საქართველოს ერთ-ერთ საკურორტო ქალაქ ბათუმში, ცენტრალურ გამზირთან მდებარე პატარა ჩიხს, თურქი ბიზნესმენის ნურეთინ ჩარმიქლის სახელი 2010 წელს მიენიჭა. მაშინდელი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას დიდად არ აღუფრთოვანებია ბათუმელები და ზოგადად ქართული საზოგადოება. მოქალაქეები უკმაყოფილო და ცინიკური შინაარსის კომენტარებს აკეთებდნენ:

“თბილიში ბუშის ქუჩაზე მეცინებოდა და აქ უარესი ხდება. რა დამსახურებისთვის?”, ” სადაც ახალ სასტუმროს აგვიშენებენ, ყველა ქუჩას სახელი უნდა გადავარქვათ?!”, “ალბათ, თურქი ტურისტებისთვის გააკეთეს, რომ სახლში იგრძნონ თავი”.

ის ქართული წარმოშობის თურქი მილიონერია. საქართველოში განხორციელებული აქვს ორი დიდი პროექტი: ბათუმში სასტუმრო “შერატონი”, თბილისში კი შსს-ს ახალი შენობა ააშენა, არის საქართველოს საპატიო კონსული ქალაქ იზმირში. მისი სახელი ფიგურირებდა ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენელობლობასთან დაკავშირებით. ამ პროექტს სოფლების დატბორვის საშიშროების გამო არასამთავრობო ორგანიზაციები იწუნებენ.

ზოგადად ცნობილია, რომ ქუჩებს სახელებს ადამიანების დამსახურებისა და ღვაწლის მიხედვით არქმევენ. ეს მეგობარი ქვეყნის, თუ ქალაქის მიმართ კეთილგანწყობის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაცაა. ამ საკითხში განსაკუთარებული გულუხვობით ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოირჩეოდა, რომლის დამსახურებითაც თბილისში უკვე გვაქვს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის სანაპირო და აშშ-ს 43-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში უმცროსის სახელობის ქუჩა.

Bushროგორც Dalma News-ს ბათუმის საკრებულოში განუმარტეს, აღნიშნულ ქუჩას ნურეთინ ჩარმიქლის სახელი 2010 წლის 16 მაისს, ძველი საკრებულოს პირობებში მიენიჭა. საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე იყო. 2016 წლის დეკემბერში კი, მოქალაქეების ერთმა ნაწილმა, ახალ საკრებულოს ქუჩისთვის სახელის გადარქმევის მოთხოვნით მიმართეს.

გეოგრაფიული ობიექტების სახელდების კანონის თანახმად, განსკუთრებული გამონაკლისის გარდა, ამა თუ იმ ქუჩას კონკრეტული პირის სახელი, მისი დამსახურების მიხედვით ენიჭება, ისიც გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ. ეს პერიოდი კი ერთგვარი გარანტია იმისა, რომ ამ ადამიანის სახელი დროს უძლებს და ნამდვილად იმსახურებს უკვდავყოფას. ქუჩისთვის სახელის მინიჭების მოთხოვნის უფლება არ აქვს ცალკეულ მოქალაქეს, მხოლოდ მოქალაქეთა ჯგუფს, ან ორგანიზაციას შეუძლია მიმართოს საკრებულოს შესაბამისი პეტიციით. ამის შემდეგ საკითხს განიხილავს რეგიონული განვითარების სამინისტროსთან არსებული სახელდების სამთავრობო კომისია და საბოლოო ვარიანტს ქალაქის საკრებულო დაამტკიცებს.

ბათუმში დღეს უკვე ძნელია უსახელო ქუჩის მონახვა. ქალაქის ქუჩებისთვის საბჭოთა ეპოქის დროს დარქმეული სახელების გადარქმევის სამუშაო კი სრულად შეასრულა “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობამ, ამდენად ამ სფეროში ახალ ხელისუფლებას სამუშაო თითქმის აღარ დაუტოვა. ქუჩებისთვის სახელის შეცვლის განსაკუთრებულ სურვილს არც ბათუმელები გამოხატავენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს საბუთებთან დაკავშირებით ზედმეტ პრობლემებს შეუქმნით. როგორც ჩანს, ნურეთინ ჩარმიქლის შემთხვევა გამონაკლისი იყო. მაგრამ საქმე საკრებულოს სხდომაზე განხილვამდე არ მისულა და მოქალაქეებმა პეტიცია მალე უაკნვე გაიტანეს.

