წარმოგიდგენთ პოლიტოლოგის, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული კვლევითი ცენტრის დირექტორის, ევრაზიული ექსპერტთა კლუბის კოორდინატორის არამ საფარიანის სტატიას, სომხეთში მთელ რიგ პოლიტიკურ საკითხებსა და ინიციატივებზე რეფერენდუმის ჩატარების პერსპექტივის შესახებ.

ხელისუფლების “ზედა ეშელონებში” რეფერენდუმის ჩატარების ალბათობაზე საუბრობენ, რომლებიც საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებს ნაწილობრივ მაინც ახდიან ფარდას. შიდაპოლიტიკურმა დაძაბულობამ არაერთ პოლიტიკურ პროცესს აღუმართა წინ ყრუ კედელი, ამიტომ საჭიროა  სიცხადე. როგორც ჩანს, რეფერენდუმის იდეა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზეა გამოკვეთილი. თუმცა, ეს ახალ კითხვებსა და ახალ უხერხულობას წარმოშობს. ამ სტატიაში შევეცდებით გავაანალიზოთ ის სფეროები, რომლებშიც სერიოზული სოციალური განხეთქილება გამოიკვეთა, რომლის გადაწყვეტაც, როგორც ჩანს, მხოლოდ რეფერენდუმებითაა შესაძლებელი.

რეფერენდუმი აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე

როგორც ჩანს, ყველასთვის გასაგებია, რომ მშვიდობისა და ურთიერთაღიარების საკითხზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დასასრულს აშკარად დადგება სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხი. სომხური მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს მორიგი ომი. ყველამ კარგად იცის, რომ 2020 წლის შემდეგ. სომხური ჯარი რაიმე სერიოზული ომისთვის მზად არ არის და როდის იქნება მზად, ესეც უცნობია.

ათასობით ადამიანმა გააპროტესტა უსამართლო დემარკაცია. თუმცა პროცესის შეჩერება ვერ შეძლეს. სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების იდეასთან დაკავშირებით, არაერთი ცნობილი საგარეო და საშინაო მიზეზის გამო, უკან არ დაიხევს. ამ შეთანხმების ხელმოწერაზე მთელი პასუხისმგებლობა ნიკოლ ფაშინიანს და მის მთავრობას დსეკისრა. ხელისუფლება ხედავს, რომ სომეხი მოსახლეობის უმრავლესობა საპროტესტო აქციებს არ შეუერთდა  და ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ უმრავლესობა მხარს უჭერს ხელისუფლების ნაბიჯებს. მაგრამ ყველას ესმის, რომ ასე ცალსახად შეფასება სწორი არ არის. უმრავლესობის დუმილი შეიძლება ნიშნავდეს არა მხოლოდ მხარდაჭერას, არამედ აპათიას, ჩუმ უკმაყოფილებას ან თვითიზოლაციას. ისიც ადვილი შესაძლებელია, რომ დღევანდელმა მდუმარე უმრავლესობამ ხვალ ოპოზიციური სახე მიიღოს. ამიტომ მის ამჟამინდელ პოზიციაზე დაყრდნობა უბრალოდ სწორი  არ იქნება. აშკარაა, რომ სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლება ფუნდამენტურად პოპულისტურია და ეს ნიშნავს, რომ ყველა გადამწყვეტ ნაბიჯში იგი სოციალურად აქტიური უმრავლესობისგან მიღებულ სიგნალებს მიჰყვება. ამბობენ, რომ ძალიან ხშირი ღია და დახურული გამოკითხვები გადამწყვეტ როლს ასრულებს ხელისუფლების პოლიტიკურ განცხადებებსა და პოზიციებში.

ასეთ პირობებში ხელისუფლებას სურს მიიღოს საზოგადოების  ცალსახა, მკაფიო მხარდაჭერა ერთი შეხედვით აშკარა პროცესში, როგორიცაა ჯერ, სომხურ-აზერბაიჯანული და შემდეგ სომხურ-თურქული მოლაპარაკებები. თუ ხელისუფლება ამ საკითხზე საზოგადოებაში რეფერენდუმის ჩატარების საკითხს წარადგენს, ცხადი იქნება, რომ ისინი  მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აღარ ეყრდნობიან.

