აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაკირ ჰასანოვი, მაისის ბოლოს საქართველოს მორიგი ოფიციალური ვიზიტით ეწვია და შეხვდა, როგორც თავის ქართველ კოლეგა ლევან იზორიას, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს და ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ იყოს მიმართული.
“სამხედრო სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გვაქვს. მხარს ვუჭერ ყველა ამ ინიციატივას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა სწრაფად განვითარდება”, – განაცხადა ჰასანოვმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ორმხრივი შეხვედრების გარდა, 2 მაისს, ბათუმში, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრების – ზაკირ ჰასანოვის, ლევან იზორიას და ფიქრი იშიკის მორიგი სამმხრივი შეხვედრა შედგა.
“თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის გენერალური შტატების მეთაურთა სამმხრივი შეხვედრის მნიშვნელობა განიხილეს, რომელსაც 2017 წლის შემოდგომით საქართველო უმასპინძლებს. მინისტრებმა განაცხადეს, რომ სამი ქვეყნის პირველი სამხედრო პირების შეხვედრის ფორმატი პრაქტიკული თანამშრომლობის მიმართულებას კიდევ უფრო გააღრმავებს”, – ნათქვამია მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, გაკეთდა განცხადება, რომ მხარეები, რამდენიმე სამხედრო წვრთნის ჩატარებას გეგმავენ. მათ შორის თურქულ-ქართულ-აზერბაიჯანული სამხედრო წვრთნების – «Caucasus Eagle», სამი ქვეყნის სპეციალურ ოპერაციათა ძალების მონაწილეობით. წვრთნები დაგეგმილია მიმდინარე წლის 4-14 ივნისს თურქეთში. საშტაბო კომპიუტერული სწავლებები კი, სექტემბერში გაიმართება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებს კიდევ ერთხელ შესთავაზა სამხედრომოსამსახურეების გაგზავნა სპეციალიზირებულ კურსებზე, რომლებიც მომზადებას ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო სკოლაში გადიან.
სამ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობა, სულ უფრო მყარდება, თუმცა, ამ კავშირში საქართველოს მდგომარეობის შესახებ ბევრს “ეჭვი ღრღნის”.
საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის შესაქმნელად პირველი ნაბიჯები, ჯერ კიდევ 2012 წელს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს გადაიდგა. თუმცა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, კოალიცია “ქართული ოცნების” მმართველობის დასაწყისში, მაშინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იყო, სამი სახელმწიფო თავდაცვის მინისტრების დონეზე დარგობრივი თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ. ეს პოლიტიკა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმაც აქტიურად განაგრძო.
პარტიების – “თავისუფალი დემოკრატების” და “რესპუბლიკელების” ლიდერებმა, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდნენ, 2016 წლის პარლამენტის არჩევნებზე კრახი განიცადეს. ამით ისინი ფაქტობრივად პოლიტიკურ წარსულს ჩაჰბარდნენ. ამგვარად გადაწყვიტა საქართველოს მოსახლეობამ და ამომრჩეველმა.
როგორც ზემოთ უკვე ითქვა, თანამშრომლობის ოფიციალური მიზანი რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. საინტერესოა, ლევან იზორიამ თავისი აზერბაიჯანელი კოლეგისგან, ან აზერბაიჯანის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან ხომ არ მოისმინა განცხადება იმის შესახებ, რომ ოფიციალური ბაქო მზად არის ყარაბაღის კონფლიქტი სამხედრო გზით მოაგვაროს. მსგავსი განცხადებები აბსოლუტურად ღიად და დემონსტრაციულად კეთდება. 2016 წლის აპრილის მოვლენებმა ცხადყო, რომ სამხრეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის წამოწყება სავსებით შესაძლებელია. თავის მხრივ, თურქეთი აზერბაიჯანს არა მხოლოდ სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ დახმარებას უწევს, არამედ თავის მოკავშირეს აბსოლუტურად ღიად უბიძგებს პრობლემების ძალისმიერი მეთოდით მოგვარებისკენ.
