მოქანდაკე აკაკი ქაბზინაძე ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან ხელოვანთა შორის, რომლებსაც საკუთარი ნამუშევრების საგამოფენო სივრცედ თბილისის ერთი ძველი ბაღი, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია შეურჩევიათ. პროფესიონალი მოქანდაკე მოხუცებულობის ჟამს, თავის არაჩვეულებრივად ლამაზ და შთამბეჭდავ ნამუშევრებს ღია ცის ქვეშ, “მხატვართა ბაღში” ფენს. მისი ნაკეთობები გულგრილს არ ტოვებს უცხოელ სტუმრებს, მაგრამ არის დღეები, როდესაც ერთ ნამუშევარსაც ვერ ყიდის. თუმცა თავად ხელოვანს მიაჩნია, რომ მისმა ქანდაკებებმა თავად უნდა იპოვონ პატრონი, თუნდაც ამისთვის რამდენიმეწლიანი ლოდინი იყოს საჭირო. Dalma News-ი 70 წლის ხელოვანს, აკაკი ქაბზინაძეს ესაუბრა.
– ბატონო აკაკი, გვიამბეთ თქვენს შესახებ. ვინ იყვნენ თქვენი პედაგოგები?
– დავიბადე თბილისში, ვცხოვრობ ნაძალადევის რაიონში. 1975 წელს დავამთავრე სამხატვრო აკადემია. ჩემი პედაგოგები იყვნენ: გიორგი ოჩიაური, ვალიკო თოფურიძე, შოთა მიქატაძე. შესანიშნავი პედაგოგები მყავდნენ. მერე 20 წელიწადის განმავლობაში ვასწავლიდი ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში. ახლა 70 წლის ვარ და მაინც არ ვჩერდები, სიბერეშიც ვმუშაობ. დიდი ხანია ამ ბაღში ვდგავარ. ცოტა ხნით რუსეთში, ცნობილ ქართველ მოქანდაკე ზურაბ წერეთელთან ვმუშაობდი, მაგრამ წამოვედი თბილისში. მყავს 2 შვილი და ერთი პატარა შვილიშვილი.
– რატომ ჩამოხვედით?
– ქართველები ცოტა სხვანაირი ხალხი ვართ, შური გვღუპავს. უბრალოდ მეგობრები ერთმანეთში ვერ მოვრიგდით და მე სამშობლოში დაბრუნება ვარჩიე. ძალიან ცუდი რაღაცაა შური და ბოღმა. ყველა სფეროში არის ასეთი რამ, მარტო ხელოვანებს შორის კი არა.
– თქვენი აზრით, შემოქმედ ადამიანს ხელს უშლის მოშურნე ადამიანების გარემოცვა, თუ პირიქით, წარმატების მიღწევის ჟინს ამძაფრებს?
– ზოგს აქვს ბრძოლის ჟინი, ზოგს არა აქვს. მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველა შემთხვევაში, შური 100 პროცენტით ხელის შემშლელია. დიდ მსახიობებსაც ჰქონიათ კარიერაში წარუმატებლობა შურის გამო. ყველას არ შეუძლია შურთან ბრძოლა. რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს ადამიანი, ზოგჯერ ფარ-ხმალს ჰყრის. უნდა შეგვეძლოს ადამიანებს ერთმანეთის ნიჭის დაფასება, ერთმანეთს ხელს კი არ უნდა ვუშლიდეთ. ყველა წიგნს თავისი მკითხველი ჰყავს, ისევე, როგორ ყველა ნახატს თავისი მყიდველი.
– თქვენი შვილები თუ არიან თქვენი მიმდევრები?
– გოგონას დამთავრებული აქვს ქსოვილები, ბიჭს – ქანდაკება.
– რას ურჩევთ, საქართველოში დარჩენას თუ უცხოეთში წასვლას?
– კი, წავიდნენ, იქნებ მათ მაინც მიაღწიონ წარმატებას.
– შეგირდები არ გყავთ?
– თავის დროზე მყავდა, მაგრამ ახლა აღარავის სჭირდება ჩემი პროფესია.
– როგორც გვითხარით, დიდი ხანია ამ ბაღში დგახართ. გყავთ კლიენტები?
