ეროვნებათაშორის ურთიერთობის თემა ყოველთვის რთული იყო და განსაკუთრებულ მიდგომებს ითხოვდა. საუკუნეების განმავლობაში მსოფლიომ ტრანსფორმირების ისეთი საფეხურები გაიარა, რომელთა უმეტესობას პოლიტიკური მეცნიერება წინასწარ ვერ განჭვრეტდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კოლონიური იმპერიების დაშლა თუ კანონზომიერი იყო, მეოცე საუკუნის დასასრულს მოვლენები არაპროგნოზირებადი გახდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ იმ მოვლენას ადვილად შეგვიძლია ვუწოდოთ XX საუკუნის გეოპოლიტიკური კატასტროფა. შეიძლება არ დამეთანხმოს პოსტსაბჭოთა პოლიტიკური ელიტა, რომლებმაც მაღალი თანამდებობები დაირიგეს და სერიოზულად მოითბეს ხელი. მსოფლიო ბატონობის პრეტენდენტებს მტკიცედ სჯეროდათ, რომ ხელები გაეხსნათ და მიზნების მიღწევაში არა უშლიდათ ხელს.
მთელი პარადოქსულობა იმაში მდგომარეობდა, რომ მსოფლიოში გამეფებული იყო სოციალიზმი, სადაც ინტერნაციონალიზმის პრინციპი წმინდა კულტის რანგში იყო აყვანილი. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ სსრკ-ს დაშლის პროცესი მტკივნეულად წარიმართა. მხოლოდ ჩეხოსლოვაკიამ შეძლო სახელმწიფოს მშვიდობიანი გაყოფა. ამ პროცესს საქართველოში ძმათამკვლელი კონფლიქტი მოჰყვა. დამოუკიდებლობის აღიარებასთან ერთად ქვეყანა უმძიმეს პრობლემას შეეჯახა. ცენტრალურ ხელისუფლებას და ადგილობრივ ავტონომიებს შორის მწვავე კონფლიქტი დაიწყო. ოფიციალური თბილისი მათ სეპარატისტებს უწოდებდა, თავად ავტონომიები კი თავიანთ ბრძოლას ეროვნულ-განმანთავისუფლებელს.
დღეს სავსებით ცხადია, რომ საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას პოლიტიკური სიბრძნე უნდა გამოევლინა და ვითარების მრავალმხრივი ღრმა ანალიზი ჩაეტარებინა. თავად აკადემიკოსმა სახაროვმა მაშინ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მაქსიმალური სიფრთხილისა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა, რადგანაც სსრკ-ს დიდი იმპერიის დაშლას საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დაშლაც მოჰყვებოდა.
ზვიად გამსახურდიამ მაშინ მეტი უკეთესი გამოსავალი ვერ ნახა, გარდა იმისა, რომ ღია წერილი გაეგზავნა და პოლემიკაში შესულიყო ადამიანთან, რომლის ავტორიტეტიც მთელ მსოფლიოში იყო ცნობილი და იგი ანტიქართულ განწყობაში დაადანაშაულა. შედეგად მოხდა ის, რაც მოხდა – დატრიალდა საშინელი ტრაგედია, რამაც ათასობით ადამიანის სისხლი შეიწირა, ასობით ათასი ადამიანი დევნილად აქცია და საქართველოს და მისი ავტონომიების ნორმალურ განვითარებას ხელი შეუშალა. გამოსავალი უნდა მოძებნილიყო.
ცოტა ხნის წინათ, ქართველი საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია ქართველი მწერლის, ზურაბ ჯიშკარიანის ჩაცმულობამ, რომელიც ერთ-ერთ საჯარო ღონისძიებაზე მაისურით წარსდგა, რომელზეც აფხაზეთის დროშა იყო გამოსახული. ცხადია, ამან მწერალი მწვავე კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაახვია. თავად მას მიაჩნია, რომ აფხაზებიც და ქართველებიც სერიოზულ ჩიხში არიან მომწყვდეულები და თუ რომელიმე მხარემ არ დაიწყო დათმობებზე წასვლა, ჩიხიდან ვერავინ გამოვა.
“ისინი (აფხაზები) ჩაიკეტნენ, რუსების გარშემო ტრიალებენ, გამოსავალს ვერ პოულობენ. მათი ერთადერთი გამოსავალი შესაძლოა საქართველოს მხარეს გადადგმული ნაბიჯი იყოს. ჩვენ წლების განმავლობაში ერთი და იგივე პოლიტიკას ვატარებთ – ან აფხაზების ომით დაბრუნება გვინდა, რაც ფუნდამენტურად არასწორია, ან, როგორც მეორე მხარე ირწმუნება, იქ მშვიდობიანად უნდა შევიდეთ. მაგრამ ზუსტად როგორ უნდა მოხდეს ეს – არავინ იცი. ვფიქრობ, რომ ბურთი არა რუსეთის, არამედ ჩვენს მოედანზე უნდა ვითამაშოთ. მჯერა, რომ საბოლოო ჯამში ხალხის ნება გაიმარჯვებს, რადგანაც თავისუფალი ხალხი უფრო მეტია, ვიდრე დიდი სახელმწიფოების ნება”, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
მწერლის აზრით დადგა დრო, როდესაც ქართველებმა “აფხაზების არსებობა” უნდა აღიარონ. უნდა გამოიძებნოს საერთო ენა, ურთიერთობების ახალი ეტაპი. მაგრამ ამ გზაზე საშინელი წინააღმდეგობები არსებობს. ეს არის მსხვერპლი და დაღვრილი სისხლი. კავკასიაში სისხლი ის სითხეა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არ შრება.
