ანშლაგი, უამრავი ახალგაზრდა და რიგები ბაქოში აზერბაიჯანულად თარგმნილ “გურულ დღიურებზე”. ახალგაზრდა ქართველი მწერლის გიორგი კეკელიძის წიგნის აზერბაიჯანული თარგმანი გამომცემლობა ADK Publishing house-მა გამოსცა, ხოლო თარგმანი იმირ მამადელის ეკუთვნის. წიგნის გამოცემას მხარი ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმაც დაუჭირა. ბაქოს კითხვის მოყვარული საზოგადოება განსაკუთრებული სითბოთი და ინტერესით შეხვდა ქართველი მწერლის შემოქმედებას.
Quriya gündəlikləri ერთ-ერთი საიტია უამრავთაგან, რომელიც ბოლო ორი დღეა, აზერბაიჯანში გამოცემული “გურულ დღიურების” შესახებ წერს. საკმარისია გუგლში ჩაწეროთ Quriya gündəlikləri და ათობით რეცენზიას ნახავთ. მოკლედ, დღეს ბაქოში გურიაა მოდაში”, – ასე გამოეხმაურა Facebook-ის საკუთარ გვერდზე, თავისი წიგნის აზერბაიჯანელი მკითხველისთვის წარდგენას ახალგაზრდა მწერალი გიორგი კეკელიძე.
“გურული დღიურები” ავტობიოგრაფიული ხასიათის, დოკუმენტური პროზაა. წიგნი ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი 2014 წელს დაიწერა და მოგვითხრობს ამბებს, საქართველოს ერთ-ერთი კუთხის, გურიის შესახებ. მეორე ნაწილი კი 2016 წელს გამოვიდა და მასში მწერლის მამისა და ბებიის შესახებაა მოთხრობილი. წიგნი პოპულარულია თანამედროვე ახალგაზრდებს შორის. თუმცა თავად ავტორი “ვერ ხნის” პოპულარობის მიზეზს და იმედოვნებს, რომ ახალგაზრდებს თავად ნაწარმოები მოსწონთ და უბრალოდ ტენდენციას არ არიან აყოლილები.
“ცოტა რთულია ავტორის მხრიდან საუბარი იმაზე, თუ რატომ მოსწონთ მისი წიგნი. ვიმედოვნებ, რომ მოსწონთ ნაწარმოები და ახალგაზრდები ინერციით არ მოქმედებენ, ტენდენციას არ არიან აყოლილები. არ ვიცი ამ წიგნს ასე, რატომ გაუმართლა. აზერბაიჯანულმა ინტერნეტ, თუ ბეჭდურმა გამოცემებმა უზარმაზარი სტატიები მიუძღვნეს “გურულ დღიურებს”, განსაკუთრებით ხშირად ჩემი თაობის ბლოგერები წერენ. მადლობელი ვარ მათი. წიგნის ბაქოში წარდგენას ბევრი ახალგაზრდა ესწრებოდა. ჩემის აზრით, ასეთი ტიპის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის, იმიტომ, რომ კულტურა არის ერთ-ერთი ხიდი, რომელიც სახელმწიფოებს აახლოებს”, – განაცხადა გიორგი კეკელიძემ Dalma News-სთან საუბრისას.
“გურული დღიურების” ფონდი…
ახალგაზრდა მწერლის, გიორგი კეკელიძის Facebook-ის გვერდზე ხშირად ნახავთ ამონარიდებს მისი წიგნიდან. როგორც ჩანს, განცდები, რომლებიც ფურცელსა და კალამს გაანდო, მაინც მის განუყოფელ ნაწილად რჩებიან და თავადაც იმ მოგონებებით განაგრძობს ცხოვრებას. წიგნში მოთხრობილია XX საუკუნის მძიმე, 90-იანი წლების, ავტორის ბავშვობის შესახებ. როგორ დაიწყო ლექსების წერა, როგორ წაიღო დედამ მისი ლექსები თბილისში, როგორ მიიღო პრეზიდენტის სტიპენდია და დაგროვებული სტიპენდიით, როგორ იყიდეს ტელევიზორი:
“არ არსებობს ამ ტელევიზორზე ძვირფასი ნივთი – ყველა გადაცემა, ყველაზე მოსაწყენიც კი, რაც იქ მინახავს, ჯადოსნურია. ჯადოსნური და წარმატების ფერებით სავსე”, – წერს გიორგი კეკელიძე წიგნში “გურული დღიურები”.
