ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად რევაზ არველაძეც იბრძოლებს. თავისი გადაწყვეტილების შესახებ არველაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს და აცხადებს, რომ უეფა-ს კონგრესიდან დაბრუნების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის თანამდებობას 17 სექტემბერს დატოვებს და საარჩევო კამპანიაში ჩაერთვება.
“დღეს დავრეგისტრირდი, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი. ამ პოზიციაზე ჩემთვის რამდენიმე პატივსაცემმა ორგანიზაციამ წარმადგინა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.ხვალიდან ვაჩერებ ყველა ტიპის აქტივობას, რომელიც დაკავშირებულია ფეხბურთის ფედერაციის ადგილობრივ საქმიანობასთან. ვიტოვებ მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებას. უახლოეს პერიოდში UEFA-ს ეგიდით რამდენიმე, სტრატეგიული ფორუმი იმართება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის შემდგომი განვითარებისათვის. აღნიშნული შეხვედრების შემდეგ, კერძოდ 17 სექტემბრიდან – გადავდგები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის თანამდებობიდან. მინდა ჩემი გამოცდილება და კონტაქტები ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეს მოვახმარო,” – წერს რევაზ არველაძე.
იგი გამოთქვამს მზადყოფნას განვიხილოს ნებისმიერი წინადადება, რადგანაც მიაჩნია, რომ ერთობლივი ქმედებებით იქნება შესაძლებელი მთავარი მიზნის – ქართული ფეხბურთის წარმატების მიღწევა მისი სწორი განვითარების გზით.
არველაძემ ფედერაციის გენერალურ სამდივნოში საკუთარი განცხადება უკვე შეიტანა. ის თანამდებობაზე ვეტერან ფეხბურთელთა კავშირმა წარადგინა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველთა შორის საკუთარი განაცხადით ფედერაციის გენერალურ სამდივნოს უკვე მიმართა მამუკა კვარაცხელიამაც. უახლოეს დღეებში კი ის ფედერაციის 34-ვე ხმის უფლების მქონე სუბიექტთან შეხვედრას გეგმავს. არჩევნებში მონაწილეობის შესახებ სიტყვიერი თანხმობა უკვე განაცხადეს ლევან კობიაშვილმა და მერაბ ჟორდანიამ. კანდიდატების რეგისტრაცია 7 სექტემბერს შეწყდება.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უეფა-ს სუპერთასის მატჩის დასრულების შემდეგ, ფედერაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ზვიად სიჭინავამ თანამდებობა დატოვა.
Dalma News მანამდე წერდა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, სფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება.