ქართული პოლიტიკისთვის აქტიური ქალბატონები უცხო არ არის. ხშირად ისინი მამაკაც კოლეგებზე მეტად ერენგიულები და რადიკალურებიც არიან. ქალი მმართველი საქართველოს ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში ჰყავდა თამარ მეფის სახით. თუმცა ქართველი მონარქების მეორე ნახევრები, არც მანამდე იდგნენ განზე და შეიძლება ითქვას, სამშობლოს ერთგულებისა და თავგანწირვის საუკეთესო მაგალითებს იძლეოდნენ.
მართალია გენდერული თანასწორობის საკითხი საქართველოში ჯერ კიდევ არ დგას სათანადო დონეზე, მაგრამ, ალბათ აქ გარკვეული სუბიექტური მიზეზები არსებობს. საქართველოში ქალი ასოცირდება ოჯახთან, შვილების აღზრდასთან და, თუ ის პირველი ლედიც არის, კეთილშობილებისა და ქალურობის ნიმუში უნდა იყოს. ალბათ, ეს ის მძიმე ტვირთია, რასაც ქართველი ქალები საუკუნეების განმავლობაში თავიანთი ნაზი მხრებით ატარებდნენ.
ამბობენ, რომ ქალი უფრო დიპლომატიურია და მოლაპარაკების უკეთესი უნარი აქვს. მამაკაცი პოლიტიკოსებისგან გასხვავებით, ქალები კარგი ინტუიციით გამოირჩევიან და დიპლომატიურ სამსახურშიც ბევრად პროგრესულ პოლიტიკას აწარმოებენ. ქალი მმართველების შემთხვევაშიც ნაკლებად ვხვდებით სახელმწიფოებში დიქტატურისა და რეპრესიული რეჟიმის ფაქტებს, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. არსებობენ ქალები, რომლებიც ომს მოითხოვენ, მაგრამ აქ ერთეულებზე არ ვსაუბრობთ.
და მაინც, რას შეცვლიან ქალები პოლიტიკაში? ამ კითხვით Dalma News-მა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გუგული მაღრაძეს მიმართა. მისი აზრით, როდესაც ერთი ქალი მოდის პოლიტიკაში, იცვლება ქალი, ხოლო, როცა ბევრნი მოდიან იცვლება პოლიტიკა. როცა ქალები პოლიტიკაში უმცირესობაში აღარ არიან, ეძლევათ შესაძლებლობა, თავისი ნორმები, თამაშის წესები შემოიტანონ.
პოლიტიკაში მოღვაწეობა ქალს არ უმსუბუქებს ოჯახისა და შვილების მიმართ პასუხისმგებლობას. მძიმე 90-იან წლებში ქართველმა ქალმა ოჯახის უზრუნველყოფა საკუთარ თავზე აიღო და დამოუკიდებლობის განცდა შეექმნათ. პოლიტიკოსს ქალებს მიაჩნია, რომ ისინი ფართოდ უნდა იყვნენ წარმოდგენილნი პოლიტიკაში, რომ თავიანთი სიტყვა თქვან ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, იქნება ეს ჯანდაცვა, ეკონომიკა, განათლება თუ სხვა.
ფსიქოლოგების აზრით, არსებობს ასპექტები, რაც შეიძლება ქალმა უკეთ დაინახოს. ცნობილია, რომ მამაკაცს უფრო გლობალური ხედვა აქვს, ქალს უფრო დეტალების. ამ დეტალებში არის რაღაც ისეთი, რაც მეორე ადამიანის მდგომარეობას გაგაგებინებს. დღეს ქალების პოლიტიკაში მონაწილეობა არ არის ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის განმსაზღვრელი. დემოკრატიის საბოლოო მიზანია თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკური წყობის შექმნა.
“2004 წელს საქართველოს პარლამენტში პირველად შეიქმნა ინსტიტუციური მექანიზმი, გენდერული თანასწორობის საბჭო, რომლის ფუნქციაც იყო, ხელი შეეწყო ქალების პოლიტიკაში მონაწილეობისთვის. მანამდეც არსებობდა ცალკეული პროექტები, მაგრამ, ეს არა ჩვენი, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების დამსახურებაა. მაგრამ კარგია, რომ მათ მოთხოვნას ქართულმა საზოგადოებამ ფეხი აუბა და ის უკვე არის იმ დონეზე, რომ თვითონაც შეუძლია ამ მიმართულებით საქმიანობა,” – აცხადებს გუგული მაღრაძე.
დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ქალსა და მამაკაცს შორის საწყისი თანაბარი პირობები არა მხოლოდ საქართველოში არ არსებობს, არამედ მთელს მსოფლიოში. შესაძლოა ამის მიზეზები ვეძებოთ კულტურულ სტერეოტიპებში, ოჯახურ გარემოში, ამა თუ იმ ქვეყნის ტრადიციებში. ქალბატონ დეპუტატს მიაჩნია, რომ მამაკაცი პოლიტიკოსები კანონმა უნდა აიძულოს პოლიტიკურ პარტიებსა და სახელიწუფლებო ორგანოებში მეტი ქალი მიიზიდონ.