ამ მგრძნობიარე საკითხებზე ორი წლის წინაც ვისაუბრეთ.  კარგად ვიცით, რომ რეფერენდუმი მიზნად ისახავს ხელისუფლების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.  თუ ქვეყანაში გადამწყვეტი წინააღმდეგობების ატმოსფერო არ იქნება, სომხეთის მხრიდან დათმობები გარდაუვალია. საინტერესოა,  ბოლო ოპოზიციური მოძრაობები ქვეყანაში ასეთი ატმოსფეროს არსებობას მოწმობს?! ეს რთული საკითხია, რომლის  გარშემოც მძაფრი დისკუსიის გამართვა შეიძლება. ამდენად, რეფერენდუმმა შესაძლოა ნათელი მოჰფინოს  კითხვას:  არის თუ არა სომხეთი მზად აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად? გასაგებია, რომ  ხელმოწერის შემდეგ თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისა და საზღვრების გახსნის საკითხიც ძალიან სწრაფად დადგება დღის წესრიგში.  შესაძლოა, რეფერენდუმი რამდენიმე წლის განმავლობაში ერთგვარი “უსაფრთხოების ბალიში” აღმოჩნდეს ხელისუფლებისთვის, თუ თავისთვის მოსახერხებელი ფორმით მოაწყობს და წარმატებით დაასრულებს მას.

რეფერენდუმი ევროკავშირის წევრობის შესახებ

პროდასავლური პოლიტიკოსები ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების იდეას ემხრობიან. აშკარაა, რომ ანტირუსული განწყობების უპრეცედენტო გაღვივების ფონზე, ხალხის სიმპათიები ახლა დასავლეთისკენაა მიმართული. თუმცა, ამ საკითხში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობისთვის   რაიმე განსაკუთრებული საფუძველი არ არსებობს. ალბათ, უადგილო არ იქნება, თუ  გავიხსენებთ, რომ სულ რაღაც ექვსი წლის წინ სომხური საზოგადოების 86% მხარს უჭერდა რუსეთს. დღევანდელი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ეს მაჩვენებელი 30%-ზე დაბალია. იმის გავითვალისწინებით, რომ საზოგადოების განწყობა სწრაფად იცვლება და  შეიძლება ის მომავალშიც შეიცვალოს,  ეს ნიშნავს, რომ დასავლეთისკენ სვლის სურვილში საზოგადოების მხარდაჭერის დრო  დადგა (პროდასავლური ხელისუფლებისა და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ელიტების აზრით). საინტერესოა, რომ სომხეთში ევროკავშირის წევრობის განწყობა ვრცელდება იმ დროს, როდესაც საქართველო ამ ორგანიზაციის წევრობის საკითხში პროგრესს ვერ ხედავს და ცდილობს რეგიონულ პროცესებში მშვიდობიანად მოერგოს და უფრო ეფექტური პოზიციები შეიმუშაოს.  სომხეთის პროდასავლური მოღვაწეები ჩქარობენ, რადგან ესმით, რომ საზოგადოებრივი განწყობილება, რომელიც მათ სასარგებლოდ შეიცვალა სულ რაღაც ორ-სამ წელიწადში (რასაც სოციოლოგებმა ვერ იწინასწარმეტყველეს), შეიძლება.  ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, როდის და როგორ მოაგვარებს რუსეთი უკრაინის კრიზისს და ამის შემდეგ რას დაჰპირდება პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს. ამრიგად, რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარების პროცესში, პროდასავლური მოღვაწეებისა და ევრაზიული იდეის მხარდამჭერებს შორის მკაცრი დისკუსია გაიმართება. ამიტომ ხელისუფლებას საზოგადოების აქტიური ნაწილის მხარდაჭერის მოპოვება არ გაუჭირდება. თუმცა, ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, რას მოიმოქმედებს ჩუმი უმრავლესობა? არის თუ არა სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობა თავის თავზე აიღოს  პასუხისმგებლობა პროდასავლური ხელისუფლებისა და პროდასავლური პოლიტიკური ძალების ქმედებებზე?

რეგიონის ქვეყნები (და არა მხოლოდ რუსეთი) ყურადღებით დააკვირდებიან ამ რეფერენდუმის იდეის მიმდინარეობას და  თითოეული თავისებურად შეეცდება მასზე გავლენა მოახდინას.

რეფერენდუმი საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ

უკვე ორი-სამი წელია, რაც მაღალ პოსტებზე მყოფნი საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ. ამ ცვლილებების საჭიროება საკმაოდ აშკარაა. კონსტიტუციის მნიშვნელობისადმი დამოკიდებულება ცხადყოფს, რომ ან უნდა იყოს დაცული მოქმედი კონსტიტუციის ყველა ნორმა გამონაკლისის გარეშე, ან კვლავ ცვლილებები  უნდა მოხდეს. თუმცა, გაირკვა, რომ ეს ცვლილებები სწრაფად ვერ მოხერხდება. მთელი რიგი საკითხებია, რომელთა გარკვევისთვისაც ხელისუფლებას რეფერენდუმის გზით სჭირდება სახალხო უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვება. ჩნდება კითხვა: ტექნიკურად ეს ყველაფერი როგორ უნდა განხორციელდეს?