– კი, ძირითადად უცხოელები. უკრაინელები ჩამოდიოდნენ ხოლმე და მიჰქონდათ ჩემი ნამუშევრები. ევროპელი ტურისტებიც ხშირად ყიდულობენ. ადგილობრივებს ფული არ აქვთ, ხშირად უთქვამთ, – მოგვწონს, მაგრამ ფული არ გვაქვსო.
– დღეში რამდენ ნამუშევარს ჰყიდით?
– ერთი ნამუშევარი მქონდა მარმარილოში, 3 წელიწადი ვატარე და მერე გაიყიდა. ერთი პატარა ნამუშევარი მქონდა რიყის ქვაში გათლილი, ისიც 3-4 წლის მერე გაიყიდა, კატალოგშიც არის შესული. ნამუშევარი რომ არ იყიდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდია. ის თავის კლიენტს ელოდება. მყიდველი, რომ მოვა ის იყიდის, შენი არაფერი ჭირდება. მაგრამ ვისაც არ მოსწონს, სულ რომ ვაჩუქო, არ წაიღებს. ვისაც მოსწონს და უნდა, ფასზეც არ გევაჭრება.
– ვუყურებ თქვენს ნამუშევრებს და ასე მგონია, ცოცხლები არიან. თითქოს თითოეული მათგანი თავის პატარა ამბავს ჰყვებაო…
– ეს არის სუვენირები, რომლებსაც აქვთ სული. ჩემს მოსწვალეებსაც იმავეს ვასწავლი, რომ თუ სულში არ აქვთ გამჯდარი ეს საქმე და არ უყვართ, სჯობს ხელი არ მოჰკიდონ. შეიძლება კომერციული ინტერესის გამო აკეთო, მაგრამ ხელოვნება კომერციისგან განსხვავდება.
– ასეთი პატარა ნაკეთობები, ასეთ დიდ ბაღში არ იკარგებიან? მათ ხომ განსაკუთრებული სივრცე სჭირდებათ ადამიანის თვალისთვის კარგად აღსაქმელად?
– რა თქმა უნდა, ფერწერას სხვანაირი საგამოფენო სივრცე და სტენდები უნდა, რომ გამოჩნდეს და ადამიანმა აღიქვას. ქანდაკებას კი სხვანაირი. ეს სივრცე რაც ბაღში გვაქვს, ჩემი ნამუშევრებისთვის არ გამოდგება, ქანდაკება იზომება ოთხ განზომილებაში. ამიტომ მოვიფიქრე ასეთი რამ, გავაკეთე თაროები თეთრი ფონით. ახლა ამ სუვენირების აღქმა, შორიდანაც არის შესაძლებელი.
– რა მასალისგან მზადდება ეს უჩვეულო ნაკეთობები?
– ჩვეულებრივი რიყის ქვისგან, მარმარილოსა და ლითონისგან. სინთეზია გაკეთებული. ასეთი სინთეზი, აღარ განმეორდება. თითოეული მათგანი ექსკლუზიურია. ლითონში შეიძლება მილიონი ჩამოასხას კაცმა, მაგრამ ქვაში და სინთეზი როცა კეთდება, ის არასდროს განმეორდება.
– მასალას სად მოიპოვებთ?
– ქუჩაში, გენაცვალოს ჩემი თავი. ჯიბეში სულ მიდევს ცელოფნის პარკი, თუ მომეწონება ქვა, გავახვევ კულტურულად და მიმაქვს სახლში. ნაცნობ-მეგობრებიც მიგროვებენ ხოლმე საინტერესო ფორმის ქვებს.
– დაინახეთ ქვა. შემდეგ რა ხდება, როგორ იბადება იდეა?
– ჩემზეა დამოკიდებული, როგორ ხასიათს მივცემ მასალას. ზოგი ქვა ისეთია, ცოტათი უნდა შეუცვალო ფორმა, მაგრამ ზოგი ისეთია, რომ არაფრის შეცვლა სჭირდება. ზოგ ქვას კი ლითონის პატარა თავი უნდა დაადგა და თვითონ იტყვის ყველაფერს. ახლა ვაკეთებ ერთ ნამუშევარს, ერთ კვირაში მექნება. პატარა ქვა იპოვა ჩემმა ბიჭმა და გავაკეთე იცი რა? “ბორია გადაეტ”, ბოშებს რომ დაჰყავდათ ხოლმე მკითხავი თუთიყუში…
– რამდენ ხანში იქმნება ნამუშევარი?
