ცივ ზამთარში საქართველო ცხელმა პოლიტიკურმა პროცესებმა მოიცვა. თბილისის ქუჩებში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის საპროტესტო აქციები არ წყდება. ამ ფონზე ხელისუფლება საახალწლო დღესასწაულებისთვის მზადებას განაგრძობს. როგორი იყო 2024-პოლიტიკური წელი საქართველოში და რას უნდა ველოდოთ 2025 წლისთვის, ამის შესახებ Dalma News–ს ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა.
– 2024 წელს ქვეყანაში ჩატარდა მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები, რასაც მოჰყვა პოლიტიკური წინააღმდეგობები ქვეყნის შიგნითაც და გარედანაც. როგორ შეაფასებთ გასულ წელს?
– საქართველოს ისტორიაში 2024 წელი შევა, როგორც საკვანძო წელი, ხოლო მთლიანად მსოფლიოს ისტორიაში, როგორც კონსერვატიზმის წლად. საქართველოში მკაფიოდ გამოჩნდა კურსი კონსერვატიზმისკენ. არა იმიტომ, რომ საქართველომ თქვა რაიმე, არამედ იმიტომ, რომ ლიბერალიზმის მომხრეებმა დასავლეთიდან უპრეცედენტო თავდასხმა განახორციელეს საქართველოზე და დაინახეს მასში მტერი. ლიბერალიზმი ამ პერიოდში მტერს ხედავს იქ, სადაც კონსერვატიზმის პერსპექტივებია. ასეთ ადგილად დასავლეთმა ჩათვალა საქართველო და მართალიც იყო, იმიტომ, რომ საქართველოში არ უნდათ ლგბტ-პროპაგანდა და გეი-პრაიდები, საკუთარი კულტურა უყვართ და ა.შ. აშკარად კონსერვატორული ქვეყანაა საქართველო და, რა თქმა უნდა, მასზე შეტევა განხორციელდებოდა, თუმცა არის კიდევ სხვა გეოპოლიტიკური მიზეზებიც, მაგრამ ეს მარტივი იდეოლოგიური მიზეზიც არსებობდა.
– თუ გადავავლებთ თვალს „ქართული ოცნების“ მმართველობის წინა პერიოდებს, ისინი ლგბტ–საკითხები მიმართ არ იყვნენ რადიკალურები. გვახსოვს ისიც, რომ მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში აკრიტიკებდა „ოცნებას“ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისა და თბილისში, ლისის ტბაზე ლგბტ–ფესტივალების მოწყობის დაშვების გამო. კონსერვატორული კურსი იყო თუ არა ნაკარნახევი საქართველოს მოსახლეობის მხრიდან?
– ეს იყო ნაკარნახევი რამდენიმე მხრიდან, უპირველესად კი მოსახლეობისგან. ჩვენ გვახსოვს, რა დრამატულად ვითარდება ლგბტ-პროპაგანდა საქართველოში. მოსახლეობა გეი-აღლუმების გამართვის საშუალებას არ აძლევს სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეს ერთ-ერთი კონსერვატორული კომპონენტია; მეორე მომენტი არის ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება. შემთხვევითი ხომ არ არის ის, რომ დასავლეთი სულ ცდილობს შეასუსტოს ეკლესიასა და ქართველ ხალხს შორის კავშირი, გააჩინოს კრიტიკულობა? მესამე, ის რაც ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა უკრაინის ომის ფონზე, არ უნდა საქართველოს ბრძოლის ველად გადაიქცეს, ანუ ქვეყნის მოვლაც კონსერვატორული ღირებულებაა; მეოთხე ფაქტორია ის, რომ საქართველოს ამ კურსმა მხარდაჭერა პოვა მსოფლიოს კონსერვატორულ წრეებში – მემარჯვენეებში. “ოცნებამ” დაინახა, რომ მემარცხენე ორიენტაციის პოლიტიკური ჯგუფები, ერთ-ერთი მკაფიო წარმომადგენელი „ევროპის სახალხო პარტია“ მფარველობდა სააკაშვილის გუნდს და „ენმ“-ს, შესაბამისად, „ქართული ოცნება“ მემარცხენეების გუნდში ადგილს ვეღარ დაიკავებდა, ვერ მოთავსდებოდა იქ, სადაც ადგილი დაკავებული ჰქონდათ ნაციონალებს, საჭირო იყო დასავლეთში ალტერნატიული წრეების პოვნა. სავარაუდოდ, ამან ითამაშა დიდი როლი იმაში, რომ კონსერვატიზმისკენ გადადგეს სერიოზული ნაბიჯები.
– ვნახეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღე, 26 ოქტომბერი, როდესაც ოპოზიცია სრულებით კმაყოფილი ჩანდა შედეგებით. გარკვეული პერიოდის მერე კი დაიწყეს არჩევნების შედეგების გაპროტესტება და ახალი არჩევნების მოთხოვნით ქუჩის აქციები. არ ბადებს ეს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში გარედან ჩარევის ეჭვებს?
– ეს მნიშვნელოვანი დეტალია, ლამის 2 დღე ხმა არ ამოუღიათ, უფრო მეტიც, ზეიმობდნენ გამარჯვებას. მართლაც, სერიოზული შედეგები მიიღეს ოპოზიციურმა პარტიებმა ამ არჩევნებში. მერე იწყებენ უცებ საარჩევნო პროცესისა და შედეგების სრულებით უარყოფას. ამ ფონზე გამახსენდა უკრაინის ფრაგმენტი, რაც მერე სალაპარაკო გახდა, რომ პირველი შეტევის შემდეგ ზელენსკი ფიქრობდა დაეწყო მოლაპარაკებები პუტინთან. ინგლისის პრემიერი ჩავიდა კიევში და ფაქტობრივად, გადააფიქრებინა მშვიდობიანი კურსი იმისკენ, რომ აქტიური სამხედრო წინააღმდეგობა გაეწია უკრაინას. თავისთავად ის, რომ უბიძგა დასავლეთმა უკრაინას რუსეთთან კონფლიქტისკენ, ეს სახეზეა.
– უკრაინის ომის დაწყების პირველივე პერიოდებში გაკეთდა განცხადებები, რომ ომი არ იქნებოდა მოკლევადიანი. ევროპარლამენტშიც გაკეთდა განცხადებები, რომ არ მოუწოდონ უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ…
– დასავლეთიდან რაღაცების წახალისება ხდება. ისე არ არიან, რომ დასავლეთი თავისთვის მაწონს ჭამდეს. სცენარი ხომ დასავლეთისაა? იმ სცენარში ხავერდოვანი რევოლუციები ხომ გაწერილია და ამის ერთ-ერთი მდგენელი ის არის, რომ კონფლიქტი უნდა მოხდეს არჩევნების მერე. არჩევნების შემდეგ უკმაყოფილება ხალხს აძლევს უფლებას გამოვიდეს ქუჩაში.
– ამ ფონზე, „ქართული ოცნების“ არგუმენტები, რომ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად უნდა დაელაპარაკონ არა ოპოზიციას, არამედ მათ უფროსებს დასავლეთში, საფუძველს მოკლებული არ არის?
– რა თქმა უნდა, კობახიძე გავწიოთ გვერდით. პროფესორ ჯეფრი საქსთან ინტერვიუ რამდენჯერმე გადმოსცა ტელეკომპანია „იმედმა“. ზუსტად იგივე შინაარსის ინტერვიუ საქსს ჰქონდა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან. მერე ეს ინტერვიუ დადო ილონ მასკმა ტვიტერზე. ამ ინტერვიუში ხაზგასმული იყო, რომ რუმინეთის პროცესები დასავლეთის ლიბერალური წრეების გაკეთებულია და ახლა იმავეს საქართველოში ცდილობენ. ასე, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შიდა პოლიტიკური ბრძოლის კომენტარი კობახიძის მხრიდან, მართლაც მძიმე ფაქტი მოხდა რუმინეთში. დასავლეთის წნეხით საერთოდ გააუქმეს საპრეზიდენტო არჩევნების ის რაუნდი, სადაც წარმატებული იყო კონსერვატორი კანდიდატი. ასევე ისტორიას დარჩება ის, რომ რაც რუმინეთმა ვერ შეძლო, ის შეძლო საქართველომ.