“რაღაც მომენტში პატივი უნდა მივაგოთ მათ ხსოვნას, რომლებმაც სისხლი დაღვარეს აქეთა ან იქითა მხარეს. ისინი შესაძლოა არასწორი იდეისთვის იბრძოდნენ, მაგრამ იმ იდეის სჯეროდათ. დღეს წარსული უკან უნდა მოვიტოვოთ და წინ ვიაროთ. ვიცი, ძალიან რთულია იმ სისხლის დავიწყება, რომელიც მაშინ დაიღვარა. პრინციპი „სისხლი სისხლის წილ“ – ეს არის პრობლემა, რომელიც არასოდეს მოგვარდება. შურისძიება გვაბრმავებს და აფხაზობის მიღმა ადამიანებს ვეღარ ვხედავთ. დიახ, მე ვესალმები იმ მხარეზე ჩემს ნაცნობებს და ნათესავებს, მათგანაც იმავეს მოველი”, – ამბობს ჯიშკარიანი.
ილიას უნივერსიტეტის ლიტერატურულ კონკურსზე გამარჯვებულ ჯიშკარიანს სწორედ იმ მაისურში აქვს ფოტო გადაღებული, რომელმაც რეზონანსი გამოიწვია. ეს უნივერსიტეტი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ შექმნა. ილიას უნივერსიტეტში გააერთიანეს ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების ინსტიტუტი, სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიური უნივერსიტეტი და სპორტისა და ფიზიკური აღზრდის აკადემია. ნაციონალები ამ უნივერსიტეტს უყურებდნენ, როგორც თავიანთი მომავალი კადრების მჭედელს. მათ ეროვნული მენტალიტეტის რევოლუციური და ძირფესვიანი ცვლილება უნდა მოეხდინათ და დაენერგათ ევროპული ლიბერალური იდეები და მოწინავე მორალური ფასეულობები.
ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სკანდალი იყო ერეკლე დეისაძის წიგნის პრეზენტაცია, სადაც უცენზუროდ იყო გამოყენებული სახელწოდება “საიდუმლო სერობა”, ხოლო ავტორი საკუთარ დედას ლოცვისას ინცესტის გამოვლენაში ადანაშაულებდა და მწუხარებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ იესოზე ორსულმა მარიამმა აბორტი არ გაიკეთა. ამას მოჰყვა მორწმუნეების აღშფოთება, ხოლო მოწინავე დასავლეთელი საზოგადოებისთვის ეს სიბნელის და გონებრივი ჩამორჩენილობის გამოვლენა იყო. ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ჯანსაღი მოსაზრებებიც გაისმა. საკმაოდ საინტერესო რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელში ჯიშკარიანის ახსნა-განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ის მაისური მისი აფხაზი მეგობრების საჩუქარი იყო და რომ ეს უკანასკნელნი საქართველოს დროშა გამოსახულ მაისურებს იცვამენ.
ამაზე სოცქსელის მომხმარებლებმა უპასუხეს: “აფხაზებს ჩვენ ვძულვართ და საწინააღმდეგოში ვერავინ დამარწმუნებს. დღევანდელობიდან გამომდინარე, აფხაზების ფუნდამენტალური სიძულვილის ფონზე, მათ მიერ გამოწვდილი მეგობრობის ხელი დიდ სისულელედ მიმაჩნია”.
“ალბათ, მალე აფხაზეთს და ე.წ სამხრეთ ოსეთს ცალკე სახელმწიფოებად გამოვაცხადებთ”.
“ილიას უნივერსიტეტის – ლიბერალიზმის მთავარი ინკუბატორის ლექტორები ყველაფერში რუსულ პროპაგანდას ხედავენ, თავად კი აჯილდოვებენ “მწერალს, რომელსაც სოლიდარობის ნიშნად, აფხაზეთის რუსული სეპარატისტული მაისური აცვია”.
“თქვენი მხრიდან უნამუსობაა დაადანაშაულოთ ის ხალხი, რომლებსაც თქვენი მაისური არ მოეწონათ, იმაში, რომ აფხაზების სისხლი სწყურიათ. ჩემის აზრით, აფხაზეთის დაბრუნების ერთადერთი სცენარი – მშვიდობიანია. აფხაზეთში ცხოვრება მხოლოდ მათთან ერთად წარმომიდგენია და ნებისმიერი სხვა სცენარი უსამართლობა იქნება. ეს დროშა კი – სეპარატისტული აფხაზეთის სიმბოლოა”.
სოციალური ქსელების ანალიზი იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოებაში აგრესიული განწყობა სულ უფრო დომინირებს, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც მწერალს ეთანხმებიან. “სწორედ ამიტომ შეუძლებელია ამ ომის გააზრება და დასრულება. ახალი ფურცლის გადაშლა – კონფლიქტისთვის სხვა კუთხით დანახვა, არავის სურს განსხვავებული მოსაზრების მოსმენა, რომელიც არ იქნება ნაციონალიზმზე დაფუძნებული. ომი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და, ალბათ, კიდევ დიდი დრო დასჭირდება ურთიერთსიძულვილის დავიწყებას”.
ამბობენ: “ერთი მერცხალი ზაფხულს ვერ მოიყვანს“. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოში და აფხაზეთში ადამიანები ისე იგრძნობენ თავს, როგორც საკუთარ სახლში. მტრობა უნდა დავივიწყოთ და ადგილი მივცეთ სიყვარულს. სიყვარული კი ყველაფერს თავად გააკეთებს. ტყუილად ხომ არ უთქვამს ბრძენ ქართველ ხალხს “წუთისოფელი ასეა, დღეს ღამე უთენებია; რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია”.
დავით კუპატაძე