“რესპუბლიკური პარტიის” წევრის თამარ კორძაიას განცხადებით მისმა პარტიამ დიდი ხნის წინ დაიწყო წინასაარჩევნოდ აქტივისტებთან შეხვედრები, თუმცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “რესპუბლიკელები” მმართველი კოალიცია “ქართული ოცნებისგან” დამოუკიდებლად მოქმედებას არ აპირებენ.
როგორც თამარ კორძაიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, “ქართულ ოცნებას”, როგორც პარტიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შეიძლება ჰქონდეს საკუთარი გეგმები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიული აქტივობა შეიძლება თავსებადი არ იყოს კოალიციაურ აქტივობასთნ. “არ არსებობს ვითარება, რამაც შეიძლება 2016 წლის არჩევნებისთვის “რესპუბლიკური პარტიის“ მხრიდან კოალიცია “ქართული ოცნებისგან” დამოუკიდებელ მოქმედებები გამოიწვიოს”, – აცხადებს იგი.
თამარ კორძაიას ინფორმაციით, ”რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე მუდმივ რეჟიმში დადის პარტიის რეგიონალურ ოფისებში, ხვდება მის აქტივს. “თუ “ქართული ოცნება” ახლა იწყებს, ამას მივესალმებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პარტიის გადასაწყვეტი საკითხია და მათი აქტივობაა, რასაც კოალიციურ აქტივობასთან კავშირი არ აქვს”, – მიაჩნია კორძაიას.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ გუშინ, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” არჩევნებისთვის მზადებას იწყებს.