირდება. ჩვენი პრობლემა თავად ამ საკითხშია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ისაა, რომ იზრდება იმ ახალგაზრდების რაოდენობა, ვისაც ბავშვები ტვირთად მიაჩნიათ და ვინც ფიქრობს, რომ შვილის პირად თავისუფლებას და “თვითრეალიზების” შესაძლებლობას ართმევს. როდესაც ახალგაზრდების აზროვნებაში ცვლილებებს მოვახდენთ და ოჯახის აღქმის ჩვენს კულტურას დავაბრუნებთ, სადაც ყოველ ახალდაბადებულ ბავშვს განსაკუთრებული სიხარული მოაქვს და თვითრეალიზების განსხვავებულ გზებს იძლევა, მაშინ ჩვენს ქვეყანაში შობადობაც გაიზრდება.
— ხელისუფლებამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი შესაბამისი პროგრამა მაინც ვერ შეიმუშავა?
— ცხადია, შეიმუშავა და დღესაც განაგრძობს. წინა ხელისუფლება ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების სტრატეგიას წელიწადში 2-3-ჯერ ადგენდა. თუმცა, სამწუხაროდ, შედეგი არ იყო. ჩემის აზრით, “მრავალტომიანი” პროექტი კი არ გვჭირდება, არამედ ქვეყნის ეკონომიკური გამოჯანმრთელების რეალური მოქმედებები.
შარშან მიგრაციული მაჩვენებელი მართლაც იმედისმომცემი იყო – სამშობლოში უფრო მეტი ადამიანი დაბრუნდა, ვიდრე წავიდა. თუმცა სიხარული ჯერ კიდევ ნაადრევია, რადგანაც ამ მოვლენის სტიმულატორად ხავერდოვანი რევოლუცია და ის იმედები იქცა, რომლებიც ხალხს გლობალურ ცვლილებებთან დაკავშირებით გაუჩნდა. თუ 1-2 წელიწადში ეს იმედები არ გამართლდა, მაშინ ჩნდება ეჭვი, რომ ყველაფერი განმეორდება და ქვეყნიდან ხალხის გადინების პროცესი კვლავ დაიწყება.
ამიტომ საჭიროა მოქმედება, აქ და ახლავე. უნდა განვითარდეს ეკონომიკა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობა უკეთესი ცხოვრების საძებნელად საზღვარგარეთ არ გაიქცეს. დღისათვის ჩვენი სტრატეგიის კომპონენტი უნდა იყოს ეკონომიკური განვითარება და ოჯახური ფასეულობების განმტკიცება, მათ შორის, ბევრი შვილის ყოლის მოთხოვნილების აღდგენა. ასეთ შემთხვევაში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების მნიშვნელოვანი ალბათობა გაჩნდება.
ესაუბრა ირინა გრიგორიანი