“უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ვაშინგტონის ტონი სულ უფრო შემტევი ხდება. ქვეყანა, რომელმაც აფრიკაში, კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში ამერიკულ მისიებში თავისი სამხედროები პირნათლად, სიცოცხლის ფასადაც კი ამსახურა, დღეს აშშ-გან მუქარას იღებს.

მიმდინარე წლის 25 ივლისს საქართველოში “ღირსეული პარტნიორობის” ორკვირიანი სამხედრო სწავლება უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ვაშინგტონმა მოულოდნელად პროგრამის განუსაზღვრელი ვადით შეჩერება გადაწყვიტა. როგორც შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ცვლილება ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში განხორციელდება, უფრო კონკრეტულად კი, ყველაფერი აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების მიმართ საქართველოს მთავრობის ბრალდებას უკავშირდება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას აიძულებენ. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთი გადატრიალების ორ მცდელობაში დაადანაშაულა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ს საელჩომაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის აბსოლუტური გადახედვით არის დაკავებული და ამ პროცესში სამხედრო წვრთნების გაუქმება საჭიროდ ჩათვალეს.

რობინ დანიგანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი იმედოვნებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა დაბალანსდება.

„ეს არ არის ის, სადაც შეერთებულ შტატებს სურს, რომ იყოს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩვენ ვახორციელებთ ორმხრივი ურთიერთობის აბსოლუტურ გადახედვას და როგორც ამ განხილვის ნაწილი, სამწუხაროდ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საჭირო იყო აღნიშნული წვრთნების გაუქმება პარტიის ზოგიერთი წევრის საჯარო განცხადებების გამო აშშ-ს და ჩვენს განზრახვებზე ამ ქვეყანაში. ასე რომ, ვფიქრობ, შემიძლია, გავიმეორო თავდაცვის დეპარტამენტის განცხადება, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მკაფიოა“, – განაცხადა დანიგანმა.

რას ნიშნავს პროგრამა ღირსეული პარტნიორი”?

პროგრამის მიზანია საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდა სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის. 2022 წელს სწავლებაში პირველად ჩაერთნენ იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.

„ღირსეული პარტნიორის“ სწავლება საქართველოში ტრადიციულად ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე იმართებოდა. 2022 წელს საერთაშორისო წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობა ხელმძღვანელობდა. წვრთნებში ჩართული იყო 2400-ზე მეტი სამხედრო სხვადასხვა ქვეყნიდან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის ამ გადაწყვეტილებას სამწუხაროს უწოდებენ და განმარტავენ, რომ სწავლებას სარგებელი ორივე ქვეყნისთვის მოაქვს, რადგან ის ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის ამაღლებასა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას.

სალომე ზურაბიშვილი

ფაქტს გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და „ქართული ოცნების მიერ დასავლეთის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს სტრატეგიული პარტნიორობისთვის საფრთხის შემქმნელი უწოდა. მისივე შეფასებით ხელისუფლებამ საქართველოს ევროპული გზა გაყინა.

„ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენეს რუსული კანონის მიღებით, ამერიკელი პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმული ბრალდებების შედეგად, ახლა საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებზე გაყვანა. ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს… ამ დროს დასუსტებულ და იზოლირებულ საქართველოს უჩენენ ბევრად დიდ საფრთხეს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებასა და ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმაც უპასუხა, რა დროსაც აღნიშნა, რომ არის იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის, რათა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და ევროკავშირის სტანდარტებთან თანხვედრა.

მინისტრის თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და ახლაც ძალისხმევას არ იშურებს, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატო-ს დაუახლოვდეს.

ირაკლი ჩიქოვანმაც

“როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, რომ იყო ბევრი ყიჟინა, შეძახილი, რომ „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებდა შედეგების მიღწევას, ამ ხელისუფლებამ მიაღწია იმ შედეგებს, რომლებსაც თქვენ აფასებთ. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებას და გააკეთებენ არჩევანს, რათა მხარი დაუჭირონ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ და თანმიმდევრულ განვითარებას, რომელმაც საბოლოოდ უნდა მიგვიყვანოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციამდე. დარწმუნებული ვარ, ისინი ამას მიიღებენ“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეუცვლია და 2012 წლიდან, ყველა ხელშესახები წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე სწორედ მათი ხელისუფლების პირობებშია მიღწეული. თუმცა, იქვე დასძენენ, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ხელისუფლება ვინმეს კარნახით ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯებს არ გადადგამს.

„საქართველო ვერ იქნება ვინმეს ვასალი. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ამისთვის ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს, სისხლი დაღვარეს და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უბრძანოს და გადაადგმევინოს ისეთი ნაბიჯი, რომელიც, თავიდანვე ვიცით, რომ პრობლემური იქნება ჩვენი სახელმწიფოსა და მოსახლეობისთვის“, – განაცხადა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს ნამდვილად სჭირდება გადატვირთვა, რისთვისაც ქართული მხარე მზად არის და შემხვედრ ნაბიჯებსაც ელის. იგი ვაშინგტონს პრაგმატიზმისკენ მოუწოდებს.