“საკრებულოში პეტიცია შემოვიდა მოქალაქეების ერთი ჯგუფის მხრიდან. შევხვდით მათ და შევეცადეთ გარკვეული ინფორმაცია მიგვეწოდებინა ნურეთინ ჩარმიქლის შესახებ, რის შემდეგაც პეტიცია უკანვე გაიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქუჩის სახელდება თავიდანვე კანონდარღვევით მოხდა, მისთვის სახელის შეცვლა უფრო არასწორად მიმაჩნია, რადგან ეს იმ ადამიანის მიმართ უპატივცემულობის გამოვლენა იქნებოდა, ვის სახელსაც ატარებს ქუჩა უკვე 7 წელია”, – განუცხადა Dalma News–ს ბათუმის საკრებულოს წევრმა, განათლების კომისიის თავმჯდომარე ნინო ბერაძემ.

მისი აზრით, ბოლო ხანებში მსგავსი თემების გააქტიურებით, გარკვეული ძალები ადგილობრივ მოსახლეობაში ანტითურქული განწყობის დათესვას ცდილობენ.

236637415

“ამ ადამიანის გვარის თურქული ჟღერადობა რომ არა, ამ ქუჩის სახელწოდებასთან დაკავშირებით ასეთი ამბავი არ ატყდებოდა. სამწუხაროდ, ბოლო დროს, საქართველოში უცხოელების მიმართ უარყოფითი განწყობები იკიდებს ფეხს. დრო და დრო იმართება მარშები და გამოსვლები. ასეთ საკითხებს სახელმწიფოში კანონი უნდა არეგულირებდეს. სამწუხაროდ მოქალაქეები პრობლემას კანონის აღსრულებაში ვერ ხედავენ და უცხოელების მიმართ ავლენენ აგრესიას”, – განაცხადა ნინო ბერაძემ.

მისივე თქმით, ბათუმი საზღვრისპირა ქალაქია, ამას ემატება წინა საუკუნეებში საქართველო-თურქეთს შორის ურთიერთობის ისტორია, რაც გარკვეულ წილად აისახება მოსახლეობის განწყობაზე. ეს კი ქვეყნის ხელისუფლებას სიფხიზლისკენ უბიძგებს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ კარჩაკეტილი პოლიტიკა უნდა აწარმოოს.

“თუ კანონი დაირღვა, პრეტენზია უნდა გვქონდეს ხელისუფლებასთან. როდესაც სახელი ერქმევა ქუჩას, უნდა იწერებოდეს იმ ადამიანის დამსახურებების შესახებ, ვის სახელსაც არქმევენ, თუ უცხოელია, ორმაგად საჭიროა საზოგადოების ინფორმირება”, – მიაჩნია ნინო ბერაძეს.

დეპუტატი თავად შეეცადა, ჩარმიქლის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და მხოლოდ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წააწყდა საგაზეთო სტატიას სათაურით: – “თურქეთში ჭიანჭველასავით ვიცხოვრე”.

ქვეყნის ისტორია ქუჩიდან იწყება…

ბათუმის მკვიდრი, რეჟისორი მალხაზ ვარშანიძე მიიჩნევს, რომ რამდენიმე შენობის აშენება ქუჩისთვის სახელის მინიჭების მიზეზი არ უნდა იყოს. ქუჩის სახელი ქვეყნის ისტორიასა და ეროვნულ ღირსებას უნდა უკავშირდებოდეს. უცხოელის შემთხვევაშიც, ისეთის სახელი უნდა შეირჩეს, ვინც დიდი საქმეებით გამოიჩინა თავი.

“ეს მარტო ბათუმის პრობლემა არ არის, მსგავსი ვითარებაა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც. ქვეყანას აუცილებლად უნდა ქონდეს ღირსების დოქტრინის მაგვარი იდეოლოგია. ბათუმში 90-იან წლებამდე აღმოსავლური არქიტექტურა არ არსებობდა. ძმები ნობელების დაპროექტებულია თანამდროვე ბათუმი. ეს პროცესი დაახლოებით 1850 დაიწყო. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, გადააკეთეს საერთაშორისო ბანკის ისტორიული შენობა. რომლის ქვემოთ იყო წიგნების მაღაზია. ეს იყო წიგნების ევროპული გავრცელების ქსელის პირველი მაღაზია. იმ დროს, ასეთივე მაღაზიები გაიხსნა პარიზში, ბერლინში, ლონდონსა და სხვა ქალაქებში. დღეს აქ კაფე – რესტორანია. უნიკალური სალონი გაქრა”, – განუცხადა Dalma News-ს მალხაზ ვარშანიძემ.

