სომხეთში სრულიად სომხური ფორუმი “სომხეთი-დიასპორა” გაიმართა, რომელმაც 18-20 სექტემბერს სომხეთის, არცახის და დიასპორის დაახლოებით 2 ათას დელეგატს, მათ შორის სომხეთის და არცახის უმაღლეს ხელისუფლებას, ასევე, სომხური სამოციქულო ეკლესიის უმაღლეს იერარქებს უმასპინძლა.
ღონისძიებას მხოლოდ სომეხი ოპოზიციონერები არ დასწრებიან, თუმცა, საკითხების, მათ შორის საგარეო პოლიტიკური თემატიკის, ცხარე განხილვებით ფორუმის ზოგიერთი მონაწილე არაფრით ჩამოუვარდებოდა ყველაზე რადიკალურ სომეხ ოპოზიციონერს.
სომხეთის ხელისუფლება, როგორც ყოველთვის სომხეთისთვის აქტიურად, პირველ რიგში ეკონომიკის სფეროში დახმარებისკენ მოუწოდებდა ყველას. თავის მხრივ კი, დიასპორის მოლოდინების გამართლების და შესაძლო ინვესტორებთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარების პირობას დებდა.
სომხეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე არსენ ღაზარიანმა ისიც კი თქვა, თუ სომხეთს რამდენი ე.წ. ერნეკიანი (არგენტინის ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქე ედუარდო ერნეკიანი, რომელმაც სომხეთში სერიოზული ინვესტიციები ჩადო) დასჭირდება იმისათვის, რომ განვითარების დონით ისრაელს დაეწიოს: 100!
თავისი მოხსენებით საერთო მოწონება დაიმსახურა ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა სომეხმა ღვთისმსახურმა – კილიკიის დიდი სახლის კათოლიკოსმა არამ პირველმა, რომელმაც იქ შეკრებილთ და პირველ რიგში, ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა სრული სერიოზულობით აღიქვან ის პრობლემები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით თითოეული სომეხს აწუხებს.
“მოდით, ვიყოთ რეალისტები და გულწრფელები. სომხეთი ცარიელდება, ხოლო დიასპორა სულს ღაფავს. ამ საშიში რეალობის წინაშე მდგარნი შემთხვევითი ინიციატივების იმედად ვერ ვიქნებით. სომხეთ-დიასპორის თანამშრომლობა შემთხვევითი ეკონომიკური ინვესტიციების და ტურისტული სტუმრობის ჩარჩოებიდან უნდა გამოვიდეს და იგი ჩვენი ეროვნული პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძვლად იქცეს”, – განაცხადა კათოლიკოსმა.
მისივე თქმით, სომხეთი უბრალოდ ტურისტული ღირსშესანიშნაობა და ეგზოტიკური ქვეყანა კი არ არის, არამედ ის მთელს მსოფლიოში გაბნეული სომხების საერთო სახლი და უმაღლესი ფასეულობაა, ამიტომ დიასპორამ ქვეყნების მართვის პროცესში ყველაზე აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს.
საერთო ყურადღების ცენტრში მოექცა თურქეთის პარლამენტის ცნობილი დეპუტატი კარო პაილიანი თურქეთის ხალხთა ქურთული დემოკრატიის პარტიიდან. ერდოღანის რეჟიმის რეპრესიების მიუხედავად პაილიანი კვლავაც განაგრძობს პარლამენტში გამოსვლას და გაბედულად საუბრობს სომხების გენოციდზე (ამისთვის თურქეთში აპატიმრებენ). ფორუმის მონაწილეები მასთან ფოტოებს იღებდნენ, ჟურნალისტები ერთმანეთს ასწრებდნენ მასთან ინტერვიუს ჩაწერას. თავად მაღალი რანგის სომეხმა მოხელეებმაც მასთან მოლაპარაკებები გამართეს.
ცხადია, ბევრი ჟურნალისტი დაინტერესდა თურქეთის მიერ სომხების გენოციდის აღიარების ფაქტით, რაზეც პაილიანმა განაცხადა, რომ ერდოღანის მმართველობის პერიოდში თურქეთს თანდათან მოიცავს ბნელეთი, ამიტომ ანკარასგან მსგავს ნაბიჯებს არ უნდა ველოდოთ.
“მხოლოდ დემოკრატიული და ღია თურქეთი შეძლებს სომხების გენოციდის აღიარებას და სომხეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას. მე ამისთვის ვიბრძოლებ”, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
Dalma News-ის კორესპონდენტი ფორუმის ბოლო დღეს, რამდენიმე მონაწილეს გაესაუბრა.