– ადამიანები, რომლებიც დადიან აქციებზე, ამბობენ, რომ არ ცნობენ არც ერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერს. ყველამ ვიცით, რომ სპონტანურად არ იმართება ასეთი მასშტაბური და ორგანიზებული გამოსვლები. საბოლოო ჯამში, როცა ვეკითხებით ამ ადამიანებს, – რომელი ძალები სურთ „ქართული ოცნების“ ნაცვლად ხელისუფლებაში, გვპასუხობენ, – გამოჩნდებიან! რა პერიოდი სჭირდება იმ პოლიტიკური ლიდერის წარმოქმნას, რომელსაც ეს ადამიანები ქუჩაში ელოდებიან?
– დღევანდელ მენიუში ლიდერის ტიპი არ არის. საერთო სახალხო ლიდერობას სჭირდება ქარიზმა. რომელს აქვთ ამ ოპოზიციაში ქარიზმა? გარდა ამისა, ლიდერი ხდება ის, ვისაც უნდა ლიდერობა. ასეთი სწრაფვა ლიდერობისკენ, არ ჩანს იმ ახალგაზრდებში.
– მაშინ ვისთან უნდა გამართოს ხელისუფლებამ დღეს დიალოგი?
– ის, რომ ძალიან ბევრი თემა „ოცნებას“ მიტოვებული აქვს, ფაქტია. ერთ-ერთი თემაა ახალგაზრდებთან ისეთი მუშაობა, რომ გაითვალისწინო მათი სურვილები. ამ ვითარებაში მოლაპარაკებების გამართვა არ შეიძლება. დაახლოებით ისევე, როგორც, როცა პატარა ბავშვი ტირის, მას არ უნდა მისცე ის, რის გამოც ტირის, ანუ ტირილი არ უნდა იქცეს ინსტრუმენტად. თუკი საპროტესტო აქციებს ხელისუფლებამ სასწრაფოდ მისცა რეაქცია, სულ იქნება საპროტესტო აქციების პროვოცირების სურვილი. ამ ახალგაზრდებს სჭირდებათ საკუთარი თავის დამკვიდრება. ეს ახალგაზრდობა უნდა ჩართო ისეთ მნიშვნელოვან საქმეებში, რომ საკუთარი თავის მნიშვნელობა იგრძნონ. თუკი მათ მოსაწყენი ცხოვრებით აცხოვრებ და უცებ ვიღაც ეტყვის, რომ შენი საქმეა სამშობლოს დაცვა და დროშები უნდა ააფრიალო რუსთაველზეო, ის გავა და გააკეთებს ამას. უნდა მისცე ახალგაზრდებს სამშობლოს სიყვარულის კონტექსტიც, საშუალებაც და უნდა შეაქო, – ყოჩაღ, რომ სამშობლო გიყვარს!
– 2024 წელი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ქვეყანა გადავიდა სრულად საპარლამენტო მმართველობაზე. ქვეყნის V პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ ცნობს ახალარჩეულ მთავრობას და არ აპირებს ორბელიანების სასახლის დატოვებას…
– სალომე ზურაბიშვილმა, ისევე, როგორც გიორგი მარგველაშვილმა, ვერ იპოვეს თავიანთი ადგილი სისტემაში. რადგან დაერქვათ პრეზიდენტები, მათ გაუჩნდათ სურვილი, მეტი ფუნქცია ჰქონოდათ, ვიდრე ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს. ვეღარ პოულობენ უკვე ზღვარს, მიზეზი არის სიტყვაში – „პრეზიდენტი“.
– მომავალი 2025 წელი საქართველოში ისევ საარჩევნო წელია, ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რას ელოდებით, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში?
– ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, ადვილი მისახვედრია, დამოკიდებულია გარე პოლიტიკურ პროცესებზე. მით უმეტეს, ახლა აღმოვჩნდით ისეთ სიტუაციაში, რომ ჩვენ გამო და ჩვენი საშუალებით ეჭიდავებიან დიდი მოთამაშეები ერთმანეთს, ჩვენი საშუალებით დასავლეთი რუსეთს ეჭიდავება. ამიტომ ძალიან ძნელია პროგნოზი. იმედი მაქვს, რომ ტრამპის ამერიკა და სინ ძინ პინის ჩინეთი მოძებნიან თანამშრომლობით ისეთ ვერსიას, რომ გადაინაწილონ ფუნქციები, როგორც ორმა სუპერ სახელმწიფომ. ასეთი გადანაწილებით შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება ძალიან კარგი პერსპექტივები გვქონდეს.
ესაუბრა შორენა ქარჩავა