„გასული ოთხი წლის პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ამ ურთიერთობებს ნამდვილად სჭირდება გადატვირთვა… ვიტოვებ იმედს, რომ მომავალში გადაიდგმება პრაგმატული, რაციონალური, სწორი და სამართლიანი ნაბიჯები და სწორედ ასეთი ნაბიჯები შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას აშშ-ს და საქართველოს შორის. ჩვენ ამისთვის თავიდან ბოლომდე მზად ვართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ მაისაია

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია პროგრამის შეჩერებას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს, ესენია: საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღება, რაც არასამთავრობო სექტორის საპროტესტო გამოსვლების ფონზე განხორციელდა და საქართველოს ჩინეთთან დაახლოება.

მაისაიას აზრით, საქართველოს ე.წ. დამშვიდების პოლიტიკა სხვა არაფერია, თუ არა ნეიტრალიტეტის ფაქტობრივი დაფიქსირება. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველო არ მიუერთდა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს, რითაც დასავლეთის გაანაწყენა, საპასუხოდ აშშ მოქმედებაზე გადავიდა.

სამხედრო ექსპერტის აზრით, პროგრამა „ღირსეული პარტნიორის“ შეჩერება „პირველი მერცხალია“ და მალე სხვა სამხედრო წვრთნების შეჩერებაზეც იქნება საუბარი, ასევე სამხედრო დახმარების შეჩერებაც დადგება დღის წესრიგში, ტაბუ დაედება იარაღის გაყიდვასაც.

Dalma News-ის კითხვაზე, იმ წლების განმავლობაში, რაც აშშ-ს და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში პარტნიორული თანამშრომლობა მიმდინარეობს, სხვადასხვა ცხელ წერტილში ამერიკულ სამხედრო მისიებში მონაწილეობის გარდა ქართულ ჯარს რა ხელშესახები წინსვლა აქვს, ვახტანგ მაისაიამ განაცხადა, რომ პროგრესი შესამჩნევია, თუმცა საქართველო, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების თვალსაზრისით, ნამდვილად ვერ დაიკვეხნის

“საქართველო კვლავ რჩება სამხრეთ კავკასიის რეგიონში სუსტ წერტილად. ყველაზე სუსტი თავდაცვის ძალები გვყავს რეგიონის ქვეყნებთან შედარებით. ამის მიუხედავად მაინც დიდი განსხვავებაა ძველსა და ახლანდელ ჯარს შორის, უფრო მეტად მოდერნიზებულია“, – აცხადებს მაისაია.

სამხედრო ექსპერტის თქმით, აშშ-ს და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობას საფუძველი 20 წელზე მეტი ხნის წინ, ჯერ კიდევ პრეზიდენტ შევარდნაძის დროს ჩაეყარა. 2002 წლის ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ, მოაწერა. სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე დაიწყო „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამა, რამაც დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებასა და განვითარების საქმეში.

„ამან ხელი შეუწყო იმას, რომ პანკისში წარმატებით განვახორციელეთ კონტრტერორისტული ოპერაცია. სამწუხაროდ, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ თავად ჩაატაროს სამხედრო წვრთნები და სამხედრო ვარჯიშები. არ ვიცი ასე რატომ ხდება, ეს რასთან არის დაკავშირებული? პროგრამა „ღირსეული პარტნიორობა“ ამის ერთგვარი კომპენსაციაც იყო, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები მომზადებული ყოფილიყო ნატოს სტანდარტების შესაბამისად“, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.

ისმის კითხვა, რომ არა „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, მხოლოდ საქართველოს მიერ ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავების გამო აშშ შეაჩერებდა თუ არა აღნიშნულ პროგრამას? რა თქმა უნდა, არა. მთავარი პრობლემა საგარეო დაფინანსების გამჭვირვალობაშია.

„პირდაპირ განაცხადეს, რომ საქართველოს შეუჩერდა ევროინტეგრაციის პროცესი, 30 მლნ ევრო არის გაყინული, ჩინეთთან ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე აყვანა და ჩინური ინვესტიციების შემოშვება საქართველოში, როცა ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ფაქტობრივად გეოეკონომიკური ომის დონეზეა გადასული. ამერიკელების ეს დახმარება წავა უკვე სხვა მიმართულებით, როგორიც არის მაგალითად, აქ მყოფი ლობისტური ორგანიზაციების განვითარება, არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერისთვის და ა.შ“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

მისივე თქმით, ისიც ფაქტია, რომ აშშ-ს ჯერჯერობით არ სცალია გეოპოლიტიკური პროცესებისთვის, ძალიან მწვავე საპრეზიდენტო არჩევნები აქვთ წინ.

დატოვებს თუ არა ვაშინგტონი საქართველოს პარტნიორობის მიღმა? ყველაფერი გამოჩნდება 26 ოქტომბრის არჩევების შემდეგ, თუ რომელ მიმართულებას აირჩევს ქართველი ხალხი. ექსპერტების აზრით, არჩევნებში „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ თუ გაიმარჯვებენ, მაშინ ამერიკელებს აქ უკვე აღარაფერი ესაქმებათ, მაგრამ თუ მოხდება ის, რაც პოლონეთში, – შედგება კოალიციური მთავრობა და ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, მაშინ დასავლეთის ინტერესები კიდევ უფრო გაძლიერდება. აშშ-ს პოლიტიკურ ელიტაში უკვე დაიწყო საუბარი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლაზე, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებაზე, საქართველოსთვის ნატოს მოკავშირის სტატუსის მინიჭებაზე. ერთი სიტყვით ვაშინგტონი თბილისს არჩევანის წინაშე აყენებს.

…და მაინც, აქამდე სად იყვნენ?

გიორგი ქართველი