პანდემიამ, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, გვერდი არც ყაზახეთს აუარა. ამ ქვეყანაში covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 80 ათასს გადააჭარბა, აქედან 610 ადამიანი გარდაიცვალა. მარტსა და აპრილში, მკაცრი საკარანტინე ზომების პირობებში, ვირუსი შედარებით უფრო ზომიერად ვრცელდებოდა, ხოლო ზაფხულის დასაწყისიდან ინფექცია კონტროლს აღარ დაექვემდებარა და ქვეყნის ყველა რეგიონი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა.
თითქოს ქვეყანას ყველა პრობლემა ერთბაშად დაატყდა თავს: წამლების და მედპერსონალის დეფიციტი, ჯანდაცვის მენეჯმენტის კრიზისი… რესპუბლიკა ნამდვილმა უბედურებამ მოიცვა, გახშირდა ნეკროლოგები სოცქსელში. დადგა დრო, როდესაც მოქალაქეები ერთი საერთო მიზნის გარშემო უნდა გაერთიანებულიყვნენ. ერთ-ერთი პირველი, ვინც საზოგადოებას სიკეთის მაგალითი აჩვენა, იყო ყაზახეთის საგანმანათლებლო სფეროს მუშაკი, პავლოდარის ოლქის ქართული ეთნო-კულტურული ცენტრის ხელმძღვანელი იანა ოგანესის ასული კასიანი.
თბილისელი სომეხი იანა კასიანი ყაზახეთში, სადაც, არც ახლობლები ჰყავდა და არც ნაცნობები, 20 წლის წინ გაემგზავრა. ორი წლის წინ ქართული პასპორტი ყაზახურით შეცვალა და მთელი თავისი მომავალი ამ ქვეყანას დაუკავშირა.
იანა ცნობილი მუსიკოსების ოჯახში დაიბადა. მამა – ოგანეს კასიანი დუდუკის სპეციალისტი და საქართველოს დამსახურებული არტისტია, დედა – ლილი მარცვალაძე პიანისტი და პროფესორი მუსიკის დარგში. და – ანა კასიაანი ოპერის ცნობილი მომღერალი. იანა კასიანმა ყაზახეთის სახელმწიფო დაწესებულებაში “ნიჭიერ ბავშვთა მუსიკალური კოლეჯი-მუსიკალური სკოლა-ინტერნატის” კომპლექსში მუშაობისას არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და სხვადასხვა კონკურსების ლაურეატი აღზარდა.
“ჩვენი ძალა – ერთობაშია და ეს მხოლოდ ლიტონი სიტყვები არაა…”
იანამ მშობლებისგან შესანიშნავი ნიჭის გარდა სიკეთე, თანაგრძნობის უნარი და გულუხვობა მიიღო. სწორედ ეს უნარები დაეხმარა მას პავლოდარის რეგიონში კოვიდით ინფიცირებულ პაციენტებთან მომუშავე ექიმების დახმარების ინიციატორი ყოფილიყო.
“პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში, შვებულება მქონდა და სახლში უქმად ჯდომის ნაცვლად კეთილი საქმის გაკეთება გადავწყვიტე. მთელი გულით მინდოდა ჩვენს ექიმებს პირადად მომზადებული კერძებით გავმასპინძლებოდი. იდეას მხარი დაუჭირეს პავლოდარის მუსიკალური კოლეჯის ჩემმა კოლეგებმა დირექტორის, სერიქ სიზდიკოვის ხელმძღვანელობით. დავიწყეთ ფულის შეგროვება პროდუქტების შესაძენად და სამზარეულოში, რამდენიმე დამხმარეც გამომიყვეს”, – ჰყვება იანა კასიანი.
“მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ინტერნაციონალური გუნდი გამოგვივიდა. სამზარეულოში ჩემი მარჯვენა ხელი ჩემი მოსწავლე ბოშა ეკატერინე ტიმონოვა იყო, მარცხენა – კოლეჯის ხმის რეჟისორი აზერბაიჯანელი რუსლან ალახვერდიევი. დახმარება თავად შემომთავაზეს. დამირეკეს და მითხრეს, რომ მთლიანად ჩემს განკარგულებაში არიან. მუშაობას შევუდექით. სხვათა შორის, კორონავირუსის სიმპტომები, რამოდენიმე დღის განმავლობაში მაღალი სიცხე და სისუსტე, მეც მქონდა, მაგრამ როგორც კი სამუშაოში ჩავერთე სისუსტე სადღაც გაქრა”, – იხსენებს იანა კასიანი.
ერთი სიტყვით, საქველმოქმედო აქციის ინიციატორმა მართლა კარგად იმუშავა. პროდუქტების შეძენა, მომზადება, მზა სადილის დარიგება – ამ ყველაფერს იგი მაღალ დონეზე საკმაოდ მოკლე დროში ახერხებდა. კავკასიურ სტუმართ-მასპინძლობის ტრადიციაზე გაზრდილი იანა ექიმებისთვის საუკეთესო სომხურ და ქართულ კერძებს ამზადებდა. 10 დღის განმავლობაში გუფთას ჩახოხბილი ცვლიდა, სუპ-ხარჩოს – ჩაშუშული და ა.შ. და ამ ყველაფერს იანა დედის და ბებიის საუკეთესო საფირმო რეცეპტებით ამზადებდა.