მაშინ, ჯერ კიდევ მერვე კლასელი ბიჭი, ძნელად წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ ოზურგეთში, მის მიერ დაწერილი წიგნის სახელობის სტიპენდიას გასცემდა. “გურული დღიურების” ფონდში შემოწირულობებთან ერთად, წიგნებიდან მიღებული ჰონორარის ნაწილი ირიცხება. სტიპენდიანტებს აკადემიური მოსწრების და შესაბამისი გასაუბრების შედეგად არჩევენ და ყოველთვიურად 100 ლარს ურიცხავენ. პირველი სტიპენდიანტები, ოზურგეთელი სკოლის მოსწავლეები ქეთი ქობულაძე, ლია და ნია გეგიაძეები გახდნენ. ხოლო მეოთხე სტიპენდიატი, ქართული ენის მცოდნე ერთ-ერთი აზერბაიჯანელი მოსწავლე იქნება.
ადამიანი, რომელმაც “გურული დღიურები” თარგმნა…
ფილოლოგი, იმირ მემედლი საქართველოში, კასპის რაიონის სოფელ ფაშიანში დაიბადა. ათწლედი მეზობელ სოფელ ზემო ხანდაკში დაამთავრა. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, მხატვრული თარგმანის განხრით. არის მაჩაბლისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტიპენდიანტი ლიტერატურის დარგში. გამოცემული აქვს, რამდენიმე წიგნი, მათ შორის ოთხი ქართულ ენაზე.
მისი სცენარების მიხედვით აზერბაიჯანში, 7 სატელევიზიო მხატვრული ფილმია გადაღებული. ახლახანს დასრულდა მორიგი ფილმის გადაღება მისი ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, რომელიც ქართველი და აზერბაიჯანელი ქალ-ვაჟის სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს. ფილმის გადაღებები სახელმწიფო შეკვეთით განხორციელდა და ძირითადი ნაწილი საქართველოშია გადაღებული. გარდა ამისა, იმირ მემედლის სამი პიესა დაიდგა აზერბაიჯანის თეატრების სცენაზე, თუმცა, ამის შესახებ Dalma News-ის ერთგულ მკითხველს უფრო ვრცლად, სხვა მასალაში მოვუთხრობთ. ამჯერად კი, ბატონი იმირის მთარგმნელობით საქმიანობას დავუბრუნდებით. აღსანიშნავია ისიც, რომ იმის მემედლი ამჟამად, აზერბაიჯანის საზოგადოებრივ რადიოში ლიტერატურისა და ხელოვნების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
“ძალიან მაინტერესებს ქართული ლიტერატურა. ვიცი, რომ ქართული პროზა საკმაოდაა განვითარებული. ყოველი ახალი ნაწარმოებიდან, რაღაც სიახლეს ველოდები, მით უმეტეს ახალი თაობის მწერლებისგან”, – აცხადებს ბატონო იმირი.
ახალგაზრდა ქართველ მწერალ გიორგი კეკელიძეს იგი მანამდე შორიდან, მისი ნაწარმოებების წყალობით იცნობდა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ მწერალ ნოდარ დუმბაძის კუთხის წარმომადგენელი მკითხველს მოლოდინს არ გაუცრუებდა და მისთვის ნაცნობ ადამიანურ ტკივილს, თუ სიხარულს მარტივად მიიტანდა ადრესატამდე. მაგრამ არსებობს მთარგმნელის ოსტატობა, რომ ნათარგმნი მასალა ორიგინალისგან თითქმის არ განსხვავდებოდეს და მაქსიმალურად შეინარჩუნო ავტორისეული სული.
“ქართულ ლიტერატურაში არსებობს, ჯერომ სელენჯერისეული ერთგვარი ფრთა, რომელსაც სათავე ნოდარ დუმბაძემ დაუდო. რა გასაკვირია, რომ გიორგი კეკელიძე, როგორც დუმბაძის თანამემამულე, სწორედ ამ ფრთის წარმომადგენელია. თარგმანის შერჩევისას მეც სწორედ ამ გარემოებამ დამაინტერესა. ჩემამდე მოსული ხმების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წიგნმა და თარგმანის ენამ, დიდი მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის. იმის გამო, რომ ქართული ენაც მშობლიურის დონეზე ვიცი, ავტორისეული განწყობის, მისი წერის მანერისა და სტილის აზერბაიჯანულ ენაზე გადატანა მაინცა და მაინც არ გამჭირვებია. ვეცადე ავტორს ისე ესაუბრა, როგორც აზერბაიჯანელი გიორგი კეკელიძე ისაუბრებდა, ისე, რომ მისი გურული სილაღეც შემენარჩუნებინა”, – განუცხადა Dalma News-ს იმირ მემედლიმ.