სანამ ხელისუფლება და ხელისუფლების მომხრე პოლიტიკური ძალები იმას ითვლიან, თუ რას უნდა ელოდონ ამ და სხვა საკითხებზე ჩატარებული რეფერენდუმებისგან, ამ სტატიის  ავტორი  შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2021 წ. გაზეთში “ Азг”  საუბარი იყო სათათბირო რეფერენდუმის შესაძლებლობით სარგებლობაზე. დემოკრატიულ ქვეყნებში რეფერენდუმების შედეგები თუნდაც 2%-იანი სხვაობით არის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი. იბადება კითხვა: შეიძლება თუ არა რეფერენდუმების შედეგების რამდენიმე პროცენტიანი სხვაობით, ეროვნული გადაწყვეტილებების მისაღება, სამოქალაქო ჰარმონიის ჩამოყალიბება და სომხეთში სიძულვილისა და დაპირისპირების ატმოსფეროს შესუსტება? უფრო ნათლად რომ ჩამოვაყალიბოთ, შეგვიძლია თუ არა დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ყოველი რეფერენდუმის შემდეგ არ იქნება საპროტესტო ტალღები და შეტაკებები?

სომხეთი რეგიონში ყველაზე პატარა ქვეყანაა და  სამწუხაროდ, ბოლო მარცხის შედეგად მიღებულ ჭრილობებს დღემდე ვერ იშუშებს. რეგიონის მეზობლები ყურადღებით აკვირდებიან ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ცდილობენ გამოიცნონ, როდის მოვა სომხეთი გონს.

თუ ამ და სხვა საკითხებზე რეფერენდუმის იდეები განხორციელდება და მათ ორგანიზებაზე მუშაობა დაიწყება, საჭირო გახდება იმის გარკბევა, შეძლებს თუ არა სომხეთი ამ პროცესიდან გამოსვლას და უფრო უსაფრთხო, სტაბილურ და ერთიან ქვეყნად გადაქცევას.

საზოგადოების განწყობის შეცვლის საკითხი

სოციოლოგები ამტკიცებდნენ, რომ საზოგადოების ორიენტაციის საკითხზე განწყობის სწრაფ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ. თუმცა, ისინი შეცდნენ. სომხეთში, ხელისუფლების პოლიტიკური კურსისა და ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროპაგანდის გავლენიყ, საზოგადოებრივი განწყობა სწრაფად შეიცვალა. თუ რეფერენდუმს შეუძლია განსხვავებული  გეოპოლიტიკური მოსაზრებების მხარდამჭერებს შორის საჯარო დებატების მოწყობა, მაშინ შესაძლებელია სომხეთი კონსტრუქციულ დასკვნამდეც მივიდეს. თუმცა, ამისათვის საჭიროა,  ევრაზიული იდეების მხარდამჭერებმა შეძლონ  მონაწილეობა მიიღონ სახელისუფლებო და პროდასავლურ მედია-საშუალებებთან შეხვედრებში და საკუთარი მოსაზრებები თავისუფლად გამოხატონ. აუცილებელია, რომ სხვადასხვა იდეის მომხრეებს ერთმანეთის მიმართ მტრული დამოკიდებულება არ ჰქონდეთ და სტაბილურობისა და უსაფრთხოების სახელით პოზიტიური ძიების ატმოსფერო შექმნან.

სომხეთში რეფერენდუმის ჩატარების კულტურა არ არსებობს. სომხეთში მშვიდობიანი შიდა დიალოგის კულტურა არ არსებობს. ჩვენ შორის არსებული დიალოგისა და დისკუსიის იმიტაცია სიძულვილის ატმოსფეროს შესუსტებას არ უწყობს ხელს. პოზიტიური ატმოსფეროს შექმნაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. პოლიტიკური ძალა ვალდებულია შექმნას საზოგადოების ნების თავისუფალი გამოხატვის  დემოკრატიული საფუძველი. ხელისუფლება დემოკრატიის დეფიციტზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას ან მომიტინგე საზოგადოებას ვერ დააკისრებს. ეს მკაფიო მოსაზრებები მიზნად ისახავს დაადასტუროს ის, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ღია საჯარო დებატების შედეგად უნდა მივიდეს მკაფიო დასკვნამდე იმასთან დაკავშირებით, რომ რეფერენდუმი პოლიტიკური პროცესების განხორციელების რამოდენიმეწლიან  შესაძლებლობას ქმნის. განსახორციელებლად. აქ საუბარია რამოდენიმე წელზე, რადგან ადვილი შესაძლებელია გამწყობა კვლავაც შეიცვალოს. თუმცა პოლიტიკური პროცესების ნორმალური მიმდინარეობისთვის ასევე მნიშვნელოვანია მშვიდობა, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამუშაო შესაძლებლობებს ქმნის. ამგვარად, თუ ვიტყვით, რომ რეფერენდუმის ჩატარება  გვინდა და ამ მხრივ ჩვენ დემოკრატები ვართ, ძალიან, ძალიან არასაკმარისია. ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიფიქროთ იმაზე, თუ  რა მნიშვნელობას შევძენთ რეფერენდუმებს და ჩვენი სოციალური სოლიდარობის თვალსაზრისით რა შედეგს მივიღებთ.