“ყოველთვის გემრიელ კერძებს ვამზადებ, ეს დაბადებიდან მომდევს. მამას ყოველთვის უყვარდა სავსე სუფრა და 150-200-კაციან სუფრებს მე და დედაჩემი მარტო ვშლიდით. ალბათ, როგორც სხვა თანამედროვე დიასახლისებს, სამზარეულო მეც დიდ სიამოვნებას და სიხარულს მანიჭებს”.
იანას თქმით, მათი კოლეჯის შემდეგ მისი ინიციატივა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებმაც აიტაცეს და ამგვარად სიკეთე გადამდები გახდა – რეგიონის თითქმის ყველა კუთხეში მედ.პერსონალს რეალურ დახმარებას უწევდნენ.
ალბათ, იანა კასიანის ინიციატივა შემთხვევითი არ არის. იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს არა მხოლოდ მის რეგიონში, არამედ მთელ ქვეყანაში. მისი დამსახურებაა, რომ პავლოდარის მუსიკალურ კოლეჯში სიმებიანი განყოფილება, კამერული ორკესტრი და მევიოლინეთა ანსამბლი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს, მნიშვნელოვან დონეზეა აყვანილი. იგი საყვარელი მასწავლებელია მრავალი ნიჭიერი ადამიანისთვის, რომლებმაც მისი დახმარებით მუსიკალური კარიერა შეიქმნეს. იანას კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმიანობაა ქართული ეთნო-კულტურული ცენტრის ხელმძღვანელობა, რომელიც უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს. იგი აცხადებს, რომ ყაზახეთის ხალხთა ასამბლეის ინსტიტუტი ნამდვილად გადაჭრის ყაზახური საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს.
“ბევრ მნიშვნელოვან საკითხს ვაგვარებთ, ზოგჯერ კონფლიქტურსაც. ცხადია, ეს სულაც არ არის ადვილი, რადგანაც რამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრი არსებობს, მით უფრო, რომ თითოეულს საკუთარი მენტალიტეტი და კულტურა აქვს. თუმცა, ძალიან მომწონს ის, რომ ყველა ერთად ვიკრიბებით და საკითხებს ერთად ვაგვარებთ. მადლობა ღმერთს, ყველაფერი გამოგვდის. ჩვენს შორის მშვიდობა და ერთობაა და სწორედ ამაშია ჩვენი ძალა – ეს მხოლოდ ლიტონი სიტყვები არ არის”, – ამბობს იანა კასიანი.
იანა კასიანი, ისევე, როგორც ნებისმიერი სომეხი, მის მშობლიურ სომხეთში მიმდინარე მოვლენებით ინტერესდება.
“ერევანი – ჩემი გულის ძგერაა. ამ ქალაქს უკავშირდება ჩემი ბავშვობა. იქ არიან ჩემი ახლობლები და იქაური თითოეული კუთხე – ჩემი ძალიან თბილი მოგონებაა. ძალიან მიყვარს და მენატრება ერევანში გატარებული ბედნიერი ბავშვობა”.
იგი ამბობს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი პოლიტიკოსების გარდა ინტელიგენციის წარმომადგენლებმაც უნდა მოაგვარონ.
“რაღაც უნდა გადავწყვიტოთ. საშინელებაა იმის ყურება, თუ როგორ იტანჯება ადამიანი. მიმაჩნია, რომ მოლაპარაკების პროცესში აუცილებელად უნდა ჩაერთოს კრეატიული ინტელიგენცია. ხელოვნებას უდიდესი ძალა აქვს”, – ამბობს იანა კასიანი Dalma News–ის რედაქციასთან საუბარში.
იანა კასიანის ისტორია ფილმის სცენარს ჰგავს. ყაზახეთში ერთი კვირით ჩავიდა და 20 წლით დარჩა. თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქებს – თბილისს და ერევანს, რამდენიმე ათასი კილომეტრით დაშორდა; დიდებული მთები დაუსრულებელი სტეპებით შეცვალა, მაგრამ არაფერს ნანობს, რადგან პავლოდარი მისი მეორე სახლი გახდა, რომლის დატოვება არ სურს.
“ალბათ, მხოლოდ სტუმრად და ცოტა ხნით”, – ამბობს იანა, – „რადგან ჩემი პავლოდარის გარეშე აღარ შემიძლია, აქ არიან ჩემი სტუდენტები, აქ მე საჭირო ვარ. ძალიან მსურს და აუცილებლად ჩავატარებ თურქულენოვანი ხალხების მუსიკის ფესტივალს. მინდა, მაგალითად, ყაზახური დომბრა და სომხური დუდუკი ტანდემიში ჟღერდეს. იმედი მაქვს, ყველაფერი გამომივა”.
ლაურა დელი