მან დასძინა, რომ, როგორც ქართულ ლიტერატურაზე გაზრდილს, უყვარს და მომწონს ქართულ სულს შეზავებული ევროპული ტენდენციები. მოსწონს ბესიკ ხარანაულის პოეტური შედევრები, აკა მორჩილაძის, გურამ ოდიშარიას, არჩილ ქიქოძისა და სხვათა მრავალთა მოთხრობები.
იმირ მემედლის შეფასებით, მთარგმნელობითი საქმე დღითიდღე ძალას იკრებს, რაც მისასალმებელია. თუმცა მიაჩნია, რომ ამ საქმის შემსრულებელთა შერჩევისას მეტი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რადგან ნებისმიერი ერი თავისი სულიერი საგანძურით წარმოჩინდება.
“ერისა ხალხის გაცნობის სხვა გზა არ არსებობს, ამიტომ კულტურულ და ლიტერატურულ ურთიერთობებს უდიდესი მნიშვნელობა”, – აცხადებს იგი.
იმირ მამედლის ეკუთვნის ასევე, XII საუკუნეში მოღვაწე ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” აზერბაიჯანულ ენაზე თარგმანიც, ამჟამად კი, თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშის თარგმანით არის დაკავებული. აზერბაიჯანელი მკითხველი მშობლიურ ენაზე მალე, ქართველი მწერლის, არჩილ ქიქოძის “სამხრეთულ სპილოს” წაიკითხავს.
ქართული წიგნის კუთხე
ბაქოში “გურული დღიურების” წარდგენასთან ერთად, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა. მწერალი გიორგი კეკელიძე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორია და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ქართული წიგნის კუთხის გახსნის საქმესაც ხელმძღვანელობს.
სტამბულის, კიევის, ნიუ-იორკის, ჯაკარტას, მიუნჰენის, ფანკფურტის, რომის, მადრიდის, მილანისა და კიდევ რამდენიმე სხვა ქალაქის მსგავსად, ქართული წიგნის კუთხე ბაქოში, აზერბაიჯანის ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც გაიხსნა, სადაც, პირველ ეტაპზე 500-მდე წიგნმა დაიდო ბინა. აქ არის როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ ენაზე ნათარგმნი ქართული კლასიკური თუ თანამედროვე ლიტერატურა, აგრეთვე წიგნები საქართველოს შესახებ.
საქართველოს და აზერბაიჯანის ეროვნულ ბიბლიოთეკებს თანამშრომლობის შორსმიმავალი გეგმები აქვთ. ქართველი კოლეგების დახმარებით, შეიქმნება აზერბაიჯანის ციფრული ფოტომატიანე, რომლის მსგავსი საქართველოში უკვე დიდი ხანია არსებობს და, რომელიც სხვადასხვა პერიოდის ფოტოების ელექტრონულ ვერსიებს ინახავს.
ქართული წიგნის კუთხე ბაქომდე ერთი თვით ადრე, თებერვალში, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც გახსნეს. ამდენად, ქართული წიგნის კუთხე უკვე, მსოფლიოს 25 ქვეყანაში არსებობს. ამ საქმეში საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას ადგილობრივი ქალაქების მუნიციპალიტეტები, საელჩოები და სათვისტომოები ეხმარებიან.
“თითქმის ყველგან გვყავს აქტიური თანამემამულენი. ზოგადად, რაოდენობა არ არის განმსაღვრელი, თუმცა ვცდილობთ, ქართული დიასპორის სიდიდის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი რეგიონი იყოს. ასევე წიგნებით ვამარაგებთ საკვირაო სკოლებს”, – აცხადებს გიორგი კეკელიძე.
პროექტის მიზანია ქართული კულტურის საზღვარგარეთ გატანა, რათა ერთი მხრივ, ქართველ ემიგრანტებსა და მათ საკვირაო სკოლებს დაეხმარონ, მეორე მხრივ, უცხოელებს გააცნონ ქართული კულტურა.
შორენა პაპაშვილი
ფოტო: Sputnik