– დრო სჭირდება, ძალიან შრომატევადია. ხასიათს უნდა მოძებნა, გამოძერწა, ფორმა უნდა მოვიფიქრო, წავიღო, ჩამოვასხმევინო, ლითონს უნდა დამუშავება, მერე – მონტაჟი და დაჟანგვა.
– მუშაობის დროს, ალბათ, იმ სივრცეზეც ფიქრობთ, სადაც უნდა განთავსდეს ნამუშევარი?
– ეს არის სალონური ნამუშევრები. ისინი შენობაში უნდა დაიდგას.
– არ გიოცნებიათ, თბილისში დაიდგას თქვენი გაკეთებული ქანდაკება?
– ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ დავდგა სიყვარულის, გოგოს და ბიჭის სიყვარულის ქანდაკება. ახალგაზრდობაში, თბილისის საგამოფენო სივრცეში, “ცისფერ გალერეაში” მქონდა გამოფენილი ნამუშევარი “სტუდენტი”, რომელიც მოსკოვში წაიღეს. ძალიან გროტესკული იყო, ჟურნალებშიც დაიბეჭდა მრავალჯერ. გამოქანდაკებული მქონდა ფეხებდაგრეხილი, აწოწილი, მაღალი გოგონა, მოღებული სარაფანი ეცვა. ისეთი მხატვრული იყო, რომ მოსკოვიდან ჩამოვიდა წარმომადგენელი და წაიღეს. იმ ქანდაკების მსგავსი მინდა, გავაკეთო თბილისში.
ჩემი ნება, რომ იყოს, ჩვენს ქალაქს სხვანაირად გავაკეთებდი. რუსთაველის გამზირზე მოვაწყობდი ცოცხალს გალერეას, გადავაკეთებდი სასეირნო ქუჩად და თითოეულ მოქანდაკეს მივცემდი შესაძლებლობას, თითო ნამუშევარი დაედგათ, რაც ყველაზე ძალიან სურთ. ამდენი მოქანდაკე ყავს საქართველოს, ყველამ თითო, პატარა ნამუშევარი რომ დადგას, უცხოელი გაივლის, ნახავს, მოეწონება… ბავშვები გაივლიან, მოეწონებათ და დაინტერესდებიან ვისი ნამუშევარია.
– თბილისში საკმარისი რაოდენობის ქანდაკებები არ დგას?
– ქანდაკებები შეიძლება ბევრია, მაგრამ ცოცხალი გალერეა არ არის. ყველანი წარმავლები ვართ და თითო ნამუშევარი რომ დავდგათ ქალაქში, რაც სულითა და გულით გვინდა, მომავალმა თაობებმა რომ თქვან, ასეთი წინაპარი გვყავდაო.
– როგორია თქვენი თბილისი?
– არაფერი მინდა თბილისისგან სითბოს მეტი, ახალგაზრდებისთვისაც და მოხუცებისთვისაც. სიყვარული იყოს ერთმანეთის, როგორც ძველად იყო. ერთმანეთის გატანა იყოს. საშინელებაა ახალი შენობები, ეს არის გაკეთებული ფულისთვის, უცხოელებისთვის. ჩამოვლენ და ერთ მშვენიერ დღეს გეტყვიან, – შენ ვინ ხარ, ჩემია ეს ყველაფერიო! ძველი არქიტექტურა იკარგება. ადრე არქიტექტორები ყველაფერს იხილავდნენ, ამტკიცებდნენ, დღეს არავის არაფერი აინტერესებს, მთავარია დადგან მაღალი შენობები. რაღაცა რომ მოხდეს და ღმერთმა ნუ ქნას, დაინგრეს რომელიმე შენობა, ძალიან დიდი მსხვერპლი მოჰყვება.
ესაუბრა შორენა პაპაშვილი
ფოტო: თეონა ქარჩავა, აკაკი ქაბზინაძე