ამ თვალსაზრისით, საინტერესოა, როგორი მშვიდობა უნდა შენარჩუნდეს რეგიონში, სადაც სამხედრო წვრთნები რეგულარულად ჩატარდება. უკვე ოცი წელია, აზერბაიჯანის ხელისუფლება რევანშზე ფიქრობს. რა მდგომარეობაში აღმოჩნდება საქართველო, თუ რეგიონში ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი დაიწყება და რას მოიმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება?
საიდუმლო არ არის, რომ საქართველო აზერბაიჯანულ და თურქულ ინვესტიციებზეა დამოკიდებული. ეს გავლენა შესამჩნევი იყო მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა ოფიციალური ბაქოს და ანკარას უარის გამო, თავადაც უარი ეთქვა რამოდენიმე პროექტზე.
ცოტა ხნის წინათ საქართველოს პარლამენტში წამოიჭრა ინიციატივა იმის შესახებ, რომ დიდგორის გამარჯვების დღე ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადდეს. საქართველოს ისტორიაში ამ ბრძოლას ანალოგი არ აქვს, რადგანაც დავით აღმაშენებლის მიერ თურქ-სელჩუკებზე გამარჯვების შემდეგ დაიწყო ქართული სახელმწიფოს აღორძინება და ხალხის განადგურებისგან გადარჩენა. ამის საპასუხოდ, თურქეთის საელჩომ საქართველოს რბილად და დიპლომატიურად სთხოვა, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ მიეღო. რას შეიძლება ეს თხოვნა რომ შევადაროთ? ეს იგივეა რუსებს სთხოვო არ აღნიშნონ ბოროდინოს, ან კულიკოვის ბრძოლა, ინგლისელებს – ტრაფალგარის, ხოლო ამერიკელებს – ბრიტანეთის იმპერიისგან განთავისუფლების დღე.
რამდენად დამოუკიდებელი და თავისუფალია საქართველო მაშინ, როდესაც მის მეზობელს და მოკავშირეს შეუძლია მსგავსი თხოვნით მიმართოს?
რა შეიძლება მოჰყვეს სამხრეთ კავკასიაში სერიოზული დესტაბილიზაციის დაწყებას? რა მოელის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას? საიდუმლო არ არის, რომ ამ რეგიონში თურქული გავლენა ყოველდღიურად იზრდება. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს რეგიონებს შორის ყველაზე ბოლოს რუსეთმა ოსმალური თურქეთისგან სწორედ აჭარა დაიხსნა. გარდა ამისა, ბათუმში მომხდარი ცოტა ხნის წინანდელი არეულობები დაფიქრების საფუძველს იძლევა. ცნობილ ქართველ ექსპერტ გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ ქართველებისთვის დიდგორის დღის ოფიციალურად აღნიშვნის აკრძალვასთან ერთად თურქები ცდილობენ ბათუმში აღადგინონ ისტორიულად ცნობილი აზიზეს მეჩეთი, რაც დიდგორის გამარჯვების პირდაპირი ანტიპოდია.
რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ძლიერი არმია სჭირდება, რომელიც მუდმივად წვრთნაში, განვითარებასა და საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იმყოფებოდეს, მაგრამ აშკარაა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მხოლოდ ძალის გამოყენებით ვერ აღდგება. ასეთ ვითარებაში ახალი ტერიტორიების დაკარგვის შანსი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე მისი დაბრუნების. ეს ყველაფერი ასევე შეიძლება წარმოუდგენლად კოლოსალურ დანაკარგებს უკავშირდებოდეს. ასეთ ვითარებაში ისღა დაგვრჩენია, ღმერთს ვთხოვოთ დაიცვას საქართველო ახალი უბედურებებისგან, რადგანაც ძველი მის ისტორიაში საკმარისზე მეტია.
ირაკლი ჩხეიძე (თბილისი), სპეციალურად Dalma News-სთვის