“ჩვენი ხალხი ახალი გამოწვევების წინაშე დგას და მსგავსი ფორუმების მიზანი, მათი თავიდან აცილებაა. ვფიქრობ, ღონისძიება წარმატებული იყო იმდენად, რამდენადაც სრულიად სომხური პოტენციალის კონსოლიდირება და ამ მიმართულებით განვითარებაზე ფიქრი მოხერხდა. მაგრამ ბევრად უფრო პრაქტიკული მოლოდინებიც იყო, რადგანაც სხვადასხვა მიმართულებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი. უკვე ვიცით, რა პრობლემები არსებობს და რა უნდა გავაკეთოთ. მთავარი პრობლემა ის არის, როდესაც სიტყვას საქმე არ მოჰყვება”, – განაცხადა სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა გევორქ მკრტჩიანმა.
მისივე თქმით, დიასპორის წარმომადგენელ ექსპერტებს სურთ იმუშაონ ქვეყნის სასარგებლოდ, მაგრამ პრაქტიკული ნაბიჯებისთვის ერთმნიშვნელოვნად საჭიროა გარკვეული სამუშაოს შესრულება.
“ჩვენს შორის ბევრი განსხვავებაა, მაგრამ არსებობს ფუნდამენტი – ეს ჩვენი სამშობლო და სომეხად ყოფნის იდეაა. ვფიქრობ, მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ეროვნული ერთიანობის იდეა, რომლის გარშემოც სომხები გაერთიანდებიან. ერთიანობა – ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და გამოწვევებისთვის წინააღმდეგობის გაწევაა. აპრილის მოვლენებმა ცხადყო, რომ საშიშროებების წინაშე ჩვენი ერი ერთმნიშვნელოვნად ერთიანდება. ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა დავუშვათ საშიშროების მომწიფება და გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები”, – განაცხადა მან.
სტავროპოლის სომხური სათვისტომოს თავმჯდომარე ანტონ ვარდანანის აზრით, ფორუმში მონაწილეობის უმთავრესი მიზანი, ერთიანი ფონდის შექმნაა, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან კოლეგები, მეგობრები, აქტივისტები, მეცენატები და მთელს მსოფლიოში გაბნეული სომხები.
რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გააკეთოს დიასპორასთან მიმართებაში სომხეთის ხელისუფლებამ, ვარდანიანის აზრით, დაისახოს უფრო კონკრეტული მიზნები და ამოცანები, მათზე დაყრდნობით მომზადდეს ისეთი მოედნები, ანუ საგზაო რუკები, რომლებიც ამ მიზნების მიღწევას მოემსახურება, ასევე, დაფიქსირდეს კონკრეტული საკონტროლო წერტილები სსს-ოს და დიასპორის საზოგადოებრივი ორგანიზაციის დახმარებით.
“ვფიქრობ, ეს შესაძლებელია. ვხედავ, რომ ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა იმედის თვალით უყურებს 2018 წლის გაზაფხულს და ყველაფერს, რაც მის შემდეგ იქნება. სინამდვილეში, ფორუმში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. დიასპორის ძალიან ბევრ წარმომადგენელთან შევძელი გასაუბრება. მიხარია, რომ ასეთი კავშირები გაჩნდა. დარწმუნებული ვარ, ეს კავშირები შემდგომშიც შენარჩუნდება და სომხეთის კეთილდღეობას მოემსახურება. ვისურვებდი, მსგავსი ღონისძიებები უფრო ხშირად ჩატარდეს, რადგაც ჩვენს ხალხს ეს ძალიან სჭირდება”, – განაცხადა სტავროპოლის მხარის სომხური ახალგაზრდული სათვისტომოს თავმჯდომარე გარიკ კეშიშიანცმა.
რაც შეეხება დიასპორასთან სომხეთის თანამშრომლობაში არსებულ პრობლემებს, მან დასძინა: “სამშობლოდან შორს მცხოვრები სომხები ისტორიულ სამშობლოსთან კავშირების გაუმჯობესებას ვხედავთ. ეს არის დიასპორის სამინიტროს ორგანიზებით წამოწყებული სხვადასხვა პროგრამა, ძირითადად ახალგაზრდობასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რაც ჩვენი ტრადიციების შესანარჩუნებლად კეთდება. თუმცა, საჭიროა კიდევ უფრო მეტი სივრცის შექმნა არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ბიზნესისთვისაც”.
თავის მხრივ, ვოლგოგრადის ოლქის სომხური სათვისტომოს თავმჯდომარე არმენ ოვანისიანმა ისაუბრა იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.