“შეგვიძლია პარლამენტში მივიღოთ სულ ცოტა 25 -30 ქალი, თუ ამას დავუმატებთ, რომ მაჟორიტარებადაც შეიძლება გავიდნენ ქალები, სუსტი სქესის წარმომადგენლებმა შესაძლებელია შექმნან ის კრიტიკული მასა, რომელსაც შეუძლიათ გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. ხშირ შემთხვევაში მამაკაცს ნაკლები წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რა ჭირდება ოჯახს და საზოგადოებას ნორმალური განვითარებისთვის. თუ ქვეყნის პოლიტიკური ორგანო დროზე მიხვდება ამას, ეს გაცილებით უფრო წაადგება ქვეყანას, თუ არადა ქალები იბრძოლებენ და ბოლოსდაბოლოს მაინც მიაღწევენ ამას,” – აცხადებს გუგული მაღრაძე და საქართველოში სუსტი სქესის პოლიტიკური როლის მეტად გასაძლიერებლად სურს, ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი სწორედ ქალი იყოს.
2015-2020 წლამდე გაერო-ს ერთ-ერთი გამოწვევაა სიღარიბის დაძლევა, ამ თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს გენდერულ თანასწორობას. ღარიბ მოსახლეობაში ყველაზე დიდი ნაწილი ქალები არიან, ეკონომიკა, ბიზნესი და სხვა მამაკაცის პრიორიტეტებია, ეს გაერო-ს მხრიდან აქცენტირებულია. მეორე გამოწვევა ქალებისა და გოგონებისთვის კარგი განათლების მიცემაა, რომ მათ დასაქმება შეძლონ.
ქართველი პოლიტიკოსი ქალების ნაწილი პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა, ზოგი არასამთავრობო სექტორიდან, ზოგიც მედიიდან. მათი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ საყოველთაოდ ცნობილია, თუმცა არანაკლებ საინტერესოა, რა ქონებას ფლობენ ისინი?
მაგალითად, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2015 წელს შეავსო. მის საკუთრებაშია ორი ბინა თბილისში, სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, დაახლოებით 134 ათასი ლარი, 15 ათასი ევრო და 50 ათასი დოლარი აქვს. პარლამენტის წევრობიდან ხიდაშელმა ერთ წელიწადში 55 989 ლარი მიიღო.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ქონება საქართველოს გარდა საფრანგეთშიც აქვს. სტრასბურგში 120 კვადრატული მეტრი ბინა 248 500 ევროდ შეიძინა (კრედიტით). იპოთეკური სესხით, 39 840 დოლარად აქვს შეძენილი სახლი სოფელ დიღომშიც. იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე 2014 წელს მისმა ხელფასმა 87 500 ლარი შეადგინა.
და ბოლოს, ორიოდ სიტყვით პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეზეც, რომელსაც ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის დროზე რკინის ლედი უწოდა. ის დღემდე აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას განაგრძობს, არის “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი და არც თუ მცირე მხარდამჭერთა არმია ჰყავს. ნინო ბურჯანაძეს ქვეყნის პრეზიდენტობის ამბიციაც აქვს. იგი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ პოლიტიკოს ქალად მიიჩნევა, მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია 2008 წლით თარიღდება. ჯერ კიდევ მაშინ, ბოლქვაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი 350 ათას ლარად ჰქონდა შეფასებული. მის სახელზე იყო 30 ათას ლარად შეფასებული სახლი სოფელ ორბელში. დეკლარაციაში, ცხადია, ვერ მოხვდა ბურჯანაძის მამის ქონება, რომელიც 90-იან წლებში პურპროდუქტების მაგნატად იწოდებოდა.
მასალის წერისას ინტერნეტსივრცეში საინტერესო კომენტარებს წავაწყდი. ფორუმებზე აქტიურად განიხილავენ ქართველი პოლიტიკოსი ქალების საქმიანობას, მათ დადებით, თუ უარყოფით მხარეებს. აი რას წერს ვინმე kolombina: ნინო ბურჯანაძე ნორმალური ქალია, ისტერიკული არ არის, ერთი შეხედვითაც აღძრავს პატივისცემას, კულტურული და განათლებულია. მე მგონი, მაინცდამაინც დიდი პოლიტიკური ალღოთი არ გამოირჩევა, მაგრამ ალაგ-ალაგ არა უშავს. საქმის გამკეთებელიც არის, თუ კარგი დამრიგებელი ეყოლება, რომელიც ცოტას უბიძგებს.
შორენა პაპაშვილი