მისივე თქმით, წლების წინათ, ბათუმი იყოს ქალაქი, სადაც იტალიის, შვეიცარიის,საფრანგეთს, გერმანიას, ჰონ კონგის, ბრიტანეთის კინოსტუდიები ფილმებს იღებდნენ. დღეს კი, ქალაქი, მარტო თურქეთის გადასაღები მოედანი გახდა.

“აქ ცხოვრობდნენ ნობელები, როტშილდი, სიმენსები, მანთაშევი. ამ ქალაქში შემოქმედებითად მოღვაწეობდნენ ჩეხოვი, გორკი, ესენინი, შალიაპინი. მოკლედ ასლან აბაშიძის (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ლიდერი) პერიოდიდან დღემდე ქალაქის გააღმოსავლურება მიმდინარეობს”, – აცხადებს რეჟისორი.

საქართველოში უკვე რამდენიმე მსვლელობა მოეწყო არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქული სკოლებიც დაიხურება.

ექსპერტ მამუკა არეშიძეს მიაჩნია, რომ ქუჩებს სახელები ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე, ადამიანის დამსახურებისა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით უნდა ერქმეოდეს, რადგან მსგავსმა ფაქტებმა შესაძლოა ახალი უკმაყოფილების ტალღა წარმოშვას, ან კონკრეტული ქუჩა დასაცინი გახდეს.

mamuka_areshidze_26267_13075“ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოინდომა ბუშის სახელის დარქმევა თბილისში ქუჩისთვის და დაარქვა. შესაძლოა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ამაზე უარყოფითი რეაქცია არ ჰქონოდა, მაგრამ, როდესაც არაფერს ეკითხები საზოგადოებას და ისე არჩევ, რომელ ქუჩას რა დაარქვა, ძალიან ცუდია. სულ სხვაა, როდესაც ძალიან ცნობილი, ადგილობრივი მოღვაწის სახელს უკვდავყოფ, მაგრამ, როდესაც მაგისტრალურ ქუჩას არქმევ უცხო სახელს, ავტორიტეტულ ხალხს, ისტორიკოსები იქნებიან თუ ურბანისტები, მაინც უნდა ჰკითხო მოსაზრება”, – აცხადებს ექსპერტი.

მისი აზრით, ნაკლებად მოსალოდნელია ბათუმის ერთ-ერთი პატარა ქუჩისთვის თურქული გვარის დარქმევის გამო ბათუმელებმა საპროტესტო აქციები მოაწყონ, თუმცა ეს, რომელიმე პოლიტიკურ ძალას ქულების მოსაპოვებლად თუ გამოადგება, აუცილებლად გამოიყენებს.

მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ვერავითარი მარში და აქცია ვერ მოეწყობა, თუ ხალხში შესაბამისი განწყობა არ არის დაგროვილი. თბილისელებისთვის მიუღებელი იყო, ის რაც აღმაშენებლის გამზირზე ხდებოდა. ნებისმიერი აქტივობა დამოკიდებულია საზოგადოების კრიტიკულ მასაზე.

საქართველოში მოქმედ თურქულ სკოლებს რაც შეეხება, არეშიძის შეფასებით, ამ სკოლების მიმართა თავიდანვე საპროტესტო განწყობა იგრძნობოდა, თუმცა, შემდგომში მათ მოახერხეს სასწავლო პროგრამების იმგვარად დალაგება, რომ ქართულ საზოგადოებას მათ მიმართ ანგატონიზმი არ ჰქონოდა. მამუკა არეშიძისთვის მიუღებელია პოლიტიკური მოსაზრების გამო სკოლის დახურვა, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას სიფრთხილის გამოჩენას ურჩევს… ეს ცალკე ვრცელი თემაა, რომელსაც Dalma News-ი აუცილებლად დაუბრუნდება.

შორენა პაპაშვილი