“ვოლგოგრადში, ამავე ოლქის რუსეთის ავტომობილისტების კავშირის თავმჯდომარე ვარ და ამ მიმართულებით ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობას შევხვდი. ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც მოგვარებას საჭიროებენ. მაგალითად, როდესაც ადგილობრივი ავტომობილებით სომხეთში შევდივართ, გარემოს დაცვის მიზნით 14 ათას დრამს გვახდევინებენ. ჩემის აზრით, ეს არასწორია, რადგანაც ქართული და სომხური ნომრებიანი ავტომობილების მფლობელები არაფერს იხდიან. გამოდის, რომ აქ კარგი ეკოლოგიაა და ჩვენი ავტომობილები ცუდია. მეორეს მხრივ, უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც სომხეთში ავტომობილებით შედიან საშუალოდ 1000 დოლარს ტოვებენ. მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე სწორედ ეს საკითხი წამოვჭერით და პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანისთვის წერილის გაგზავნაზე შევთანხმდით.
ოვანისიანმა ასევე ისაუბრა სომხეთიდან ვოლგოგრადში ავტომობილით ხალხის გადაყვანის დროს უკანონო და უხარისხო მომსახურეობებზე.
“ვოლგოგრადის ოლქში რამდენჯერმე დაფიქსირდა, რომ სომხეთიდან მგზავრები ძველი ავტობუსებით გაამგზავრეს. ეს ავტობუსები გზაში ხშირად ფუჭდება და მგზავრები შუა ქუჩაში რჩებიან. წარმოიდგინეთ, ზაფხულში ორი-სამი დღე ხალხი ქუჩაში იყო. სათვისტომომ ამ ხალხზე იზრუნა, უზრუნველყო ისინი თავშესაფრით და კვებით, გამოვყავით სხვა ავტომობილები, რითაც სომხეთში ჩავიყვანეთ. მგზავრების გადაყვანის საკითხისადმი გულგრილი დამოკიდებულება დაუშვებელია. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩვენთან თანამშრომლობისთვის მზად არის”, – განაცხადა ოვანისიანმა.
რაც შეეხება შთაბეჭდილებებს, ოვანისიანმა დასძინა, რომ ფორუმი ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ატმოსფეროში მიმდინარეობდა. ღონისძიებაში წამოჭრილი საკითხების მოგვარება სომხეთის შემდგომ აყვავებას და დიასპორასთან კავშირების გამყარებას მოემსახურება.
P. S. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ბევრი, როგორც სომხეთში, ისე დიასპორაში ფორუმის მიმართ საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი.
“მეგობრებო, ნუ იქნებით მკაცრნი. პანსომხური ფორუმი სხვადასხვა დიასპორების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობაა. ეს ფორუმი სერიოზულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს ერთი უბრალო მიზეზით: ფორუმზე მისული პირობითი ლიდერები, თავიანთი სათვისტომოების წარმომადგენლების 1%-ის ინტერესებსაც კი არ წარმოადგენენ. სომხეთშიც კი, “ელიტარული უმცირესობა” არც ისე ძლიერად არის მოწყვეტილი არაორგანიზებული უმრავლესობის ინტერესებს, როგორც სათვისტომოებში. სათვისტომო სტრუქტურების წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ სომხეთში არალეგიტიმური ხელისუფლებაა, თუმცა, არავინ უსვამს მათ კითხვას: “რის საფუძველზე ფიქრობთ, რომ თქვენ ამა თუ იმ სათვისტომოს ლეგიტიმური წარმომადგენლები ხართ?”, – წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის The Armenian Interest ხელმძღვანელი, ამერიკანისტმა არეგ გალსტიანმა.
ექსპერტს, რომელმაც რამოდენიმე ნამუშევარი მიუძღვნა აშშ-ში ეთნიკური ლობის თემას, მიაჩნია, რომ სხვადასხვა ქვეყნის სომხურმა სათვისტომოებმა მსოფლიოს ებრაული კონგრესის მსგავსად ლეგიტიმური დიასპორული სტრუქტურები უნდა შექმნან.
“ჩვენს შემთხვევაში პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და დიასპორაში სათვისტომო ჩამოვაყალიბოთ. დღეს ამ საკითხზე არავინ მუშაობს. რეალობა ისეთია, რომ სომხეთს არ გააჩნია მექანიზმები, რომლებიც აიძულებენ ამა თუ იმ ორგანიზაციებს, სახელმწიფოს დღის წესრიგზე ლობირება მოახდინონ. თავის მხრივ, სათვისტომოს ორგანიზაციები სახელმწიფოს ჩანაცვლებისკენ ისწრაფვიან და ამისთვის საკუთარ პოლიტიკურ აზრს გამოიმუშავებენ. როგორც წესი, ამ აზრს სომხეთის ეროვნულ ინტერესებთან ძალიან ცოტა რამ თუ აქვს საერთო”, – დასძინა გალსტიანმა.
მოამზადა აიკ ხალათიანმა